ბრძოლა მსოფლიო ბოროტებასთან – ალექსანდრე შევჩენკო

ქვეყნიერება ამბობს, რომ შეიარაღებაა საჭირო უსაფრთხოებისათვის, ღმერთი კი ამბობს, რომ გულის განკურნებაა საჭირო. ერთადერთი, ვისაც წესრიგის დამყარება შეუძლია დედამიწაზე, ღმერთია. ის არის ჩვენი ერთადერთი იმედი.

ის, რაც უკრაინაში ხდება უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, არის დანაშაული რუსეთის ფედერაციის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ცალკეული სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრას ამართლებს იმით, რომ ეს იძულებითი ნაბიჯია, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „ნატოს“ მხრიდან საფრთხის გამო.

ამაში არის თავისი ლოგიკა.

რატომ?

იმიტომ, რომ ორ მსოფლიო ზესახელმწიფოს – რუსეთსა და ამერიკას შორის დიდი ხანია, ცივი ომი მიმდინარეობს ცისქვეშეთში ადგილის დასამკვიდრებლად. იყო უკეთესი დრო, იყო უარესი დროც, მაგრამ ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ყოველივეს ფონზე, რაც დღეს ხდება. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან გასაგები პოზიციაა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მაშინაც კი, თუკი ამაში არის რაიმე ლოგიკა, ამ ომს გამართლება არ აქვს არავითარ შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ამ ომში დამნაშავენი მმართველი პოლიტიკური წრეები არიან. წლების განმავლობაში ემზადებოდით, ეძებდით კონფლიქტის მოგვარების გზებს და ვერ შეძელით მოგვარება. ამის გამო კი ადამიანები იხდიან საფასურს. ისინი თქვენ გენდობოდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ დათმობდით. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის წინაშე დათმობდა, ოღონდ არა ამ ფასად.

როგორ არის მოწყობილი ჩვენი მსოფლიო? ყოველი ცივილიზებული ქვეყანა აგროვებს იარაღს. რისთვის? საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვისათვის. სწორია? დიახ.

სწორედ ამიტომ აქვს თითოეულ სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები, ჰყავს ჯარი. რისთვის? იმისათვის, რომ ადამიანებს მშვიდად ეძინოთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. პრობლემა სხვა რამეა. მაშინ, როცა მსოფლიომ იარაღის ამხელა რაოდენობა დააგროვა, თითქოს, აი, დადგა დრო იმისა, რომ მშვიდად დავიძინოთ. ჩვენ ხომ ყველას გვინდოდა ეს. ეს ხომ გონივრული და ლოგიკურია: გვქონდეს იარაღი ჩვენი ტერიტორიების უსაფრთხოების დასაცავად. თუმცაღა ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ აღმოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ ყველას დაცულად გვეგრძნო თავი, აღმოვჩნდით ერთმანეთის მიერ განადგურების საფრთხის წინაშე.

ბოროტების პრობლემა. ვის შეუძლია მისი გადაჭრა? რა ადვილია ასეთ დროს ვიღაცისკენ თითის გაშვერა და თქმა: „ისინი არიან დამნაშავენი“. ძალიან ადვილია. მაგრამ ბიბლია ამბობს: „მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში ძევს“. და სჯობს ღმერთს არ შევეკამათოთ.

უბრალოდ, ბოროტება სხვადასხვა ფორმით ვლინდება, სხვადასხვა დროს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ მთელი ქვეყნიერება ერთნაირია. როცა ეშმაკი ღმერთს ელაპარაკებოდა, ქვეყნიერებაზე მიუთითა და უთხრა: „ეს ყველაფერი ჩემია“. ამიტომაც არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მსოფლიოს ერთ ბოლოში ან ერთ სახელმწიფოშია თავმოყრილი მთელი ბოროტება, ხოლო მსოფლიოს მეორე ბოლოში ქრისტიანული ქვეყანაა. ეს ილუზიაა.

ბოროტება საშინელი რამაა. ისტორიული ფაქტია, რომ ცივი ომის დასრულებამდე, დაახლოებით, ორივე ზესახელმწიფოს, ამერიკას და რუსეთს, ჰქონდა 50 ათასი ბირთვული ქობინი.

ვიღაცამ დათვალა, რომ ეს, დაახლოებით, მილიონჯერ აღემატება ხიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის ძალას. 1996 წელს, გაერთიანებული ერების კონფერენციაზე, ბირთვული იარაღის გამოცდის საყოველთაო აკრძალვას მიემხრო 158 ადამიანი, სამი წინააღმდეგი იყო, ხუთმა კი თავი შეიკავა. მსოფლიოს 158 ქვეყნის ლიდერმა კი ხელი აიწია და თქვა: „მოდი, განიარაღება დავიწყოთ. სასურველი მშვიდობა არ დადგა. ყველა შიშში ვცხოვრობთ.“

სიყვარული ღმერთისგან არის. ღმერთი სიყვარულია. დანარჩენი ყველაფერი – ის, რაც სიყვარულით არ არის ნაკარნახები, ის, რაც სიყვარულით არ კეთდება – დამანგრეველია.

და რაღა თქმა უნდა, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ძალიან ძლიერად ამუშავებს ჩვენს გონებას. არავისთვის არის საიდუმლო ის, რომ ცივი ომი, საინფორმაციო ომი, ყველაზე მძიმე ომია, რადგანაც თუ ადამიანმა დაიჯერა ინფორმაციის, ნებისმიერი ინფორმაციის (როგორც ევამ დაიჯერა იმის, რომ არ დაიხოცებოდნენ), მას უკვე ვეღარ შეაჩერებ.

სწორედ ამიტომ, ინფორმაციული ომი საშინელი ომია, რადგან ის შთანთქავს ჩვენს რესურსს და ჩვენ უკვე იმ ამოცანების შესრულებისთვის ვმუშაობთ, რომლებიც თავს მოგვახვიეს.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ღვთის სულს შეუძლია, გამოგვიყვანოს ამ ცდუნებიდან, განსაკუთრებით, როცა ესოდენ დიდია ცდუნება იმისა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანისკენ გავიშვიროთ თითი და ვთქვათ: „აი, ის, ვისშიც თავმოყრილია მთელი ბოროტება“, არადა ბიბლია გვეუბნება, რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს.

6 წლის წინ დაწერილ ჩემს წიგნში ვწერდი: „რეჟიმების ცვლილება ბოროტების მიერ დამახინჯებულ ამ ქვეყნიერებაზე, იგივეა, რაც ოთახში ძველი ავეჯისათვის ადგილის შეცვლა.“ რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეუცვალე ადგილი ამ ძველ სკამს, მაგიდას და საწოლს, ეს ისევ ის ძველი სკამი, მაგიდა და საწოლი იქნება.

ერთადერთი, ვისაც წესრიგის დამყარება შეუძლია დედამიწაზე, ღმერთია. ის არის ჩვენი ერთადერთი იმედი.

თუ ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ არსებობს იმედი ჩვენი შეშლილი მსოფლიოსათვის, ეს იმედი ეკლესიის ხელშია და არა პოლიტიკოსების. ეს ასეა. ეს ცალსახად ასეა. თუ ჩვენ თავს ვერ გავართმევთ, თუ ჩვენს ემოციებს მივცემთ გადმოხეთქვის უფლებას ესოდენ კრიტიკულ წუთებში, მაშ, მე არ ვიცი, სხვა რომელი ძალა არსებობს დედამიწაზე, რომელ ძალასაც შეუძლია ბოროტების შეჩერება. უბრალოდ არ მჯერა, რომ არსებობს სხვა ძალა, ადამიანთა სხვა ჯგუფი, გარდა ეკლესიისა, ვისაც შეუძლია ბოროტების დაძლევა.

სწორედ ამიტომაც, გემუდარებით იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, თუ ყოფთ ადამიანებს, დაყავით ისე, როგორც ღმერთი ყოფს: ცხვრებად და თხებად. მან დააარსა ეკლესია სხვადასხვა ტომისა, ენისა და ხალხის ადამიანებისაგან. მორწმუნეები კი ძმები ვართ ქრისტეში, ქრისტეს მეშვეობით, ქრისტეს წყალობით.

ესაია წინასწარმეტყველის მე-2 თავის მე-3 და მე-4 მუხლები.

„მოდით და ავიდეთ უფლის მთაზე იაკობის ღმერთის სახლში, და ის გვასწავლის ჩვენ თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით. რადგან სიონიდან გამოვა რჯული, და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. 

და გაასამართლებს ის ერებს, და ამხილებს ის მრავალ ხალხს; და გამოჭედავენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს – ნამგლებად; აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს, და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას.“

 

ხედავთ, რომ ღმერთს სრულიად სხვა მიმართულებით მივყავართ ყველანი? ქვეყნიერება ამბობს, რომ შეიარაღებაა საჭირო უსაფრთხოებისათვის, ღმერთი კი ამბობს, რომ გულის განკურნებაა საჭირო. მაშინ ადამიანები თავად გამოჭედავენ საკუთარ იარაღს სახნისებად და ნამგლებად. აღარ იქნება იარაღი საჭირო.

მოდით, ღმერთს მივენდოთ. მოდით, ღმერთს დავუთმოთ ჩვენი გული, რათა ჩვენს გულში იყოს თავმოყრილი ცხებულება, კურნება, აღშენება, უანგარობა, გულმოწყალება იესო ქრისტეს სახელით.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში