ულრიხ ცვინგლი (Huldrych/Ulrich Zwingli) (დაიბადა 1484 წლის 1-ლ იანვარს, შვეიცარიაში, ტორენბურგის საგრაფოში (სანკტ-გალენის კანტონი), ვილდჰაუსში, გარდაიცვალა 1531 წლის 11 ოქტომბერს, კაპელის მახლობლად), გახლდათ ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი რეფორმატორი შვეიცარიის პროტესტანტულ რეფორმაციაში. მან დააარსა შვეიცარიის რეფორმირებული ეკლესია.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
ცვინგლი მესამე იყო ცხრა დედმამიშვილს შორის. მამამისი თავისუფალი გლეხი, რომელიც სოფლის უხუცესი გახლდათ. მამის ძმა, ბართოლომეო ვეზენის მღვდელი იყო. დაწყებითი განათლება ულრიხმა ბიძამისისგან მიიღო, ხოლო ათი წლის ასაკში ის გაგზავნეს ბაზელში, სადაც ის ლათინურს სწავლობდა. ბაზელში სამი წლის გატარების შემდეგ იგი ბერნში გაემგზავრა, სადაც მასწავლებელმა ჰაინრიხ ვულფლინმა მას მუსიკისა და კლასიკური ლიტერატურის სიყვარული შთაუნერგა. ბერნში მყოფი დომინიკანელები დაინტერესდნენ ულრიხის მუსიკალური მონაცემებით და თითქმის დაარწმუნეს კიდეც ამ ორდენში გაწევრიანებულიყო, თუმცა მამამ და ბიძამ გადაათქმევინეს და ნაცვლად დომინიკანელთა ორდენში გაწევრიანებისა, ცვინგლიმ ვენის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო (1498), სადაც 1502 წლამდე სწავლობდა. შემდეგ გადავიდა ბაზელის უნივერისტეტში, სადაც, 1506 (ზოგი ცნობით, 1504 წელს) წელს, მიიღო ხელოვნებათა მაგისტრის ხარისხი.
ულრიხ ცვინგლი დაინტერესებული იყო თეოლოგიით და ბევრს კითხულობდა კიდეც. მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მისმა მასწავლებელმა და რეფორმატორმა ტომას ვიტენბახმა. ულრიხი 1506 წელს კონსტანცში აკურთხეს მღვდლად და პირველი მესა მან თავის ქალაქში, ვილდჰაუსში, ჩაატარა 1506 წლის 29 სექტემბერს. ამავე წელს ის გაემგზავრა ქალაქ გლარუსში და ათი წელი იმსახურა იქ. გლარუსში ულრიხმა განაგრძო ბერძნულის და დაიწყო ებრაულის შესწავლა; ის ასევე ეწაფებოდა ეკლესიის მამათა შრომებს. მისი ბიბლიოთეკა სამი ათასამდე ტომისაგან შედგებოდა. მას მიმოწერა ჰქონდა შვეიცარიელ ჰუმანისტებთან, მათ შორის ერაზმ როტერდამელთან, რის შემდეგაც ცვინგლიმ მისი ნაშრომების შესწავლასაც მოჰკიდა ხელი. მას ერაზმთან შეხვედრის შესაძლებლობაც ჰქონდა 1514 წლის აპრილსა და 1516 წლის მაისს შორის, ბაზელში ყოფნისას.
შუა საუკუნეების შვეიცარიის ცხოვრების ერთ-ერთი თავისებურება გახლდათ ის, რომ კანტონები სიმამაცით განთქმული შვეიცარიელი ჯარისკაცების სამსახურს სთავაზობდნენ სხვა ქვეყნებს და ამარაგებდნენ მათ ამ ჯარისკაცებისაგან შემდგარი რაზმებით. ეს „გაცვლა“ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ცალკეულ პირთა თუ ჯგუფთათვის, რომლებიც პენსიას იღებდნენ უცხო ქვეყნებისგან. გამდიდრების მსგავსი წყარო ხელს უწყობდა საზოგადოების დემორალიზაციას. თავად ცვინგლიმ ამის შესახებ გაიგო მაშინ, როცა 1512 და 1515 წლებში იტალიელთა ლაშქრობებში მონაწილე გლარუსის სამხედრო რაზმს ახლდა თან, როგორც კაპელანი. იმ გამხრწნელმა გავლენამ, რასაც ჯარისკაცებით ვაჭრობა ახდენდა ადამიანებზე, ცვინგლის დიდი აღშფოთება გამოიწვია და დააფიქრა საზოგადოებაში რეფორმების გატარების აუცილებლობის შესახებ. 1516 წელს ცვინგლიმ კაპელანის ადგილი დაიკავა აინზიდელნში, სადაც აგრძელებდა ქადაგებას სხვადასხვა ცრურწმენათა და ეკლესიის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.
1518 წელს ხალხის მღვდლის (Leutpriestertum ) თანამდებობა გათავისუფლდა ციურიხში, გროსმუნსტერის ტაძარში. ტაძრის მმართველმა კანონიკები ცვინგლის კარგ მქადაგებლად და მწერლად აღიარებდნენ. მისი კავშირი ჰუმანისტებთან გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა იმისათვის, რადგან რამდენიმე კანონიკი კეთილგანწყობილი იყო ერაზმ როტერდამელის იდეებისადმი. გარდა ამისა, ციურიხის პოლიტიკოსები იწონებდნენ ცვინგლის წინააღმდეგობას ფრანგებისა და ჯარისკაცებით ვაჭრობის მიმართ. ამრიგად, 1518 წლის 11 დეკემბერს კანონიკებმა ცვინგლი მღვდლად აირჩიეს. 27 დეკემბერს ის ციურიხში გაემგზავრა.
1519 წლის 1 იანვარს ცვინგლიმ პირველი ქადაგება წარმოთქვა ციურიხში. ის ერაზმ როტერდამელის ახალ აღთქმას იყენებდა გზამკვლევად. ცვინგლიმ დაიწყო ქადაგებათა ციკლი მათეს სახარების შესახებ და ქადაგებისათვის იყენებდა მეთოდს, რომელიც ცნობილია სახელით lectio continua. ამგვარად იქადაგა მან ჯერ ახალი, შემდეგ ძველი აღთქმა. ქადაგებათა მეშვეობით ის შეაგონებდა ხალხს და ეკლესიისა და სახელწიფო რეფორმებისკენ ისწრაფვოდა. ის ასევე წარმატებით ებრძოდა ინდულგენციებით ვაჭრობას. დომინიკანელი ბერი, ბერნარდინ სანსონი განსაკუთრებულ ინდულგენციას სთავაზობდა იმ ადამიანებს, რომლებიც წვლილს შეიტანდნენ რომში წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობაში. ცვინგლიმ უკმაყოფილება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით და ხალხს უთხრა, რომ ინდულგენციებით ვაჭრობა მათთვის ფულის წართმევას ისახავდა მიზნად. შედეგად, ციურიხის საბჭომ სანსონს ქალაქში შესვლის ნებართვა არ მისცა. ეს მოხდა მარტინ ლუთერის მიერ თავისი ცნობილი თეზისების გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.
1519 წელს ციურიხში შავმა ჭირმა იფეთქა, რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქალაქი დატოვა ყველამ, ვისაც შეეძლო. ულრიხ ცვინგლი კი დარჩა და განაგრძობდა საკუთარ მოვალეობათა შესრულებას. მასაც შეეყარა სნეულება, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა. სიკვდილის მოლოდინი მან აღწერა სამნაწილიან ლექსში „Pestlied“. თავად ულრიხი გადაურჩა სასიკვდილო სენს, მაგრამ მისი ძმა იმსხვერპლა ამ დაავადებამ. შავი ჭირის ეპიდემიამ და ძმის სიკვდილმა უფრო გააღრმავა მისი თეოლოგიური აზროვნება.
რეფორმაციის დასაწყისი
ცვინგლის პირველი ღია დაპირისპირება რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან მოხდა 1522 წელს, როცა ულრიხმა იქადაგა მარხვასთან დაკავშირებით. მარხვის პირველ კვირა დღეს ცვინგლიმ და სხვებმა დაარღვიეს მარხვასთან დაკავშირებით დადგენილი წესი და ეს ქმედება ცვინგლიმ ქადაგებით გაამყარა − „საკვების არჩევის თავისუფლების შესახებ“ (Von Erkiesen und Freiheit der Speisen).
მან აღნიშნა, რომ საკვების შესახებ ზოგადი წესის შესახებ არ ეწერა ბიბლიაში და მარხვასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ცოდვა არ იყო. ტრაქტატის გამოქვეყნებამდე კონსტანცის ეპარქიამ დელეგაცია გაგზავნა ციურიხში. ქალაქის საბჭომ დაგმო მარხვის დარღვევა და ძალაუფლების მქონე სასულიერო პირებს საქმის გარკვევა მოსთხოვა. ეპისკოპოსმა გააფრთხილა გროსმუნსტერი და ქალაქის საბჭო და დაადასტურა ეკლესიაში მიღებული ტრადიცია.
ამის შემდეგ ცვინგლიმ და მისმა ჰუმანისტმა მეგობრებმა ეპისკოპოსს მისწერეს ცელიბატის გაუქმების მოთხოვნით. ორი კვირის შემდეგ ეს პეტიცია გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა საჯაროდ „მეგობრული პეტიცია და შეგონება კონფედერატებს“ (Eine freundliche Bitte und Ermahnung an die Eidgenossen). ეს საკითხი ცვინგლისათვის მხოლოდ აბსტრაქტული როდი იყო, რადგან რამდენიმე თვით ადრე საიდუმლოდ დაქორწინდა ქვრივზე, ანნა რაინჰარდტზე. მათი ურთიერთბის შესახებ იცოდა ხალხმა, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ისინი უბრალოდ თანაცხოვრობდნენ. მოგვიანებით, 1524 წლის აპრილში ისინი საჯაროდ დაქორწინდნენ, პირველი შვილის დაბადებამდე სამი თვით ადრე. ცვიგლის და მის მეუღლეს სულ ოთხი შვილი შეეძინათ: რეგულა, უილიამი, ულრიხი და ანნა.
პეტიციის პასუხად ეპისკოპოსმა ციურიხის ხელისუფლებას მისწერა, რომ შეენარჩუნებინათ დადგენილი საეკლესიო წესრიგი. სხვა შვეიცარიელი სამღვდელო პირები კი ცვინგლის შეუერთდნენ, რამაც მას უბიძგა იმისკენ, რომ თავისი რწმენის შესახებ პირველი მთავარი სიტყვა წარმოეთქვა − Apologeticus Archeteles (პირველი და უკანასკნელი სიტყვა). ის თავს იცავდა ბრალდებებისგან, თითქოსდა ქალაქში არეულობას იწვევდა და ერესს ავრცელებდა. ცვინგლი აცხადებდა, რომ საეკლესიო იერარქიას არავითარი უფლება არ ჰქონდა ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხების განსჯისათვის ეკლესიაში არსებული მექრთამეობისა და გარყვნილების გამო.
1522 წლის მოვლენებმა ვერ მოაგვარა ზემოხსენებული საკითხები. დაძაბულობამ იმატა ციურიხსა და კონფედერაციის (შვეიცარიის კავშირი − შეიქმნა სამი კანტონის სამხედრო გაერთიანებით და საბოლოოდ, 13 კანტონი მოიცვა, 1501 წლისათვის) სხვა კანტონებს შორის. 22 დეკემბერს კონფედერაციამ მოსთხოვა ციურიხს, აეკრძალა ახალი სწავლებანი. ქალაქის საბჭომ კი თავი მოვალედ მიიჩნია, რომ ისე გადაეჭრა არსებული საკითხები, როგორც თავად მიიჩნევდა საჭიროდ.
1523 წლის 3 იანვარს ქალაქის საბჭომ მოიწვია ქალაქისა და მეზობელი რეგიონის სამღვდელოება, რათა დაპირისპირებულ მხარეებს საკუთარ მოსაზრებათა წარმოდგენის შესაძლებლობა მისცემოდათ. ეპისკოპოსსაც სთხოვეს თავად დასწრებოდა ამ მსჯელობას, ან წარმომადგენელი გამოეგზავნა. ქალაქი კი გადაწყვეტდა, ვის მისცემდა საკუთარ შეხედულებათა დაცვისა და გავრცელების უფლებას. პირველი შეხვედრა, ციურიხის პირველი დისპუტი, გაიმართა 1523 წლის 29 იანვარს.
შეხვედრას ექვსასამდე ადამიანი ესწრებოდა. ეპისკოპოსმა დელეგაცია გამოგზავნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი თანაშემწე იოჰანეს ფაბრი. ცვინგლიმ თავისი პოზიცია გადმოსცა 67 თეზისის მეშვეობით. ფაბრი, რომელიც არ იყო მზად იმგვარი აკადემიური დისპუტისათვის, როგორისთვისაც ცვინგლი გახლდათ მომზადებული და თანაც, მას აკრძალული ჰქონდა მაღალ თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობა ერისკაცთა თანდასწრებით და ამიტომაც უბრალოდ ამტკიცებდა ეკლესიის ავტორიტეტისა და ძალაუფლების მორჩილების აუცილებლობას. ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცვინგლისათვის მიეცა ქადაგების გაგრძელების უფლება; გარდა ამისა, გადაწყდა, რომ ყველა მქადაგებელს უნდა ექადაგა წმინდა წერილის შესაბამისად.
1523 წლის სექტემბერში, ლეო იუდემ, ცვინგლის უახლოესმა მეგობარმა, კოლეგამ და წმ. პეტრეს ეკლესიის ხუცესმა, ხალხს მოუწოდა ეკლესიებიდან წმინდანების ქანდაკებებისა და ხატების გატანისკენ. ქალაქის საბჭო გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მეორე დისპუტისას განეხილა. მეორე შეხვედრისას ასევე განიხილეს მესასა და მის მნიშნელობასთან დაკავშირებული საკითხი. მესის მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ევქარისტია ჭეშმარიტი მსხვერპლი გახლდათ, ხოლო ცვინგლი აცხადებდა, რომ ზიარება იყო მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლის მოსაგონებელი. მოწვევა ამჯერადაც გაუგზავნეს ციურიხის სამღვდელოებას და კონსტანცის ეპისკოპოსს. ამჯერად, ციურიხის საერო პირები, კურის და ბაზელის ეპარქიები, ბაზელის უნივერსიტეტი და კონფედერაციის 12 წევრიც იქნენ მოწვეულნი. დაახლოებით, ცხრაასი ადამიანი ესწრებოდა შეხვედრას. კონსტანცის ეპისკოპოსს და კონფედერეციას წარმომადგენლები არ გამოუგზავნიათ. დისპუტი დაიწყო 1523 წლის 26 ოქტომბერს და ორი დღე გაგრძელდა.
ცვინგლიმ ისევ გაიმარჯვა დისპუტში. მისი ოპონენტი ამჯერად გახლდათ კონრად ჰოფმანი, ვინც თავდაპირველად მხარს უჭერდა ცვინგლის არჩევას. იმის გამო, რომ გამოსახულებათა გატანას ეკლესიებიდან ყველა არ ემხრობოდა, მღვდელმა აარგაუდან კონრად შმიდმა შესთავაზა დამსწრეთ, რომ მღვდლებს ექადაგათ ამ საკითხის შესახებ ეკლესიებში და ხალხი თანდათანობით შეიცვლიდა აზრს და ნებაყოფლობით გაიტანდა ხატებს ტაძრებიდან და ეკლესიებიდან.
ციურიხის რეფორმაციის გამარჯვება
1523 წლის დეკემბერში ქალაქის საბჭომ, ეკლესიებიდან გამოსახულებათა გატანასა და მესის გაუქმებასთან დაკავშირებით, საბოლოო თარიღად დაადგინა 1524 წლის სულთმოფენობის დღე. ცვინგლი არ მოითხოვდა ამის დაუყოვნებლივ აღსრულებას. საბჭომ გადაწყვიტა, რომ ციურიხიდან გაიტანდნენ გამოსახულებებს, ხოლო სასოფლო დასახლებებს მიანიჭა იმის უფლება, რომ ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილიყო. მესასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა გადაიდო.
რეფორმაციის გავლენა უკვე 1524 წლის დასაწყისში ძალზე თვალსაჩინო გახლდათ. მირქმას აღარ დღესასწაულობდნენ, საგანგებო სამოსშ გამოწყობილი სამღვდელოების მსვლელობანი შეწყდა, ბზობის დღესასწაულზე მორწმუნეებს პალმის ტოტები და წმინდა ნაწილები აღარ მიჰქონდათ ლინდენჰოფში.
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებისას ცვინგლიმ და მისმა უახლოესმა თანამოაზრეებმა მესის გაუქმება და ხალხისათვის ღვთის თაყვანისცემის ახალი წესის წარდგენა მოსთხოვეს ქალაქის საბჭოს. 1525 წლის 12 აპრილს, „დიდ ხუთშაბათს“, ცვინგლიმ ახალი ლიტურგიის წესით ჩაატარა ზიარება. გამოიყენეს ხის თასები და თეფშები. ეკლესიაში მისული მორწმუნეები მაგიდებთან ისხდნენ, რათა ხაზგასმული ყოფილიყო წმინდა საიდუმლოების ის ასპექტი, რომელიც საკვების მიღებას გულისხმობს. მსახურების ძირითადი ნაწილი გახლდათ ქადაგება. ორღანზე აღარ დაუკრავთ და აღარ უგალობიათ. ცვინგლიმ ქადაგების დასასრულს ხალხს შესთავაზა, რომ ზიარება წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ ჩაეტარებინათ.
ცვინგლის აზრი იყო ასევე მონასტრების გადაკეთება საავადმყოფოებად და სოციალურ დაწესებულებებად და მონასტრების ქონების მიკუთვნება ამ სოციალური უზრუნველყოფის ფონდისათვის. ამისათვის გადააკეთეს გროსმიუნსტერისა და ფრაუმიუნსტერის საფუძვლები და დარჩენილი ბერ-მონაზვნები იძულებით გაუშვეს პენსიაზე.
კონფლიქტი ანაბაპტისტებთან (1525–1527)
იმ დროს, როცა ცვინგლი რეფორმაციის გზას დაადგა, მან თანამოაზრეების შემოიკრიბა გარს, რომლებთან ერთადაც დაიწყო კლასიკური ლიტერატურისა და წმინდა წერილის შესწავლა. ცოტა ხანში, მის ახალგაზრდა თანამოაზრეთაგან ზოგიერთმა იგრძნო, რომ ცვინგლი ისე სწრაფად არ მიდიოდა წინ რეფორმაციის გზაზე, როგორც ისინი მოელოდნენ. აზრთა სხვადასხვაობა ცვინგლისა და მის რადიკალურად მოაზროვნე მოწაფეებს შორის აშკარა გახდა 1523 წლის ოქტომბერში, ციურიხში ჩატარებულიო მეორე დისპუტისას. დისპუტის დასრულებისას, როცა მესის საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, კონრად გრებელი წამოდგა და იკითხა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამასთან დაკავშირებით. ცვინგლიმ უპასუხა, რომ ამას საბჭო გადაწყვეტდა. რადიკალურად განწყობილმა მღვდელმა, საიმონ სტამფმა ამაზე უპასუხა: „გადაწყვეტილება უკვე მიიღო ღვთის სულმა.“
ამ ინციდენტმა ცხადყო, რომ ცვინგლისა და მის რადიკალ მოწაფეებს სხვადასხვა მოლოდინი ჰქონდათ. 1523 წლიდან მათ სოფლებში დაიწყეს ქადაგება ჩვილთა ნათლობის წინააღმდეგ და მშობლებს მოუწოდებდნენ, არ მოენათლათ ახალშობილნი. 1525 წლის 17 იანვარს საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყველა, ვინც უარს იტყოდა საკუთარი ჩვილის მონათვლაზე, ციურიხს დატოვებდა. კონრად გრებელმა არ მოისურვა საკუთარი ახალშობილი გოგონას მონათვლა, რომელიც იმავე წლის 5 იანვარს დაიბადა. გრებელისა და მის თანამოაზრეებისადმი ქალაქის საბჭომ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გამოავლინა. ამავე წლის 26 იანვარს, როცა 16 რადიკალურად განწყობილი ადამიანი შეიკრიბა, სიტუაცია უკვე საკმაოდ დაძაბული იყო, ამ შეხვედრაზე გრებელმა მონათლა გეორგ ბლაუროკი, ბლაუროკმა კი, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმე სხვა მონათლა. ეს იყო „გადანათვლა“, ხელახლა ნათლობა. 1525 წლის 26 იანვარი გახლავთ ანაბაპტიზმის ჩამოყალიბების თარიღად. ამის შემდეგ ანაბაპტიზმი გავრცელდა ტიროლში (თანამედროვე ავსტრია), სამხრეთ გერმანიაში, მორავიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.
2 თებერვალს საბჭომ კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი მოთხოვნები ჩვილთა ნათლობასთან დაკავშირებით და ვინც ამ მოთხოვნებს არ დაემორჩილა, დააპატიმრეს და ჯარიმა დააკისრეს, მათ შორის, მანცი და ბლაუროკი. ცივინგლი და იუდემ ესაუბრნენ მათ და ციურიხის საბჭოს წინაშე კიდევ გაიმართა დებატები. 6-8 ნოემბერს ბოლო დებატები გაიმართა გროსმიუნსტერში ნათლობასთან დაკავშირებით. გრებელი, მანცი და ბლაუროკი იცავდნენ საკუთარ პოზიციას ცვინგლის, იუდეს და სხვა რეფორმატორთა წინაშე. ამ შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან არც ერთმა მხარემ არ შეიცვალა მოსაზრება და შეხვედრა ყვირილითა და ერთმანეთის შეურაცხყოფით დასრულდა.
1526 წლის 7 მარტს ციურიხის საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას ეკრძალებოდა ხელახლა ნათლობა სიკვდილით დასჯის შიშით. ფელიქს მანცი, რომელსაც დაფიცებული ჰქონდა დაეტოვებინა ციურიხი და აღარავინ მოენათლა, დაბრუნდა და განაგრძო სხვების მონათვლა. ის დააპატიმრეს და დაკითხვის შემდეგ, 1527 წლის 5 იანვარს მდინარე ლიმატში დაახრჩვეს. ის იყო პირველი ანაბაპტისტი წამებული. მის მსგავსად კიდევ სამი დასაჯეს სიკვდილით. დანარჩენები კი ან გაიქცნენ ან გაყარეს ციურიხიდან.
რეფორმაცია კონფედერაციაში (1526–1528)
1524 წლის 8 აპრილს, ხუთმა კანტონმა (ლუცერნი, ური, შვიცი, უნტერვალდენი და ცუგი) შექმნა ალიანსი ცვინგლის რეფორმაციისგან თავის დასაცავად. ისინი დაუკავშირდნენ მარტინ ლუთერის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის, იოჰან ეკს, რომელიც ლუთერს დაუპირისპირდა ლაიპციგის დისპუტზე (1519 წ.). ეკმა ცვინგლის დებატები შესთავაზა და ეს უკანასკნელიც დასთანხმდა, თუმცა მან არ მოიწონა შემფასებელი საზოგადოების, დებატების ჩატარების ადგილის არჩევანი და ამ უთანხმოებათა გამო ცვინგლის ბოიკოტი გამოუცხადა დისპუტს.
1526 წლის 19 მაისს ყველა კანტონმა წარმომადგენლები გაგზავნა ბადენში. ციურიხის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას, თუმცა სესიებში არ მონაწილეობდნენ. ეკი კათოლიკურ მხარის სახელით ლაპარაკობდა, ხოლო რეფორმატორთა წარმომადგენელი გახლდათ იოჰანეს ოიკოლამპადიუსი. ის გახლდათ ღვთისმეტყველი ვურტემბერგიდან, რომელსაც ხშირი და მეგობრული მიმოწერა ჰქონდა ცვინგლისთან. დისპუტი ცვინგლისათვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
აიკრძალა მისი ნაშრომების გავრცელება. მხოლოდ ბერნმა, ბაზელმა, შაფჰაუზენმა და ციურიხმა დაუჭირეს მხარი ცვინგლის.
კაპელის პირველი ომი (1529)
ცვინგლის სურვილი ჰქონდა იმისა, რომ რეფორმირებულ ქალაქებს ალიანსი შეექმნათ. როცა ბერნმა ოფიციალურად აღიარა რეფორმაცია, შეიქმნა ახალი ალიანსი − das Christliche Burgrecht (ქრისტიანული სამოქალაქო გაერთიანება). პირველი შეხვედრები ჩატარდა ბერნში 1528 წლის 5-6 იანვარს ბერნის, კონსტანცის და ციურიხის წარმომადგენლებს შორის. ალიანსს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდნენ სხვა ქალაქებიც, მათ შორის, ბაზელი, ბიელი, მიულჰაუზენი, შაფჰაუზენი და სენტ-გალენი.
ხუთმა (კათოლიკური) კანტონმა თავი იზოლირებულად იგრძნო და შეეცადა სხვაგან მოეძებნა მოკავშირეები. ორთვიან მოლაპარაკებათა შემდეგ, 1529 წლის 22 აპრილს, ხუთმა კანტონმა შექმნა ალიანსი სახელწოდებით die Christliche Vereinigung (ქრისტიანული ალიანსი) ფერდინანდ ავსტრიელთან ერთად.
ავსტრიასთან შეთანხმების დადებიდან ცოტა ხანში, რეფორმატორი მქადაგებელი, იაკობ კაიზერი, დააპატიმრეს ქალაქ უცნახში და სიკვდილით დასაჯეს ქალაქ შვიცში. ამას ცვინგლის დაუყოვნებელი და მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მან ხელისუფლებისათვის შეადგინა დოკუმენტი „რჩება ომის შესახებ“ (Ratschlag über den Krieg), სადაც ის ასაბუთებდა კათოლიკურ კანტონებზე შეტევის აუცილებლობას.
მანამ, სანამ ციურიხის საბჭო თავის გეგმებს განახორციელებდა, ქალაქს ესტუმრა დელეგაცია ბერნიდან, რომელშიც ნიკლაუს მანუელიც იყო. დელეგაციამ ციურიხს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა. მანუელმა დასძინა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ბერნსაც საფრთხე დაემუქრებოდა, რადგან კათოლიკურ კანტონ ვალეს და სავოიის საჰერცოგოს საზღვარი ბერნის სამხრეთით ჰქონდათ გავლებული. გარდა ამისა, ნიკლაუსმა უთხრა მათ: „ვერ შეიძლებთ რწმენის გავრცელებას მახვილებისა და ალებარდების მეშვეობით.“
მიუხედავად ამისა, ციურიხმა გადაწყვიტა მარტო ემოქმედა. ომი გამოცხადდა 1529 წლის 8 ივნისს. ციურიხმა 30 ათასკაციანი ჯარი შეკრიბა. კათოლიკურ კანტონებს კი ავსტრია არ დაეხმარა და ამიტომაც, მათ მხოლოდ 9 ათასი კაცის მოგროვება შეძლეს. ორი დაპირისპირებული მხარე კაპელის მახლობლად შეხვდა ერთმანეთს, მაგრამ საქმეში ჩაერია ჰანს აებლი, რომელიც ცვინგლის ნათესავი გახლდათ და ითხოვა ზავის დადება. შედეგად, ომი თავიდან იქნა აცილებული. ცვინლი იძულებული გახდა ზავის პირობები გამოეცხადებინა. მან „ქრისტიანული ალიანსის“ დაშლა მოითხოვა; ასევე მოითხოვა რეფორმატორ მქადაგებელთათვის თავისუფლად ქადაგების საშუაბის მიცემა კათოლიკურ კანტონებში, საპენსიო სისტემის გაუქმება, რეპარაციების გადახდას და იაკობ კაიზერის შვილებისათვის ზარალის ანაზღაურებას. ნიკლაუს მანუელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.
ბერნი არ იყო მზად მისათვის, რომ გაეუქმებინა საპენსიო სისტემა და რეფორმატორი მქადაგებლებისათვის თავისუფლად ქადაგების ნება მიეცა და ამიტომაც, ციურიხი და ბერნი ვერ შეთანხმდნენ. ცვინგლის მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთის შესრულება სცადეს კათოლიკურმა კანტონებმა: მათ ავსტრიას ალიანსის დაშლა სთხოვეს. ამან მწარედ გაუცრუა იმედი ცვინგლის, რაკიღა ეს გახლდათ მისი პოლიტიკური გავლენის შესუსტების ნიშანი.
მარბურგის დისპუტი (1529)
ცნობილი უთანხმოება ლუთერსა და ცვინგლის შორის ევქარისტიის საკითხის შესახებ დაიწყო მაშინ, როდესაც ანდრეას კარლშტადტმა, ლუთერის ყოფილმა კოლეგამ ვიტენბერგიდან, გამოაქვეყნა სამი პამფლეტი ზიარების შესახებ, სადაც კარლშტადტი უარყოფდა შეხედულებას იმის შესახებ, რომ პურსა და ღვინოში ქრისტე სხეულებრივად მყოფობს. ეს პამფლეტები დაიბეჭდა ბაზელში, 1524 წელს და ცვინგლისა და ეკოლამპადიუსის მოწონება დაიმსახურა.
ლუთერმა უარყო კარლშტადტის არგუმენტები და ცვინგლი მის მიმდევრად/მომხრედ მიიჩნია. ცვინგლიმ ევქარისტიასთან დაკავშრებით თავისი შეხედულებები რამდენიმე დოკუმენტში გამოაქვეყნა, მათ შორის გახლდათ de Eucharistia (ევქარისტიის შესახებ). გამომდინარე იქიდან, რომ ქრისტე ამაღლდაზეცად და ზის მამის მარჯვენით, ცვინგლიმ გააკრიტიკა იდეა იმის შესახებ, რომ ქრისტე სხეულებრივად ერთდროულად ორ ადგილას შეიძლებოდა ყოფილიყო. თავისი ღვთაებრივი ბუნებისგან განსხვავებით, ქრისტეს ადამიანური სხეული არ გახლდათ ყველგანმყოფი და ამრიგად, მას არ შეეძლო ერთდროულად ზეცაშიც ყოფილიყო და ზიარების პურსა და ღვინოშიც.
1527 წლის გაზაფხულზე, ლუთერმა მძაფრი რეაქცია გამოხატა ცვინგლის შეხედულებებთან დაკავშირებით თავის ტრაქტატში. ფილიპ ჰესენელმა, რომელიც ცდილობდა გაეერთიანებინა არსებული პროტესტანტული ძალები ერთ პოლიტიკურ კოალიციად, ორივე მხარე მიიწვია მარბურგში ამ აზრთა სხვადასხვაობის განსახილველად. ამ მოვლენას „მარბურგის დისპუტი“ ეწოდა.
ცვინგლიმ მაშინვე მიიღო ჰესენელის მიწვევა, რაკი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ შეძლებდა ლუთერის გადარწმუნებას. მისგან განსხვავებით, ლუთერი არაფერს მოელოდა ამ შეხვედრიდან და ამიტომაც, ჰესენელი ლანდგრაფის დაჟინებული თხოვნა დასჭირდა იმისათვის, რომ ლუთერი მარბურგში ჩასულიყო. ცვინგლი და იოჰან ეკოლამპადიუსი მარბურგში ჩავიდნენ 1529 წლის 29 სექტემბერს. ლუთერი და ფილიპ მელანქტონიც მალევე შეუერთდნენ მათ.
დისპუტში სხვა თეოლოგებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, მარტინ ბუცერი, ანდრეას ოზიანდერი, იოჰანეს ბრენცი, იუსტუს იონასი. დებატები გაგრძელდა 1 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე და შედეგები გამოქვეყნდა მარბურგის მუხლებში (15 მუხლი). მონაწილეები ყველა პუნქტზე შეთანხმდნენ ერთის გარდა, რაც ქრისტეს სხეულებრივ მყოფობას შეეხებოდა ევქარისტიის ელემენტებში.
პოლიტიკა, აღსარებანი, კაპელის მეორე ომი და სიკვდილი
მარბურგის დისპუტის წარუმატებლობისა და კონფედერაციის გახლეჩვის შემდეგ ცვინგლიმ მიზნად დაისახა ალიანსის შექმნა ფილიპ ჰესენელთან. მას გაცხოველებული მიმოწერა ჰქონდა ჰესენის ლანდგრაფთან. ბერნა უარი თქვა მონაწილეობაზე, მაგრამ ხანგრძლივი პროცესის შედეგად, ციურიხმა, ბაზელმა და სტრასბურგმა ხელი მოაწერეს ორმხრივ თავდაცვით შეთანხმებას ფილიპ ჰესენელთან. ესმოხდა 1530 წლის ნოემბერში. გარდა ამისა, ცვინგლი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენელთან, მაგრამ ამ ორ მხარეს სრულიად საპირისპირო ინტერესები ამოძრავებდათ. საფრანგეთს კარგი ურთიერთობის შენარჩუნება უნდოდა ხუთ კათოლიკურ კანტონთან.
მანამ, სანამ ცვინგლი ამ პოლიტიკურ ალიანსთა ჩამოყალიბებას ცდილობდა, კარლოს მეხუთემ, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა, პროტესტანტები მიიწვია აუგსბურგის სეიმზე საკუთარ შეხედულებათა წარსადგენად, რათა შემდეგ იმპერატორს ვერდიქტი გამოეტანა რწმენასთან დაკავშირებით. ლუთერანებმა წარადგინეს „აუგსბურგის აღსარება“. მარტინ ბუცერის ხელმძღვანელობით, სტრასბურგმა, კონსტანცმა, მემინგენმა და ლინდაუმ შეკრებილებს „ტეტრაპოლიტანის აღსარება“ გააცნეს. ეს დოკუმენტი საშუალო პოზიციას იკავებდა ლუთერანულ და ცვინგლიანურ პოზიციათა შორის. ცვინგლიმ საკუთარ აღსარება შეადგინა სახელწოდებით Fidei ratio (მსჯელობა რწმენის შესახებ), სადაც ის თორმეტი პუნქტის მეშვეობით განმარტავდა თავისი რწმენის შესახებ და „მოციქულთა რწმენის სიმბოლოსაც“ იმოწმებდა. დოკუმენტის ტონი მკვეთრად ანტიკათოლიკური და ანტილუთერანული გახლდათ. ლუთერანებს ცვინგლის აღსარება საჯაროდ არ გაუპროტესტებიათ, ხოლო ცვინგლისა და ლუთერის ძველმა მოწინააღმდეგემ, იოჰან ეკიმ, ცვინგლის მიმართ „კონტრშეტევა“ განახორციელა თავის მიერ შედგენილი დოკუმენტის გამოქვეყნებით, რომელსაც ეწოდებოდა Refutation of the Articles Zwingli Submitted to the Emperor („ცვინგლის მიერ იმპერატორისათვის წარდგენილი პუნქტების გაბათილება“).
ფილიპ ჰესენელმა შექმნა „შმალკალდენის კავშირი“ 1530 წლის ბოლოსათვის. „ტეტრაპოლიტანის აღსარების“ ოთხივე ქალაქი შეუერთდა კავშირს ამ აღსარების ლუთერანული განმარტების საფუძველზე. იმის გამო, რომ ლიგაში გაერთიანება საკმაოდ მოქნილ პირობებს ითვალისწინებდა, ციურიხი, ბერნი და ბაზელიც ფიქრობდნენ მასში შესვლაზე, თუმცაღა ცვინგლის არ შეეძლო თავის შეხედულებათა მორგება „ტეტრაპოლიტანის აღსარებისათვის“ და ამიტომაც მკაცრი უარი განუცხადა ბუცერსა და კაპიტოს. ეს ფილიპ ჰესენელისათვის დიდი შეურაცხყოფა გახლდათ, რამაც გაამწვავა „შმალკალდენის კავშირთან“ ურთიერთობა.
კაპელის პირველი ომის შედეგად დადებული ზავის შემდეგ ხუთი კათოლიკური კანტონი რეფორმატორ მქადაგებლებს თავისუფლებას უზღუდავდა და ქადაგების უფლებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ, ცვინგლი და იუდე შეიარაღებული კონფლიქტის მომხრენი იყვნენ და მოითხოვდნენ ამ ხუთ კანტონზე თავდასხმას. 1531 წლის 9 ოქტომბერს, ყველას გასაკვირად, ხუთმა კათოლიურმა კანტონმა თავად გამოუცხადა ომი ციურიხს. ციურიხმა ვერ შეძლო კარგად მომზადება შეტაკებისათვიდ და 11 ოქტომბერს მხოლოდ 3500-კაციანი, ცუდად შეიარაღებული ჯარით გავიდა ხუთი კანტონის წინააღმდეგ საბრძოლველად კაპელის ახლოს. ბევრი ხუცესი, მათ შორის ცვინგლიც, ჯარისკაცთა შორის იყო. ბრძოლა ერთ საათზე ნაკლებს გაგრძელდა. ულრიხ ცვინგლი სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა.
ცვინგლი უპირველესად თავს ქრისტეს მეომრად მიიჩნევდა, შემდეგ კი თავისი ქვეყნის, კონფედერაციის, დამცველად, და ბოლოს, თავისი ქალაქის, ციურიხის ხელმძღვანელად, სადაც ის 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ბედის ირონიით, ის 47 წლის ასაკში აღესრულა, არა ქრისტეს, არა კონფედერაციის, არამედ ციურიხის გამო.