სხვა ვიდეორგოლები

მოკლე აღწერა
ვიდეოს ტექსტის წაკითხვა

მოვედი… სხვაგან სად მქონდა წასასვლელი, სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს. დავდიოდი… უსამართლობა იყო ყველგან. ამაოება… შუღლი და შური… მშვიდობა ვერ ვპოვე ვერსად… ვერ ვნახე სიყვარული,სიძულვილს ვხედავდი ყველგან. დამსკდარი მიწა, სიცარიელე… ჩემივე ცოდვები მგვემდა… გვალვა და უდაბნო ვიხილე მხოლოდ, სადაც ნელ-ნელა კვდებოდა ყველა. მკვლელობა, შფოთი, ამაოება, ამაოება, ამაოება ყველგან. უმართლოს, სისხლით მოსვრილს უწოდებდნენ მართალს და ნეტარს. იქ ქრისტეს სახელით ქადაგებდნენ ძარცვას და გლეჯას. იქ იანუსი ბატონობდა, ორპირი ღმერთი. ყველაფერს ორი მხარე ჰქონდა, ვითარცა მედალს. იქ ქრისტეს ყიდდნენ მერამდენედ, ჯანდაბას, ოცდაათი, თანახმა იყვნენ, გაეყიდათ ორიოდ ვერცხლად… იქ ცოდვას სიწმინდედ ასაღებდნენ, სიმართლეს ებრძოდნენ მედგრად. ბრმები და კოჭლები ორივე ფეხით, ყოველთვის მზად ჰქონდათ მზაკვრული გეგმა. აღარ შემეძლო, ისევ შენ მოგძებნე, ქრისტეო, ღმერთო… შენ მოგიტანე ყველა ჩემი ტკივილი, წყენა… მოვედი… სხვაგან სად მქონდა წასასვლელი, ცხონების სიტყვები შენ გაქვს. იყო დრო − ვნატრობდი სიკვდილს, ვეღარ ვუძლებდი ობლობის ტკივილს, უსამართლობას, ჭრილობებს − ვეღარ! ჰოდა, მოვედი, მოვედი შენთან…. მეწვოდა სული, ბედი უმოწყალოდ მცემდა… მერე მე მხოლოდ შენთან ვიგრძენი შვება… სხვაგან სად წავიდოდი, გზაც და სიცოცხლეც, ჭეშმარიტებაც − შენ ხარ…