ჩარლზ ჰედონ სპერჯენი მე-19 საუკუნის ბრიტანეთის და ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მქადაგებელია. მისი ცხოვრება გასაოცრად ნაყოფიერი იყო: მან ათასობით ქადაგება წარმოთქვა, რომელთაგან უმეტესობა იბეჭდებოდა და მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. მისი გარდაცვალების დროისათვის უკვე 56 მილიონამდე ეგზემპლარი იყო დაბეჭდილი 40-მდე ენაზე.
ის ღვთისმოსავი ადამიანი იყო და ღვთის ჭეშმარიტებას სერიოზულად და პირდაპირ ქადაგებდა, თუმცა მისი ქადაგებები სავსე იყო სიყვარულით, სითბოთი, მოშურნეობით, გონებამახვილობითა და იუმორით.
ჩარლზ სპერჯენი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა 1834 წელს, ესექსში. მას ძალიან მწირი განათლება ჰქონდა, მაგრამ წლების განმავლობაში ძალიან ბვერი ისწავლა წიგნების გამუდმებული კითხვით. მიუხედავად იმისა, რომ გულმხურვალე ქრისტიანებს შორის იზრდებოდა, სპერჯენმა გაცნობიერებულად მხოლოდ 15 წლის ასაკში ირწმუნა ქრისტე და მას შემდეგ ძალიან სწრაფად მიაღწია სულიერ სიმაღლეს. 19 წლის ასაკში ის ღვთისმსახურად მიიწვიეს ლონდონის ბაპტისტურ ეკლესიაში. სპერჯენის ქადაგებები ძალიან იზიდავდა მსმენელს და ეკლესია მალე ისე გაივსო, რომ სპერჯენს უფრო დიდი შენობების მოძებნა უწევდა.
საბოლოოდ, 1861 წელს მან შეიძინა საგანგებოდ ეკლესიისათვის აგებული შენობა (Metropolitan Tabernacle), სადაც 5 ათასი ადამიანი ეტეოდა. იქ ქადაგებდა სიცოცხლის ბოლომდე, 38 წლის განმავლობაში. ის რეგულარულად ქადაგებდა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მსმენელის წინაშე. ერთხელ 24 ათას ადამიანს უქადაგა კრისტალ პალასში.
1856 წელს სპერჯენი სუზან ტომპსონზე დაქორწინდა, რომელიც ძალიან დიდი მხარდაჭერისა და ძალის წყაროდ იქცა მისთვის, თუმცა მათი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი: სუზანა დაინვალიდდა, ხოლო ჩარლზი დეპრესიასა და სხვა დაავადებებს ებრძოდა. ზამთარს ის საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ატარებდა, სადაც ის წერდა და გამოსაცემად ამზადებდა ქადაგებებს. აქვე გარდაიცვალა კიდეც 57 წლისა 1892 წელს.
სპერჯენი უნიკალური ნიჭის მქონე პიროვნება იყო. დაჯილდოებული იყო ჭკუით, დიდი ნებისყოფითა და ამტანობით, კარგი მეხსიერებით, შესანიშნავი ხმითა და გადმოცემის უნარით. ის გასაოცრად ენერგიული იყო. დღე-ღამეში 18 საათის განმავლობაში მუშაობდა, რაც მისი ნაადრევი გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ სპერჯენი მტკიცე ბაპტისტი იყო, ბევრი მეგობარი ჰყავდა სხვა დენომინაციებიდან და ძალიან იშვიათად იჭერდა რომელიმეს მხარეს, როდესაც საქმე უმნიშვნელო საღვთისმეტყველო განსხვავებებს შეეხებოდა.
თუმცაღა, როდესაც საკითხი სახარების საფუძვლებს უკავშირდებოდა, ის სიმტკიცეს იჩენდა და დიდხანს და თავგამოდებით იცავდა რწმენას. სპერჯენს „მქადაგებელთა მთავარს“ უწოდებდნენ, თუმცა ის არა მხოლოდ ქადაგებდა, არამედ სოციალურად აქტიური ადამიანიც იყო. თავად ამბობდა: „ჩვენი ბიოგრაფიები რომ დაიწერება, ღმერთმა ქნას, მხოლოდ ჩვენი ნათქვამი სიტყვების შესახებ არ ეწეროს იქ, არამედ სიტყვებისა და საქმეების შესახებ!“
მან ჩამოაყალიბა რამდენიმე ორგანიზაცია და ხელმძღვანელობდა მათ. მათ შორის იყო ორგანიზაციები, სადაც სტუდენტებს თეოლოგიურ ცოდნას აძლევდნენ და ეხმარებოდნენ ეკლესიის დამფუძნებლებს; ასევე იყო ორგანიზაციები, რომლებიც ქვრივ-ობლებსა და მეძავებზე ზრუნავდნენ. სპერჯენი ყველგან ებრძოდა ბოროტებას, სადაც წააწყდებოდა, მაგალითად, ის ისეთი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა მონობას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მის წიგნებს წვავდნენ.
ბევრი რამეში შეიძლება მივბაძოთ მას, მაგრამ პირადად ჩემთვის ოთხი რამ განსაკუთრებით შთამაგონებელია მისი ცხოვრებიდან:
მის ქადაგებაში ისმოდა მოწოდება. სპერჯენი ისეთ დროს ცხოვრობდა, როდესაც ბევრი მქადაგებელი ზნეობრიობაზე თავაზიან და მშვიდ საუბარს ამჯობინებდა ნაცვლად იმისა, რომ დაჟინებით მოეწოდებინათ ადამიანებისათვის ქრისტესკენ მოქცევა. მათან განსხვავებით, სპერჯენი გულმხურვალედ ქადაგებდა სახარებას, რათა ბევრ ქალსა და მამაკაცს ერწმუნა უფლის. ის იმისათვის როდი ქადაგებდა, რომ ქება დაემსახურებინა, არამედ იმისათვის, რომ შედეგი ენახა.
მისი ქადაგება ძალაუფლების მქონე იყო. სპერჯენის დღეებში არსებობდა ერთგვარი ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ სახარება „პროგრესის“ ინტერესების შესაბამისად გადაეკეთებინათ მქადაგებლებს. სპერჯენი შორს იყო ამგვარი რამისგან. ის ძალაუფლებით ქადაგებდა. ეს კი გამომდინარეობდა მისი მტკიცე რწმენიდან იმის შესახებ, რომ ბიბლია ღვთის ურყევი სიტყვაა. როგორც თავად ამბობდა: „ბიბლია ლომს ჰგავს. მისი დაცვა არ არის საჭირო. მხოლოდ თავისუფლად უნდა მიუშვათ“.
მისი ქადაგების ძალაუფლებას ასევე ისიც განაპირობებდა, რომ სპერჯენის ღრმა რწმენით, ქრისტე იყო სახარების უწყების ცენტრი: „რა თემაზეც არ უნდა ვქადაგებდე, არ ვწყვეტ ლაპარაკს მანამ, სანამ მხსნელზე, უფალ იესოზე არ ვისაუბრებ, რადგან მასშია ყოველივე“.
მის ქადაგებაში ნამდვილობა იგრძნობოდა. სპერჯენი არად აგდებდა თანამედროვე ტენდენციას ოფიციალური და აუღელვებელი ინტონაციით კათედრიდან წარმოთქმულ „დახვეწილ“ ქადაგებებთან დაკავშირებით. ის უზღვავი ენერგიით ლაპარაკობდა. მის ქადაგებაში იგრძნობოდა საზრიანობა, სითბო და რაც მთავარია, სიცოცხლე. ქადაგებისას ის არ ინიღბებოდა, არამედ იყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში: ღმერთის მადლით გამოსყიდული ცოდვილი, რომელიც უზომოდ დიდ სიხარულს გრძნობდა ქრისტეში.
ის ქადაგებდა გასაგებად. სპერჯენი სოფლის მცხოვრებლების გარემოში გაიზარდა და არასოდეს უგულებელყოფდა მათ, ვისაც საკმარისი განათლება არ ჰქონდათ. ის მარტივად და გასაგებად ელაპარაკებოდა მსმენელს. ხშირად იყენებდა ანეკდოტებსა და გონებამახვილურ გამოთქმებს იმისათვის, რომ მსმენელი „არ დაეკარგა“ ჭეშმარიტებაზე ქადაგებისას. სპერჯენს ბევრი დასცინოდა იმის გამო, რომ ის თითქოს „ვულგარული, თეატრალური და უღირსი“ იყო, თუმცაღა ის მშვენივრად ახერხებდა ადამიანთა ყურადღების მიპყრობას და ამ ყურადღების შენარჩუნებას; ხან აცინებდა და ხანაც ატირებდა მათ და საბოლოოდ, მისი ქადაგებები ცვლიდა ადამიანთა ცხოვრებას.