აღდგომის უდიდესი ძალა – ჯონ ფაიფერი

რა მოგვცემს იმის ძალას, რომ გვიყვარდეს და ვიგალობოთ ტანჯვისას? პასუხი: სიხარული, რომელიც გველოდება მომავალში. სწორედ ეს არის აღდგომის უდიდესი ძალა ახლა. უფლისათვის გალობა ტანჯვის წუთებში და სიყვარული მათდამი, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს. ეს პიროვნული თვისება არ არის. ეს ქრისტიანობაა.

იქ რომ ყოფილიყავით, ჯვართან, ალბათ გული აგერეოდათ, ან იყვირებდით, ან თმას დაიგლეჯდით, ანდა ძირს დაეცემოდით, ფრჩხილებით მიწის ფხოჭნას დაიწყებდით და ძალის მიხდამდე იქვითინებდით. აუტანელი სანახავია ის, თუ როგორ არჭობენ ადამიანს ლურსმნებს ხელებსა და ფეხებში, ის, თუ როგორ აკრავენ მას ჯვარზე, სადაც სხეულის სიმძიმის დაწოლის გამო ხორცი ეფლითება ჯვარცმულს, სადაც მას ფეხებს უმტვრევენ და ფერდში მახვილს ურჭობენ. ეს განსაკუთრებით აუტანელი იქნებოდა ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისათვის და ის, რაც სანახავად ასეთი აუტანელია, რაოდენ გაუსაძლისი იქნებოდა თავად ჯვარცმულისთვის.

 

იესომ საკუთარი ნებით გადადგა ეს ნაბიჯი. მან ასე ირჩია. ადამიანთაგან არავის დაუძალებია მისთვის ამის გაკეთება. ის ამბობს: „ვერავინ წამართმევს მას [ჩემს სიცოცხლეს], მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად.“

 

„იქნებ გგონია, არ შემეძლოს – შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც?“

 

იესოს ვინმეს იძულებით არ გაუკეთებია ეს. მან თავად არჩია ასე. მე არ ვარ მახეში გაბმული, იტყოდა იესო. თქვენი აზრით, ჰეროდე, ან პილატე და იერუსალიმში თავმოყრილი ბრბო, ან რომაელი ჯარისკაცები გასცემენ ბრძანებას? არა. ისინი უბრალოდ დრამის მონაწილენი არიან.

 

„მამაჩემმა დაწერა ეს დრამა და მე და ის შევთანხმდით, რომ ჩემი როლი დრამაში იქნებოდა ჯვარცმა. თქვენთვის ვაკეთებ, უსასყიდლოდ. მე ვარ აქ მთავარი და არა პილატე.“  

 

ამ მოქმედებას აქვს სახელი და მას „სიყვარული“ ეწოდება. მოციქული პავლე რომაელთა მიმართ წერილის მე-5 თავში წერს: „მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.“

 

ასე ეწოდება ჩვენი გულისათვის საკუთარი ნებით არჩეულ ამგვარ ტანჯვას. მე ვსვამ კითხვას: როგორ არის შესაძლებელი უდიდესი სიყვარულით ნაკარნახები უდიდესი ტანჯვა მათთვის, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს? როგორ ხდება ეს? როგორ აიტანა იესომ ეს? თქვენი აზრით? როგორ აიტანა იესომ?

 

აი, ჩემი პასუხი: ებრაელთა 12:2: „[იესომ] იმ სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი, უგულებელყო შერცხვენა და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.“

 

„იმ სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი…“ 

 

გამათრახებისა და დაცინვით გამოწვეული დამცირება. დაფლეთილი სხეული. ხელებსა და ფეხებში ჩარჭობილი ლურსმნები. მახვილით განგმირული ფერდი. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც იესოს შეეძლო, მამისათვის მოეხმო და დახმარება ეთხოვა. ნაცვლად ამისა მან ტკივილი არჩია. ტკივილი არჩია იმ „სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა.“

 

რა იყო ეს სიხარული? რა სიხარული ელოდა მას ჯვარცმის საშინელებათა მიღმა, რამაც მას ეს ტანჯვა გადაატანინა? რა სიხარული იდგა სიყვარულის ამ უდიდესი გამოვლინების მიღმა, რის გამოც შესაძლებელი გახდა ამ სიყვარულის უდიდესი გამოვლინება?

 

აი, იესოს პასუხიც:  „ვერავინ წამართმევს მას [ჩემს სიცოცხლეს], მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად.“

 

„დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“ (იოანე 2:19).

 

კაცის ძეს მართებს, მრავალი ტანჯვა აიტანოს… მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს (მარკოზი 8:31). ის ასეც მოიქცევა.  

 

აღარასოდეს მოვკვდები (საქმეები 13:34). ვიქნები მღვდელმთავარი უკუნისამდე შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით (ებრაელთა 7:16).

 

მთელი ხელმწიფება ჩემია ცაში და ქვეყანაზე (მათე 28:18).

 

ვიქნები უფალთა უფალი და მეფეთა მეფე (გამოცხადება 17:14).

 

ცოცხალი ვიქნები უკუნითი უკუნისამდე და ხელთ მექნება სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი (გამოცხადება 1:18).

 

მამაჩემის გვერდით დავჯდები მის ტახტზე (გამოცხადება 3:21).

 

საკუთარი სისხლის ფასად მექნება გამოსყიდული ჩემი სასძლო (1-ლი კორინთელთა 6:20).

 

ჩემ გარშემო შემოკრებილნი იქნებიან ანგელოზები და წმინდები და ხმამაღლა განმადიდებენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა“ (გამოცხადება 5:12).

 

ავაშენებ ჩემს ეკლესიას დედამიწაზე და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დასძლევენ მას“ (მათე 16:18).

 

როცა მოაწევს ჟამი, მე კვლავ მოვალ დიადი ძალითა და დიდებით და შევკრებ ჩემს რჩეულებს მსოფლიოს ყველა კიდიდან (მათე 24:30).

 

ავავსებ ჩემი დიდებით ახალ ცას და ახალ მიწას (ფსალმუნი 71:19)

 

და ვეტყვი ჩემს სასძლოს: შედი შენი ბატონის სიხარულში (მათე 25:23).

 

ეს ყოველივე აღნიშნავს იმ სიხარულს, რომელზეც საუბარია ებრაელთა 12:2-ში: „იმ სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი“. სწორედ ამ აღდგომის, ამ მომავლის, ამ იმედისა და სიხარულის მოლოდინი აკავებდა იესოს ჯვარზე.

 

ქრისტე რომ აქ იყოს − და  არის კიდეც აქ − აი, რას გეტყოდათ იგი და ამას თითოეულ თქვენგანს გეუბნებათ: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.“

 

ღმერთს სურს, რომ სიხარული, რომელიც იესოს მოელოდა, თქვენი სიხარულიც იყოს. ეს ის სიხარულია, რომელიც უდიდესი სიყვარულით ნაკარნახევი უდიდესი ტანჯვის ატანის ძალას აძლევდა მას. ტანჯვას კი ის მათთვის უძლებდა, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა და იმსახურებს.  

 

სწორედ ამას ნიშნავს ქრისტიანობა: სრულად მიიღო ქრისტე: ტანჯული ქრისტე, აღმდგარი ქრისტე, სამეფო ტახტზე მჯდომი ქრისტე, მომავალი ქრისტე, რომელიც გამუდმებით გეუბნებათ: „ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს“.

 

მიზეზი იმისა, რის გამოც აღდგომას უდიდესი ძალა აქვს ჩვენს ცხოვრებაში დღეს, იგივეა, რის გამოც მას უდიდესი ძალა ჰქონდა იესოს ცხოვრებაში.

 

ამ შემთხვევაში, აღდგომის იმედი იყო ის სიხარული, რაც მას ჯვარზე აკავებდა. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც: ვინაიდან აღდგომის სიხარულის გამო შევძლებთ – გავიღოთ ნებისმიერი მსხვერპლი, რომელსაც სიყვარული მოითხოვს მათთვის, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს. ეს არის ქრისტიანობა.

 

მოდით, ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ქრისტიანის ცხოვრებაში, რომელიც აღდგომის იმედის ძალით ცხოვრობს. საქმეების მე-16 თავში დაწერილია, როგორ ქადაგებდა მოციქული პავლე ფილიპეში. იქ იყო ეშმაკით შეპყრობილი მონა ქალი, რომელიც მისნობით ფულს შოულობდა თავისი ბატონებისათვის (16:16). ის უკან აედევნა პავლეს და ყვიროდა: „ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან“. ასე გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. ბოლოს, პავლე მიუბრუნდა და უთხრა ქალში მყოფ ეშმაკს: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ (16:18).

 

ბოროტმა სულმა დატოვა ქალი, ხოლო მისმა ბატონებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო. იქადაგეთ ყველაფერი, რაც გინდათ, ხუცესებო, ოღონდ ადამიანების ფულს ნუ შეეხებით (თუ არ გინდათ, რომ პავლესავით ერთგული იყოთ).

 

ისინი ძალიან გაბრაზდნენ. შეიპყრეს პავლე და სილა, გაათრიეს მოედანზე და მთავართა წინაშე დასდეს ბრალი. მთავრებმა სამოსელი შემოიხიეს და ჯოხებით სცემეს. შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს გაუსამართლებლად და ფეხებზე ხუნდები დაადეს.

 

სურათი ასეთი იყო: პავლე და სილა შეარცხვინეს იმით, რომ სამოსი შემოახიეს, ჯოხებით სცემეს და აი, ახლა ისინი საპყრობილის ყველაზე ღრმა ადგილას სხედან, ფეხებზე ხუნდები ადევთ და არ სძინავთ, თუმცა უკვე შუაღამეა. რას აკეთებენ? ისინი გალობენ.  

 

ეს უდიდესი ღვთისკაცები მგალობელი მორწმუნეები იყვნენ. წარმოიდგინეთ, როგორ დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მზად იყვნენ ციხისთვის. მთელი გზა გალობდნენ.

 

შუაღამეა. პავლეს და სილას არ სძინავთ. ისინი ნაცემები არიან. ფეხებზე ხუნდები ადევთ. საპყრობილეში ბნელა, მაგრამ ისინი გალობენ. როგორ არის ეს შესაძლებელი? რა ძალაა ეს?

 

საქმეების წიგნში ოთხგან, სულ რაღაც ერთი წინადადებით ამბობს პავლე იმის შესახებ, თუ რატომ ხვდება ასე ხშირად სამსჯავროზე და შემდეგ ციხეში.

 

იერუსალიმში იუდეველთა წინაშე მყოფი პავლე ამბობს: „აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს.“

 

ფელიქსის წინაშე, კესარიაში: „მკვდრეთით აღდგომისათვის ვისჯები დღეს თქვენგან!“

 

მეფე აგრიპას წინაშე: „რატომ უნდა მიიჩნეოდეს დაუჯერებლად თქვენ შორის, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?“

 

რომში, ებრაელთა წინაშე: „ისრაელის იმედისათვის მაქვს ეს ჯაჭვი დადებული.“

 

ქრისტეს აღდგომა, ასევე, ქრისტეში მყოფთა აღდგომა იყო ძალა, რომელიც აძლიერებდა პავლეს ტანჯვისას და შეაძლებინებდა, სიყვარული გამოეხატა ციხის უფროსისადმი.

 

აი, როგორ აღწერდა პავლე აღდგომის იმედის ძალას: „ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენ მიმართ.“

 

ასევე, კორინთელთა მიმართ მე-2 წერილის 4:17: „ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის“.

 

იესო ქრისტე ერთმანეთთან აკავშირებს აღდგომის იმედსა და გალობას ტანჯვისას; ასევე, აღდგომის იმედსა და უღირსთა მიმართ სიყვარულს. პავლე მოციქულმა ამის შესახებ ქრისტესგან ისწავლა. წაგიკითხავთ. მათეს 5:11: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემ გამო.“

 

სამოსს შემოგახევენ, ჯოხებით გცემენ, ხუნდებს დაგადებენ…  

 

იხარეთ იმ დღით, იმ შუაღამით… ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში.

 

აღდგომის ძალა გადმოდის თქვენზე ტანჯვის წუთებში და მოგიწოდებთ: იხარეთ! და თუ ასე არ ვიქცევით, მაშ, ძალიან ცუდად გვესმის ღმერთის უზენაესი სიკეთის შესახებ.

 

კიდევ ერთ ადგილას ვკითხულობთ უღირსთა მიმართ სიყვარულსა და იმედს შორის არსებული კავშირის შესახებ.  

 

„არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები… ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღონ. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“

 

ვფიქრობ, რომ ისეთი ადამიანებით ვარ გარშემორტყმული, რომლებსაც უყვართ გალობა. მეც მიყვარს გალობა. ნეტავ შემეძლოს, თუმცა მაინც ვგალობ, რადგან მიყვარს გალობა.

 

მაშ, როგორ ვაპირებთ ვიგალობოთ, როცა ჩვენი ტანჯვის ჟამი მოაწევს? როგორ ვაპირებთ – ვუგალობოთ უფალს და გამოვხატოთ სიყვარული ციხის უფროსის მიმართ?

 

რა მოგვცემს იმის ძალას, რომ ვიგალობოთ ტანჯვისას და გვიყვარდეს ციხის უფროსი? პასუხი: სიხარული, რომელიც გველოდება მომავალში.

 

ეს არის სწორედ აღდგომის უდიდესი ძალა ახლა. უფლისათვის გალობა ტანჯვის წუთებში და სიყვარული მათდამი, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს. ეს პიროვნული თვისება არ არის. ეს ქრისტიანობაა.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში