2015 წლის ივლისში გარდაიცვალა სერ ნიკოლას უინტონი. მისი საქმიანობის სფერო ფინანსები გახლდათ, მაგრამ ის ამით როდია ცნობილი. 49 წლის განმავლობაში იგი ინახავდა საიდუმლოს, რომლის წყალობითაც მას „ბრიტანელი შინდლერი“ შეარქვეს.
ნიკოლას უინტონი 1909 წელს ლონდონში დაიბადა და 106 წელი იცოცხლა. გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის ერთ პატარა ქალაქ სლაუში. უინტონი წარმოშობით გერმანელ ებრაელთა ოჯახიდან იყო, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. მამამისი ბანკირი გახლდათ და ახალგაზრდა კაციც საქმეს წარმატებით ართმევდა თავს მამის ბანკში. ნიკი უინტონს შესანიშნავი, გაწონასწორებული ცხოვრება ჰქონდა – ჩოგბურთი, ფარიკაობა, თხილამურებით სრიალი. 1938 წლის საშობაო არდადეგებზე ახალგაზრდები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ, ჩვეულებისამებრ, შვეიცარიაში, ალპებში გაეტარებინათ დღესასწაული, მაგრამ უინტონს ერთ-ერთმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ იქ ჩასვლას ვერ შეძლებდა, რადგან პრაღაში უნდა გამგზავრებულიყო მნიშვნელოვანი საქმის გამო. უინტონმა გადაწყვიტა, მას გაჰყოლოდა, ამიტომ შეცვალა თავისი საშობაო გეგმები და მეგობართან ერთად პრაღაში წავიდა. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ხდებოდა იმ დროის პრაღაში, ცოტა უკან უნდა დავბრუნდეთ, დაახლოებით, ნახევარი წლით ადრე.
1938 წლის სექტემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის სახელმწიფოთა მეთაურებმა ხელი მოაწერეს „მიუნხენის შეთანხმებას“, რომლის თანახმადაც, ჩეხოსლოვაკიის კუთვნილი სუდეტის მხარე გადადიოდა გერმანიის შემადგენლობაში. შეთანხმების მიხედვით, ყველა მსურველს შეეძლო სუდეტის დატოვება. ამგვარად, 1938 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩეხოსლოვაკიის დანარჩენ თავისუფალ ნაწილში, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, დაიწყო სუდეტიდან წამოსულ ლტოლვილთა დიდი ნაკადების დენა. შემდეგ სასაზღვრო მხარეებზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადეს უნგრეთმა და პოლონეთმა და ლტოლვილთა ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა. ცხადი გახდა, რომ ჩეხოსლოვაკია ლტოლვილთა ნაკადს მარტო ვერ გაუმკლავდებოდა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაიწყო ჩეხი მოსახლეობის დახმარება ლტოლვილთა პრობლემის მოგვარებაში. გამოყვეს მატარებლები, რომელთა მეშვეობითაც მსურველები დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქალაქებში მიჰყავდათ, მაგრამ, უმთავრესად, მიჰყავდათ ზრდასრული, შრომისუნარიანი ადამიანები. ის, რომ ებრაელ ბავშვთა გადარჩენა იყო საჭირო, იმდენად აშკარა არ იყო იმ მომენტისათვის − ჩეხეთში ჯერ არ იყო საკონცენტრაციო ბანაკები და არც ოკუპაცია, თუმცა ნოემბერში უკვე „ბროლის ღამე“ მოხდა და 25 000 ებრაელი დააპატიმრეს გერმანიასა და ავსტრიაში. ნიკოლას უინტონი მიხვდა, უფრო ზუსტად კი, იგრძნო, რომ იმ ბავშვებისათვის სახიფათო იყო იქ დარჩენა და ნებაყოფლობით დაიწყო მათი გადარჩენისათვის ზრუნვა. იმას, რაც მან ერთმა შეძლო, შემდეგ „ჩეხეთის კინდერტრანსპორტი“ ეწოდა. თუმცა „კინდერტრანსპორტის“ იდეა გაცილებით ადრე დაიბადა.
მეცხრე მატარებელი ვერ წავიდა
პრაღაში ჩასვლის შემდეგ უინტონი სასტუმროში დასახლდა. სწორედ აქ მოაწყო მან თავისი ოფისი, სადაც უწყვეტად მოდიოდნენ ადამიანები და დახმარებას სთხოვდნენ მას. ნიკოლასს უნდა შეედგინა იმ ბავშვთა სიები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დახმარება. ესენი იყვნენ ობლები ან ისინი, რომელთა მშობლებიც დაიკარგნენ ან დააპატიმრეს, ავადმყოფები, გაჭირვებულები. უინტონი ყოველდღე დადიოდა პრაღის ირგვლივ არსებულ ლტოლვილთა ბანაკებში და ადგენდა სიებს, მაგრამ სიების შედგენა ყველაზე რთული საქმე როდი გახლდათ. იმისათვის, რომ ბავშვები ინგლისში გამგზავრებულიყვნენ, საჭირო იყო მათთვის ოჯახების მოძებნა, რომლებიც იშვილებდნენ მათ. ბავშვებს გაურკვეველი მიმართულებით ვერ გაგზავნიდა იგი. ისინი ვიღაცას უნდა მიეღო, ვიღაცას უნდა ეზრუნა მათზე. ამ ოჯახებს ცალკე ეძებდა ნიკოლას უინტონი. გაზეთებში განცხადებებს აქვეყნებდა, რეკავდა ობოლთა თავშესაფრებში, ფერმებში სამუშაოდ აწყობდა ბავშვებს. გარდა ამისა, თითოეული ბავშვისათვის გირაოს შეტანა იყო საჭირო და უინტონსაც საკუთარი ფულიდან შეჰქონდა ეს გირაო.
1939 წლის 14 მარტს პირველმა „უინტონისეულმა“ მატარებელმა დატოვა პრაღა, სადაც 20 ბავშვი იმყოფებოდა. ჩეხოსლოვაკია ჯერ კიდევ დამოუკიდებელი იყო, მაგრამ უკვე მეორე დღეს, 15 მარტს, ნაცისტურმა ჯარებმა აიღეს იგი. მიუხედავად ამისა, „კინდერტრანსპორტი“ არ აიკრძალა. ბავშვები მაინც გაჰყავდათ. მატარებელი მიდიოდა გერმანიის და ჰოლანდიის გავლით და ლა-მანშის გადავლით დიდ ბრიტანეთში ჩადიოდა. მთელი გზა, დაახლოებით, 1500 კმ. იყო. ლონდონის სადგურზე ბავშვებს ან თავად უინტონი ხვდებოდა, ან დედამისი, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა შვილს. ნიკოლას უინტონმა კიდევ 7 მატარებლის გამგზავრების ორგანიზების მოწყობა შეძლო. ბავშვების საერთო რაოდენობა 669 გახლდათ!
მეცხრე მატარებელი პრაღის სადგურიდან გასასვლელად ემზადებოდა 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. მასში 250 ბავშვი იმყოფებოდა. ისინი ტიროდნენ და ხელს უქნევდნენ მშობლებსა და ახლობლებს, რომლებიც მათ გასაცილებლად შეიკრიბნენ იქ, მაგრამ დილით ადრე ფაშისტებმა პოლონეთის დაბომბვა დაიწყეს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. მატარებელი ვერ წავიდა დიდ ბრიტანეთში. ბავშვები გამოუშვეს ვაგონებიდან და ისინიც სიხარულით მისცვივდნენ მშობლებს… 49-წლიანი დუმილის შემდეგ, ომის დაწყებიდან, უინტონი სამუშაოდ წითელ ჯვარში გადავიდა, შემდეგ კი სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებს შეუერთდა. 1954 წელს პენსიაზე გავიდა ლეიტენანტის წოდებით. 1939 წლის მოვლენებს უინტონი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, შეიძლება ითქვას, რომ ამის შესახებ თითქმის დაივიწყა. მას სხვა საქმეები ჰქონდა. მაგალითად, აქტიურად მონაწილეობდა მოხუცებულთა თავშესაფრის აშენებაში ლონდონის მახლობლად.
1988 წელს კი მისმა მეუღლემ ძველი წიგნაკები აღმოაჩინა, რომლებშიც სახელების გრძელი სიები ეწერა. ასევე, განმარტებითი ჩანაწერები, ფოტოები, უარის შესახებ განცხადებები და უინტონის მიერ მოფიქრებული „ოფიციალური“ ბლანკები, რომელთა მისამართებზეც ის თავის წერილებს გზავნიდა, რათა უფრო სოლიდური შეხედულება ჰქონოდა ამ ყველაფერს. უინტონმა თავის მეუღლეს ამ მოვლენებზე მხოლოდ 49 წლის შემდეგ უამბო! ცოლ-ქმარმა დაიწყო იმაზე ფიქრი, რა მოეხერხებინათ ამ ჩანაწერებისთვის, უდავოა, რომ მათ დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი ჩანაწერები მოხვდა ბრიტანელი მედიამაგნატის – რობერტ მაკსველის – ხელთ, რომელიც შეიძლებოდა, თავადაც აღმოჩენილიყო „უინტონისეულ ბავშვთა“ რიცხვში. მაკსველი, 17 წლის ასაკში სასწაულებრივად გაიქცა ჩეხეთიდან და ვენის გავლით ჩააღწია ინგლისში, შევიდა ბრიტანულ ჯარში და მთელი მეორე მსოფლიო ომი გამოიარა. მისი მეუღლე ელიზაბეტ მაკსველი ისტორიკოსი გახლდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომს შეისწავლიდა. მან მოამზადა პუბლიკაცია ნიკოლას უინტონის საქმიანობის შესახებ.
ელიზაბეტ მაკსველმა წერილები დაგზავნა უინტონის ჩანაწერებში მითითებულ ყველა მისამართზე და, დაახლოებით, 200 წერილი მიიღო პასუხად, მათგან 60 თავად „ბავშვებისგან“ იყო. „უინტონის ბავშვებიდან“ ბევრი ცოცხალი აღმოჩნდა. მათმა უმრავლესობამ ვერასოდეს შეძლო ნამდვილი მშობლების პოვნა, რომლებიც დახოცეს, აწამეს, გაზის კამერებში გაგუდეს ნაცისტებმა. ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეძებდნენ ადამიანს, რომლის წყალობითაც სიკვდილს გადაურჩნენ. და აი, ისიც სასწაულებრივი გზით გამოჩნდა.
1988 წლის თებერვალში გამოქვეყნდა სტატია „დაკარგული ბავშვები“, რომელიც „ჩეხეთის კინდერტრანსპორტს“ შეეხებოდა. იმავე საღამოს კი ნიკოლას უინტონი მაყურებლად მიიწვიეს პოპულარულ ინგლისურ ტოქშოუში − „თავად ცხოვრება“. მოულოდნელად წამყვანმა დაიწყო უინტონის ისტორიის მოყოლა და შემდეგ მის მიერ გადარჩენილ „ბავშვებს“ ფეხზე ადგომა სთხოვა. აღმოჩნდა, რომ სტუდიაში ისხდნენ ისინი, რომელთა გამოყვანაც მოახერხა უინტონმა პრაღიდან. ამ გადაცემას წარმოუდგენელი წარმატება ხვდა წილად. ნიკოლას უინტონის სახელი ბევრი ბრიტანელისათვის გახდა ცნობილი. მას წერილები მთელი მსოფლიოდან მისდიოდა. მისი „ბავშვები“ არა მხოლოდ ინგლისში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში და ამერიკაშიც იმყოფებოდნენ. უინტონის ბედმა მრავალი ადამიანი დააინტერესა. 2011 წელს სლოვაკმა რეჟისორმა მატეი მინაჩმა გადაიღო ფილმი, პრაღაში 1939 წელს მომხდარი მოვლენების შესახებ. ფილმს სახელად ეწოდა „ნიკის ოჯახი“. ფილმში რეჟისორი მოგვითხრობს თავისი გმირის შესახებ: „წარმოიდგინეთ, 104 წლის ასაკში, ის მხნედაა და ამბობს: ‘მატეი, რა დროს სიკვდილია. ჩემ მიერ გადარჩენილი ბავშვები ბერდებიან და საჭიროა მათთვის სახლის აშენება, სადაც მათზე იზრუნებენ.’“ მართლაც, „ნიკის ოჯახი“, ბავშვებთან და შვილიშვილებთან ერთად, 5000 ადამიანს ითვლის.
669 ბავშვის გადარჩენის გამო ნიკოლას უინტონი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. 2002 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ მას რაინდობა და ტიტული „სერ“ უბოძა, ხოლო 2014 წელს, 105 წლის ასაკში, სერ ნიკოლასი დაჯილდოვდა ჩეხეთის უმაღლესი „თეთრი ლომის“ ორდენით. მისი ფიგურის დანახვა შეგიძლიათ პრაღის სადგურზე, სადაც დგას უინტონის ძეგლი – მამაკაცი ორ ბავშვთან ერთად.