არა ობოლი, არამედ უკვე ზეციერი მამის შვილი

მაშინვე, როგორც კი ქვეყანას მოევლინა, დღენაკლული გოგონა დატოვებულ იქნა სიცივეში, რათა მომკვდარიყო. თუმცა ის სასწაულებრივად გადარჩა. მოგვიანებით, მას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა თავისი მხსნელი გაეცნო დედისთვის, რომელსაც იმ მომენტისთვის სიცოცხლის სურვილი დაკარგვოდა. ეს არის ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგოს ისტორია, რომელმაც ღმერთის წყალობა შეიცნო.

თითოეული ჩვენგანი თავისებურად ეძებს ღმერთთან მისასვლელ გზას. თითოეული ჩვენგანი ცდილობს მასთან მისვლას და მიახლოებას. ამის შესახებ ბიბლია ბევრს საუბრობს, რათა ვეძებოთ ღმერთი, რათა მივუახლოვდეთ მას. ეს არ არის ღმერთის მოძებნის რაღაც ერთჯერადი აქტი. დავითი იყო წინასწარმეტყველი და ღმერთის ცხებული, ის ამბობდა: „არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და რულს ჩემს წამწამებს, ვიდრე არ ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის.“ ანუ მანამდე დასაძინებლად არ დავწვები. ჩვენი გამოცდილება უფალთან მიახლოებისა, ანუ როგორ ვუახლოვდებით მას, არის ძალიან საინტერესო. იმიტომ, რომ ღმერთთან ჩვენი დაახლოების ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ჩვენ გარდავისახებით, ვუცქერით რა უფლის დიდებას. ჩვენ არ გარდავიქმნებით, როდესაც სარკეში ვუყურებთ საკუთარ თავს, არაფერი განსაკუთრებულად მიმზიდველი ჩვენში არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მომხიბვლელები, შეიძლება გვქონდეს კარგი ხასიათი, შეიძლება წარმატებულები ვიყოთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ჩვენ არ გარდავისახებით, როდესაც მეტისმეტად ვართ საკუთარი თავით გატაცებულნი, როდესაც ბევრს ვფიქრობთ საკუთარ თავზე და კმაყოფილნიც კი ვართ ჩვენი თავით. ამით ადამიანი არ გარდაისახება.
პავლე მოციქულმა ძალიან გარკვევით დაწერა, რომ როდესაც ვხედავთ უფლის დიდებას, ჩვენ გარდავისახებით ამ დიდებიდან დიდებაში. ხდება ჩვენი პიროვნების, ჩვენი ცნობიერის ტრანსფორმაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მართლაც ვიცვლებით, და ვიცვლებით უკეთესობისკენ. ჩვენ თითქოს ვანათებთ და რაღაცნაირად მსუბუქნი ვხდებით, სხვანაირად ვუყურებთ საკუთარ თავებს; ამიტომაც ღმერთთან დაახლოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან რთულიც, ძალიან. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი საქციელი, ჩვენი ქმედებანი, ზოგადად, ჩვენი რაობა განუწყვეტელი აღმართები და დაღმართებია, გამუდმებით ზევით, ქვევით.
ჩვენი ხასიათი ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი დღე გვქონდა, როგორი თვე, როგორი კვირა გვქონდა. ამიტომაც ხანდახან ჩვენ გვაქვს გაბედულება, მივიდეთ ღმერთთან, თამამად წარვდგეთ ღმერთის წინაშე ლოცვით, რადგანაც თავს მსუბუქად გრძნობ, არ გაქვს არანაირი ზეწოლა, არ გაქვს შიში. ხოლო როგორც კი რაღაცას გააფუჭებ, სადღაც ისე არ მოიქცევი, როგორც საჭირო იყო, უკვე თავჩახრილი ხარ და აღარ გაქვს გაბედულება, წარდგე ღმერთის წინაშე; იმისიც კი გეშინია, რომ ლოცვა დაიწყო, ამ „კარზე დააკაკუნო“, რაღაც ითხოვო. და ამ დროს ადამიანები მეტწილად ჩუმად არიან, ან საკუთარ თავში იკეტებიან.
მე დავინახე, რომ არსებობს ორი გზა ღმერთამდე. ერთი გზა გადის თვითსიმართლეზე. ესეც სიმართლის სახეობაა. ჩემი პირადი სიმართლე. მე შევაგროვე ჩემი პირადი კოლექცია: ლოცვების, ძალისხმევის, შესაწირავების, გარკვეული თავშეკავების… მე ჩემი კოლექცია შევაგროვე, ეს ჩემი სიმართლეა. ეს პირადი სიმართლე ბიბლიაში ძალიან ცხადადაა წარმოჩენილი და ამაში არაფერი არაა ცუდი, ეს ძალიან კარგი რამაა.
არსებობს სიმართლის სხვა სახეობაც, რომელსაც ეწოდება ქრისტესმიერი სიმართლე. ეს სულ სხვა სახის სიმართლეა. სიმართლის ეს მეორე სახეობა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეზეა დამოკიდებული და ეს საჩუქარია. ეს არის სიმართლის საჩუქარი. ის არანაირად არ არის დამოკიდებული ადამიანის ძალისხმევაზე, მცდელობაზე, ღვაწლსა თუ სიბეჯითეზე. ეს სულ სხვა განზომილებაა.
ამრიგად, ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა გზით მივუდგეთ ღმერთს, და რადგანაც ადამიანები ვართ, ყველა ჩვენი საქციელი, როგორც კარგი, ისე ცუდი, ზეგავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. შესაბამისად, ჩემი ღმერთთან დაახლოების დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გავატარე დღე. ისევ გავიმეორებ, ხანდახან გვაქვს გაბედულება, ხანდახან კი ის არ გვაქვს. ეს გრძნობები და შინაგანი განწყობანი მოწმობენ იმაზე, რომ მე მივდივარ ღმერთთან ჩემი პირადი სიმართლის მეშვეობით. თუ ყველაფერი კარგად იყო, თამამად წარვდგები უფლის წინაშე, თუ ცუდად ჩაიარა დღემ, საერთოდაც არ მივდივარ ღმერთთან, იმიტომ, რომ შიში მიპყრობს.
იცით, როდესაც ბავშვი, მაგალითად, ბიჭუნა რამეს დააშავებს სახლში, ძალიან კარგად აშკარავდება მისი ურთიერთობები მამასთან. ბავშვი პირველად ამას ფიქრობს: მამა თუ გაიგებს, ისე მომხვდება! ესაა ერთი რეაქცია. შეიძლება იყოს მეორე რეაქცია: მალე უნდა მოვუყვე მამას, რომ პრობლემა გვაქვს, ოჯახში გვაქვს პრობლემა.
მე არ ვტრაბახობ, თავადაც გაოცებული ვიყავი, როდესაც საკუთარი თავი დავიჭირე ასეთ რამეზე… ჩემი ლოცვები საერთოდ საინტერესოა (იცინის). ლოცვაში ასე ვეუბნები ხანდახან ღმერთს: „უფალო, ჩვენ პრობლემა გვაქვს. უფალო, რა მოვიმოქმედოთ?“ ამას ჩემს თავზე ვამბობ, როდესაც ვლოცულობ ჩემს პირად პრობლემებზე – შინაგან, ემოციურ, მორალურ პრობლემებზე. ჩემს თავს შევამჩნიე, რომ წლებია, ასე ვლოცულობ. ეს ჩვენი პრობლემაა. ეს ჩვენი ოჯახია. ეს ჩვენი ურთიერთობებია.
როგორც ყოველთვის, დღესაც მინდა ვიყო ძალიან გულახდილი და ვთქვა, რომ თვითსიმართლის მთელი პრობლემის გათვალისწინებით, უფალმა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა მისადგომის საკითხი, მის თანდასწრებაში შესვლის საკითხი, მან თავად გადაჭრა, ჩვენ გარეშე. მან სიმართლე მისაცემ ნიჭად აქცია, ანუ ეს არის საჩუქარი, რომელიც მოგვეცა ქრისტეში. მან დაიწყო ადამიანებისთვის ყურება არა მათი მიღწევების მიხედვით, რის გამოც საკუთარი თავებიცა და სხვებიც დაქანცეს მათ, იმიტომ, რომ თვითსიმართლეში ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს; თვითსიმართლეში ჩვენ მართლაც განსხვავებული შედეგები, განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს; თვითსიმართლეში მე მართლაც ვიღაცაზე უკეთესი და ვიღაცაზე უარესი ვარ, აი, ღვთიური სიმართლით კი… ეს ღმერთის საჩუქარია. კარგი ადამიანები არიან თუ არც ისე კარგი, ბევრს ლოცულობენ თუ ცოტას ლოცულობენ, დადიან ეკლესიაში თუ არ დადიან, ეს სიმართლის სულ სხვა სახეობაა.
ვიცი, თუ დღეს გადაჭრით ვილაპარაკებ მძაფრ საკითხებზე, „მომხვდება“ ამის გამო, მე ეს მესმის, მაგრამ ვისაუბრებ ამაზე ისე, როგორც ვხედავ ამას ბიბლიაში. თავად ჩემთვისაც ამ საკითხში ბევრი რამ აღმოჩენა იყო. ამიტომაც ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა მის თანდასწრებაში შესვლის უფლების საკითხი, თავად გადაწყვიტა, რადგან ადამიანებს ამის გადაჭრა არ შეუძლიათ. არ შეუძლია ცოდვილ ადამიანს, მიუახლოვდეს წმინდა ღმერთს, არ შეუძლია, არ გამოსდის. ამიტომაც, ორივე აღთქმა, ძველიც და ახალიც, დაკავშირებულია სისხლთან.
ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სისხლზე, რადგან სწორედ ის გახლავთ გასაღები იმისა, რომ ჩვენ შევდიოდეთ პირდაპირ სატახტო დარბაზში, პირდაპირ ოთახში, პირდაპირ ტახტთან. სწორედ სისხლი. მხოლოდ სისხლი. წერტილი. ძველ აღთქმაში ეს იყო ცხოველების სისხლი, ახალ აღთქმაში კი ეს არის უცოდველი და უმანკო კრავის – იესო ქრისტეს სისხლი. რას ნიშნავს ეს და როგორ მუშაობს? როგორ გადაჭრა ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ მასთან მიახლოების საკითხი ყველა ადამიანისთვის სისხლის მეშვეობით?
თუ თქვენ ბიბლიის საძიებო სისტემაში შეიყვანთ სიტყვას „შუამავალი“ ან „შუამდგომელი“, გაოცებული დარჩებით, რომ ეს არის იესო ქრისტეს პიროვნება, რომელიც დგას ღმერთსა და ადამიანს შორის. ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – იესო ქრისტე, ერთადერთი. ასევე, ბიბლიაში გამოყენებულია სიტყვა „მეშვეობით“, რომ ჩვენ სისხლის მეშვეობით ვუახლოვდებით ღმერთს და ეს გვაძლევს გაბედულებას – მივიდეთ ღმერთის ტახტის წინაშე ახალი და ცოცხალი გზით – არა ძველი გზით, არა რჯულის გზით, არამედ ახალი გზით.
ზოგიერთმა ადამიანმა ეს გაიგო, მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, ძალიან ცოტანი. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ეს ხალხის ძალიან მცირე პროცენტია, რომლებმაც ბოლომდე გაიგეს ეს საკითხი. ამიტომაც, ჩვენგან უმრავლესობა ჯერ კიდევ დამოკიდებულია თავის განწყობასა და მიღწევებზე და გამუდმებით ილტვიან თავიანთი შინაგანისაკენ. სინამდვილეში, შეხედეთ, როგორ მოხდა ეს ძველ ეგვიპტეში. როდესაც ისრაელი მონობაში იყო – აი, ეს გახლდათ მათი სტატუსი, ისინი ყველანი მონები იყვნენ, ვიღაც უკეთესი მონა იყო, ვიღაც – უარესი; ვიღაც მეტს ლოცულობდა ღმერთის წინაშე, ვიღაც – ნაკლებს. ვიღაც სხვას ჩაგრავდა, ვიღაც კი თავად იყო დაჩაგრული. ისევე, როგორც ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა ადამიანისაგან შედგება. მაგრამ მოსემ ყველას უთხრა: თქვენ უნდა აიყვანოთ კრავი, დაკლათ ის, ჩაწუროთ სისხლი ჭურჭელში, აიღოთ უსუპი და იჩქაროთ, ვიდრე სისხლი შედედდება, და წაუსვათ იგი კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს, რადგან ახლოვდება საზარელი ღამე, საბედისწერო ღამე ყველა ადამიანისთვის…
იცოდით თუ არა, რომ ეგვიპტეში ცხოვრობდა უამრავი სხვადასხვატომელი ადამიანი. იქ არ იყვნენ მხოლოდ ეგვიპტელები და ებრაელები. ცოტაოდენ შევისწავლე ეს საკითხი და ბიბლიაშიც კი არის დაწერილი, რომ იქ ცხოვრობდა უამრავი სხვადასხვა ეროვნების ხალხი. მაგრამ იქ ისიც წერია, რომ ეგვიპტელები ასრულებდნენ იმას, რასაც მოსე ამბობდა. და ზოგიერთ ეგვიპტელს ეშინოდა კიდეც უფლის სიტყვისა, რომელსაც უფალი მოსეს მეშვეობით წარმოთქვამდა. შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს ადგილი, გამოსვლის წიგნის მე-9 თავი, იქ ასე წერია. ამიტომ უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი, ებრაელი იყავი თუ არა, ახალგაზრდა თუ მხცოვანი, ბევრ რამეს მოესწარი ცხოვრებაში თუ არა, იცავდი შენს თავს სიწმინდეში, საერთოდ ეგვიპტელი ხარ, მდიდარი, თუ ამ ეგვიპტელის მონა და ჩალის ფასი გაქვს, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა იმ ღამეს, არაფერს! იმ ღამეს მხოლოდ ერთ რამეს ჰქონდა მნიშვნელობა – სისხლს… და მორჩა. ეს იყო ერთადერთი ნიშანი, რომელზეც რეაგირებდა შემმუსვრელი ანგელოზი, ერთადერთი.
შემდეგ მთელი საზოგადოება, ადამიანთა ყველა კლასი, ყველა ჯგუფის წარმომადგენელი ყველა მათი სოციალური მახასიათებლით დაიყო ორ ჯგუფად: მორწმუნეებად და ურწმუნოებად. ვინც დაუჯერა მოსეს და ამ კატეგორიულ პირობას, მათ სწრაფად გააკეთეს ყოველივე. ხოლო ვინც არ დაიჯერა, მათ არ გაუკეთებიათ ეს. ისევ ვიმეორებ: უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ებრაელი იყავი თუ ეგვიპტელი, ეს უკვე არავის აინტერესებდა.
შეხედეთ, როგორ წერია გამოსვლის წიგნის მე-12 თავში მე-12 მუხლიდან: „მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაში ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში,“ – კარგი ადამიანები იყვნენ თუ ცუდები, პატიოსანი და წესიერი ადამიანები თუ უპატიოსნო და არაწესიერნი, – „მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს… ადამიანიდან პირუტყვამდე… მე ვარ უფალი. და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე,“ – იცით, ხომ, რას ნიშნავს ნიშანი, – იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით.“ არც თქვენი ეროვნება იქნება ნიშანი, არც თქვენი პატიოსნება, არც თქვენი ლოცვითი ცხოვრება, ნიშანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სისხლი.
ამიტომაც, როდესაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა, უფალი განაგრძობდა მათ სწავლებას, რომ სისხლი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაში. თუ არ იქნება სისხლის პკურება – დღეს ძალიან ცოტა დრო მაქვს, მაგრამ ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია – თუკი სისხლი არ მოხვდება შენს ტანისამოსზე, შენს ჭურჭელზე, შენს სახლზე, სავანეზე, სამსხვერპლოზე, სარქველზე, შენ სერიოზულად რისკავ. ჯობს მაშინ, არ მიუახლოვდე ღმერთს, თუკი სისხლით პკურება არ გაგივლია. ღმერთმა დაიწყო ამის ახსნა ებრაელთათვის იქიდან დაწყებული, როდესაც აარონის ორი ვაჟი მოკვდა. ისინი უბრალოდ შევიდნენ სავანეში, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე; ალბათ კარგი დღე ჰქონდათ, არ შეეშინდათ და დაიხოცნენ. აარონმა ერთ დღეს დამარხა თავისი ორი ზრდასრული ვაჟი და ის დიდად შეშინებული იყო. ასეთ მომენტებში ყველაფერს ახლებურად ვიაზრებთ ხოლმე…
ლევიანთა მე-16 თავში აარონის ძეების დაღუპვისთანავე მოსეს მეშვეობით უფალმა თქვა: „უთხარი აარონს, შენს ძმას, ნუ შევა ყოველ ჟამს წმინდაში, ფარდის მიღმა, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს…“ ამ თავში 3-ჯერ ამბობს უფალი: მე გაფრთხილებ, რათა შენც არ მოკვდე, როგორც შენი ძეები დაიხოცნენ. ჯობია, იქ არ შეხვიდე. და ღმერთი უხსნიდა აარონს, რომ შესულიყო იქ მხოლოდ ერთხელ წელიწადში და უხსნიდა კონკრეტულ პროცედურას, თუ როგორ უნდა შესულიყო იქ თავისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გარეშე. არ არის არანაირი წინასწარმეტყველება, რომ მას ბევრი უნდა ელოცა, რომ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებულ მარხვაში, რომ თავი უნდა შეეკავებინა რაღაცისგან… ამ ყველაფერზე ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. არსებობდა მხოლოდ ერთადერთი პირობა, რომელიც უსაფრთხოს ხდიდა იქ შესვლას და ეს იყო სისხლი. უფალი ამბობს: „გამოვჩნდები თავსარქველზე ღრუბელში… და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე.“ ეს არ არის რაღაც პროცედურა, როდესაც თავადვე ცდილობ – განიწმინდო, პირიქით, ცხოველის სისხლი გწმენდს შენ. „და აიღოს მოზვრის სისხლი და თითით მიაპკუროს თავსარქველის წინა ზედაპირს და თავსარქველის წინ, შვიდგზის მიაპკუროს სისხლი თითით.“ და შემდეგ – მე აღარ წავიკითხავ ყველაფერს – ისევ ჩაყოს თითები სისხლში და სცხოს სამსხვერპლოს რქებს, ის გავა ეზოში და სცხებს სამსხვერპლოს რქებს. „იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით თქვენი სულები და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა. რადგან ამ დღეს მოხდება თქვენი განწმენდა, რათა განიწმინდოთ ყოველი თქვენი ცოდვისაგან, რათა განწმენდილები იყოთ უფლის წინაშე.“
უფალმა ამით დაახლოებით შემდეგი თქვა: უბრალოდ შეჩერდით და დააკვირდით – თქვენ გაგწმენდენ ამ დღეს. უკეთესად იცხოვრეთ ეს წელი, უარესად თუ სულაც ძალიან ცუდად ან კარგად, თქვენ გაგწმენდენ ამ დღეს. „იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის შესანდობლად წელიწადში ერთხელ.“ (ლევ. 16:34) და ეს პროცედურა დამკვიდრდა ისრაელის პრაქტიკაში და მეორდებოდა ყოველწლიურად.
ამ მღვდელმთავრის შიშის საკითხი, რომელმაც თავისი ძეები დამარხა, გადაიჭრა იმით, რომ იკვლებოდა ცხოველები, ის იღებდა სისხლს და ჯერ აპკურებდა, ვიდრე ზღურბლს გადავიდოდა. მას ტანისამოსზე ირგვლივ ჩამოკიდებული ჰქონდა ოქროს ეჟვნები და ბროწეულები ერთიმეორის მონაცვლეობით. ისინი გამუდმებით წკრიალებდნენ და ადამიანებს ღრმა სიჩუმეში ესმოდათ, მღვდელი იქ ცოცხალი იყო თუ არა, რადგან მას შეჰქონდა იქ გუნდრუკი საკმევლად და აკმევდა უფლის წინაშე წელიწადში ერთხელ. ამ ადამიანს არ ეშინოდა იქ შესვლის, რადგან ამის საფუძველი მისთვის არ იყო თავისი სიმართლე, იმიტომ, რომ ეს საკმარისი არ იყო.
მახსოვს არაერთხელ, როდესაც სახლში რაღაც იყო შესაკეთებელი, მაგალითად, ჩამოსაკიდებელი იყო ჭაღი, მე ვთხოვდი დახმარებას ადამიანებს, რომლებიც ერკვევიან ელექტრობაში. და მახსოვს, როგორ მეძახდა ელექტრიკოსი: „მე შევაჩერე დენის მოწოდება. ნუ გეშინია, გთხოვ. შეგიძლია, მოაშორო ეს მოშიშვლებული ელსადენები.“ 45 წლის ვარ და არასდროს არ მჯეროდა ელექტრიკოსების, არასდროს. ჩემს მშობელ მამასაც კი არ ვუჯერებდი, რომელიც მეუბნებოდა: „ნუღარ გეშინია…“ მეშინია… მეშინია… მეშინია. რისკის მაღალი დონეა… და რა მოხდება, თუ… შემთხვევით რომ რაღაც მოხდეს? და აი, ღმერთმა უთხრა აარონს: „იმისათვის, რომ არ გეშინოდეს, შენ უნდა იყო დაფარული სისხლით. საერთოდ დაივიწყე შენს თავზე ყველაფერი, ნუღარ უყურებ შენს თავს.“ ჩვენ დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი გრძნობებზეა აშენებული. – „მე ვერ ვგრძნობ, რომ ღმერთმა მაპატია…“ – „მე ვერ ვგრძნობ, რომ ღმერთს ვუყვარვარ…“ – „მე ვერ ვგრძნობ, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვა…“ ჩვენ გადამეტებულად ვეყრდნობით ჩვენს გრძნობებს და ისე გამოგვაქვს ესა თუ ის დასკვნა; აქედან გამომდინარე ვუყურებთ საკუთარ თავებს და ვიქცევით შესაბამისად. აქედანვე გამომდინარეობს ჩვენი გაბედულებაც. იმის ნაცვლად, რომ ერთხელ მაინც სერიოზულად შევისწავლოთ, თუ რა გააკეთა ქრისტემ და ღმერთმა თავის მხრივ როგორ გადაჭრა თავის თანდასწრებაში ჩვენი შესვლის საკითხი. მან ყველა ადამიანი გაათანაბრა. მე ხომ ვთქვი: თვითსიმართლეში შეგვიძლია გავეჯიბროთ ერთმანეთს. თვითსიმართლეში, ანუ ასე ვთქვათ, პირად მიღწევებში, პირად მაჩვენებლებში, პირად შედეგებში ჩვენ მართლაც სხვადასხვანაირები ვართ: არიან ძლიერი და უფრო ამტანი ადამიანები, უფრო მიძღვნილები, უფრო ერთგულები და ასე შემდეგ. სხვები კი სუსტები შეიძლება იყვნენ, სუსტები მაშინაც კი, როდესაც მათ პატიმრობა ემუქრებათ. ასეთი ადამიანი მაინც ვერ გაუმკლავდება თავის პრობლემებს, ის უბრალოდ სუსტია. თითოეულ ადამიანს აქვს გამძლეობის თავისი საზომი, თითოეული ადამიანი რაღაც დონეზე იზრდება. ადამიანები მართლაც სხვადასხვანაირნი არიან, მაგრამ იცით, რა გახლავთ პრობლემა? ღმერთის გადმოსახედიდან, როდესაც ის ყველას გვიყურებს, ჩვენ ყველამ შევცოდეთ და მოკლებულნი ვართ ღმერთის დიდებას და ვიღებთ გამართლებას საჩუქრად.
გამართლება საჩუქარია… საჩუქარი. ღმერთი გვიყურებს ყველას – უარესებს თუ უკეთესებს – და ჩვენი სტატუსი ერთნაირია. მე მითქვამს, რომ ეს იგივეა, რაც ღორების კოლტში ამოარჩიო უფრო სუფთა გოჭი და მართლაც, არსებობენ უფრო სუფთა და უფრო ბინძური გოჭები, მაგრამ ის მაინც ღორების კოლტია. ამიტომაც ამ კუთხით ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ ღმერთის თვალში და არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია უფლის წინაშე წარდგომა თავისი მიღწევების საფუძველზე. ამით მხოლოდ თავს ვიტანჯავთ, ვსავათდებით და ამას ჩვენვე ვუკეთებთ საკუთარ თავებს. ეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამენაირად თავადვე შევძლებთ ღმერთის თანდასწრებაში შესვლას. ვერ შევძლებთ, ვერა. არ გამოვა. ამიტომაც ღმერთმა შემოიღო ეს პროცედურა სისხლთან დაკავშირებით. ხოლო თუ ვიღაცას მაინც ისე სწამს და უნდა, რომ თავად სცადოს, შემოგთავაზებთ რამდენიმე ციტატას ამასთან დაკავშირებით.
რომაელთა 5:16 – „მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად.“ ასე მუშაობს სასამართლო სისტემა – მსჯავრი ერთისგან გამოდის განსაკითხავად. იაკობ მოციქულმა დაწერა: „რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, რაკი ვინც თქვა, არ იმრუშოო, ისიც თქვა: არა კაც კლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ.“ ასე მუშაობს სასამართლო სისტემა. ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ ღმერთის წინაშე და არ ღირს ბიბლიასთან შეკამათება. ბიბლია პირდაპირ ამბობს: „არავინ არის მართალი“, არავინ.
რომაელთა მიმართ წერილი, მე-3 თავი. „არავინ ეძებს ღმერთს… აღარავინ გამოდგება, ყველანი გზას ასცდნენ.“ ეს ვართ ჩვენ სინამდვილეში. ხოლო ის, რომ შენ ჩემზე ოდნავ უკეთესი ხარ… კი, ბატონო, არც უარვყოფ, არ გეკამათები. შენი პირადი მიღწევები მეტია, ვიდრე ჩემი მიღწევები, გეკამათები განა?! შენ მეტს ლოცულობ, მეტად თავშეკავებული ხარ, ნაკლები ჩავარდნა გქონია, თავს იცავდი, არასოდეს არ დაცემულხარ – მე არ გეკამათები. მე შენზე ნაკლები ვარ. მაგრამ საკითხი ახლა სულ სხვაგვარადაა. საქმე ის გახლავთ, რომ მე არ მინდა, მივიდე ღმერთთან რჯულის გზით. მე უარს ვამბობ ამაზე. მე, ალექსანდრე, დავიღალე, დავიღალე ასეთი გზებით სიარულისგან. მე მივხვდი, რომ ღმერთმა, თავის მხრივ, უყურებდა რა ჩემს ტანჯვასა და შფოთვას, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა თავის თანდასწრებაში ჩემი შესვლის უფლების საკითხი – სისხლის მეშვეობით, სისხლის.
შემდგომ, პავლე მოციქული, უკვე რომაელთა მიმართ წერილის მე-5 თავში აგრძელებს. ასე მუშაობს სასამართლო სისტემა: „მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად.“ მსჯავრი და სასჯელი, მაშინვე. „მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად,“ – იესო ქრისტეს მეშვეობით. ამით ის ამბობს: აი, ეს არის ის სიმართლე, რომელსაც მე ვიღებ და ეს, სხვათა შორის, საჩუქარია. ის არანაირად არ არის დამოკიდებული თქვენს პირად ძალისხმევაზე, მონდომებასა და ღვაწლზე. ის უბრალოდ საჩუქარია. მე თქვენ გაძლევთ ასეთ სტატუსს. ყველაფერი, რაც შეეხება სიმართლეს, ჟღერს ასე: რწმენა ითვლება სიმართლედ, რწმენა კონვერტირდება სიმართლეში. ამიტომაც სიმართლის საჩუქარი იმეფებს ჩემსა და შენს ცხოვრებაში მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით, ბიბლიის თანამედროვე თარგმანის მიხედვით. სხვა გზა სიმართლემდე არ არსებობს, ღვთიურ სიმართლემდე. საკუთარ სიმართლემდე, ანუ თვითსიმართლემდე, ცალკე გზაა. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული გზა. ამიტომ, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ღვთიურ სიმართლეზე, ამაში არავის არ შეუძლია, ვინმეს შეეჯიბროს, რადგანაც ეს სიმართლე ჩვენი არაა. ეს არის ღვთის საჩუქარი.
„ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით, – იგულისხმება ადამი – ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით, – იგულისხმება ქრისტე – ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.“ ყველა ადამიანი! უკეთესი თუ უარესი, სულ ერთია, ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ამ სტატუსმა ყველა გაათანაბრა, ყველა… შეჯიბრება დასრულდა. პირადმა მიღწევებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ქრისტესმიერმა სიმართლემ ყველა გაათანაბრა. აღარ არის „მეტად მართალი“ ან „ნაკლებად მართალი“ ადამიანის ცნება, არამედ არსებობს ცნება – ქრისტესმიერი სიმართლე და თვითსიმართლე. თვითსიმართლეში შესაძლებელია შეჯიბრება.
გალატელთა მიმართ წერილის 3:21 – „მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქნებოდა სიმართლე,“ ანუ ამ შემთხვევაში სიმართლეს მივაღწევდით რჯულის მოთხოვნების დაცვის მეშვეობით. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ კი, ბატონო, ყურადღება სტარტისკენ, ვიწყებთ! „მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე – იგულისხმება გამართლება – იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.“ შეჯიბრებანი გაუქმებულია. არავის არ შეუძლია, გახდეს მართალი რჯულის მეშვეობით. ამიტომ ღმერთმა ისე გააკეთა, რომ რჯულით მხოლოდ ცოდვა შეიცნობა. რაც უფრო მეტად ვიგებ ღვთის რჯულს, მით მეტად ვაცნობიერებ ჩემი არასრულყოფილების საშინელებას. მე ან ქრისტესთან უნდა მივიდე, ან მარყუჟში უნდა გავუყარო თავი, სხვა გზა არ ვიცი. გამოსავალი არ არსებობს. მე ან ვიღუპები, ან მხსნელს მოვუხმობ საშველად. მე ჩემით ვერ გადავრჩები, ის მიხსნის, ის არის ჩემი მხსნელი. ფილიპელთა მიმართ წერილი 3:9….
პავლემ ბევრს მიაღწია, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ჩვენგანს ან უმეტეს ჩვენგანს მაინც უეჭველად გვაჯობა თავის მიღწევებსა და გულმოდგინებაში, ჭეშმარიტად მიძღვნილი ადამიანი იყო, თუმცა მან თქვა: მინდა, ვიყო ქრისტეში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, – ის არ დასცინის რჯულს, არც აკრიტიკებს, ის მას აღიარებს. ის ამბობს, რომ არსებობს სიმართლის ასეთი სახეობა რჯულიდან: მეც მაქვს ჩემი პირადი სიმართლე, რომელიც მე შევაგროვე რჯულის მცნებების დაცვით. რჯულისმიერი სიმართლის მიხედვით, მე უმწიკვლო ადამიანი ვარ სხვების ფონზე; მაგრამ რატომღაც მე ეს არ მაკმაყოფილებს, რადგან მივხვდი, რომ ღმერთთან ეს არ გაჭრის. მთელი ამ მდიდარი კოლექციით ღმერთამდე მაინც ვერ მივალ. ამიტომაც მინდა, აღმოვჩნდე ქრისტეში იმ სიმართლით, რაც არის „ქრისტეს რწმენის მეშვეობით, რწმენაზე დაფუძნებული ღმერთის სიმართლით.“ ეს რაა, ანუ სიმართლის ორი სახეობა არსებობს, პავლე? დიახ, არსებობს ჩემი პირადი სიმართლე, რომელიც რჯულიდანაა, მაგრამ ასე რაღაც ვერ ვპოულობ ჩემს თავს ქრისტეში, ყველა სია გადავიკითხე და იქ არ ვარ. ალბათ, სხვა სიებში უნდა ვეძებო ჩემი თავი. თურმე არსებობს სულ სხვა სიები – იმ ადამიანთა, რომელთაც მიიღეს სიმართლე ღვთისგან, ქრისტეს რწმენის მეშვეობით. მე აქ მოვძებნი ჩემს თავს.
კორინთელთა მიმართ პირველი წერილი 1:30 – „მისგან – ანუ მამა ღმერთისგან – ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად. რათა იყოს, როგორც წერია: ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით.“ და არა საკუთარი თავით. ერთ-ერთი თანამედროვე თარგმანის მიხედვით: ღვთის ნების მიხედვით, ქრისტე გახდა ჩვენი სიბრძნე, ქრისტე გახდა ჩვენი სიმართლე, ქრისტე გახდა ჩვენი სიწმინდე და ჩვენი გამოსყიდვა. ის თავად გახდა ჩემი სიმართლე. ეს უჩვეულოა… არაკომფორტული… მოულოდნელი… არ თავსდება გონებაში, გაუგებარია. ის გახდა ჩვენი სიმართლე! ის გახდა ჩვენი სიწმინდე! ის გახდა ჩვენი გამოსყიდვა!
ებრაელთა მიმართ წერილი 9:12 – „არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათაწმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.“ ერთხელ შევიდა და სამუდამოდ გადაჭრა გამოსყიდვის საკითხი. მან გადაჭრა… თავად. ჩვენ ამ საკითხის გადაჭრა არ შეგვეძლო. ისეთები ცდილობდნენ, მაგრამ… და თან ისე კი არა, როგორც ჩვენ ვცდილობდით. ამიტომაც ხაზგასმულია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს გააკეთა მან თავად.
ებრაელთა მიმართ წერილი 10:14 – „მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმენდელნი.“ ერთხელ შეეწირა და სამუდამოდ გაგვხადა სრულყოფილნი ღმერთის თვალში. რთულია, მიიღო. რთულია, დაეთანხმო. რთულია, გააანალიზო. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი არასრულყოფილება. როგორ შეიძლება, საკუთარი არასრულყოფილება შეფუთო ამ სრულყოფილებაში? ეს გახლავთ სწორედაც მთელი საკითხი, რომ მან თავისი სისხლის მეშვეობით, თავისი მსხვერპლის მეშვეობით, თავისი ღვაწლის მეშვეობით გაგვხადა სრულყოფილები ღმერთის თვალში ჩვენი არასრულყოფილების არსებობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვართ და ადამიანებად დავრჩებით ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. მაგრამ მან თავისი თავის ერთგზის შეწირვით გაგვხადა სრულყოფილები, იმიტომ, რომ ღმერთი მიყურებს არა მე, არამედ სისხლს, რომელიც ჩემზეა. ხოლო იმას, თუ რა არის სისხლის უკანა მხარეს, აღარ აქვს მნიშვნელობა. მეტს მივაღწიე თუ ნაკლებს მივაღწიე შენთან შედარებით, უკეთესი დღე მქონდა თუ არა გუშინდელთან შედარებით, უფრო წარმატებული თვე მქონდა თუ არა წინა თვესთან შედარებით, ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სისხლს, რადგან მე ღმერთთან მივდივარ სისხლის მეშვეობით. მორჩა. წერტილი. სხვა გზა არ არსებობს.
ვაგრძელებთ ებრაელთა მიმართ წერილის მე-9 თავის კითხვას მე-13 მუხლიდან: „თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაყოფს შებილწულთ…“ ყური უგდეთ უბრალოდ, რას წერს! თუკი ვაცთა სისხლი პკურების გზით წმინდაყოფდა შებილწულებს… არაფერი წერია ადამიანებზე, არც მათ ღვაწლზე, არაფერზე. ერთადერთი, რაც ადამიანებმა გააკეთეს – მოვიდნენ იმ ადგილას, სადაც მღვდელი აპკურებდა მათ ცხოველების სისხლს და ეს როგორღაც წმენდდა შებილწულებს. მომდევნო მუხლში წერია: „მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის.“ მან ერთმანეთთან დააპირისპირა და თქვა: თუკი ღმერთმა ესოდენ შეაფასა კრავის სიცოცხლე, რომელმაც თავად არც კი იცის, რატომ კლავენ მას; მასში საერთოდ არ არის ცოდვისა და სიმართლის ცნობიერება; ის საერთოდ ვერ ხვდება, თუ რა ხდება. მას ართმევენ ერთადერთ ცხოვრებას. უდანაშაულო ცხოველს ართმევენ სიცოცხლეს დამნაშავე ადამიანების გამო, რომ ადამიანები გახდნენ უდანაშაულონი. ამისთვის ართმევენ სიცოცხლეს უდანაშაულოს. ღმერთმა დააფასა კრავის თუ ვაცის სისხლი იმდენად, რომ ეს „სისხლია, სულს რომ განწმენდს“.
მეორე რჯულის წიგნში წერია: არ ჭამოთ სისხლი, არ დალიოთ სისხლი, ის განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სულების განწმენდისთვის. ახლა კი ავტორი ამბობს: დაფიქრდით თავად, დაფიქრდით გონებით – თუკი ცხოველების სისხლს შეეძლო, განეხორციელებინა ასეთი მაგიური ქმედება მილიონობით ადამიანზე, რამდენად მეტად შეუძლია ეს ქრისტეს სისხლს, რომელიც არის უდანაშაულო, წმინდა კრავი, დაკლული ჩვენი ცოდვებისთვის. სხვა რომელი გზით აპირებთ განწმენდას? სხვა რომელი გზა და რა მისადგომი გაქვთ ღმერთთან ამ სისხლისა და მსხვერპლის გვერდის ავლით? სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
მაშინ, როდესაც მოსე აღთქმას დებდა ისრაელთან, პირველ აღთქმას – თქვენ იცით, რომ არის პირველი აღთქმა და მეორე აღთქმა, არის ძველი აღთქმა და არის ახალი აღთქმა, – აი, მე-18 მუხლიც… პირველი აღთქმაც არ იყო დადებული სისხლის გარეშე, სისხლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. არ ხდება ღმერთთან აღთქმაში შესვლა არც ახლა და არ ხდებოდა არც მაშინ სისხლის გამოყენების გარეშე. ეს შეუძლებელია, რადგანაც ღმერთი წმინდაა, ადამიანები კი ცოდვილები არიან. არ გამოვა სხვანაირად. ამიტომაც იმისათვის, რომ წმინდა ღმერთისა და ცოდვილი ადამიანების ურთიერთობა განმტკიცებულიყო აღთქმით, აუცილებლად უნდა ყოფილიყო სისხლი. „ამიტომაც არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე. ვინაიდან მოსემ, როცა წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ.“ სერობაზე კი იესომ აიღო სასმისი და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება.“ სხვანაირად აღთქმაში ვერ შეხვალთ, იმიტომ, რომ ცოდვები გექნებათ. იმიტომ, რომ თქვენი ცოდვები არ მიგიშვებენ ღმერთთან, თუკი არ იქნება სისხლი ამ აღთქმაში.
„თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმინდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება.“ ჩვენი გაბედულების დონე არ უნდა იყოს ჩვენს პირად მიღწევებზე დამოკიდებული, თორემ ეს გაბედულება გამუდმებით მერყევი იქნება იმისდა მიხედვით, თუ როგორ გავატარეთ დღე. ჩემი გაბედულება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ უმანკო და წმინდა კრავის – ჩემი უფლისა და პირადი მხსნელის – იესო ქრისტეს სიკვდილისა და დაღვრილი სისხლის რწმენაზე.
ებრაელთა წერილის მე-10 თავი: „ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს გაბედულება წმინდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით,“ – განსხვავებით ძველისა და არაცოცხალისა. აი, ახალი და ცოცხალი გზა, – „რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი, თავისი ხორცით… მივუახლოვდეთ (ინტონაციით ხაზგასმა) მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.“ კიდევ სულ რამდენიმე შეხედულებასა და ნააზრევს გაგიზიარებთ და შემდეგ გადავალთ ლოცვაზე.
შეხედეთ, რა წერია გამოცხადების წიგნის მე-12 თავში. იოანე ხდება ძალზე საინტერესო სცენის მოწმე ზეცაში, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის. აი, როგორ აღწერს ის მას მე-12 თავის მე-9 მუხლით: „გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში: „ახლა დადგა, – ანუ რაღაც ისეთი მოხდა, რაც ადრე არ იყო, არამედ ახლა დადგა. რაღაც მოხდა და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს სატანა, ძველი გველი, გადმოაგდეს ზეციდან. რაღაც მოხდა. – ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება.“ დადგა ხსნა და დადგა სუფევის, ანუ მეფობის სისავსე და ქრისტეს ხელმწიფება. „ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე. გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით.“ ესე იგი, სატანას ჰქონდა წვდომა ღმერთის თანდასწრებაზე და აგროვებდა ჩემს მანკიერებებს. მისი ცილისწამება გახლდათ არა ის, რომ იგი იგონებდა რაღაც ისტორიებს ჩემ შესახებ. არა. შეუძლებელია, იცრუო ღმერთის წინაშე. მას არ შეეძლო, ეცრუა ღმერთის წინაშე. ამ მხრივ ეშმაკი ამბობდა მართალს. ის იღებდა ჩემს ცოდვებს, რასაც ჩავდიოდი და ამბობდა: შეხედე, რა ჩაიდინა ალექსიმ. ის მართლაც ამ ცოდვებს წარადგენდა ღმერთის წინაშე. ეს არ გახლდათ მისი ცილისწამება. მისი ცილისწამება ის იყო, რომ ეს ცოდვები ანულირებული იყო ქრისტეს სისხლით. კი, ეს ცოდვები ჩადენილი იყო ჩემს ცხოვრებაში, დიახ, მაგრამ რატომ წერია, რომ მე გავიმარჯვე მასზე? ეს ჩემი გასაკეთებელია, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მე უნდა გადმოვაგდო ის იქიდან. მე უნდა ვუთხრა: კი, შენ მართალი ხარ და კიდევ შეგიძლია, მანდ მიამატო ეს, ეს, ესა და ეს ცოდვა. ისიც ჩემი ჩადენილია. მაგრამ შენი ცილისწამება ისაა, რომ სინამდვილეში ეს ცოდვები ქრისტეს სისხლის დამსახურებით უფლის სახის წინაშე აღარ არსებობს. შენ მათ იშველიებ, მაგრამ ისინი აღარ არსებობენ უფლის სახის წინაშე.
იცით, ადრე გატაცებული ვიყავი და რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული მარტინ ლუთერის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. ის ძალიან მძიმედ იტანჯებოდა, მას ჰქონდა ძლიერი შეტევები, მე ვიტყოდი, რომ დემონური შემოტევები, უფლის წინაშე საკუთარი გამართლების საკითხზე. ისე ისავათებდა თავს, ისე ქანცავდა ეს! მან აღარ იცოდა, როგორ აელაგმა თავისი ხორციელი ბუნება. მას ეძინა პირდაპირ მიწაზე, ატარებდა მხოლოდ ერთ პერანგს, როდესაც ჯერ კიდევ ბერი იყო. ის ორად ყოფდა და სხვას უნაწილებდა თავის მცირე ულუფას, რომ ყველანაირად გამოეფიტა და დაემორჩილებინა თავისი სხეული. მაგრამ მაინც ვერაფერს ხდებოდა. მაშინაც კი, როდესაც რეფორმაცია უკვე დაწყებული იყო, მას ძლიერი შემოტევები ჰქონდა, მასთან სატანა მიდიოდა. გინდ ლეგენდებად ჩათვალეთ, გინდ არა, მე ნამყოფი ვარ ვარტბურგის ციხესიმაგრეში და ნანახი მაქვს ის ოთახი. იქ დღესაც ამჩნევია კედელზე შავი ლაქა, როდესაც ლუთერმა ეშმაკს სამელნე ესროლა. მას ხშირად ეცხადებოდა სატანა და ტანჯავდა მას: შენ ხარ დიდი რეფორმატორი? ამას ცნობ? და ეშმაკი ლუთერის წინ შლიდა მისი ცოდვების სიას. ეს ისე ქანცავდა ლუთერს, ისე ფიტავდა მას, რომ ღამეები ტრიალებდა აქეთ-იქით იატაკზე და არ იცოდა, სად გაჰქცეოდა ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ მას ჰქონდა ბოძებული დიდი მისია – გადაეტრიალებინა იმდროინდელი სამყაროს ცნობიერება, რომ გაეგოთ: მართალი რწმენით იცოცხლებს და არა საკუთარი საქმეებითა და მიღწევებით. მას უნდა მოეტრიალებინა ეს ბერკეტის ძელი, ღმერთმა ის საყრდენ წერტილად აირჩია, რათა გადატრიალება მოეხდინა დედამიწაზე. ამიტომაც ახდენდა მასზე ძალზე დიდ ზეწოლას დემონური სამყარო. ისევ ვიტყვი, არ ვიცი, ლეგენდაა ეს თუ არა, მაგრამ ცნობილია, როგორ უპასუხა მან ეშმაკს: შეგიძლია, ჩაამატო ამ სიაში კიდევ ეს ცოდვები, ის ცოდვებიც, ესენიც, შენ კიდევ ეს ცოდვებიც გავიწყდება, ამ ცოდვებსაც მე ჩავდიოდი. შემდეგ კი თქვა: მაგრამ ეს ყველაფერი იესო ქრისტემ აიღო და განბანა თავისი სისხლით. ეს ცოდვები აღარ არსებობს. შენ ცილისმწამებელი ხარ! მე ვიმარჯვებ შენზე კრავის სისხლით და ჩემი მოწმობის სიტყვით. მე გამარცხებ შენ ერთხელ და სამუდამოდ! უბრალოდ კმარა სარკეში ყურება, კმარა საკუთარი თავისთვის ყურება, დროა, უყუროთ ჯვარს, დროა, უყუროთ გოლგოთის ჯვარს. ალილუია…
მოგიწოდებთ ყველას, წამოდგეთ ფეხზე. ერთხელ მოწაფეებმა ჰკითხეს ქრისტეს: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?“ მან უპასუხა: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა.“ სხვა ადგილას მოწაფეებმა ჰკითხეს: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“ მან კი უპასუხა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“ ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია! ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია! ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია! ჩვენით ვერ გადავრჩებით, ის არის ჩვენი მხსნელი. ის ჩემი პირადი მხსნელია. „ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.“ ის ჩემი პირადი მხსნელია. იესო ქრისტე ჩემი პირადი მხსნელია. მან მიხსნა. ის ჩემი პირადი მხსნელია და ამისთვის მადლიერი ვარ მისი. ამ ძალიან საპასუხისმგებლო მსახურებასთან – ზიარებასთან დაკავშირებითაც ასეა. აქაც მთავარი დანაშაული ადამიანისა ის არის, რომ ის ვერ ცნობს უფლის სხეულსა და სისხლს. ის ვერ ხედავს ამ დიდებას, მას არ ესმის ამის მნიშვნელობა. წმინდა წერილში დაწერილია: „ადამიანმა ჯერ თავი გამოცადოს და,“ – შემდეგ წერია ის, რაც მაცვიფრებს: „ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან.“
ვფიქრობ, რომ უკიდურესობაში ვცვივდებით, როდესაც ვაკავებთ ხალხს ამ დიადი და დიდებული მსახურებისგან. ბევრ ადამიანს წლობით ეშინია ხელის გაწვდენის, ჩვენ შიშის ზარი დავეცით მათ. ჩვენ ყველანი სუსტები ვართ. ყველანი სუსტები და უღირსები ვართ. ის ჩვენი დიდი მღვდელმთავარია და მან ახალი გზა გაგვიხსნა თავისი სხეულის მეშვეობით, გახეული ფარდის მეშვეობით. მან აიღო პური და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული.“
უფალო… მე თაყვანს გცემ. თაყვანს გცემ, იესო. მე თაყვანს გცემ შენ, იესო. თაყვანს გცემ, იესო. თაყვანს გცემ ახალი და ცოცხალი გზისთვის, რომელიც გამიხსენი ფარდის მეშვეობით, რომელიც არის შენი ხორცი. მოვდივარ შენ წინაშე, მამაო, შენი ძის სისხლით პკურებული. თაყვანს გცემ შენ, იესო. მე შევჭამ ამ სხეულისგან და დავლევ ამ სასმისიდან. მე არასრულყოფილი ადამიანი ვარ ჩემი ცოდვებით, სისუსტეებით, ჩემი შესაძლებლობებით და მათ გარეშე; მაგრამ მე ვცნობ შენს სხეულსა და შენს სისხლს და მივიღებ შენი სხეულიდან და დავლევ შენი სასმისიდან. ვლოცულობ დღეს, რომ შენმა რწმენამ აავსოს ადამიანთა გულები, რომ ყოველივე, რაც ადამიანთათვის შეუძლებელია, ღმერთისთვის შესაძლებელია. თუ შენ ორმოში ხარ და დიდი ხანი გეშინოდა, სწორსაც აკეთებდი, თუკი ღმერთთან შენით მიდიოდი იესოს სისხლის გარეშე. არ გინდა შენით მისვლა, ეს ეხება ყველა ადამიანს, ცოდვილსაც და მართალსაც. არ შეიძლება ღმერთთან მისვლა საკუთარ საქმეებზე დაყრდნობით.
დღეს მე მოვდივარ შენთან, იესო, მე მოვდივარ შენთან, მამაო, შენი ძის, იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით, მისი ჯვრის მეშვეობით. მე მივდივარ ჯვართან და არ მინდა ამ ჯვრისგან წასვლა. მე ყოველთვის ამ ჯვართან ვიქნები, ჩემი ხსნის ჯვართან. ჯვართან მინდა ვიდგე. ვუცქერდე, თუ როგორ მოედინება გოლგოთიდან წუთისოფელში მადლი მსგავსად მდინარისა. ჯვართან მინდა ვიდგე. ჯვართან ვიდგები, უფალო, ვიდრე მოხვიდოდე. ალილუია. მე ვაკურთხებ ყოველ ადამიანს, გაიწოდოს დღეს ხელი ამ სასმისისკენ შენს სრულყოფილ მსხვერპლზე დაყრდნობით და არაფერ სხვას აღარ უყურებდეს, არამედ იხედებოდეს წინ და უცქერდეს რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფელს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და შევიდა ერთხელ წმიდათაწმიდაში არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. დაე, იყოს ასე იესო ქრისტეს სახელით. ამინ. მიიღეთ, მეგობრებო.
[მიდის საგალობელი]
იოანე მოციქული ღმერთის თანდასწრებაში ყოფნისას გასაოცარი სცენის მომსწრე გახდა. გამოცხადების წიგნის მე-7 თავი, მე-9 მუხლიდან. ის თავად წერს ამის შესახებ: „ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსლით შემოსილნი და პალმებით ხელში. იძახდნენ დიდი ხმით, – იქ დიდი ხმაური იყო. ისე კი არ გალობდნენ, როგორც ჩვენთან, იქ ძალიან ხმამაღლა ყვიროდა ყველა. იქ იყო ძალიან ღრმა, პირადი გააზრება იმისა, რაც მოხდა. – იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: ‘ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!’ ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს. ამბობდნენ: ‘ამინ! კურთხევა, დიდება…’“
იქ საოცრება ხდებოდა! იოანე ძალზე განცვიფრებული იყო. ის უყურებდა ამ სურათს: ზღვა ხალხი, მათი დათვლა შეუძლებელი გახლდათ, ისინი განსხვავებულები იყვნენ და ყველა თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი და უეცრად ის ვიღაცამ გააჩერა. როდესაც იოანე გონს მოვიდა, მის წინ იდგა უხუცესი. „მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: ‘ეს თეთრი სამოსლით შემოსილები ვინ არიან ან საიდან მოვიდნენ?’“ ვინ არიან ეს ადამიანები? საიდან მოვიდნენ? და მართლაც, ვინ არიან ეს ადამიანები? ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ბევრს ლოცულობდნენ? ან იქნებ ისინი ებრაელთაგანი იყვნენ? ვინ არიან ეს ადამიანები? რა საერთო აქვთ მათ? რომელი კონფესიის, რომელი დენომინაციის წარმომადგენლები არიან? ვინ არიან ისინი? ალბათ, შოკი იყო მისთვის და ჩვენთვისაც შოკი იქნება, როდესაც დავინახავთ იქ მეძავ რახაბს; როდესაც ვნახავთ იფთახს, რომელიც ებრაელებმა გააძევეს, რადგან ის უკანონო შვილი იყო… ვინ არიან ეს ადამიანები? და იოანემ მიუგო: „უფალო ჩემო, შენ იცი.“ მე არ ვიცი, მითხრი. „და მან მითხრა: ‘ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. მათ გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით. ამიტომ არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში.’“
ვინ არიან ეს ადამიანები? ესენი არიან ადამიანები, რომელთაც გაიგეს, რომ სხვანაირად აქ ვერ შეხვალ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ ამას და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი კრავის სისხლით. დააკვირდით, ღმერთმა კი არ განბანა ისინი, ღმერთმა გააკეთა თავისი წილი გასაკეთებელი, სისხლი დაიღვარა, ჯვარი გახსნილია ყველასთვის, ის არის კრავი, რომელმაც აიღო წუთისოფლის ცოდვა. მაგრამ ყველა არ მოსულა. მაშ, ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი, ვინც ისარგებლეს ამ სისხლით და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი კრავის სისხლით. ისინი მუდამ იქნებიან კრავის ტახტის წინაშე. დიდი დამსახურებები აქვთ თუ ცოტა, თუ საერთოდაც არანაირი, როგორც იმ ადამიანს, ჯვარზე რომ კვდებოდა ქრისტეს გვერდით, მან მხოლოდ ჯვარზე სიკვდილი დაიმსახურა. სულ ეს იყო მისი დამსახურება, ყველა „სიკეთე“ ბრჭყალებში, რაც ცხოვრების განმავლობაში უკეთებია. მაგრამ ყველა ეს ადამიანი მიხვდა, რომ სხვანაირად იქ ვერ შეხვალ. თუნდაც სამი ან ოთხი თაობის მორწმუნეების ოჯახში იყო დაბადებული, ეს შენ ვერ გიშველის. ან თუ ბევრს სცოდავდი, მით უფრო. შენ გელოდება ჯოჯოხეთი, მარადიული ტანჯვა. არსებობს ერთადერთი გზა და ეს გოლგოთის ჯვარია და სისხლი, რომელიც ამ ჯვარზე დაიღვარა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიღებთ სიმართლეს ღვთისგან, რწმენით.
მამა, მადლობას გიხდი, რომ ეს გახდა შესაძლებელი. 20 საუკუნის შემდეგაც ჩვენ ყველას შეგვიძლია, გავირეცხოთ ჩვენი სამოსელი კრავის სისხლით. ჩვენ თავად არ შეგვიძლია მისი გარეცხვა. თავად მხოლოდ მისი დასვრა ვიცით. ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა. არავინ არის მართალი, არავინ. მაგრამ ხარ შენ. შენი წყალობით, უცოდველო და წმინდა კრავო, ჩვენ დღეს ვირეცხავთ ჩვენს სამოსს, ჩვენს სულებს შენი სისხლით და გაბედულად მოვდივართ შენ წინაშე, მამაო, შენი ძის, იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით. შენი სახელით ვაკურთხებ ყოველ ადამიანს, რომ ირწმუნონ, გაიწოდონ ხელი და შესვან ამ სასმისიდან, რათა გვქონდეს საუკუნო  სიცოცხლე, რადგან შენ გაქვს ეს მარადიული სიცოცხლე შენში და ჩვენც გვიბოძე ეს სიცოცხლე. ჩვენ გემადლიერებით და თაყვანს გცემთ იესო ქრისტეს სახელით.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში