პავლე მოციქულის შეგონება ქრისტიანებს

პავლე მოციქულის შეგონება ქრისტიანებს

1. ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმინდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად! ეს იქნება თქვენი სულიერი მსახურება.

2. და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

3. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად იმ რწმენის კვალობაზე, რომელიც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს.

4. რადგან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე.

5. ასევე ჩვენ, მრავალნი ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი.

6. და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული. თუ ეს წინასწარმეტყველებაა – იყოს რწმენის მიხედვით,

7. თუ მსახურებაა – ემსახურე, თუ ეს დამოძღვრის ნიჭია – დამოძღვრე,

8. თუ გამხნევების ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებლის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობლის – ხალისით გაეცი წყალობა.

9. იყოს თქვენი სიყვარული წრფელი. გძაგდეთ ბოროტი და შეუერთდით კეთილს.

10. ძმათმოყვარეობაში იყავით ერთმანეთისადმი გულთბილნი და მოყვარულნი; ურთიერთპატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.

11. იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღეგზნეთ, ემსახურეთ უფალს.

12. იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.

13. მონაწილეობა მიიღეთ წმინდანთა საჭიროებებში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.

14. დალოცეთ თქვენი მდევნელები, დალოცეთ და ნუ დაწყევლით.

15. მოხარულებთან იხარეთ და მტირალებთან იტირეთ.

16. ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთს შორის. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მიხედეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.

17. ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე.

18. თუ თქვენი მხრივ შესაძლებელია, იყავით ყველა ადამიანთან მშვიდობიანად.

19. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ.“ – ამბობს უფალი.

20. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.

21. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ კეთილით სძლიე ბოროტს.

**********************************************************************************

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება