განგება, წინასწარგანზრახვა, ბედისწერა – ალექსანდრე შევჩენკო

ღმერთმა არ გადაგვცა ჩვენ შემთხვევითობის ან ბედისწერის ძალაუფლებაში. მას აქვს ცალკეული გეგმა თითოეული ჩვენგანისთვის და დაჟინებით ცდილობს მის განხორციელებას ჩვენს ცხოვრებაში. „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება.“ იობი 42:2

გუშინ წავიკითხე აფორიზმი, რომელიც ვოლტერს ეკუთვნის. არ მინდოდა მისი ციტირება კათედრიდან, მაგრამ ვოლტერი მართალია. მან თქვა: „თუკი ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ადამიანმა შური მასზე იმავეთი იძია.“ ვოლტერი გულისხმობს იმას, რომ ადამიანმაც შექმნა ღმერთი თავის ხატად და მსგავსად. სამწუხაროდ, ეს ჩვენი გავრცელებული პრობლემაა და ის უკავშირდება მქადაგებლებსაც, ან შეიძლება, უპირველეს ყოვლისა – მქადაგებლებს. ჩვენი დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ საკუთარ თავს ვუდარებთ ღმერთს და ისე ვქმნით მას ჩვენს ხატად და მსგავსად. სწორედ აქედან მოდის ყველანაირი გაუგებრობის უსასრულო სია. ამრიგად, თუკი ჩვენ მართლაც მამაცნი ვართ და ვთანხმდებით იმაზე, რომ შევისწავლოთ წმინდა წერილი და შევხვდეთ ღმერთს, რომელიც ვერ ჯდება ჩვენს წარმოსახვასა თუ ცნობიერებაში, მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დღევანდელ ღვთისმსახურებაზე.
ვფიქრობ, ძალიან ცოტა რამ თუ გაგვეგება სწორად ღმერთის შესახებ. ზუსტად აქედან მოდის ყველა ჩვენი ტანჯვა და გაუგებრობა, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ. ყველაფერი, ძირითადად, ადამიანების ახირებათა და ეგოს ირგვლივ ტრიალებს. უმეტესობა ჩვენი დოქტრინების, სწავლების, აქცენტისა თუ დასკვნის, რომელიც გამოგვაქვს, ჩვენი ეგოს ირგვლივ ბრუნავს და გვინდა, რომ ღმერთმა წყალი უსხას ჩვენს გულისთქმათა, ვნებათა თუ ინტერესთა წისქვილს. ამის შესახებაა სწავლებანი, კონფერენციები, დოქტრინები, ლოცვა და ა. შ.; მაგრამ მოდით, არ ვიჩქაროთ. დღეს მინდა, ვისაუბრო განგებაზე, ხვედრზე ან ბედისწერაზე, თუკი ამას ერთი სიტყვით, საყოველთაოდ მიღებული ტერმინით გამოვხატავთ – ბედისწერა. მესმის, რომ ტერმინს „ბედისწერა“ შეიძლება მივანიჭოთ წარმართული მნიშვნელობა. „ბედისწერას ვერ შეცვლი. ბედია! ასე წარიმართა გარემოებანი. ასეთია ჩემი ხვედრი. ასეთი ხვედრი მხვდა წილად.“ – ამგვარი ფრაზებით ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანები. ვეთანხმები ამ აზრს, რომ ეს არის წარმართული შეხედულება ბედისწერაზე, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს ან შეგნებულად უარყოფენ მას.
ეშმაკს სერიოზულად შეუძლია, ბოროტად დასცინოს ასეთ ადამიანებს და მოიტანოს მათ ცხოვრებაში საშინელი რაღაცები, რასაც ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს; მაგრამ დღეს მე ვესაუბრები ადამიანთა სხვა ჯგუფს. ვესაუბრები მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თავს ეკლესიას უწოდებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით იცნობენ ღმერთს; სწამთ ღმერთის არსებობის; იციან, რომ ღმერთი იღებს უშუალო მონაწილეობას მათ ცხოვრებაში. და რა ხდება მაშინ, როდესაც ასეთ ადამიანებს წილად ხვდებათ საკმაოდ რთული განსაცდელები?.. ჩვენ ცნობისმოყვარენი ვართ და ვეძებთ ახსნას; გვჭირდება პასუხები კითხვებზე, კითხვა კი ბევრია. ასობით, ათასობით კითხვა გვაქვს და ჩვენ ვუსვამთ მათ ღმერთს; ვცდილობთ, მოვნახოთ პასუხები ბიბლიაში და ასე დაუსრულებლად.
ჩვენთვის ეს რთულია, იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვპოულობთ პასუხებს, როდესაც ხდება მძიმე, მართლაც მძიმე და არასასიამოვნო რაღაცები. ვფიქრობ, დარბაზში ალბათ ყველას, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყო ან ახლა ხდება ისეთი რაღაცები, რაც არ მოგვწონს, რისგანაც გვინდა გათავისუფლება. ცოდვებს არ ვგულისხმობ ახლა. ვსაუბრობ გარკვეულ გარემოებებზე, გარკვეულ უსიამოვნებებზე, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას, ყოფას ან, შესაძლოა, ურთიერთობებში რაღაც დაძაბულობას ეხება. ვგულისხმობ იმას, რაც არ მოგვწონს, რაც გვქანცავს, გვტანჯავს, გვაღიზიანებს, გვამწუხრებს, გვანაღვლიანებს… ეს გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში და ვისურვებდით ამის შეცვლას, მაგრამ არ გამოგვდის.
არსებობს ასეთი ბიბლიური ტერმინი, როგორიცაა „განჩინება“ ან „წინასწარგანზრახვა“, „წინასწარგანსაზღვრულობა“; ის, რაც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ მოხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ვამბობთ, რომ რამე შეგვემთხვა, ვიყენებთ სიტყვას – „შემთხვევით“; ჩვენ ხშირად ვამბობთ: „უი, ისეთი რამ შეგვემთხვა“, ან „მოხდა უბედური შემთხვევა“. ეს არის ის, თუ როგორ ვუყურებთ ყველაფერს ადამიანები დედამიწიდან, ადამიანური გაგებით. ჩვენ მუდამ გვახსოვს ის „შავი დღე“ ჩვენს ცხოვრებაში, ის საშინელი ცხოვრებისეული გზაჯვარედინი, ის საშინელი დიაგნოზი, თავზარდამცემი ამბავი და ვამბობთ: „მოხდა უბედურება, ან უბედური შემთხვევა“. ეს არის აქედან დანახული. ჩვენ რომ შეგვეძლოს, მივიდეთ უფლის თანდასწრებაში და გულწრფელად ვკითხოთ ღმერთს: „ღმერთო, რა იყო ეს? შენს ანგელოზებს ჩაეძინათ თუ რა მოხდა? ვერ ვხვდები, როგორ ავხსნა. ამიხსენი რაღაც მაინც. რა მოხდა, რა იყო ეს? მე ხომ ვცდილობდი, მევლო შენ წინაშე სუფთა გულით?“ უფალი ალბათ აიღებდა, ასე ვთქვათ, ჩვენს საქაღალდეს, გახსნიდა ჩვენს პირად საქმეს და გვეტყოდა: „ამაზე მეუბნები?“ – „კი, ამაზე.“ – „არა, ეს ყოველთვის იყო ჩემს გეგმებში შენთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი წინასწარგანზრახვა შენზე.“
ჩვენ ალბათ განცვიფრებულნი და გაოცებულნი ვიქნებოდით. ეს შენი გეგმაა ჩემი ცხოვრებისთვის? და რა აზრს ხედავ ამაში? ამას აქვს საერთოდ რამე აზრი და მნიშვნელობა?! თუ არანაირი აზრი არაა ტანჯვასა და პრობლემებში, მაშინ გამოდის, რომ ჩაკეტილ ჩიხში შევედით.
შევეცდები, ვუპასუხო ამ რთულ შეკითხვებს. ეს ყველაფერი უფრო მარტივია მათთვის, ვინც ასე ღრმად არ ფიქრობს, ხანდახან გშურს კიდეც მათი… მაგრამ როდესაც გტკივა და გტკივა დიდხანს და გტკივა ძალიან, გიჩნდება შეკითხვები. თავად სიტუაცია გაიძულებს, დაახარისხო შენი ღვთისმეტყველება, შენი შეხედულებანი და როგორღაც ახსნა რაღაცები, მაგრამ არ გამოდის.
რუსულ ენაში, ბედის გარდა, არსებობს კიდევ ერთი კარგი სიტყვა: „ხვედრი“, რომელიც, როგორც ვხვდები, უკრაინული ენიდან არის შემოსული. „ხვედრი“, ანუ ბედისწერა. ეს სიტყვები სინონიმებია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ეს სიტყვა რუსულად ასევე აღნიშნავს რაღაცის ნაწილს; მაგალითად, ფორთოხალი რომ იყოფა რამდენიმე ნაწილად, შენ შეიძლება გერგოს ფორთოხლის რაღაც წილი.
არსებობს წილის ცნება მუსიკაშიც. როგორც დღეს მუსიკოსებმა ამიხსნეს, მუსიკაში არსებობს ტაქტი და არსებობს კიდევ წილი ტაქტში; ისინი როგორღაც ითვლიან ამას; ანუ წილი არის იგივე ნაწილი, რაღაცის ნაწილი. იმისათვის, რომ მარტივად გაიგოთ სიტყვა „ბედისწერა“, „ხვედრი“ და „წილი“ – ეს ყველაფერი ნიშნავს ნაწილს. ადამიანები ვამბობთ: „მე მერგო ეს წილი“, ან „ეს მხვდა წილად“. ჩვენ ამაში ან ცუდ აზრს ვდებთ, ან კარგს. „კარგი წილი მხვდა“ ან, ვთქვათ, „ცუდი წილი“, რომელშიც ნეგატიური აზრი იდება, უმეტესწილად; მაგრამ იერემიას და დავითის შემთხვევაში მინიმუმ 3-ჯერ აღმოვაჩინე, როცა ისინი ამბობენ: „ჩემი ხვედრია უფალი“. ეს ნიშნავს, რომ ის ჩემი წილია, მას უკავია ჩემი პირადი ცხოვრების, ჩემი პირადი სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი. „უფალი ჩემი ხვედრია“ – მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ჩემი ბედი, ეს არის ჩემი ხვედრი, ეს ჩემია, მე ამას ვერ გავექცევი და არც მინდა გავექცე.
და აი, რა არის საინტერესო: ღმერთს აქვს ჩვენთვის წინასწარგანზრახვა. მე უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი: ახლა ვესაუბრები ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ ღმერთს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში ღმერთის გათვალისწინებით ხელმძღვანელობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნაა. ის თითქმის ყველაფერს ცვლის.
მაშ, როგორ ავხსნათ ის რაღაცები, რაც არ მოგვწონს? ჩვენ ძალისხმევას ვიყენებთ, რომ ისინი მოვიშოროთ. ვლოცულობთ, ვმარხულობთ და ვცდილობთ, მოვაგვაროთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდებით, რომ შეზღუდულები ვართ. ჩვენი ძალაუფლება და შესაძლებლობა, რომ თავიდან მოვიშოროთ ეს რაღაცები, შეზღუდულია. უბრალოდ არ გვაქვს მოცემული ძალაუფლება. გარკვეულ საკითხებზე ჩვენ გვაქვს ძალაუფლება და არც კი ვლოცულობთ, უბრალოდ ვცვლით ამ რაღაცებს. მანქანის გამოცვლა მოგინდა? გამოცვალე კიდეც… ჩვენი ეგო და ამბიციები არის მთელ ჩვენს ტკივილთა ეპიცენტრი. ჩვენი ეგო, ჩვენი „მე“ – ეს არის მთავარი ეპიცენტრი. თუ ამას როგორღაც გაუმკლავდებით, თუკი ამაში გაერკვევით, უამრავი რამ თავის ადგილზე დადგება. ძირითადად, იტანჯება ჩემი პატივმოყვარეობა; ძირითადად, სუსტი და დაუცველია ჩემი „მე“. და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამაზე – რატომ იწყებს ღმერთი ოპერაციას ჩვენს ცხოვრებაში და ხშირად ყოველგვარი განმარტების გარეშე; რადგან ჩვენ ვერ გავიგებთ, მაინც ვერ გავიგებთ, რის გაკეთებას უპირებს ის ჩვენს ცხოვრებას. ვერ გავიგებთ. ეს ჩვენს გაგებას აღემატება, რადგან ჩვენ შეზღუდულები ვართ არა მხოლოდ შესაძლებლობებში, არამედ შეზღუდულები ვართ გაგებაშიც.
მე ახლა ვკითხულობ ძალიან საინტერესო წიგნს, რომელიც ლონდონის საუკეთესო ნეიროქირურგის მიერ არის დაწერილი. ის უკვე ასაკშია. მას უამრავი, ასიათასობით ოპერაცია აქვს ჩატარებული თავისი ცხოვრების განმავლობაში, დააგროვა კოლოსალური გამოცდილება, ის სხვა ქვეყნებშიც ასწავლის. სანამ ძალები ჰყოფნიდა, ბოლო წლებში დღეში 3 ოპერაციას აკეთებდა, ურთულეს ოპერაციებს ადამიანის ტვინზე. ის იმდენად ოსტატურად და წარმატებით აღწერს ამ ურთულეს პროცესს, თუ როგორ პოულობს სიმსივნეს ადამიანის თავში. ის არკვევს, როგორი სიმსივნური წარმონაქმნია, რადგან ბევრნაირი არსებობს: მაგარი, რბილი, ჟელესმაგვარი, ქვის მსგავსი… და ის ამბობს, რომ ქვის მსგავსის ამოღება ძალიან რთულია, რადგან შეუძლია სხვა ორგანოების დაზიანება.
მოკლედ, ის ხსნის, რომ თავის ქალაზე აკეთებს ნახვრეტს რამდენიმე მილიმეტრზე ნამდვილი ბურღით; როგორღაც ასე აკეთებენ; შემდეგ ის უშვებს ამ ხვრელში კომპიუტერს; შემდეგ კი მართვის პულტის მეშვეობით, დიდი ეკრანის წინ ის აღწევს ამ ტვინის ხვეულებში, კაპილარებში, მან იცის ეს ყველაფერი, ეს სულ სხვა ენაა. მე ვიგებ მხოლოდ 0,01-ს (ნულ მთელ ერთ მეასედს) იქიდან, რასაც ის წერს, მაგრამ თავად ამ ადამიანმა იცის ყველაფერი: ამ კაპილარს არ შეიძლება მიეკარო, თუ აქ დავაზიანებთ, გადავარჩენთ ადამიანს, მაგრამ აქ თუ დავაზიანებთ, შეუქცევადი პროცესი დაიწყება; ეს თვალის ნერვებს აწვება, ეს კი – ყურის ნერვებს.
აი, ეს პიროვნება აკეთებს ამ ურთულეს პროცედურას. მაგრამ მანამდე ის ხვდება პაციენტს, რომელსაც თავში აქვს სიმსივნე. ის აჩვენებს ეკრანზე ამ ადამიანის ტვინს, მიუთითებს პატარა შავ წერტილზე და ეუბნება: აი, ეს არის შენი პრობლემა. ის იწყებს პაციენტისთვის იმის ახსნას, თუ რა სახის ოპერაცია ელოდება წინ, რა რისკები არსებობს და როგორი იქნება შედეგები; პაციენტებიც უსმენენ, მაგრამ ესმით მხოლოდ 0,001 (ნული მთელი ერთი მეათასედი) პროცენტი იმისა, რაც იცის ამ ნეიროქირურგმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის აწვდის პაციენტს ქაღალდს და ეუბნება: თქვენ უნდა გამოხატოთ წერილობითი თანხმობა იმაზე, რომ გადმომცემთ თქვენს თავს ჩემს განკარგულებაში.
ზის ადამიანი და ფიქრობს, მას აქვს არჩევანი: ან სრულად გადასცეს საკუთარი თავი ამ ადამიანის ძალაუფლებას – და არა უბრალოდ ფეხის ან ხელის მკურნალობაზეა საუბარი, ადამიანი ტვინში უნდა შევიდეს! – ან არ გადასცეს საკუთარი თავი სრულ, 100 %-იან ძალაუფლებაში… როდესაც ნარკოზის ქვეშ ხარ და ფიქრიც კი არ შეგიძლია, სრულად ხარ გათიშული და სხვა ადამიანი შედის შენს ტვინში.
ადამიანები საერთოდ ვერ იგებენ ვერაფერს და თუ იგებენ, ძალიან ცოტას; ხელს აწერენ ამ საბუთს, რადგან სხვა გზა არც აქვთ. რა ალტერნატივა აქვთ სხვა?! ნელა დაიხოცონ ამ სიმსივნისგან?! ამიტომაც, ადამიანები ვერ ხვდებიან, რას და როგორ გააკეთებს ეს პიროვნება მათ ტვინში, მაგრამ მაინც ხელს აწერენ ამ თანხმობას და გადაეცემიან ამ ადამიანის – ნეიროქირურგის ძალაუფლების ქვეშ.
ვფიქრობ, რომ ღმერთი აკეთებს რაღაც ამდაგვარს. უბრალოდ ხანდახან ის არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გამოვხატოთ ასეთი წერილობითი თანხმობა ცალკეულ ოპერაციებზე; ჩვენ უბრალოდ არც კი მოვაწერთ ხელს, რადგან საერთოდ ვერაფერს გავიგებთ, თუ რის გაკეთებას აპირებს იგი ჩვენს ცხოვრებაში.
კიდევ ერთი რამ, რასაც მივხვდი, არის ის, რომ ღმერთი ძალიან დაჟინებულია. მას არ უნდა ჩვენი უბრალოდ ფორმალური გადარჩენა – ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადაყვანა ადამიანისა, „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში, როცა იურიდიულად ყველაფერი გაფორმებულია და ა. შ. არა, მან ძალზე სერიოზულად მოგვკიდა ხელი, ძალზე სერიოზულად. მას სერიოზული განზრახვა აქვს ჩვენზე, დიდი გეგმები.
იცით, როდესაც მე ვაშენებ ერთსართულიან სახლს, მას ვუკეთებ საძირკველს, რომელიც ერთი სართულის წონას გაუძლებს; მაგრამ როდესაც 100-სართულიან ცათამბჯენს აშენებენ, ის სრულიად სხვანაირი განზომილებაა. ამ შემთხვევაში საჭიროა მიწაში ღრმა, დიდი ჩაღრმავების მქონე საძირკვლის გაკეთება. ინჟინრები ამბობენ, რომ ასეთი მშენებლობების ბიუჯეტის ნახევარი მიწაში მიდის: ქვემოთ და არა ზემოთ, იმისათვის, რომ შენობამ გაუძლოს ასეთ დატვირთვას.
მგონია, რომ როდესაც ღმერთი ხელს გვკიდებს და მხედველობაში აქვს გარკვეული მისია – მისია, და არა ხსნა, ახლა ხსნაზე არ ვსაუბრობ, მეორედ ვიმეორებ, ღმერთს აქვს გარკვეული მისია – მაშინ ის, რა თქმა უნდა, იწყებს ჩვენს შინაგანში მუშაობას; იქ, რაც შეუმჩნეველია თვალისთვის; ის იწყებს ხასიათზე მუშაობას; იმიტომ, რომ ყველაფერი მაინც ხასიათამდე მიდის. აბა, დადე ამ ხასიათზე ცოტა მეტი წონა, ადამიანი „გააფრენს“. აბა, მიეცი ადამიანს ცოტათი მეტი ძალაუფლება, სულ ოდნავ მეტი, როცა მას აი, ამდენი ძალაუფლება აქვს [ხელით აჩვენებს ცოტას] და უკვე ვერ უმკლავდება მას! ის უკვე სცოდავს იმით, რომ ბოროტად იყენებს ამ ძალაუფლებას. აბა, მიეცი ადამიანს ოდნავ მეტი ფული, როცა მას აი, ამდენი ფული აქვს [ისევ ხელით აჩვენებს ცოტას] და ამის ნახევარს სისულელეებზე დახარჯავს, თუ პირდაპირ ვიტყვით: საერთოდაც უზნეო რამეებზე. ის უკვე ვერ უმკლავდება ამას. მაშ, რაღატომ უნდა მისცე ადამიანს ძალაუფლება, შესაძლებლობა და გავლენა, თუკი ის ვერ უმკლავდება, თუკი მისი ფუნდამენტი – მისი ხასიათი ვერ უძლებს ელემენტარულ დატვირთვას, თუკი ის იმდენად ეგოცენტრულია, იმდენად სუსტია, რომ ის თავის თავსაც ავნებს და სხვებსაც – თავის გარემოცვაში. ამიტომაც, ღმერთი სერიოზულად მუშაობს ჩვენს ხასიათზე, რადგან მას ძალიან სერიოზული განზრახვა აქვს ჩვენზე და კიდევ ვიმეორებ: ის ძალიან დაჟინებულია. ამიტომაც, მას არც კი წარმოუდგენია ჩვენთვის თანხმობის ფორმა, ისე დაადგინა ჩვენი ცხოვრებისთვის – იმ მისიის მიხედვით, რომელიც ასევე სუვერენულად განსაზღვრა ჩვენთვის – რომ ის მიხედავს ჩვენი აღზრდის საკითხს… დიახ…
ახლა კი საინტერესო ტექსტი იობის წიგნიდან, მისი უცნობი ბიოგრაფიიდან, ძალიან რთული გარემოებებით. ყველაფერი მოხდა ერთ დღეს, ან შესაძლოა ერთ დღე-ღამეში. როდესაც მოხდა ეს თავზარდამცემი რამ, რომელიც მოწმენდილ ცაზე გაელვებასავით იყო და მოიტანა ბევრი ტკივილი, ოხვრა, კითხვა, კონფუზი – როდესაც არ იცი, რა გააკეთო, თითქოს ბატიბუტით სავსე პარკი გასკდა, ყველაფერი დაიბნა, მიმოიფანტა და აღარ შეგიძლია მათი მოგროვება… მთელმა შენმა ღვთისმეტყველებამ, შენმა რწმენამ, ყველაფერმა, რასაც ადრე აზრი ჰქონდა, დაკარგა მნიშვნელობა და შენ აღარ იცი, რა უყო შენს ძველ შეხედულებებს. და იობი იწყებს ბევრი კითხვის დასმას.
იობის მეგობრებზე არც კი ვსაუბრობ, ეს ადამიანები გვერდიდან ადევნებენ თვალს ყოველივეს და გამოაქვთ თავიანთი დასკვნა. ახლა ამაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, საერთოდ არ მესმის ადამიანების, რომლებიც სხვებს ასამართლებენ. ვფიქრობ, რომ დიდი ხანია უკვე, რაც ამისგან გავთავისუფლდი… მაგრამ იობი თავად ვერ ერკვევა, მას უჭირს გაიგოს, რა ხდება მის ცხოვრებაში. ის უსვამს ღმერთს ასიათასობით კითხვას. მას თითოეული კითხვა სტკივა, თითოეულზე ელოდება პასუხს, პასუხები კი არ არის. მომხდარის ახსნის მცდელობაც კი არ არსებობს. ეს გაცილებით უფრო ამძიმებს სიტუაციას. და სულ ბოლოში, როდესაც იობმა თქვა ყველაფერი, მთელი გულისნადები ამოხეთქა და ამოიხვნეშა, აღარ აქვს არც ძალა, არც სიტყვა, აღარც არანაირი პრეტენზია, იობს უკვე აღარაფერი დარჩა სათქმელი და საფიქრალი… სულ ბოლოში ღმერთი იწყებს საუბარს იობთან. 38-ე თავი იწყება შეკითხვებით ღმერთის მხრიდან: „მაშინ მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: ‘ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის?!“. სხვა თარგმანში წერია: „ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით?“. – ვინ ხარ შენ, რომ აბნელებ ჩემს ჩანაფიქრს უაზრო სიტყვებით?
– უფალო, ამას სერიოზულად ამბობ? მართლა ვერ ხედავ ჩემს სიტყვებში ვერანაირ აზრს? აგონიაში ვარ, თითქოს ვიხლიჩები ნაწილებად, თითქოს ჩემს შინაგანს გლეჯენ. ნუთუ ვერ ხედავ აზრს ჩემს კითხვებში, ჩემს საჩივარში? ნუთუ იმაში მაინც ვერ ხედავ აზრს, რომ თუნდაც დამელაპარაკო?!
უფალი ამბობს: ყველა სიტყვა, შენი ყველა კითხვა აზრს მოკლებულია. შენ აბნელებ, ჩრდილს აყენებ ჩემს ჩანაფიქრს შენზე.
– მოიცადე, ანუ შენ გაქვს ჩემზე ჩანაფიქრი? ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, არ არის შემთხვევითობა?
– არა, რა თქმა უნდა.
– ანუ შენ საქმის კურსში ხარ იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემს თავს ხდება?
– კი.
– რატომ არ ცდილობ, რაღაც მაინც ამიხსნა?
– რადგან ვერაფერს გაიგებ. შენ საერთოდ ვერ გაიგებ ვერაფერს. არ შემიძლია ამ ყველაფრის ახსნა შენთვის. შენ შეზღუდული ხარ, ადამიანო, მათ შორის შემეცნებაშიც. რისი ახსნა შემიძლია? მე უბრალოდ ვიცი, რომ ეს სასიკეთოდაა და ვიცი, რომ ეს ჩაწერილია შენს ბედისწერაში. ეს ყველაფერი თავიდანვე წინასწარ განსაზღვრული იყო შენთვის.
– კი მაგრამ, როგორ ვიცხოვრო ასე, როცა არაფერი არ მესმის?
– ნდობით უნდა იცხოვრო და გწამდეს, რომ მან, ვინც დაიწყო შენი „ოპერაცია“, უკეთ იცის.
– სულ ეს არის ერთადერთი პასუხი?
– კი, სულ ესაა ერთადერთი პასუხი.
ამრიგად, „ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით?“, ანუ ცოდნას მოკლებული სიტყვებით. ეს ნიშნავს, რომ შენ შეზღუდული ხარ შემეცნებაში. „წელი შემოისარტყლე, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი“. და ღმერთი უსვამს იობს პირველ შეკითხვას, რადგან აქამდე იობი უსვამდა ღმერთს ძალიან ბევრ შეკითხვას. რას ფიქრობთ, რომელი კითხვა დაუსვა პირველად ღმერთმა იობს?
– სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მიპასუხე, თუკი იცი. სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?
– უნდა ვუპასუხო?
– რა ვიცი, სცადე… სად იყავი, აბა?
რა პასუხი შეიძლება გაეცეს ამას? როდის იყო? სად იყო? როგორ იყო? ეს ხომ შეუფარდებელია ჩემს შესაძლებლობებთან, ფიქრის დონეზეც კი. მე ფიქრიც კი არ შემიძლია, თუ სად ვიყავი. სად ვიყავი?.. ვინ იცის, სად! საერთოდაც არ ვიყავი. ღმერთი შეგნებულად მაჩვენებს და მეუბნება: გაითვალისწინე, ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე. ადამიანებთან შეიძლება შეეცადო საერთო ენის გამონახვას, მაგრამ შენი კითხვები სრული სისულელეა, ისინი აზრს მოკლებულია. „ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭეები, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი? და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები…’“ ღმერთი აჩვენებს, რომ ყველა სტიქიას აქვს თავისი ზღვარი.
– მე შევზღუდე სამყაროში ნებისმიერი ძალა და არა მხოლოდ ადამიანური, შევზღუდე ზღვა. მე შევზღუდე სიკვდილი.
ღმერთი კითხულობს: შენ იცი, სად არიან სიკვდილის ბჭენი?
– სიკვდილის ბჭენი? რას ნიშნავს სიკვდილის ბჭენი?
– ხედავ, შენ ისიც კი არ იცი, რა არის სიკვდილის ბჭენი. მე კი სიკვდილიც შევზღუდე. ის თუ იცი, სად მდებარეობს ბნელეთის ბჭენი?
– ეს რაღა არის? რამე განსხვავებული სიკვდილისგან?
– როგორც ჩანს, კი.
– მე არ ვიცი.
– აბა, რაღა იცი საერთოდ? შენ არაფერი იცი იქიდან, რაც გავაკეთე, რასაც ვაკეთებ და რასაც გავაკეთებ, მაგრამ იმაზე კი პრეტენზია გაქვს, რომ აგიხსნა დეტალებში ის, რასაც ვაკეთებ შენს ცხოვრებაში?!
ამიტომ იობმა ეს ყველაფერი მოისმინა, გააცნობიერა თავის გონებაში და 42-ე თავში ამთავრებს ამ ყველა თავის მოთხოვნას ღმერთის მხრიდან ორმხრივ პასუხებზე შემდეგი განაცხადით: „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას. ამბობდი: ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით?“
მაშ ასე, იობს გამოაქვს დასკვნა: ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას. ერთ-ერთ თარგმანში დაწერილია: ვიცი, ყველაფერი ძალგიძს და შეუძლებელია შენთან შეწინააღმდეგება. სხვა თარგმანში იგივე ტექსტი წერია შემდეგნაირად: „ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.“ ეს ძალიან სერიოზული რამაა. თუკი იობის დასკვნა მართალია, საქმე სერიოზულადაა. მე გავიგე, გავიგე, რომ შენი განზრახვა არ დაბრკოლდება. არაფერს არ შეუძლია მისი შეჩერება, არც მთელი დედამიწის ლოცვებს, არც ჩემს ისტერიკას, არც ჩემს პანიკას, ცრემლებს, ქვითინს – შენს განზრახვას ვერავინ ვერ შეაჩერებს, თუკი ეს შენი განზრახვაა ჩემი ცხოვრების მიმართ. მე არც კი ამიხსნიან, რა ხდება ჩემს თავს. მე უბრალოდ გამიკეთებენ საჭირო ოპერაციას. ბოლოს გავიგებ რაღაცას. გააზრებას შევძლებ შემდეგ, ისიც ნაწილობრივ. მესმის, რომ ეს ჟღერს ძალიან ცალმხრივად, ჟღერს საშინლად და მართლაც შიში გვიპყრობს, ნუთუ ყველაფერი ასე საბედისწეროა?! შენ უბრალოდ გაყენებენ საქმის კურსში, თუ რას უპირებენ შენს ცხოვრებას და ხანდახან ამასაც კი არ აკეთებენ. უმეტეს შემთხვევაში არც გაყენებენ საქმის კურსში, რადგან მაინც ვერ გაიგებ. ერთი მხრივ, ეს ძალიან გეხმარება, მეორე მხრივ კი – პირიქით, საერთოდაც არა; მაგრამ ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე: ალექსანდრე, შენ გგონია, რომ დაგეხმარებოდა, თუკი ღმერთი გაჩვენებდა ყველაფერს შენი ცხოვრებისთვის განსაზღვრულს?! შენ ფიქრობ, უფრო მარტივად იცხოვრებდი?! და მე მივდივარ დასკვნამდე, რომ არა, ჯობია, არ მაჩვენოს ღმერთმა წინასწარ არაფერი, მართლა ჯობია. ასე როგორღაც ვცხოვრობ, ნორმალურად მძინავს მაინც. ასე რომ, ეს ძალიან არაერთგვაროვანი საკითხია.
არის კიდევ ერთი სიტუაცია, რომელიც აღწერილია ბიბლიაში, დანიელის წიგნში. ნაბუქოდონოსორი დიდებული მონარქი იყო, რომელიც მართავდა თავისი დროის ყველაზე დიდ იმპერიას. ერთ ღამეს ის იღვიძებს აფორიაქებული, შესაძლოა, ოფლიანიც იყო ერთიანად. მან იხილა მძიმე, სულის შემხუთავი სიზმარი. მან იგრძნო, რომ სიზმარი წინასწარმეტყველური და გარკვეული მნიშვნელობის მქონე იყო. მან მოუხმო ყველა თავის ჯადოქარს და შემლოცველს და ვერავინ ვერაფერი აუხსნა. შემდგომ დაუძახა დანიელს და უთხრა: შენში ცოცხალი ღმერთის სულია და ამიხსენი სიზმარი, რადგან მას რაღაც მნიშვნელობა აქვს.
– რა სიზმარი ნახე?
– დამესიზმრა დიდი ხე, რომლის კენწერო ცას სწვდებოდა და დედამიწის ყველა კუთხიდან ჩანდა. მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს; მისგან იკვებებოდა ყოველი ხორციელი; მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ. დავინახე, რომ ზეციდან ჩამოეშვა წმინდა გუშაგი, რომელმაც უბრალოდ გამოაცხადა, ომახიანად დაიძახა, გასცა ბრძანება, რომ მოეჭრათ ხე, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩაეტოვებინათ. ნაბუქოდონოსორი მოჰყვა ამ სიზმარს. დანიელი აფორიაქდა, ერთხანს თავზარდაცემული იყო, მაგრამ აუხსნა ნაბუქოდონოსორს ამ სიზმრის მნიშვნელობა. მან უთხრა: ეს ხე „შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული. შენი სიდიადე გაიზარდა და ცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი ქვეყნიერების კიდეებს. მეფემ რომ წმინდა გუშაგი იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: ‘მოჭერით და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ რკინისა და ბრინჯაოს ბორკილებში… ესაა მისი ახსნა, მეფეო, და ეს არის უზენაესის ბრძანება, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს დაატყდება თავს.“
შეხედეთ, როგორ ცალმხრივად ხდება ინფორმაციის მიწოდება. რაც გინდა, ის უქენი ამ ინფორმაციას, მაინც ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებ ამ განჩინებაში. შენ არ გეკითხებიან. აი, იობს, მაგალითად, არც კი ამცნეს, რაც მოხდებოდა, ამას კი ამცნეს სიზმრის მეშვეობით. – „მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან დაიდებ ბინას; როგორც ხარს, ბალახს მოგაძოვებენ.“ – არ ჭამდი ადრე ბალახს? ახლა შეჭამ. – „ზეცის ცვარ-ნამით დასველდები და შვიდი ჟამი გადაივლის შენს თავზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისთვისაც მოისურვებს, იმას აძლევს იმ სამეფოს. ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სამეფო შეგრჩება, როცა აღიარებ ზეციურ ხელმწიფებას. ამიტომ, მეფეო, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით ჩამოიცილე, შენი უსამართლობანი კი – ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი მშვიდობა.“ მაგრამ განაჩენი არ გაუქმდება. ეს განაჩენიც არაა, ღმერთი შურს არ იძიებს ამ მეფეზე, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ღმერთი შურს იძიებს ან სჯის. ეს უბრალოდ ასეთი განჩინება, განგებაა. ღმერთი ასრულებს თავის კონკრეტულ მიზანს. ეს საუბარი დასრულდა, დანიელი თავისთან წავიდა. გავიდა ერთი თვე, ორი თვე, ექვსი, ათი… არაფერი ხდება.
დაახლოებით, ერთი წელი გავიდა იმ ამბების შემდეგ და ერთ საღამოს ნაბუქოდონოსორი თავის დიდებულ სასახლეში სეირნობდა; უყურებდა იმ ქალაქის გასაოცარ პანორამას, რომელიც მან ააშენა – ბაბილონს. და უეცრად მას წაერთვა გონება, წაერთვა აზროვნების უნარი, მან უბრალოდ შეწყვიტა აზროვნება… როდესაც გონება დაუბრუნდება და ჭკუაზე მოვა, თავისდა განსაცვიფრებლად აღმოაჩენს, რომ 7 წელი გავიდა, 7 წელი… როგორც ვთქვით, მას გაეთიშა გონება და ისევ აღუდგა 7 წლის შემდეგ. მრჩევლებმა ძალიან მალე შენიშნეს, რომ მეფე არაადეკვატური გახდა. ის დიდებული არქიტექტორი, მმართველი, რომელსაც ყველა იცნობდა, რომელზეც მთელი დედამიწა ლოცულობდა, გახდა სრულიად გიჟი, შეშლილი. მას ელემენტარულად საკუთარი თავის მოვლაც კი აღარ შეეძლო. ის გაარიდეს ადამიანებს და იმყოფებოდა სრულ იზოლაციაში. იგი იქცეოდა, როგორც მხეცი, ცხოვრობდა მხოლოდ ცხოველის ინსტინქტებით, მეტი მას არ შეეძლო, მეტზე ჭკუა აღარ ჰყოფნიდა.
კიდევ ერთი რამ, რაც ყურადსაღებია: ღმერთმა ის გააფრთხილა, რომ 7 წელში დაუბრუნდებოდა მეფობა. „მე შენ გაფრთხილებ, რომ იცოდე, ეს არ არის შემთხვევითობა; მე შენ წინასწარ, დეტალურად განგისაზღვრე ის, თუ რა მოხდებოდა, რათა იცოდე, რომ ეს ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით განხორციელდა; ასეთია ჩანაფიქრი. მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს ჩემი წინასწარგანსაზღვრაა და მას თავიდან ვერ აირიდებ. ამიტომაც, როდესაც დაგიბრუნდება მეფობა, მიხვდები, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა შენს ცხოვრებაში და რისი გაკონტროლებაც არ შეგეძლო, ხდებოდა ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, მკაცრი სიზუსტით.“
მაშინ, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა, მისმა სხეულმა გაცივებაც კი ვერ მოასწრო, ჯერ ისევ თბილი იყო, რომ უკვე ჩხუბობდნენ იმის თაობაზე, თუ ვინ დაიკავებდა მის ტახტს და როგორ დააქუცმაცებდნენ და გაიყოფდნენ მის იმპერიას. აქ კი 7 წელი გავიდა; 7 წელი იმპერია მმართველის გარეშე იყო. ყველა იცდის და ელოდება, როდის მოვა ჭკუაზე ნაბუქოდონოსორი. ეს ხომ სასწაულია!
შემდეგ, როდესაც მას უბრუნდება გონება, ამბობს: „ერთ დღეს, მახსოვს, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარად ცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და მისი სამეფო თაობიდან თაობაშია. დედამიწის ყველა მკვიდრი არაფრად ითვლება. თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?“
– ვის აქვს ძალაუფლება?
„მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა და კვლავ დადგენილ ვიქენ ჩემს სამეფოზე და ჩემი სიდიადე უფრო მეტად მომესართა. ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზები – სამართლიანი, რომელსაც ძალუძს, დაამდაბლოს ამაყად მავალნი.“
მაშ ასე, ადამიანმა დასკვნა მაინც გამოიტანა, როგორღაც შეძლო ეს; მაგრამ თუ დავაკვირდებით თავად პროცესს, ეს დიდებული, პატივსაცემი პიროვნება – რომელსაც როდესაც ესაუბრებოდნენ, სახეზე რიდეს იფარებდნენ ხოლმე ადამიანები, – აი, ეს პიროვნება ცხოველს დაემსგავსა. გიჩნდება კითხვა: ეს ხომ ძალიან შეურაცხმყოფელია? ეს ხომ დიდი დამცირებაა; ნუთუ ასეა საჭირო?! ნუთუ დამდაბლების პროცესი ასეთი უნდა იყოს?! ეს ნამეტანია! შიშველი, ჭკუას მოკლებული… ნუთუ, უფალო, შენ ამაში უშუალოდ იღებ მონაწილეობას? ნუთუ ამაში არის რაიმე აზრი? – კი, არის, მაგრამ ჩვენს გონებას ამის აღქმა არ შეუძლია. უბრალოდ არ შეუძლია და ამიტომაც, ღმერთი დიდად არც გვიხსნის იმას, თუ რას უკეთებს ცალკეულ ადამიანებს. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება გარკვეული რაღაცები, ჩვენ ისინი არ მოგვწონს, რადგანაც ეს ჩვენს ხასიათზე მუშაობაა და ამას ღმერთი აკეთებს.
ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არ არის ბედისწერა, ამას აკეთებს ღმერთი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთხოვთ უფალს, რომ მოგვაშოროს ეს რაღაც; გაგვათავისუფლოს, რომ შევძლოთ თავის დაღწევა; ჩვენ არ გვინდა ასეთი დატვირთვა. გული გამალებით ცემს; ჩვენ არ მოგვწონს, როგორც ვცხოვრობთ, ჩვენ არაფერი არ მოგვწონს; მაგრამ ღმერთი ამაზე არ რეაგირებს, ის აგრძელებს ამის კეთებას და მისი განზრახვა არ დაბრკოლდება, ღმერთი ძალიან დაჟინებულია ამაში. ჩვენ კი შეზღუდულები ვართ შესაძლებლობებში, აღქმა-გაგებაში.
მოდით, ასე ვთქვათ, პატარა ექსპერიმენტივით ჩავატაროთ. დავუშვათ, ღმერთმა მოგცა საკუთარი შესაძლებლობები ერთი საათით, რის შეცვლას მოასწრებდი ამ ერთი საათის განმავლობაში ღვთაებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანი? ყველაფერი შენი შეხედულებისამებრ რომ გააკეთო ამიერიდან. ვფიქრობ, მაშინვე ბევრ პრეზიდენტს შეცვლიდნენ, უსათუოდ, უეჭველად, განსაკუთრებით ერთს ზუსტად შეცვლიდნენ. შეცვლიდნენ ცალკეულ კანონებს, ეს სიმართლეა. სხვადასხვა ქვეყანაში მისცემდნენ ქრისტიანებს თავისუფლებას, თავის ადგილას დააყენებდნენ მუსლიმანებს ან სხვებს. შეცვლიდნენ ბევრ სიტუაციას: ვიღაცას ფეხი სტკივა, ვიღაცას – გული, მიხედავდნენ ყველა ამ საკითხს ერთი საათის განმავლობაში და ძალიან უცებ დავამყარებდით წესრიგს დედამიწაზე. დედამიწას ვეღარ ვიცნობდით, ისე შესანიშნავად იქნებოდა ყველაფერი. ერთი საათიც ეყოფოდა. მაშინ კითხვა ჩნდება: უფალს ხომ აქვს ყველა ეს შესაძლებლობა და თანაც არა ერთი საათით, არამედ მუდმივად. იქნებ ის რამეს ვერ ხვდება? ან იქნებ ჩვენ ვერ ვხვდებით? და ჩვენს გონებაში ეს ვერ თავსდება, ამას ვერ ვუძებნით ახსნას. ან როგორ უნდა ახსნა, რომ ქრის ძლიერი ქარი?.. შენ ელოდები, რომ ეს ქარი ჩადგება, მაგრამ ის სულ უფრო და უფრო ძლიერდება, სახურავს ხდის იობის სახლს და ის ინგრევა; იქცევა მზიდი კოჭი, ცენტრალური კედელი და ხოცავს იობის შვილებს. აბა, როგორ ახსნი ამას?! როგორ უნდა მოვძებნოთ ამაში რამე აზრი, როდესაც ძლივს იპოვე, რომელი სად იყო, რადგან ყველანი ამ უზარმაზარი სახლის ნანგრევებში მოყვნენ. როგორ ახსნი ამას?!
კარგი, იოსების სიტუაციაში რაღაცის ახსნა მაინც შეიძლება. იქ ძმათაგან ერთ-ერთი – იუდა – გაღიზიანდა, გაცოფდა, დანარჩენებიც წააქეზა და ადამიანი მონად გაყიდეს. და ჩემი ცხოვრება დაინგრა, უკუღმა წავიდა ყველაფერი… ცხოვრების 15 წელი დავეხეტები, მამცირებენ, მანადგურებენ… მაგრამ იქ იცი მაინც, ვისზე შეგიძლია გაბრაზდე, განაწყენდე. როგორღაც მაინც შესაძლებელია მომხდარის ახსნა: ყველა ეს უბედურება ჩემს ცხოვრებაში ჩემი ძმის, იუდას გამოა.
– სერიოზულად ამბობთ? თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ნახეთ პასუხი, რადგან ახსნა მოუძებნეთ იოსების ცხოვრებაში ყველა უბედურებას? თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ამ ღვთისმოსავი ადამიანის ცხოვრებაში ერთმა რომელიღაცა ძმამ შურის გამო გაანადგურა მისი ცხოვრების საუკეთესო 15 წელი? როგორ შეიძლება ასეთი რამეების ამგვარად ახსნა?! მაგრამ ჩვენ გვაკმაყოფილებს ასეთი ახსნა და უმეტესობა ჩვენგან ასეც ვხსნით ბევრ რამეს. ეს ამის გამო, ეს იმის გამო, ეს ამიტომ და იმიტომ მოხდა… იოსებს რომ ასე გაეგო ყველაფერი, როგორც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ, პირველი, რასაც ის გააკეთებდა თავისუფალ ცხოვრებაში დაბრუნებისას, იქნებოდა ის, რომ იპოვიდა იუდას და არ მეშინია ამის თქმის – საკუთარი ხელებით დაახრჩობდა მას. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მისი ცხოვრების 15 წელი გაანადგურა, ამოშალა… მაგრამ იოსებს ასე არ ესმოდა ეს ყველაფერი. მას ესმოდა, რომ ეს განგება იყო, განგება. ასე იყო საჭირო. შემიძლია თუ არა ფოტიფარის უვარგისი ცოლის ამბის და კიდევ ბევრი სხვა რამის ახსნა, ეს მაინც განგებაა. ასეა საჭირო. – მოიცა, მართლა ამბობ? მეგობრებო, სერიოზულად ვამბობ, ამ თემის შესწავლისას მივედი დასკვნამდე, რომ გარემოებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის იდეა არაბიბლიურია, ის არ გახლავთ ბიბლიური.
რის მიღწევას ცდილობდა ღმერთი? რომ მოსე გაეხადა დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს შორის ყველაზე თავმდაბალი. თავმდაბლობა – ეს იყო გვირგვინი, რომელმაც დაამშვენა მოსე, თავმდაბლობა. „თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის. ახლოა უფალი.“ თავმდაბლობა!
– მართლა ასეთი დეფიციტია ამის?
– კი, კი… სერიოზული დეფიციტია.
ხალხს ბევრჯერ გამოჰყავდა მოსე მწყობრიდან და მოსეს რომ არ ჰყოფნოდა თავმდაბლობა… ის შემთხვევაც კი საკმარისია, როდესაც ღმერთმა უთხრა: კმარა, მოსე, კმარა. მოდი, მოვაშოროთ ეს ხალხი, ყველა, და შენგან წარმოვქმნი ახალ ერს. მოსე ეტყოდა: ასე მიიჩნევ საჭიროდ? კარგი. სიმართლე გითხრა, მეც უკვე ძალიან დამღალეს.
თავმდაბლობა – ადამიანს განუვითარდა გასაოცარი თვისება იმის პირობებში, რომ წარმოუდგენელი შესაძლებლობები ჰქონდა და ზღვას შუაზე ყოფდა კვერთხით, ღმერთი ესაუბრებოდა მას პირისპირ, ხოლო მას ერთხელაც არ გამოუყენებია ეს ყველაფერი საკუთარი თავის დასაცავად. მან მირიამი და აარონიც კი არ ამხილა, თავად ღმერთი გამოესარჩლა მას, რადგან ის დუმდა. თავმდაბლობა, ძვირფასებო, თავმდაბლობა, თავმდაბლობა… ჩვენი ეგო დაბადების ბორბლის აღმაგზნებელია. ჩვენ აი, ასეთი შესაძლებლობები გვაქვს [ხელით მიუთითებს ძალიან ცოტას] და უკვე იმდენ პრობლემას ვქმნით… თავმდაბლობა…
ჩემს ცხოვრებაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადებებიდან ერთ-ერთი, რომელიც ამ ეკლესიას უკავშირდება, იყო თითქმის 15 წლის წინ. თქვენ შეიძლება ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაინახოთ ამაში, მაგრამ მე მაინც გეტყვით. ეს იყო ჩვეულებრივი ტექსტი სახარებიდან, მაგრამ მან ძალიან ღრმად შეაღწია ჩემს გულში, ძალიან ღრმად და დღემდე მას იქ სატახტო ადგილი უჭირავს. უფალმა იესომ ლოცვის დროს უბრალოდ შემახსენა ეს ტექსტი სახარებიდან: „მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, ისწავლე ჩემგან.“ მე დავინახე ეს მეფე, ეს დიდებული მბრძანებელი – ქრისტე, რომელმაც თქვა: მე თავმდაბალი ვარ, ისწავლე ჩემგან. ვფიქრობ ეს ყველაზე მთავარია, რაზეც უფალი მუშაობს ჩვენში, ვიდრე რამე მისიას, რამე საქმეს მოგვანდობდეს.
ნახეთ, რა საინტერესო რამ უწერია იერემიას, როდესაც ის წინასწარმეტყველი გახდა. მისი ბედის ნამდვილად ვერ შეგშურდება. ცოტა ხნის წინ ვნახე რეპინის ნახატი – ილია რეპინი ჩემი საყვარელი მხატვარია – და ნახატზე გამოსახულია წინასწარმეტყველი იერემია, რომელმაც შემოიგლიჯა ტანისამოსი და დგას დანგრეული ქალაქის კედელთან. უბრალოდ შესანიშნავი ნამუშევარია, შესანიშნავი! იქ იმდენი ტკივილი ჩანს, ადამიანი გახმა და დაიხრუკა მზეზე ამდენი ტკივილისგან, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა! რა ბედი ხვდა მას წილად! როგორია, როცა მიმართავ და ელაპარაკები შენს ხალხს და იღებ საშინელ სიძულვილს მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთის სიტყვას ლაპარაკობ. ეს არის ბედი, რომლისაც ნამდვილად არ შეგშურდება. და სწორედ ეს იერემია ამბობს ღმერთზე შემდეგს: „მან წამიყვანა და მატარა ბნელში და არა ნათელში,“ – ანუ სურვილი მაქვს, რომ ყველაფერი ნათელი და ცხადი იყოს, მაგრამ საერთოდ არაფერი არ მესმის, ვეღარ ვაზროვნებ უკვე, – „ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გამოვიდე და დაამძიმა ჩემი ბორკილები,“ – ანუ შემზღუდა: კედელი მაღალია, ვერ გამოვდივარ, ბორკილებს ვერ ვიხსნი, ვერ ვთავისუფლდები ამ ტვირთისგან, – „კიდევაც რომ ვიკივლო და ვუხმო მშველელს, ჩაახშობს ჩემს ვედრებას.“ სხვა თარგმანში კი წერია: „კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს [ინტონაციით, ხაზგასმით ამბობს ამ სიტყვას] ჩემს ვედრებას“. ის ნებას არ აძლევს ჩემს ლოცვას, რომ მაღლა ავიდეს. თავსაც კი არ იწუხებს, რომ მოისმინოს ჩემი ლოცვა.
ზირაქმა, უფრო სწორად მისმა ძემ, იესო ზირაქის ძემ დაწერა – მართალია, ეს არაკანონიკური წიგნია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია მეორე თავის პირველ მუხლში: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი.“ აი, მესმის სურვილი! მას არ დაუწერია: შენ გელოდება წარმატება, წინსვლა, ყოველთვის თავში იქნები და მოგებული დარჩები. ის წერს: „გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს.“ შენ შეგხვდება სირთულეები, ცოტა რამეს თუ გაიგებ ცხოვრებაში, მაგრამ არ შედრკე, რადგან ასეა საჭირო. „ყოველივე სიხარულად მიიჩნიეთ, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით,“ – ზუსტად იგივე აზრი გააჟღერა იაკობ მოციქულმა. „მიეახლე მას, – ანუ ღმერთს, – და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ.“ საბოლოოდ, დასასრულში, რაღაცას უკვე გაიგებ. „შეხედეთ იობის ბოლოს“ – ხომ დაწერილია, არა?! მაგრამ მანამდე, პროცესში ვერაფერს იგებ. „რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე…“ ერთ-ერთ თარგმანში წერია: „რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე ხალისით.“ ყველაფერი სასიკეთოდ გეწევა. „…და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.“ შენ აუცილებლად შეგხვდება დამცირება. აუცილებლად დაგამცირებენ, რათა გააღვიძონ შენი ეგო. შენ აუცილებლად ჩაგარჭობენ ლახვრებს; აუცილებლად გაგაღიზიანებენ „საულები“; შენ აუცილებლად გეტკინება; შენს პატივმოყვარეობას ეტკინება ძალიან და შენ მოგინდება, გააჩუმო შიმყი; მაგრამ იყავი სულგრძელი, იყავი სულგრძელი და მომთმენი; რადგან ოქრო ცეცხლში იცდება, გარკვეულ ტემპერატურაზე ყველა შლაკი ამოდის ზედაპირზე, ხოლო თუ არ არის ეს საჭირო ტემპერატურა, ისინი არ ამოდიან ზედაპირზე და რჩებიან შიგნით. „რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი – მორჩილების ქურაში.“
ბოლო მონაკვეთს წავიკითხავ ახლა და შემდეგ ვილოცებთ. იერემიას წიგნში, როდესაც ისრაელი უკვე ტყვედ აიყვანეს, იერემია დარჩა განადგურებულ ქალაქში და მან მისწერა წერილი იმ ტყვეებს, რომლებიც ბაბილონში გადაასახლეს: „ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, რომელიც მე გადავასახლე იერუსალიმიდან ბაბილონში…“ ნუ ბრაზობთ ამ ბაბილონელებზე, ნუ გწყინთ, ეს მე გადაგასახლეთ. სიმართლე გითხრათ, იერემია დიდი ხნის წინ გეუბნებოდათ. ეს მე გადაგასახლეთ თქვენ, ანუ ჩაგყარეთ ტყვედ. თქვენ შეზღუდულები ხართ. თქვენ სახლში გინდათ, გაიქცეთ? არ გამოგივათ. მე არც თქვენი მტერი ვარ და არც ექსპერიმენტს გიტარებთ, და ეს არც შურისძიებაა. მე თქვენს მხარეს ვარ, მაგრამ ჩემი განზრახვა არ დაბრკოლდება. შეგიძლიათ, არც კი ილოცოთ. მე იერემიას წიგნი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და წერია: „ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის, რადგან არ მოგისმენ.“ ეს არის ჩემი განაჩენი და დასრულდა: 70 წელი ეს ხალხი იქნება ტყვეობაში. ასე ამბობს უფალი: „აიშენეთ სახლები და დასახლდით, და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი, მოიყვანეთ ცოლები და შობეთ ძენი და ასულნი, და მოუყვანეთ თქვენს ძეთ ცოლები და თქვენი ასულნი გაათხოვეთ, და შობონ მათ ძენი და ასულნი და გამრავლდით იქ და არ შემცირდეთ.“ ანუ ეს დიდი ხნითაა.
– სახლები ავიშენოთ? რას გულისხმობ?
– დიახ, ეს გადასახლება დიდი ხნითაა. თქვენ გაგიჩნდებათ შვილები, შვილებს გაუჩნდებათ შვილები, შვილიშვილებს გაუჩნდებათ შვილები… თქვენ იქ დიდი ხნით იქნებით.
„და შესთხოვეთ მშვიდობა იმ ქალაქისათვის, სადაც გადაგასახლეთ თქვენ, და ევედრეთ მისთვის უფალს…“ ხშირად ხუცესები და სხვები ციტირებენ ამ ტექსტს ისე, რომ არც კი უფიქრდებიან, რომ ეს ეხება არა იერუსალიმს, არამედ ბაბილონს. „ევედრეთ ბაბილონისთვის უფალს, რადგან მისი მშვიდობით თქვენც გექნებათ მშვიდობა. რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: ‘ნუ გაცდუნებენ თქვენ თქვენი წინასწარმეტყველნი და ნუ დაუჯერებთ თქვენს სიზმრებს, რომელნიც გესიზმრებათ.“ ჩვენ კი სახლში დაბრუნება გვესიზმრება. ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ეს სიზმრები წინასწარმეტყველური იყო. ჩემი სახლი მესიზმრა, ჩემი უკანა ეზო. უფალი კი ამბობს: ‘არა, არა. სიზმრები გაცდუნებენ. თქვენ უბრალოდ გინდათ, ასე რომ იყოს; მაგრამ ეს სიზმრები არ არის წინასწარმეტყველური, ისინი ჩემგან არაა. ამიტომაც ნუ ცდუნდებით. არაფერია წინასწარმეტყველური ამ სიზმრებში.’ შემდეგ უფალი ამბობს: „ასე თქვა უფალმა: ‘როდესაც ბაბილონს შეუსრულდება სამოცდაათი წელი, მოგიკითხავთ მე თქვენ და ავასრულებ თქვენზე ჩემს სასიკეთო სიტყვას, რათა დაგაბრუნოთ ამ ადგილას,“ – ანუ იერუსალიმში, საიდანაც იერემია წერილს სწერდა ისრაელიანებს, – „რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც განვიზრახე თქვენზე, – სიტყვა უფლისა, – ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.“
– უფალო, ნუთუ არ შეიძლება, როგორღაც გავიგო, სად არის აქ ეს სიკეთე?
– არ გამოვა. თქვენ მაინც ვერაფერს გაიგებთ. მე სერიოზული მიზანი დავისახე, მე ვმუშაობ თქვენზე. თქვენ სუსტები ხართ, თქვენ ელემენტარულ რამეებს ვერ უმკლავდებით. მე დიდი მიზანი დავისახე და მივაღწევ მას. მე მოვაბრუნებ თქვენს გულებს ჩემკენ; მე გაგატარებთ გარკვეულ გარემოებებში, მაგრამ ახსნით არ აგიხსნით, რადგან ვერ გაიგებთ.
ამიტომაც მე, ვკითხულობ რა ამ ყველაფერს, ვხვდები, რომ ის, რისი შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ უნდა მივიღოთ. მახსოვს, ერთხელ აქ მოვიდა ერთი ქალბატონი, 5-ჯერ თუ 7-ჯერ მოვიდა, მას ავად გაუხდა თავისი შვილი, ბიჭი. ის აქ ისტერიკულ სცენებს აწყობდა. იძახდა: „ჩემი შვილი უნდა გამოჯანმრთელდეს, სხვა ვარიანტზე თანახმა არ ვარ, პასუხის სხვა ვერსიას არ მივიღებ, მე მივაღწევ ჩემსას.“ რამდენი ველაპარაკეთ, რამდენი ვილოცეთ და შევაგონებდით კიდეც, ვიდრე ოჯახის დანგრევა არ დაიწყო. მას ნერვული სისტემა შეერყა, ქმარიც ალბათ უკვე გაექცა მას… და მე ვფიქრობ: რომელი უფრო ავადაა, ეს ბავშვი თუ ეს ქალბატონი? იქნებ ღმერთი მართლაც რაღაცას უკეთებს მის ხასიათს? მაგრამ ადამიანი მზად არის, შეცვალოს ყველაფერი, მათ შორის ღმერთიც და ღვთის გეგმებიც. და თუ ღმერთი არ შეიცვლება, მას ეს ძვირი დაუჯდება. და საბოლოოდ, ადამიანი უბრალოდ თავს ინადგურებს. ამიტომ დიახ, დიახ, დიახ, იობი ისევ უდავოდ მართალია, როდესაც ამბობს: „თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?!“ ერთ ადამიანს ვკითხე დღეს, რომელმაც დილით, 11-ის ნახევარზე მოისმინა ეს ჩემი ქადაგება, რას ფიქრობ ამაზე? მან მითხრა: ვფიქრობ, რომ ეს ქადაგება არ არის პეპსი-კოლა, არამედ წამალი. ის გაფხიზლებს, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ ღმერთის შესახებ ჩვენი ილუზია-წარმოდგენებისგან, მცდარი წარმოდგენებისგან.
ვიტყვი 4 მოკლე დასკვნას ლოცვამდე, თითოეულზე თითო წუთს ვილაპარაკებ.
პირველი: იმ შემთხვევებშიც, როდესაც შენ არაფერი არ გესმის, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ შენს ტანჯვას არ აქვს აზრი. შენ უბრალოდ შეზღუდული ხარ გაგებაში. ასე რომ, არ დაუშვა იობის შეცდომა და არ დააბნელო განგება შენი უგუნური სიტყვებით.
მეორე დასკვნა: რაც არ უნდა გადაგხდეს თავს, ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს შენს ცხოვრებაში, ყოველთვის სასიკეთოდ გეწევა. შენ არ შეგიძლია, იპოვო ეს სიკეთე; არ შეგიძლია, ის გამოავლინო; არ შეგიძლია, ნახო ის; არ შეგიძლია, ახსნა: აქ რა სიკეთე შეიძლება იყოს, აქ მხოლოდ ტკივილი და ცრემლებია. და როგორ ამბობს მართალი: „კარგია ჩემთვის, რომ დავიტანჯე…“ ჩემს ტანჯვამდე მე ვცდებოდი.
მესამე დასკვნა: ის, რისი შეცვლაც არ ძალგიძს, ჯობს მიიღო, როგორც ღმერთის წინასწარგანზრახვა.
მეოთხე დასკვნა: თუ შენზე სრულდება ღმერთის წინასწარგანზრახვა, არაფრის შეცვლა არ შეგიძლია შენი შეხედულებისამებრ, როგორც არ უნდა ითხოვო ეს. რატომ? იმიტომ, რომ ვერაფერი დააბრკოლებს მის განზრახვას. ამიტომ უმჯობესია, არ დავკარგოთ დრო და არ გადავუხვიოთ ამ ეკლიანი გზიდან, თორემ იმავე შედეგებამდე მისვლისთვის ორჯერ მეტი დროის დახარჯვა მოგვიწევს. და ასეთი რამ უკვე ვიხილეთ, როდესაც ღმერთი მუშაობს ადამიანზე, მაგრამ ადამიანი არ ნებდება. ესეც გვინახავს. დაფიქრდით, ჩვენ ისეთი მცირე ძალაუფლება გვაქვს, ისეთი მცირე შესაძლებლობები… ჩვენ ვიბრძვით რაღაც წვრილმანებზე, ოღონდაც გავიმარჯვოთ ორთაბრძოლაში, ოღონდ დავუმტკიცოთ ცოლს რაღაც, ცრემლების საფასურად, განაწყენების საფასურად… ოღონდაც დაუმტკიცო ამ მოზარდს, ისიც ნერვებმოშლილია, შენც, მაგრამ სამაგიეროდ ხომ დაუმტკიცე?! კი, დაუმტკიცე, შენსას მიაღწიე, მაგრამ შენც გიმძიმს და სხვებიც ცუდად გრძნობენ თავს. რაღაც წვრილმანისთვის ადამიანები სასამართლოებში მიდიან, ისინი ადვოკატებში ხარჯავენ ორჯერ მეტს, ვიდრე საბოლოოდ მოიგეს ამ სასამართლოს შედეგად. სამაგიეროდ, ხომ დაამტკიცე, რომ შენ მართალი ხარ! ხომ დასაჯე მოწინააღმდეგე!
ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ენის გაჩუმება. რაც არ უნდა გეთქვა, ათობით სიტყვას მოგიბრუნებდა პასუხად. შეუძლებელი იყო მისი გაჩუმება. ადამიანები უბრალოდ მიდიან. მთელი ოჯახი იტანჯება. ფიქრობ, როდისღა უნდა ისწავლოს ადამიანმა ენის გაჩუმება და მოთმენა, შეწყნარება, პატიების თხოვნა, მაგრამ არა, არ სწავლობს, არ ემორჩილება სწავლას. სიბერეში პარალიზი დაემართა. 3 წელი ვერ ლაპარაკობდა. იწვა და მხოლოდ მოსმენა შეეძლო, აზროვნებდა, მაგრამ საუბარი შეუძლებელი იყო მისთვის. უსმენდა საუბარს და ცრემლები სდიოდა, არაფრის თქმა არ შეეძლო. შინაგანში კი ყველაფერი ისევ ბობოქრობდა და იმდენი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. ღმერთმა ეს შესაძლებლობაც კი წაართვა. რატომ? იმიტომ, რომ ის მარადისობისთვის გამზადებს. რადგან ჯერ მზად არ ხარ, შენ იმდენი ამბიცია გაქვს, იმდენი შინაგანი ვნება… როგორ მინდა, უფალო, როგორ მინდა… იცით, რას ვისურვებდი? რომ არ ვეწინააღმდეგებოდეთ, არ ვუწევდეთ წინააღმდეგობას მას. ღმერთს უნდა, რომ გუთანი უფრო ღრმად შევიდეს – დაე, შევიდეს. შევიდეს. ხანდახან ჩვენ ვიგებთ ბრძოლას, მაგრამ ამით ვაგებთ ომს. აქაც გაიმარჯვე, იქაც გაიმარჯვე, შენსას მიაღწიე, საბოლოოდ კი შეხედავ და ხვდები, რომ შენთან არ სურთ მეგობრობა, შენთან არ სურთ მუშაობა. გაიხედავ და საბოლოოდ მარტო რჩები. და რას მივაღწიეთ? მინდა, რომ გუთანი უფრო ღრმად შევიდეს, ღმერთს რაღაც აქვს ჩაფიქრებული. გტკივა? კი, მტკივნეულია. მეფსალმუნე ამბობს: „ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები.“ ანუ ჩემს ზურგზე დადიოდნენ, გუთანს ატარებდნენ ჩემზე, მაგრამ არა უშავს… არა უშავს… არა უშავს. თავმდაბლობაში გასაოცარი მშვენიერებაა. თვინიერებაში საოცარი კეთილსურნელებაა. თავმდაბლობა მოდის სიტყვა დამდაბლებიდან. თვინიერება კი ნიშნავს, მოათვინიერო საკუთარი თავი, მოათვინიერო საკუთარი ენა. როგორც მოციქულმა იაკობმა თქვა: „აჰა, ჩვენ ლაგმით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ“, რომ მოვათვინიეროთ ისინი. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება… ხოლო ვისაც ენის მოთვინიერება შეუძლია, მას ძალუძს მთელი სხეულის ალაგმვაც, ცხოვრების სხვა სფეროების მოთვინიერებაც. მოკლედ რომ ვთქვათ: ეს ძალიან ძვირფასი აზრებია, ძვირფასი გაკვეთილებია, მაგრამ გახსოვდეთ: ღმერთი დაჟინებულია და მისი განზრახვა ვერ იქნება დაბრკოლებული ვერავის მეშვეობით. ამიტომ უმჯობესია მიიღო ის, რასაც ღმერთი აკეთებს შენს ცხოვრებაში, იცხოვრო ასე და ენდო მას, რადგან იმ ნეიროქირურგის მსგავსად მან უკეთ იცის, თუ რას აკეთებს ჩემს ცხოვრებაში. ყოველივე ჩვენს სასიკეთოდაა. ამინ!გუშინ წავიკითხე აფორიზმი, რომელიც ვოლტერს ეკუთვნის. არ მინდოდა მისი ციტირება კათედრიდან, მაგრამ ვოლტერი მართალია. მან თქვა: „თუკი ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ადამიანმა შური მასზე იმავეთი იძია.“ ვოლტერი გულისხმობს იმას, რომ ადამიანმაც შექმნა ღმერთი თავის ხატად და მსგავსად. სამწუხაროდ, ეს ჩვენი გავრცელებული პრობლემაა და ის უკავშირდება მქადაგებლებსაც, ან შეიძლება, უპირველეს ყოვლისა – მქადაგებლებს. ჩვენი დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ საკუთარ თავს ვუდარებთ ღმერთს და ისე ვქმნით მას ჩვენს ხატად და მსგავსად. სწორედ აქედან მოდის ყველანაირი გაუგებრობის უსასრულო სია. ამრიგად, თუკი ჩვენ მართლაც მამაცნი ვართ და ვთანხმდებით იმაზე, რომ შევისწავლოთ წმინდა წერილი და შევხვდეთ ღმერთს, რომელიც ვერ ჯდება ჩვენს წარმოსახვასა თუ ცნობიერებაში, მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დღევანდელ ღვთისმსახურებაზე.

ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ენის გაჩუმება. რაც არ უნდა გეთქვა, ათობით სიტყვას მოგიბრუნებდა პასუხად. შეუძლებელი იყო მისი გაჩუმება. ადამიანები უბრალოდ მიდიან. მთელი ოჯახი იტანჯება. ფიქრობ, როდისღა უნდა ისწავლოს ადამიანმა ენის გაჩუმება და მოთმენა, შეწყნარება, პატიების თხოვნა, მაგრამ არა, არ სწავლობს, არ ემორჩილება სწავლას. სიბერეში პარალიზი დაემართა. 3 წელი ვერ ლაპარაკობდა. იწვა და მხოლოდ მოსმენა შეეძლო, აზროვნებდა, მაგრამ საუბარი შეუძლებელი იყო მისთვის. უსმენდა საუბარს და ცრემლები სდიოდა, არაფრის თქმა არ შეეძლო. შინაგანში კი ყველაფერი ისევ ბობოქრობდა და იმდენი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. ღმერთმა ეს შესაძლებლობაც კი წაართვა. რატომ? იმიტომ, რომ ის მარადისობისთვის გამზადებს. რადგან ჯერ მზად არ ხარ, შენ იმდენი ამბიცია გაქვს, იმდენი შინაგანი ვნება… როგორ მინდა, უფალო, როგორ მინდა… იცით, რას ვისურვებდი? რომ არ ვეწინააღმდეგებოდეთ, არ ვუწევდეთ წინააღმდეგობას მას. ღმერთს უნდა, რომ გუთანი უფრო ღრმად შევიდეს – დაე, შევიდეს. შევიდეს. ხანდახან ჩვენ ვიგებთ ბრძოლას, მაგრამ ამით ვაგებთ ომს. აქაც გაიმარჯვე, იქაც გაიმარჯვე, შენსას მიაღწიე, საბოლოოდ კი შეხედავ და ხვდები, რომ შენთან არ სურთ მეგობრობა, შენთან არ სურთ მუშაობა. გაიხედავ და საბოლოოდ მარტო რჩები. და რას მივაღწიეთ? მინდა, რომ გუთანი უფრო ღრმად შევიდეს, ღმერთს რაღაც აქვს ჩაფიქრებული. გტკივა? კი, მტკივნეულია. მეფსალმუნე ამბობს: „ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები.“ ანუ ჩემს ზურგზე დადიოდნენ, გუთანს ატარებდნენ ჩემზე, მაგრამ არა უშავს… არა უშავს… არა უშავს. თავმდაბლობაში გასაოცარი მშვენიერებაა. თვინიერებაში საოცარი კეთილსურნელებაა. თავმდაბლობა მოდის სიტყვა დამდაბლებიდან. თვინიერება კი ნიშნავს, მოათვინიერო საკუთარი თავი, მოათვინიერო საკუთარი ენა. როგორც მოციქულმა იაკობმა თქვა: „აჰა, ჩვენ ლაგმით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ“, რომ მოვათვინიეროთ ისინი. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება… ხოლო ვისაც ენის მოთვინიერება შეუძლია, მას ძალუძს მთელი სხეულის ალაგმვაც, ცხოვრების სხვა სფეროების მოთვინიერებაც. მოკლედ რომ ვთქვათ: ეს ძალიან ძვირფასი აზრებია, ძვირფასი გაკვეთილებია, მაგრამ გახსოვდეთ: ღმერთი დაჟინებულია და მისი განზრახვა ვერ იქნება დაბრკოლებული ვერავის მეშვეობით. ამიტომ უმჯობესია მიიღო ის, რასაც ღმერთი აკეთებს შენს ცხოვრებაში, იცხოვრო ასე და ენდო მას, რადგან იმ ნეიროქირურგის მსგავსად მან უკეთ იცის, თუ რას აკეთებს ჩემს ცხოვრებაში. ყოველივე ჩვენს სასიკეთოდაა. ამინ!

Accordion Content

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში