იარაღი: ეკლესიის დოქტრინა – ალექსანდრე შევჩენკო

ღმერთის მიერ ეკლესიისთვის მიცემული ძალაუფლება გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუკი ეკლესიის მეშვეობით ვლინდება ღვთის ძალა! მაგრამ ძალის წყარო ღმერთი გახლავთ და არა ეკლესია.

მინდა, პირდაპირ ქადაგებას შევუდგე, რომლის სახელწოდებაც ცოტა უჩვეულოდ ჟღერს და ესაა:  „იარაღი: ეკლესიის დოქტრინა“.  თქვენ კარგად ხედავთ, რაც ხდება სამყაროში, ხედავთ, რაც ხდება შეერთებულ შტატებში. ადამიანებს, ვგულისხმობ ქრისტიანებს, უფლება აქვთ – დასვან შეკითხვები, და ჰქონდეთ ამ კითხვებზე პასუხის მიღების მოლოდინი.  ბევრი ადამიანი იძენს იარაღს… ცდილობს, წაიკითხოს სახარება, რათა გაიგოს, რა შემთხვევებში შეგვიძლია იარაღის გამოყენება თავდაცვის მიზნით და ასე შემდეგ.  ბევრი კითხვა ჩნდება.  წინა კვირას ვისაუბრეთ ამის შესახებ. სასიამოვნოა ის, რომ ბიბლია პასუხს სცემს ყველა კითხვას. კიდევ სხვა საკითხია, ვართ თუ არა თანახმა – მივიღოთ ხანდახან ასეთი რადიკალური შეხედულება, რომელსაც გვთავაზობენ ქრისტე და მოციქულები. ეს უკვე ცოტა სხვა მდგომარეობაა. მაგრამ მაინც, მოგიწოდებთ, რომ ჩვენი სული გახსნილი იყოს იმის მოსასმენად და გასაგებად, რაც წმინდა წერილებშია გადმოცემული.

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწაზე ვცხოვრობთ, საუბარი უნდა დავიწყოთ იმით, რომ არსებობს ორი განსხვავებული საზოგადოება, ადამიანთა ორი განსხვავებული ჯგუფი. ეს არის იესო ქრისტეს ეკლესია, რომელიც შედგება უბრალო ადამიანებისგან; მაგრამ მათი განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ისინი თავიანთ ცხოვრებაში ერთხელ უკვე შეხვდნენ ღმერთს. ეს კარდინალურად ცვლის ადამიანის არსს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ კათედრასთან ვდგავარ,  ან იმიტომ, რომ ვინმეს უნდა ვეპირფერო, ან კიდევ იმის გამო, რომ უნდა ვიმსჯელო სწორ იდეებზე. არა, ეს ნამდვილად სიმართლეა. ადამიანი სრულიად იცვლება. ოჯახები, მამაკაცები თუ ქალები იცვლებიან ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს – მადლის მეშვეობით. მაგრამ ჩვენ ირგვლივ ჯერ კიდევ ცხოვრობს უამრავი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონია ქრისტესთან შეხვედრის ბედნიერება. ამიტომ ადამიანთა მეორე ჯგუფს შეადგენს დედამიწის მთელი დარჩენილი მოსახლეობა.

ღმერთმა გაითვალისწინა, რომ ოფიციალური ძალაუფლება ხორციელდებოდეს სახელმწიფო მოხელეების მიერ, ანუ იმ ხალხის მეშვეობით, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან გარკვეული წოდებით და უფლებამოსილნი არიან – მოაწესრიგონ ცხოვრებისა და ყოფიერების სხვადასხვა სფერო. ყოველი ხელისუფლება ემყარება ძალოვან სტრუქტურებს: პოლიციას და სამხედრო ძალას. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. არსებობს სხვადასხვა სამინისტრო: ჯანდაცვის, კულტურის, ფინანსთა, და ასევე თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, რომლებიც პოლიციისა და არმიის არსებობას მოიაზრებენ.

 

ამრიგად, ნებისმიერი ხელისუფლება არა მხოლოდ პასუხისმგებელია საზოგადოებრივ წესრიგზე, არამედ იცავს კიდეც სახელმწიფოს გარე საზღვრებს მტრის საშიშროებისგან, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მას. ამასთანავე, ეს ხელისუფლება იარაღის საშუალებით, ძალის საშუალებით, ინარჩუნებს წესრიგს ქვეყნის შიგნით. აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

მოციქული პავლე ამბობს, რომ ხელისუფალს ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ რისხვით შურისმგებელია ბოროტმოქმედთა მიმართ. უფრო  მეტიც, ასეთ ადამიანს პავლე უწოდებს ღვთის მსახურს. ამრიგად, ხელისუფლება ღვთის მიერაა დადგენილი. პავლე საკუთარ თავს აძლევს ასეთი რადიკალური განაცხადის უფლებას, რომ ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება. ხელისუფლება აუცილებელია. მის გარეშე ყოფნა ყველაზე საშინელი რამ არის, რაც შეიძლება მოუვიდეს სახელმწიფოს. ასეთ დროს მყარდება ანარქია.

 

ძველი ჩინელები ამბობდნენ: „ღმერთმა ნუ ქნას, რომ ცვლილებათა ეპოქაში იცხოვრო.“ ეს საშინელებაა. როგორც ვკითხულობთ, ისრაელში ერთხელ იყო ასეთი ეპოქა, როცა არ ჰყავდათ მეფე და ყველა აკეთებდა იმას, რასაც სამართლიანად მიიჩნევდა. სამართლიანობისთვის მებრძოლებო, ყურადღებით მისმინეთ: „ისურვებდით, რომ გეცხოვრათ ქვეყანაში, სადაც ყველა აკეთებს იმას, რასაც სამართლიანად მიიჩნევს?“  მე არ ვისურვებდი ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას. ამიტომ ღმერთი, რომელმაც იცის, რომ სამყაროში უსაზღვრო ბოროტებაა, იარაღის ძალით ზღუდავს მის გავრცელებას.

 

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები მორალურად იმდენად სუსტები არიან, რომ პატივს არ სცემენ კანონს. ისინი იცავენ კანონს არა მისდამი პატივისცემის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ შედეგების, რაც შეიძლება მოჰყვეს კანონის დარღვევას. ამრიგად, ადამიანებს არ ესმით კანონის ენა. ადამიანებს ესმით ძალის ენა, რის გამოც ითვალისწინებენ ამ კანონებს. ამიტომ, ღვთის მსახური ატარებს ხმალს და ადამიანები იცავენ გარკვეულ წესებს. ეს ერთადერთი მეთოდია, სულ მცირე, რომ შეაკავოს მაინც ბოროტების გამოვლინება. ასე რომ, ხელისუფლება ღვთის მიერ არის დადგენილი და ის ყველა ჩვენგანისთვის დიდი კურთხევაა.

სუბორდინაციის პრინციპი, ანუ უფლებამოსილი პირის მიმართ მორჩილება ბიბლიური პრინციპია. დაწყებული უბრალო ოჯახიდან, ბიბლია გვასწავლის, რომ ცოლი უნდა დაემორჩილოს ქმარს. ბავშვები უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს. სხვაგვარად ყველაფერი დაინგრევა, ანარქია დამყარდება. ყველა მანკიერი ვნება, სრული ამბოხი და სრული ბოროტება, მთელი აგრესია ამოხეთქავს ზედაპირზე. შენ ვერ შეძლებ მის შეჩერებას. ამიტომ დიდი კურთხევაა, რომ არსებობს კანონები. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონმა, ღვთის კანონმაც კი ძველი აღთქმის პერიოდში, ვერაფერი სრულყო. უნდა გავითვალისწინოთ ასევე, რომ კანონის ფუნქცია მხოლოდ ის არის, რომ  შეაკავოს უკანონობა. კანონი არ ავითარებს ადამიანებს, ღვთის კანონიც კი. კანონის ფუნქცია უკანონობის შეზღუდვაა, დანაშაულის შეზღუდვა.

 

ყურადღება მიაქციეთ 10 მცნებას, რომელიც ღმერთმა დაუტოვა ისრაელს.  ძირითადად, მცნებები იწყება უარყოფითი ნაწილაკით „არ“:  „არ მოიპარო“;  „არა კაც კლა“;  „არ იმრუშო“;  „არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღმერთის სახელი“;   „არ ინდომო სხვისი“ და ასე შემდეგ. ამრიგად, ეს აკრძალვის ფორმაა. არ მისცე უფლება ამ მანკიერ ვნებებს, ამოხეთქოს ზედაპირზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს აგებ შედეგებზე. ამიტომ ადამიანები სასჯელის შიშის გამო ემორჩილებიან კანონს. ეკლესია ყოველივე ამისგან გათავისუფლებული ადამიანების ერთობაა, რა თქმა უნდა. ეკლესია არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც უყვარს უფალი, პატივს სცემს მის მცნებებს, ეს სრულიად სხვა გარემოა. მაგრამ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი  სწორედ ამგვარად ცხოვრობს და მათი ქმედებანი კონტროლდება.

შეხედეთ, მარტივად ავხსნი. მაგალითად, ვის როგორ წარმოუდგენია, თუ რა არის თავისუფლება? ყველა ადამიანი ოცნებობს – იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში, სადაც არის სიტყვის თავისუფლება, რწმენის თავისფულება… მაგრამ მორწმუნე და არაეკლესიური ადამიანის წარმოდგენა თავისუფლებაზე პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან. არაეკლესიური ადამიანი თავისუფლებაზე ფიქრისას რაზე ოცნებობს?! ყველა მისი მანკიერი ვნება ეძებს ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას და ის ცდილობს, მოიშოროს გზიდან ყველაფერი, რაც ზღუდავს მის სხვადასხვა მიდრეკილებას. ამიტომ ასეთი ადამიანის თავისუფლების გაგება ამგვარია: დაიწეროს ისეთი კანონები, რომლებიც უფლებას იძლევა მარიხუანის მოწევის, ამორალური ცხოვრებით ცხოვრების და ასე შემდეგ.

 

ამრიგად, ეს ადამიანები თავიანთი ცნობიერების  საფუძველშივე ანარქისტები არიან. მათ სძულთ ყოველგვარი შეზღუდვა. იმის წარმოდგენაც კი საშინელებაა, თუ რას მოიაზრებენ ისინი თავისუფლების ცნების ქვეშ. როცა ვსაუბრობთ მორწმუნე ადამიანზე, რომელიც შეხვდა ქრისტეს, მისი წარმოდგენა თავისუფლებაზე საფუძველშივე განსხვავდება. ჩემთვის თავისუფლებაა, როცა ეს გულისთქმანი ვერ ბატონობენ ჩემზე, რადგან სულიწმიდის ძალამ გამათავისუფლა მე. სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ამრიგად, ვნება-გულისთქმანი ვერ დომინირებენ ჩემზე.

წარმოიდგინეთ,  ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, თუმცა ვგულისხმობთ სრულიად სხვადასხვა რამეს და ამან შესაძლოა გაგაკვირვოთ, მაგრამ ტიმოთეს მიმართ წერილში, 1-ლი თავის მე-9 მუხლში პავლე წერს საინტერესო ტექსტს:  „…რჯული დადგენილია არა მართალთათვის…“  ამრიგად, ღმერთის ან სახელმწიფოს კანონი არ არის განკუთვნილი მართალი ადამიანებისთვის; თუ შენს თავს მიაკუთვნებ მართალ ადამიანთა რიცხვს, მაშინ კანონი შენთვის არ არის, რადგანაც მთელი რჯული გამოიხატება ერთ სიტყვაში – გიყვარდეს.

 

სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს, არასდროს მოიპარავს; სიყვარულს არასდროს შეშურდება, არასდროს!  ეს შეუძლებელია! რადგანაც სიყვარულის არსი, ბუნება სხვანაირია. ამიტომ კანონი არ არის დაწერილი მართალთათვის. მაშინ ვისთვისღაა დაწერილი იგი? უმართლოთათვის, ურჯულოთა, უწმინდურთა და ცოდვილთა გამო; მათთვის, ვინც არ ცნობს არანაირ სიწმინდეს; უღმერთოთათვის, მამის მკვლელთათვის, დედის მკვლელთათვის და კაცისმკვლელთათვის;  მეძავთა და მამათმავალთა გამო და ასე შემდეგ.

 

ვკითხულობ რუსულ ახალ თარგმანს. ამრიგად, კანონის ფუნქცია არის ბოროტების გავრცელების შეზღუდვა. სხვაგვარად, ჩვენი სამყარო იშლება ამ ვნებათაგან, რომლებიც ბობოქრობს ცოდვილი ადამიანის ბუნებაში. შეიძლება თქვენ არ იცოდით, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში, საკმაოდ ბევრი ადამიანი მსახურობს პოლიციის ოფიცრად, მუშაობს უფრო სწორად. არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, შერიფები, კერძო დეტექტივები, გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიცრები, ისინი არიან ჩვენი ეკლესიის წევრები. და ჩვენ გვიხარია, რომ ასეთი ღვთისმოსავი, ღირსეული ადამიანების მიერ კონტროლდება წესრიგი ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქალაქში. ეს აბსოლუტურად მისაღები და ნორმალურია, და ძალიან სასიხარულო, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ სახელმწიფო ორგანოებში. მაგრამ ყველა ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკლესიის წევრები არიან, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისას არ წარმოადგენენ იქ ეკლესიას. ისინი ასრულებენ სახელმწიფოებრივ ფუნქციას და არა ეკლესიის ფუნქციას.

 

ღმერთმა პრინციპულად სხვადასხვა ფუნქცია დააკისრა სახელმწიფოს და ეკლესიას. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს არ ესმის, რასაც ვსაუბრობ, მათ ძალიან უნდათ, რომ ეკლესია და საზოგადოება ერთმანეთში აურიონ და წაშალონ მკაფიო გამყოფი ხაზი. მაგრამ დღეს ჩვენ მივმართავთ წმინდა წერილს და გავიგებთ, რომ სახელმწიფო და ეკლესია – ეს ორი სხვადასხვა ინსტიტუტია. პირველიც და მეორეც დაფუძნებულია უფლის მიერ; პირველსაც და მეორესაც აქვს თავისი მისია, თავისი დავალება და ისინი უშუალოდ ღმერთის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. იქამდე, სანამ შევეცდებით ამ თემის გაშლას, გთავაზობთ დავუბრუნდეთ მე-16-მე-17 საუკუნეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რატომ?! იმიტომ, რომ იმ დროისთვის ეკლესია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ძლიერი ინსტიტუტი დედამიწაზე. ეკლესია და სახელმწიფო გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან. ძალიან რთულია, გამოყო მე-16 საუკუნის ეკლესია სახელმწიფოსგან. პირიქით, ეკლესია ასრულებდა ყველა სახელმწიფოებრივ ფუნქციას. ეკლესია ხელმძღვანელობდა მთელ ჯარს; ეკლესიას შეეძლო მეფეების დადგენა და მათი გადაყენება; ეკლესია განაგებდა სიკვდილით დასჯას. ამიტომ როდესაც მე-16 საუკუნეში ლუთერი, კალვინი ცდილობდნენ, როგორმე განეცალკევებინათ ეს ორი საზოგადოება, ამის გაკეთება ძალიან რთული იყო მათთვის. მაგალითად, ჟან კალვინს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა ჟენევის ქალაქის საბჭოში. მას, როგორც მორწმუნე ადამიანს, რეფორმატორს, ჰქონდა ოცნება – ქალაქი ჟენევა გადაექცია ღვთის ქალაქად. ეს გახლდათ მისი ოცნება. როგორი რეაქცია გექნებოდათ ასეთ სიახლეზე, ჩვენი ქალაქის – საკრამენტოს – მერს რომ ეთქვა: „მინდა, საკრამენტო გარდავქმნა ღვთის ქალაქად“ ? – საინტერესოა.

 

ქრისტიანი ადამიანი შეუდგა ასეთი რეფორმების განხორციელებას. როგორ გააკეთებს ამას? თუ ამას სახარების მეშვეობით მოიმოქმედებს, თუ ქალაქში ყველა ადამიანს თავს მოახვევს სახარების პრინციპებს, რა გამოვა აქედან?! მაგალითად, კალვინი სჯიდა ადამიანებს, რომლებიც ილანძღებოდნენ უწმაწური სიტყვებით. ის მათ ჯაჭვით შებორკილებს ტოვებდა ქალაქის მოედანზე 3 დღე-ღამე, წყლის გარეშე. მან ქალაქის ლუდხანებიდან დატოვა მხოლოდ 5 და მისცა უფლება, ემუშავათ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე. სავალდებულო გახადა – ყველა ბარში ყოფილიყო ბიბლია და იქამდე, სანამ ადამიანი ლუდს დალევდა, ჯერ ლოცვა უნდა აღევლინა ღვთის წინაშე. არავითარი უხამსობა. არ შეიძლებოდა – შეხებოდნენ ქალებს…   აუცილებელი იყო ეკლესიაში სიარული ჟენევის ყველა მოქალაქისთვის. ვინც არ ივლიდა, დასჯილი იქნებოდა. ნებისმიერი პოტენციური საშიშროება ამ საზოგადოებისთვის, მათ შორის ერესი, უნდა ყოფილიყო დასჯილი.

 

ვინმე სერვეტი, რომელსაც იცნობდნენ, როგორც კარგ ექიმს, ერთხელ გავლით იყო ჟენევაში. ამ ადამიანს კალვინისგან განსხვავებულად სწამდა. კალვინს სწამდა სამპიროვანი ღმერთის – სამების, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ. სერვეტს კი, მისგან განსხვავებით, სწამდა ძველი აღთქმისამებრ, რომ ღმერთი არის ერთი. მოკლედ, სერვეტი დააკავეს. ცუდი რა გააკეთა?! უბრალოდ სხვაგვარად სწამდა. მაგრამ ეს იყო საფრთხე ჟენევისთვის. ამიტომ ის უნდა დაესაჯათ. მას მართლაც მიუსაჯეს სიკვდილი, და რამდენადაც კალვინი ფლობდა ხმის მნიშვნელოვან უფლებას, მან მხარი დაუჭირა ამ იდეას. ერთადერთი, რაც ამ ადამიანმა ითხოვა, იყო ის, რომ ძლიერ არ ეწამებინათ, უბრალოდ თავი მოეკვეთათ, მაგრამ სამწუხაროდ ის დაწვეს. ეს ბევრად მძიმე სასჯელი გახლდათ.

 

ამგვარად, ჩემთვის გაუგებარია სხვადასხვა ინიციატივა და მოთხოვნა ჩვენი დროის ზოგიერთი ევანგელისტი ლიდერისა, რომელიც ოცნებობს ქრისტიანულ სახელმწიფოზე. ისინი არ მალავენ ამ ოცნებას, რომ დედამიწაზე, თუნდაც ცალკეულ რეგიონებში, იყოს ქრისტიანული სახელმწიფო. მათ არ რცხვენიათ ამის შესახებ წერა და მისი პროპაგანდა. ვფიქრობ, რეალურად ეს შესაძლებელია, მაგრამ კითხვა ისაა, რის ფასად?

 

თუკი დავუბრუნდებით ჟენევის გამოცდილებას, ისტორიკოსები და სოციოლოგები ამბობენ, რომ კალვინის სიკვდილის შემდეგ კიდევ 300 წელი ჟენევა იყო ევროპის ყველაზე სამაგალითო ქალაქი, მაგრამ რის ფასად?! იმის ფასად, რომ მოქალაქეებს სძულდათ კალვინი, სძულდათ  ეკლესია, სძულდათ სახარება და თავიანთ ძაღლებსაც კი არქმევდნენ სახელად კალვინს. მთავარი შეკითხვა ისევ ეს გახლავთ:  რის ფასად?!  ვიცით, რომ არსებობს ისლამური სახელმწიფო ISIS („აისისი“).  თუ ეკლესიას ასე ძალიან უნდა საზოგადოების რეფორმირება სახარების საშუალებით, ძალადობის გზით, თუკი ეკლესიას სურს, საკუთარ თავზე აიღოს სახელმწიფოს ფუნქცია – რეალურად მას შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ რის ფასად?! განა ეს ის მეთოდებია, რომლებიც უფალმა დანერგა?! ძალიან, ძალიან მეეჭვება.

 

სწორედ ამ დროს ლუთერი ცდილობდა – ეკლესია გამოეგლიჯა, გამოეყო საზოგადოებისგან და აეხსნა მათთვის. აი, ლუთერის ციტატაც. ის ამბობს: „გამორიცხულია, რომ თუნდაც ერთ რომელიმე მიწაზე დამყარდეს ქრისტიანული მმართველობა. ეს გამორიცხულია, ილუზიაა. ადამიანი, რომელსაც სურს მართვა სახარებით ხელში, ჰგავს მწყემსს, რომელმაც ერთ ფარაში შეკრიბა ბატკნები, მგლები და თავისუფლად გაუშვა ისინი საძოვარზე.“  რატომ?! იმიტომ, რომ ბატკნებს სრულიად სხვა ბუნება აქვთ, ბატკნები – ესენი ქრისტიანები არიან, მათ ჰყავთ მწყემსი კეთილი და უყვართ მისი კანონები. ისინი ღვთის სულისგან არიან შობილნი. ხოლო მგლები?!  მგლებს ესმით მხოლოდ ძალის ენა. ეს საერთოდ სხვა, მგლური ბუნებაა. მათთან უნდა ისაუბრო სხვაგვარად. და ამას როგორ გააკეთებ სახარებით? ისევ ძალას თუ გამოიყენებ…

 

ამიტომ მსურს, შორიდან მოვუარო ამ მნიშვნელოვან საკითხს და ავხსნა, რომ მე-16-მე-17 საუკუნეებში, ყველა ომი, რომელიც მიმდინარეობდა, ყველა, გამონაკლისის გარეშე, ჩაისახა რელიგიურ ნიადაგზე. იმ დროს არსებობდა ასეთი გაგება: „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება.“ ამიტომ ადამიანები იბრძოდნენ ტერიტორიებისთვის, ქალაქებისთვის.  შვეიცარიაში 26 კანტონი არსებობს, ჩვენებურად რომ ვთქვათ – შტატი. ამრიგად, შვეიცარია დაყოფილია 26 კანტონად. პროტესტანტები უფრო და უფრო იპყრობდნენ ტერიტორიებს და ცალკეულ კანტონებში უფრო მეტი პროტესტანტი იყო, ვიდრე კათოლიკე. იწყებოდა ომი. ართმევდნენ ერთიმეორეს ტაძრებს, ტერიტორიებს, ქადაგების უფლებას. აღმოჩნდა, რომ თუ ერთ კანტონში იყო უფრო ბევრი კათოლიკე, ისინი აძევებდნენ პროტესტანტებს. ისინი კი გარბოდნენ იმ კანტონებში, სადაც უფრო მეტი პროტესტანტი ცხოვრობდა. თავის მხრივ, აქედან კათოლიკეებს აძევებდნენ და ასე. „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება.“  ამგვარად ცხოვრობდნენ ადამიანები, ასე ესმოდათ იმ დროს. ზოგიერთი ომი გრძელდებოდა 30 წელიწადს და მეტ ხანსაც კი.

 

რამდენიმე წლის წინ ციურიხში ვიყავი, ვიდექი ულრიხ ცვინგლის ძეგლის გვერდით. შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც უფალმა მოუწოდა – ყოფილიყო შვეიცარიის რეფორმატორი. შესანიშნავი ნაშრომები დაწერა. „არა, – თქვა მან, – კათოლიკეებს ჩვენს მიწას არ მივცემთ.“ აიღო ხმალი და თუ არ ვცდები, პირველივე ბრძოლაში, კათოლიკეებთან პირველივე ომში მოკლეს იგი. ვიდექი ძეგლის გვერდით და ვფიქრობდი: „უფალო, ნუთუ ეს შენი ბედია იმ ადამიანისთვის, რომელიც გიცნობდა შენ, მაგრამ უბრალოდ მიიჩნია, რომ ხმლით უნდა დაეცვა თავისი ტერიტორია.“

შესაბამისად, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უფალმა გამოყო და განსაზღვრა ეკლესიისთვის თავისი მისია და სახელმწიფოსთვის თავისი მისია. 1524 წელს დაიწყო გლეხთა აჯანყება. გლეხები, მოსახლეობის ღარიბი ფენა, მიესალმებოდნენ ლუთერის ქადაგებას; იმიტომ, რომ ლუთერი კიცხავდა სიხარბის გამო კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც გამდიდრდა, რომელმაც გაძარცვა ხალხი. ამიტომ, განსაკუთრებით ღარიბი ფენა იდგა ლუთერის მხარეს; ისინი იღებდნენ ლუთერანობას, თავს მიაკუთვნებდნენ პროტესტანტიზმს. ამიტომ ხელი მოჰკიდეს იარაღს, რათა სწრაფად მოეხდინათ ეს რევოლუცია; რევოლუცია-რეფორმაცია ხომ ერთმანეთთან ახლოს მყოფი ცნებებია.

 

ლუთერი იქ დიდხანს ქადაგებს, თითქოს ელოდება, რომ სულიერად გატეხოს განწყობა საზოგადოებაში. ჩვენ შეგვიძლია, ეს სწრაფად გავაკეთოთ. ამიტომ ადამიანებმა წამოიწყეს რევოლუცია. წარმოიშვა საომარი კონფლიქტი იარაღით – და აქ არის ყველაზე რთული ამოცანა ეკლესიისა და სულიერი ლიდერებისთვის – ვის მხარეს უნდა დადგნენ?!  უკვე მეხუთედ ვქადაგებ ამ თემის შესახებ; ერთი ადამიანი მოვიდა ერთ-ერთ მსახურებაზე დღეს და მეკითხება: „თქვენ ვის მხარეს დადგებოდით?“ და მე ვუხსნი, რომ ლუთერი იძულებული იყო, მიეღო გადაწყვეტილება, სირთულის მიუხედავად. როცა კონფლიქტი წარმოიშვა, როცა საზოგადოება ორად გაიყო, ლუთერმა დაიჭირა თავადების მხარე, ოფიციალური ხელისუფლების მხარე და მოუწოდა – ჩაეხშოთ აჯანყება. მაგრამ მან ითხოვა – გულმოწყალედ მოჰქცეოდნენ ხალხს, თუმცა თავადებმა, რომლებიც ასევე პატივს სცემდნენ ლუთერს, აჯანყება სასტიკად ჩაახშეს. დაიღუპა 100 ათასზე მეტი ადამიანი. ეს იყო საშინელი სურათი. მაგრამ ყველაზე საშინელი ამის შემდეგ მოხდა. ეს გახლდათ ყველაზე ძლიერი დარტყმა რეფორმაციისთვის. რატომ? რადგანაც გლეხებმა მიიჩნიეს, რომ ლუთერმა უღალატა მათ; რომ ის არ დადგა მათ მხარეს და ისინი – ყველანი დაუბრუნდნენ კათოლიციზმს ან გახდნენ ანაბაპტიზმის მიმდევრები. ხოლო თავადებს, რომლებსაც აგრეთვე მოსწონდათ ლუთერი, იმედი გაუცრუვდათ მისი მიმდევრების – საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენელთა გამო, მათ მიერ გამოვლენილი აგრესიის გამო, და აგრეთვე ყველა წავიდა კათოლიციზმში.

 

ამრიგად, ღვთის საქმემ, იმან, რაც ღმერთმა ჩაიფიქრა, რაც ღმერთს სურდა ლუთერისგან – ყველაფერმა განიცადა გამანადგურებელი დარტყმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალთა საბრძოლო დაპირისპირებაში სულიერი ლიდერი დადგა ერთ-ერთის მხარეს. ამიტომ მე ამ ადამიანს ვუპასუხე: „არ შეიძლება, რომელიმე მხარეს დადგომა. როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს, უხეშად თუ არასწორად, არ შეიძლება ნებისმიერ კონფლიქტში, ურთიერთდაპირისპირებაში დაიკავო ერთი მხარე.“ ეკლესია უნდა იყოს ღია სხვადასხვა ჯგუფისთვის, სხვადასხვა ფენისთვის, სხვადასხვა პარტიისთვის; ეკლესია – ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ხვდებიან იესო ქრისტეს და იქ მათი ბუნება იცვლება. ბევრი რამ ხდება საზოგადოებაში, ბევრ რამეზე კამათობენ ადამიანები; ეკლესია კი უნდა დარჩეს ეკლესიად; ადგილად, სადაც განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ შეხვედრა იესო ქრისტესთან. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან, ძალიან რთულია, როცა საზოგადოება იყოფა.

 

ახლა,  რა არის შუა საუკუნეებისა და ნაწილობრივ ჩვენი პრობლემის არსი. როგორც აღვნიშნე, მიიჩნეოდა, რომ „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება.“  მაგალითად, მართლმადიდებლებმა შემოიღეს ასეთი ტერმინი: კანონიკური ტერიტორია. ეს ნიშნავს, რომ შენ დაიბადე აქ და ავტომატურად ხარ მართლმადიდებელი. გნათლავენ ჯერ კიდევ ჩვილს, შენ არაფერს გკითხავენ. შენ უბრალოდ დაიბადე ამ ტერიტორიაზე. ამიტომ ეკუთვნი ამ რწმენას. ანაბაპტისტებმა კი, რომლებიც მოვიდნენ ლუთერის შემდეგ, თქვეს: ეს ხომ არასწორია. იყო საზოგადოების წევრი და იყო ეკლესიის წევრი – არ არის ერთი და იგივე.  ქრისტეს ეკლესიის წევრი რომ გახდე, სულიერი თვალსაზრისით უნდა გაიზარდო; წაიკითხო სახარება; უნდა შეიმეცნებდე პირობებს; საკუთარი არჩევანი უნდა იქონიო და მოინათლო, როგორც ნიშანი ღმერთთან აღთქმისა. მაგრამ ლუთერს ასე არ ესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კათოლიციზმიდან გამოვიდა, მაინც ნათლავდა ჩვილებს. ეს რას ნიშნავს? ლუთერს არ სურდა ხალხის დაკარგვა. ყველა ჩვილი, რომელიც იბადებოდა ლუთერანულ ეკლესიაში, ავტომატურად ლუთერანი იყო. მათ არც არავინ ეკითხებოდა. ზედმიწევნით ასე აკეთებდნენ და აკეთებენ დღემდე კათოლიკეები.

 

ანაბაპტისტებმა კი თქვეს: ეს არასწორია, ასე არ უნდა იყოს. თუ შენ ხარ ამ საზოგადოების წევრი, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრი ხარ. შენ უნდა გაიზარდო.  საკუთრივ, პირადად უნდა აირჩიო და ამ არჩევანის მიხედვით მოიქცე. ამიტომ ლუთერს არ უყვარდა ანაბაპტისტები, რადგან მათი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით იყოფოდა. ანაბაპტისტები მიიჩნევდნენ, რომ ყველაზე დიდი ზიანი ქრისტეს ეკლესიას მიაყენა კონსტანტინემ, როცა მე-3 საუკუნეში რომაელი იმპერატორი გახდა ქრისტიანი. როგორი დიადი დღესასწაულია, როგორი დიადი ცვლილებაა ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში, მხოლოდ ოცნება შეიძლება ამაზე. მსოფლიო იმპერიის მმართველი ქრისტიანია, რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?!  მაგრამ ანაბაპტისტები და ბიბლიის სხვა მკვლევრები ფიქრობენ, რომ როგორც კი ეკლესია სახელმწიფოს შეუერთდა, განწირულ იქნა ეკლესიის ინტერესები. რადგანაც ეს არ არის ერთი სამეფო, ეს ორი სამეფოა. ეკლესიის ინტერესები განწირულ იქნა.

 

ეკლესიის ერთ-ერთმა მამამ ძალიან ნათლად გამოხატა ეს აზრი: „ყოველ ჯერზე, როცა ეკლესია ‘იქორწინებს’ სახელმწიფოზე, ის იქნება უშვილო.“  იმიტომ, რომ ეს პრინციპულად ორი განსხვავებული საზოგადოებაა და არა ერთი. ამიტომ დღეს, როცა ვუყურებთ სიტუაციას, რომელშიც ვიმყოფებით… მესმის, რომ ადამიანებს ზოგიერთი ჩემი განცხადებაც კი აღიზიანებთ… ზოგიერთი მათგანი ამბობს: თქვენ შორს იჭერთ თავს ყველა სოციალური პროცესისგან, თქვენ უბრალოდ რელიგიურები ხართ, ჩაკეტილები თქვენსავე თავში; არ გსურთ, მხარი დაუჭიროთ იმას, რაც ხდება საზოგადოებაში; მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოებრივ პროცესებში…  მაგრამ როდესაც ვუყურებ ისტორიას, ისრაელისა და ეკლესიის მთელი ისტორია ვითარდებოდა ერთი მოსაწყენი სცენარით, რომელიც გამუდმებით მეორდებოდა. იცით, რა არის საქმის არსი? ღმერთი ყოველთვის ცდილობდა, თავისი ერი გამოეყო საზოგადოების გარემოცვიდან. წასაკითხადაც კი არაა საინტერესო – ყოველთვის, ისრაელის მთელი ისტორია, ყველაფერი, რასაც ვკითხულობთ ძველ აღთქმაში, არის ის, რომ მრავალჯერ და გამუდმებით ღმერთი იმეორებს: გამოდით ამ წარმართი ერების გარემოცვიდან; გაუშვით უცხოელი ცოლები; გაანადგურეთ მათი კერპები; ნუ შეერევით მათ; არ მიიღოთ მათი ტრადიციები… ერთი და იგივე 10-ჯერ. მაგრამ ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ ხდება. ებრაელ ხალხს სურს ცხოვრება მეზობლებთან, სურს მათი კულტურის მიღება. ჩვენ არ გვინდა – ველურები ვიყოთ; მათთან ურთიერთობის სურვილი გვაქვს; თუ რაიმე უკეთესი აქვთ, ვისესხოთ მათგან, მივბაძოთ; ცოლი მოვიყვანოთ, ცოლად შევრთოთ; ბიზნესი ვაწარმოოთ; ქალაქები ავაშენოთ. ამისკენ ისწრაფვის ყველა ადამიანი. ეს მარადიული პრობლემაა. როგორც კი ადამიანები უერთდებიან საზოგადოებას, ღვთის ერი ერწყმის მას და ერთ მთლიანად იქცევა. ცრემლები, ტირილი, დასჯა, და ამჯერადაც ყველაფერი ისევ იმავე მოსაწყენ წრეზე ბრუნავს.

გამოდით, გამოეყავით და მაშინ მიგიღებთ. როდის ვისწავლით, როდის გავიგებთ, რომ ღმერთმა ამოარჩია თავისთვის წმინდა.  ეს რჯულია.  დაე, ეს ჩვენი სულის ღრმა და მტკიცე საფუძველი გახდეს.  შეიძლება რთულია ამის მიღება, ჩვენ გვინდა – მეგობრულები ვიყოთ, მაგრამ როგორც კი ვუახლოვდებით  მათ, ვმარცხდებით. გახსოვთ, მეფე ახაშვეროშის დროს? რა უთხრა ჰამანმა ახაშვეროშს?  127 სამთავრო იყო ამ დიადი მონარქის ძალაუფლების ქვეშ, უამრავი ერი, ეს იყო მსოფლიო იმპერია. რა უთხრა ჰამანმა ახაშვეროშს:  იცი, – ეუბნება, – შენი სამეფოს მრავალ ერს შორის, სადაც ადამიანები ერთმანეთში არიან შერეულები, არის ერთი ერი, რომელმაც როგორღაც შეძლო აღრევის გარეშე, განცალკევებით ცხოვრება. მათ საკუთარი ღმერთი ჰყავთ,  თავიანთი კანონები აქვთ და ცხოვრობენ განცალკევებით. და ისინი არ შერეულან, როგორც წყალი და ზეთი, ისინი არ დაკავშირებიან სხვა ხალხს. თუმცა ცხოვრობენ ყველა ამ ერს შორის. როგორი ოსტატური ხელოვნება შეიმუშავეს ებრაელებმა: იცხოვრონ გაფანტულებმა, მაგრამ დარჩნენ ღვთის ერთიან ერად. ამიტომ გადამწყვეტ საკითხს არ წარმოადგენს ქვეყნიერებისგან იზოლაცია; არც ის, რომ წავიდეთ კელიაში ან მონასტერში. საკითხი ისაა, რომ გვემუქრება ასიმილაცია, ანუ გარემოცვასთან კეთილგანწყობა გამოიწვევს მათთან შერწყმას და აქ არის დაფარული ყველაზე დიდი საშიშროება.

 

როგორც ვთქვი, იმ დროს ადამიანებს სჯიდნენ იმიტომ, რომ ეკლესია ასრულებდა სახელმწიფოს ფუნქციას, ერეტიკოსებსაც დაწვით სჯიდნენ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შუასაუკუნეობრივი სისასტიკე. და ვფიქრობ, ადამიანებს უბრალოდ არ ესმოდათ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც არსებობს ეკლესიის წევრისთვის, ეკლესიისგან მოკვეთაა. მოციქულ პავლეს აზრით, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შეიძლება ემუქრებოდეს ადამიანს. რატომ? იმიტომ, რომ ეკლესია – ეს აღთქმის ხალხია. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა ქრისტესთან. თუ ადამიანი რაღაც მიზეზთა გამო კარგავს ამ ურთიერთობას ქრისტესთან, ის იკვეთება ეკლესიიდან.

 

დღეს როგორ ვაზროვნებთ ქრისტიანები? „არა უშავს, ამ ეკლესიაში თუ არ გამოვიდა რამე, სხვაგან წავალ, სხვა ეკლესიაში, გზის მეორე მხარეს, რა დიდი პრობლემა ეგაა?!“ პრობლემები სინამდვილეში დიდია, რადგანაც ქრისტეს ეკლესია ერთია და თუ შენ მოიკვეთე ამ ეკლესიიდან, სხვა ეკლესია არ არსებობს. ადამიანები, რომელთაც ეს კარგად ესმით, ეჭიდებიან ეკლესიას; მათ ესმით, რომ ქრისტე სხეულის მხსნელია; მათ ესმით, რომ ქრისტე მოვა ეკლესიისთვის. მაგრამ იმ დროს სხვაგვარად ესმოდათ; გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება იყო ერთი მთლიანი, იქ არ არსებობდა: ეკლესია და დანარჩენი ადამიანები. ყველა ერთად იყო. ამიტომ აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენი ნებისმიერი მსჯელობა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე.

 

თუ სახელმწიფოს ფუნქცია არის ის, რომ ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით შეაკავოს ყველა ეს ვნება და ბოროტება დედამიწაზე, მაშინ ეკლესიის ფუნქცია ქრისტეს გამოვლენაა;

ეკლესიის ფუნქციაა – მიუთითოს ხალხს გოლგოთის ჯვარზე;

ეკლესიის ფუნქციაა – აჩვენოს მაგალითი, თუ როგორ მოიქცეოდა ქრისტე;

ეკლესიის ფუნქციაა – გააცნოს ხალხს იესო. ეს დიადი სამსახურია. გარდა ბევრი სხვა რამისა, რასაც აკეთებს ეკლესია, მისი მთავარი მისია, რის გაკეთებასაც დედამიწაზე სხვა ვერავინ შეძლებს, არის ქრისტეს გამოვლენა, ღვთის სიყვარულის, პატიების, მოწყალების გამოვლინება, ეს სხვას არავის შეუძლია.

ეკლესია ადამიანთა ერთადერთი ჯგუფია დედამიწაზე, რომელიც ფლობს თავად ღმერთის მიერ მიცემულ შესაძლებლობას, რომ ყოველივე ზემოთქმული მოიმოქმედოს. ამიტომ, ეკლესიას ნამდვილად შეუძლია საზოგადოების გარდაქმნა; მას შეუძლია, ადამიანებში აღადგინოს ღმერთისადმი სწრაფვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს რომ ესმოდეს ეს, ის სათანადოდ დააფასებდა ეკლესიას.

 

ახლა მეორე ნაწილი მოკლედ, საკუთარი თავის დაცვის უფლებაზე, საკუთარი თავის დაცვის აუცილებლობაზე საშიშროების დროს. აგრეთვე ღვთის აღთქმაზე, რომ ის დაგვიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარია, რომელსაც მოკლედ მოგიყვებით.  მოყოლილი მაქვს თქვენთან, რომ ერთხელ ვიყავი ევროპაში, რამდენიმე წლის წინ. ცხელი დღე იყო. ქუჩაზე მივდიოდი; მარცხნივ და მარჯვნივ მრავალსართულიანი შენობებია, და უეცრად, სადღაც იქ, სახურავზე, ალბათ ბუდე იყო და იქიდან ბარტყი გადმოვარდა. ის დავარდა პირდაპირ ჩემი ფეხების წინ ტროტუარზე, მოკვდა. იქ რამდენიმე ადამიანი იყო, გამვლელი. ჩვენ გავჩერდით: ოი, რა სამწუხაროა, ჯერ არ უცხოვრია, არ უფრენია და მე, როგორც მორწმუნე ადამიანს, თითქოს ასეთმა აზრებმა გამიელვა: უფალო, ასე როგორ?! ასეთი იშვიათი მომენტები, სულიერი თვალსაზრისით, რთულია მათი ახსნა, ზოგჯერ შეუძლებელიც კი, მაგრამ ღვთის სულის ასეთმა ნათელმა და გასაგებმა ხმამ დაილაპარაკა ჩემს გულში: მათეს სახარების მე-10 თავის 29-ე მუხლი:  „განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც კი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.“

 

ვიდექი და ვფიქრობდი, ხმამაღლა ვეკითხებოდი ღმერთს: „უფალო, ეს უბრალოდ არის ნათქვამი?! ალეგორიულად, სასხვათაშორისოდ წერია, თუ სერიოზულად გულისხმობ, რომ არც ერთი ჩიტი, არც ერთი ბარტყი, ამის ჩათვლით, არ დავარდება მიწაზე შენი ცოდნის გარეშე, შენი ნებართვის, შენი ნების გარეშე?..  ღმერთო, შენ უბრალოდ ხუმრობ, უბრალოდ სიტყვებს ისვრი, თუ სერიოზულად გულისხმობ ამას?!“  მალევე, ქრისტე შემდგომ აგრძელებს და ამბობს: „ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ არის დათვლილი.“  ისევ კითხვა მაქვს: „ეს უბრალოდ არის ნათქვამი, სხვათა შორის, თუ სერიოზულად პასუხისმგებელი ხარ ამ სიტყვებზე?!  შენ მართლა იცი, რამდენი თმაა თავზე?!“  მესმის, რომ კითხვები რიტორიკულია, შეიძლებოდა მათი უპასუხოდ დატოვება, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია.  ვიდექი, დავყურებდი ამ ბარტყს ზემოდან და ვფიქრობდი: „საოცარია, ღმერთმა იცის, რომ ეს ბარტყი ჩამოვარდა; ეს არ მომხდარა მისი ცოდნის გარეშე, მეტიც, ეს მისი ნებით მოხდა.“ და შემდეგ ქრისტე ამთავრებს ამ აზრს კონკრეტული შეჯამებით: „მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.“

 

იწყებ ფიქრს და გაოცებას, გაკვირვებას:  „უფალო, შენ მასზე ფიქრობ, რამდენად მეტს იფიქრებ ჩემზე?!“  მაგრამ როცა უფალი ამბობს: „ნუ შიშობთ“, ეს არ გულისხმობს იმას, რომ შენ არასდროს დაეცემი, არასდროს გექნება პრობლემა… ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც გექნება სხვადასხვა პრობლემა, ისინი ღმერთის ნებით იქნება დაშვებული და არაფერი მოხდება შენს ცხოვრებაში ისეთი, რომ ღმერთმა არ იცოდეს იგი. ამიტომ იესო ამბობს, ნუ შიშობთ, თუ თქვენს თავს რაიმე ხდება, მე ეს ვიცი.

 

შეხედეთ, რა წერია გამოცხადების წიგნის მე-13 თავში: „ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობას; ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება: ესაა წმინდათა მოთმინება და რწმენა.“  შევჩერდეთ, აქაა წმინდათა რწმენა – რას გულისხმობს წმინდათა რწმენა? იმას, რომ თუ სიკვდილი გიწერია, მოკვდები, და შენი რწმენა არ ნიშნავს შენ მიერ იმის შეცვლას, რაც უნდა მოხდეს, ან რაც დაწერილია შენს ბედზე, და ვიცით იგი ღმერთის მიერ არის დაწერილი; შენი რწმენა იმის მიღებაა, რაც ღმერთის მიერ არის განსაზღვრული შენთვის. ესაა შენი რწმენა. „ესაა წმინდათა მოთმინება და რწმენა.“ გესმით ხომ? ხომ გესმით, „ესაა წმინდათა მოთმინება და რწმენა.“

 

ასეა განსაზღვრული?  ესე იგი, ასეც იქნება. ვფიქრობ, ზოგჯერ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვიღებთ იმის იმედით, რომ შეგვიძლია რაიმეს ცვლილება, რაღაც შეგვიძლია. არაერთხელ მითქვამს, არჩევანი არც ისე დიდი მაქვს, ჩავიცვა ეს პერანგი თუ სხვა, ერთობ შეზღუდული არჩევანია… შემდგომ ვკითხულობთ… რამდენიმე კვირის წინ ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჰეროდემ შეიპყრო იაკობი და ხმლით მოკლა იგი. შემდეგ პეტრე შეიპყრო და სურდა, პასექის დღესასწაულზე იგივე გაეკეთებინა მისთვისაც, მაგრამ მოევლინა ანგელოზი საკანში და ზებუნებრივად გაათავისუფლა იგი. ერთს უწერია – მოკლან, ხოლო მეორეს – რომ გახდეს სასწაულის მოწმე. გარკვეული დროის შემდეგ პეტრეც სიკვდილით დასაჯეს.

მოდით, გავხსნათ ჩვენი სულები სახარების, მოციქულთა და იესო ქრისტეს სწავლების მისაღებად. შესანიშნავ ტექსტს ვკითხულობთ ბიბლიაში, ფსალმუნი 126-ე, 1-ლი მუხლი: „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები.“  ვუყურებ ზოგიერთ ოჯახს და ვფიქრობ: მისი მამა ეპისკოპოსია, მისი მამაც ასევე ეპისკოპოსია და ბაბუაც ეპისკოპოსი; ხელდასხმით ლოცულობენ, დადებითად დაუბრობენ მათზე საუკეთესო ძმები – საუკეთესო სულიერი სპეციალისტები;  ჯანმრთელები არიან, სასიამოვნო გარეგნობის, უამრავი ფული აქვთ, განათლებულები არიან, ბავშვობიდან მორწმუნეები, მაგრამ ოჯახი არ აქვთ მოწყობილი…   და თავმდაბლურად იაზრებ, რომ თუ უფალი არ შეკრავს ოჯახს, ამაოდ ცდილობს ყველა.  არ ვიცი, სხვისთვის როგორაა, მაგრამ ჩემთვის ეს ისეთი გაკვეთილია, რომ ხშირად ასეთი საუბრის ან ისტორიის მოსმენის შემდეგ, უბრალოდ ტახტიდან ჩამოვდივარ, მუხლებზე ვდგები და ვამბობ: „უფალო, როგორ ვარ შენზე დამოკიდებული, თუ შენ არ მოაწყობ ჩემს სახლს, რისი შეცვლა შემიძლია?!  ან ადამიანებს – ყველას ერთად აღებულს – რისი შეცვლა შეგვიძლია?!“  ამიტომ ბიბლია ამბობს, თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ ვცდილობთ, ამაოდ ვხარჯავთ დროს, ამაოდ ვარჩევთ სიტყვებს, ეს ყველაფერი ამაოდ ხდება. სიბრძნე იქიდან იწყება, რომ თავმდაბლურად იყრი მუხლს და ამბობ: „უფალო, ან შენ იქნები ჩემთან, ან საერთოდ არ მაქვს არაფრის შანსი.“ და შემდგომ ავტორი აგრძელებს: „თუ უფალი არ იცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.“

 

ძალიან ბევრს ხომ არ ვიღებთ ჩვენს თავზე?.. მე არ განვსჯი ადამიანებს, რომლებიც იარაღს იძენენ საკუთარი თავის დაცვის მიზნით რაიმე ექსტრემალურ სიტუაციაში. თითოეულს რწმენის თავისი საზომი აქვს, ყველა თავისებურად იქცევა. არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი ცალკეულ სიტუაციებში, და არც მინდა ახლა ამაზე ფიქრი. მივეჩვიე, რომ ვაგვარებ პრობლემას მაშინ, როდესაც წარმოიქმნება იგი. აი, რა არის საინტერესო, ვფიქრობ, რას ვაკეთებ იმისათვის, რომ დავიცვა ჩემი სახლი. არაფერს, საკეტით ჩავკეტე კარი, ვილოცე, წავედი დასაძინებლად… და რა შემიძლია გავაკეთო? რისი გაკეთება შემიძლია, როდესაც დღესდღეობით, თუ მოინდომებენ ადამიანები, გაძარცვავენ ძლიერად დაცულ ბანკებსაც კი;  როდესაც ადამიანებს შეუძლიათ – გაშიფრონ ურთულესი სიგნალიზაციის სისტემები, შეაღწიონ მსოფლიო მუზეუმებში და წაიღონ ბრილიანტები.  რისი გაკეთება შემიძლია?! არაფრის, გარდა იმისა, რომ ვთქვა: „უფალო, შენი ანგელოზები დაიბანაკებენ ჩემი სახლის ირგვლივ, საძინებლის ირგვლივ, სადაც სძინავთ ჩემს შვილებს, მშვიდად დავწვები და დავიძინებ, იმიტომ, რომ შენ მიცავ.“  ამიტომ ბევრს ხომ არ ვიღებთ საკუთარ თავზე?!..  ისევ არავის განვსჯი, თითოეულს რწმენის თავისი საზომი აქვს. უბრალოდ ვფიქრობ, თუ უფალი არ დაიცავს ჩემს სახლს, მას ვერავინ დაიცავს.

 

შემდგომ, ბოლო ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ბევრი ჩვენგანი პირდაპირ შეაბიჯებს ხოლმე პრობლემის ეპიცენტრში და როგორც დაწერილია, წინ მიდიან და ისჯებიან; გონიერი კი შორიდან ხედავს უბედურებას და თავს არიდებს მას. რამდენჯერ ყოფილა, ასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია, რომ ადამიანს, რომელიც პატივს სცემს ღმერთს, ღმერთი შორიდან აძლევს გაგებას ინტუიციურად: არ წახვიდე იქ, არ ჩაერიო, არ გაერიო, თავი შორს დაიჭირე, დაუთმე, ნუ ჩაერევი.  დაუთმე, იმიტომ, რომ არდათმობა ძვირი დაგიჯდება. მაგრამ სხვები ძალიან „მებრძოლები“ არიან; მათ „ძალიან უყვართ“ სამართლიანობა, მიდიან წინ და ისჯებიან.  რატომ თქვა ქრისტემ, თუ ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, მას არ უთქვამს: შეიარაღდით, დაიცავით ეს ქალაქი… რატომ თქვა მან, გაიქეცით მეორე ქალაქშიო?.. მიჩნდება კითხვა, და რამდენ ხანს მოგვიწევს სირბილი?..  წაიკითხეთ ქრისტეს სიტყვები: „ვერ მოასწრებთ ყველა ქალაქის  მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა.“

 

ამრიგად, თითქოს ისეთი განცდა მაქვს… მინდა, ჩავწვდე ქრისტეს აზრს ამის შესახებ, რომელიც ამბობს: მოიშორეთ დაძაბულობა, დაუთმეთ;  თუნდაც რაიმეს კარგავდეთ, მაინც დაუთმეთ. საუბარი არ არის თქვენს რწმენაზე, საუბარია რაღაც ქონებაზე; შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს თქვენს რეპუტაციასაც, მაგრამ დათმეთ, თავი აარიდეთ კონფლიქტურ სიტუაციას.

 

იცით, როგორ იჭერენ მაიმუნებს?! ადრე ვკითხულობდი ამის შესახებ; თავდაპირველად არც მჯეროდა, რომ ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო.  სანამ ქადაგებისთვის მოვემზადებოდი, ინტერნეტში შევედი და გადავამოწმე. თქვენც შეგიძლიათ შეამოწმოთ, ეს სიმართლეა, სწორი ინფორმაციაა მაიმუნების შესახებ. მონადირეები იღებენ თიხის უბრალო ქოთნებს, მარხავენ მიწაში და მჭიდროდ მოასწორებენ ხოლმე მიწას. ზედაპირზე რჩება მხოლოდ ამ თიხის ქოთნის ვიწრო ყელი; ყრიან შიგნით თხილს; მაიმუნი მოდის თხილის სუნზე, პოულობს ამ ხვრელს, ყოფს თათს ყელის მეშვეობით; იგროვებს, რასაკვირველია, რაც შეიძლება მეტ თხილს და თათის ამოღება აღარ შეუძლია. იწყებს ყვირილს, ღრიალს, იღლება. ერთი საათი, ორი, სამი… ის იბრძვის, რათა როგორმე ამოიღოს მუშტი, თხილით სავსე მუჭა და არ შეუძლია. ის უბრალოდ ელოდება მონადირეს, რომელიც მოდის და აგროვებს ამ მაიმუნებს. ისინი კი პირდაპირ სხედან და ელოდებიან მას.

ვუყურებდი და ვფიქრობდი, ადამიანებიც როგორ ჰგვანან მაიმუნებს, ამ საკითხში დარვინი მართალია. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია – გავუშვათ ზოგიერთი რამ. და მაიმუნი ფიქრობს, ის ხომ კარგავს თავისუფლებას? ფაქტობრივად, ცხოვრებას კარგავს; მას ახლა წაგიყვანენ. ხომ უმჯობესი იქნება, რომ დაყაროს ეს თხილი? მაგრამ არ შეუძლია, არ შეუძლია და მორჩა. წარმოგიდგენიათ? არ შეუძლია! უყურებ და ხედავ, რომ არ შეუძლია. ღრიალებს,  ყვირის არანორმალური ხმით, მაგრამ დაყრით არ დაყრის.

 

ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენად ბევრია ასეთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია – უარი თქვას რაღაცებზე. რატომ წერდნენ ქრისტე და მოციქულები, ადრეული ეკლესიის წარმომადგენლები, სიმდიდრის დატაცების შესახებ, როდესაც სიხარულით იღებდნენ ისინი ამას? იმიტომ, რომ მათ იცოდნენ – ზეცაში ელოდათ ჯილდო,  და ფიქრობ, ნუთუ ქრისტე ასე გვასწავლის… მაგალითად, პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ 1-ლი წერილის მე-6 თავში წერს: „როგორ ბედავს რომელიმე თქვენგანი, თავისიანთან დავა რომ აქვს, სამართლის ძიებას უსამართლოებთან და არაწმინდებთან?!“  მიდიხართ ქვეყნიერ ადამიანებთან და ისინი  განგიკითხავენ. არ გვაქვს დრო, სწრაფად ვისაუბრებ ჩემი სიტყვებით. მიდიხართ ქვეყნიურ სამსჯავროზე და აღწევთ სამართლიანობას, და პავლე არანაირად არ არის სამართლიანობის წინააღმდეგი, ის სამართლიანობის მომხრეა, პრობლემა სხვა რამ არის: რომ ყოველი მხარე თავს მიიჩნევს მართლად და ადამიანები ესწრაფვიან იმ სამართლიანობას; ისინი მეტს უხდიან ადვოკატებს და ნერვულ სისტემას ინადგურებენ. როცა უყურებ, რომ მოიგე, საბოლოოდ ხვდები, რომ გაცილებით მეტი წააგე. დრო დაკარგე, გულში მშვიდობა დაკარგე, უამრავი ფული დაკარგე. რა მოიგე?! პავლე ამთავრებს და უყურეთ, როგორ წერს ის, ახალი რუსული თარგმანი, სიტყვა სიტყვით ვკითხულობ: „რა სირცხვილია! უბრალოდ ის ფაქტიც კი, რომ ერთმანეთს უჩივით სასამართლოში, უკვე მიუთითებს თქვენს დიდად დამარცხებაზე. უკეთესი არაა დაზარალებულად დარჩენა?!..“

პავლე, პავლე, სერიოზულად ამბობ?! პავლე, სერიოზულად ამბობ ამას?! მე ხომ ძალიან მაწყენინეს?  ეს ყველაფერია, რისი შემოთავაზებაც შეგიძლია?!  პავლე ამბობს: „როგორც ჩანს კი, როგორც ჩანს, ეს უკეთესია. მაგრამ ამის ნაცვლად თქვენ სხვებს ჩაგრავთ. როგორც გინდათ, ისე ქენით, როგორც გინდათ!“  ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ერთ ქალაქში, ჩვენ ყველა ერთსა და იმავე გზაჯვარედინს ვკვეთთ და ვაწყდებით ანალოგიურ პრობლემებს. მაგრამ აი, პავლეს სწავლება, მე გირჩევთ თქვენ, რომ  „დარჩეთ დაზარალებული.“ ეს არ არის სისუსტის ნიშანი. ეს სიძლიერის ნიშანია. სუსტი ადამიანი არ დათმობს, სუსტი იბრძოლებს სიკვდილამდე.

 

გახსოვთ, როცა აბესალომი თავს დაესხა იერუსალიმს, ერთნაირად მოაზროვნე ადამიანების მცირე რაოდენობით, თუნდაც ასეულობით, თუნდაც ორი, თუნდაც 1000 ან  5 000 ადამიანით, მაგრამ ეს ხომ სასაცილოა დავითის შესაძლებლობებთან შედარებით?! დავითი კანონიერი მეფეა, ის ღმერთის ცხებულია, მას აქვს კოლოსალური საომარი გამოცდილება. მთელი ჯარი დავითის მხარესაა. იგი ციხესიმაგრეში იმყოფება. რატომ ტოვებს დავითი ყველაფერს და ფეხშიშველა მიდის ქალაქიდან?  მშიშარაა? არა, ის ძლიერი ადამიანია, და ხვდება, რომ კონფლიქტი, რომელიც ახლა წარმოიშვა დავითსა და აბესალომს შორის, გადაინაცვლებს მთელ ქალაქზე და ხალხის ერთი ნაწილი დავითის მხარეს იქნება, ხოლო მეორე ნაწილი – აბესალომის მხარეს. გადაწვავენ ქალაქს, დახოცავენ ერთმანეთს, ომი გაგრძელდება წლები, ათწლეულები.

 

ამიტომ, დავითი ლოცვით მიდის ღმერთთან: „უფალო, თუ შენ გსურს, დამაბრუნებ ტახტზე.“  ეს არ არის სისუსტის ნიშანი, ეს სიძლიერის ნიშანია. ეს რწმენის ნიშანია, ეს ღმერთისადმი ნდობის ნიშანია.  მაშინაც, როდესაც ძალაც შენს მხარესაა, სიმართლეც და შესაძლებლობებიც შენს მხარესაა, ეს სიძლიერის ნიშანია. დავითი ხალხს უფრთხილდება. როცა იყოფა ეკლესიები ასეთი პრინციპით, როცა იყოფა სახელმწიფოები ასეთი პრინციპით, ეს არ არის სიძლიერის ნიშანი, ეს არის სისუსტის ნიშანი.  ამიტომ პავლე რჩევას იძლევა: დანებდით, თავიდან აირიდეთ კონფლიქტები.  ნუ მოიქცევით ამ მაიმუნების მსგავსად.

 

მათეს სახარების მე-5 თავის მე-40 მუხლში ქრისტე ამბობს: „და თუ ვინმეს სურს, გიჩივლოს და წაგართვას პერანგი, ესე იგი, მას სწამს, რომ დავას მოიგებს, ამიტომ მიჰყავხარ სასამართლოში; უნდა, რომ გიჩივლოს. კარგი, დავუშვათ, მან წაგიყვანა სასამართლოში და დაამტკიცა, რომ პერანგი ნამდვილად არ არის შენი, არამედ მისია. და შენ სამართლიანად აძლევ მას პერანგს. საკითხი დაიხურა, ვაღიარებთ, რომ მან გაიმარჯვა. მაგრამ ქრისტე ამბობს: „მოსასხამიც მიეცი მას.“  მაგრამ ეს რაღა შუაშია?! ეს საერთოდ არ არის ჩვენი დავის საგანი. მას საერთოდ არ აქვს პრეტენზია ჩემს მოსასხამზე. რა უცნაური სწავლებაა. კარგი, დაამტკიცა, რომ პერანგი მისია და არა ჩემი, მორჩა, ვეთანხმები. მაგრამ აქ რა შუაშია მოსასხამი?!  არ ვიცი, მეგობრებო. ეს იესო ქრისტეს სწავლებაა. მგონია, რომ მთავარი იდეა აქ არის ერთი:

ხალხო, გაექეცით დაძაბულობას.

ნუ აღაგზნებთ ყოფიერების ბორბალს.

ხალხო, იცხოვრეთ უფრო მარტივად.

იცხოვრეთ ერთი დღით, ნუ ფლანგავთ თქვენს ცხოვრებას უაზრობაზე.

აირიდეთ ყოველგვარი კონფლიქტი.

 

ადამიანები შეიარაღდებიან მაშინ, როდესაც რაიმე საფრთხე ემუქრება მათ რეპუტაციას, როცა მათ სასამართლოში ედავებიან, რაიმე უძრავ ქონებაზე, რაღაც საკუთრებაზე… შეხედეთ, რას ამბობს შემდგომ ქრისტე: „ანდა თუ ვინმე გაიძულებს, ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.“  მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორ უსმენდნენ ამ ქადაგებას იესოს თანამედროვეები, რომლებსაც სძულდათ ეს დამპყრობელი რომაელები. ასეთი რამ კი ხშირად ხდებოდა; როდესაც რომაელს სჭირდებოდა რაიმე სიმძიმეს წაღება, უბრალოდ ეძახდა ვინმეს: „მოდი აქ, კი, კი, შენ მოდი აქ. აიღებ ამ ტომარას ახლა და მოდიხარ ჩემთან ერთად!“  ეს დამამცირებელია. შინაგანში სიბრაზე  გიგროვდება. შენ მე არც კი მკითხე, მე ამისთვის არაფერს მიხდიან, თავს ვგრძნობ დამცირებულად და განადგურებულად! ქრისტე, მხარი დამიჭირე… ის კი ამბობს: „ორ მილზე გაჰყევი მას.“

 

ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ რეაგირებენ ადამიანები ასე მძვინვარედ ჩემს ზოგიერთ განცხადებაზე? მაგრამ მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორ რეაგირებდნენ ისინი ქრისტეს განცხადებებზე…

 

ბოლო ტექსტი ლოცვის წინ, 1-ლი კორ. 7-ის 29: „აი, რას გეტყვით, ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი.“ ეს რა არის? რას ნიშნავს ეს? როგორც ჩანს, ადამიანს, რომელსაც ჰყავს ცოლი, შვილები, სხვაგვარი აზროვნება აქვს, ვიდრე უცოლო ადამიანს. ხშირად დამნაშავეები ტყუილად არ აშანტაჟებენ ადამიანს შვილებით ან ცოლით, ან კიდევ ტყვეებად აჰყავთ ისინი, და მაშინ გასაჭირში ხარ. ეს შენი ყველაზე დაუცველი ადგილია. შენ გააკეთებ ყველაფერს, რასაც ჩვენ გეტყვით.

 

დაახლოებით, 2-3 თვის წინ ერთ ადამიანთან ვსაუბრობდი საკრამენტოში. მან მე გამაოცა. თითქოს უკვე ბევრი რამ მსმენია, ამ ადამიანსაც უკვე 15 წელია, ვიცნობ. მაგრამ ის ამბობს: იმდენად მიყვარს ჩემი ოჯახი, იმდენად მიყვარს ჩემი ცოლი და შვილები, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის, ოღონდ უზრუნველვყო მათი უსაფრთხოება. ვეკითხები: როცა ამბობ „ყველაფრისთვის“, რას გულისხმობ? ის პასუხს მცემს: „ყველაფრისთვის.“   „მაგრამ ხომ არსებობს მორალური საზღვრები, რომელთა დარღვევის უფლებასაც ვერ მისცემ თავს, თუნდაც ეს საფრთხეს უქმნიდეს შენი ოჯახის უსაფრთხოებას?“ ის ამბობს: „არა, ასეთი საზღვრები არ არსებობს.“  ვეკითხები: „კარგი, მაგრამ თუ საჭირო იქნება ქრისტეს უარყოფა?!“ ის ამბობს: „უარვყოფ.“  ვეუბნები:  „მინდა დავაზუსტო, გულისხმობ, რომ ოჯახის უსაფრთხოებისთვის მზად ხარ, უარყო რწმენა და დაკარგო გადარჩენა?“  ის ამბობს: „ქრისტე გამიგებს, მე მზად ვარ ამისთვის.“

 

ამიტომ პავლე გვეუბნება, ნებისმიერი ჩვენი მტკივნეული, ყველაზე დაუცველი ადგილის შესახებ მტერმაც კარგად იცის და ეს გარკვეული შინაგანი განწყობაა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხოვრებისადმი; იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რისი გავლა მოგვიწევს, ქრისტე ხომ ამაოდ არ ამბობდა, ვისაც მეტად ეყვარება სახლი, მიწა, ცოლი, ვიდრე მე, ის არ არის ჩემი ღირსი. ის გამოიცდება.

მეგობრებო, ეს სერიოზული საუბარია. მოდით, შევეშვათ ეკლესიაში ყველაფერზე საუბარს; მოდით, ვისაუბროთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი რწმენა ნებისმიერ შემთხვევაში დაექვემდებარება გამოცდას. შემდეგ ქრისტე ამბობს: „თვალცრემლიანნი იყავით, როგორც უცრემლონი;“  და რატომ ტირი? სერიოზულად, რატომ ტირი, უკვე მეორე კვირაა?!  დავკარგე, ფული ჩავდე, ან კიდევ სხვა რამ. სერიოზულად?! როცა მარადისობაში იქნები და ჩამოიხედავ ქვემოთ, გაგეღიმება. რაც იყო, ის აღარ არის; წავიდა, გავიარეთ; ცოცხალი ხარ, სუნთქავ; იხარე!

 

ერთხელ მოგიყვანეთ მაგალითი, ვაკვირდებოდი ერთ თერაპევტს, რომელიც მუშაობდა ბიჭთან ცერებრალური დამბლით;  ვაკვირდებოდი „ფეისბუკზე“  მის გვერდს;  ეს ქალი ყოველდღე აქვეყნებდა რაღაცას;  უზიარებდა სხვებს საკუთარ მიღწევებს, ანუ რისი მიღწევა შეძლო მან ამ მოზარდთან.  მორიგ დღეს გავხსენი მისი გვერდი და ვხედავ, ამ ბიჭის დაბადების დღეა და ეს ქალი, თერაპევტი ამბობს: ჩვენ დღეს დიდი მიღწევა გვაქვს;  შეხედეთ, რისი გაკეთება შევძელით, და ეს ბიჭი როგორ უბერავს სულს ამ სანთელს; სანთელი კი ერთია, ბიჭი მრავალჯერ ცდილობს, მთლიანად ოფლშია, მას არ გამოსდის, მაგრამ უეცრად ის აქრობს ამ სანთელს. რამხელა სიხარულია! ვიჯექი და უბრალოდ ვტიროდი, ვამბობდი: უფალო, შენთვის არასდროს გადამიხდია მადლობა იმისთვის, რომ შემიძლია სანთლის ჩაქრობა. მე არც კი მიფიქრია, რომ ასეთი რამისთვის ღმერთს მადლობა შეიძლება გადაუხადო.

 

ყველაფერი ერთმანეთთან შედარებით შეიცნობა. ხედავ, რომ იმდენი უკამყოფილო ადამიანია ირგვლივ და იწყებ ღმერთის გულისტკივილის გაგებას, თუ როგორი უმადურები ვართ. ყველაფერი შედარებით შეიცნობა. ქრისტე ამბობს: „თვალცრემლიანნი იყავით, როგორც უცრემლონი, მოხარულნი – როგორც გაუხარელნი და მქონენი – როგორც არაფრის მქონენი. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი – როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი.“ ერთ რუსულ თარგმანში წერია: „ვინც სარგებლობენ ამ ქვეყნის სიკეთით, უნდა იყვნენ იმათ მსგავსად, რომლებიც ვერ სარგებლობენ ვერაფრით, რადგანაც ეს საწუთრო მალე გაქრება.“ მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, გამოგიტყდებით, რომ ზოგიერთებისთვის ეს არასასიამოვნო სიახლეა, გული შფოთვით ცემს, რომ სამყარო გაქრება. არ ვისურვებდით, წრფელად რომ ვთქვათ, განა მართალი არ ვარ?! არ ვისურვებდით, არა, ჩვენი თაობის დროს, ჩემს დროს არა, ახლა არა. განა მართალი არ ვარ? დიახ, არ ვისურვებდით. როცა ყველაფერი კარგადაა… დამავიწყდა გვარი ერთი ცნობილი საბჭოთა ათეისტის, რომელიც გამოდიოდა სიტყვით კომუნისტური პარტიის მორიგ სხდომაზე, სადაც ანგარიშს აბარებდა რელიგიურ ორგანიზაციებთან ბრძოლის შესახებ, და მან თქვა ასეთი რამ: „ყველაზე საშიში ადამიანები ჩვენს სახელმწიფოში არიან მორწმუნეები. ჩვენ მათთან ერთად ვერაფერს გავაკეთებთ, ჩვენ მათთან ერთად ვერ ავაშენებთ სამოთხეს დედამიწაზე, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მათ არ სწამთ დედამიწაზე სამოთხის არსებობის. მათ სწამთ სამოთხის ზეცაში არსებობის.“  ის მართალია. მორწმუნე ადამიანებს უბრალოდ არ სწამთ, რომ დედამიწაზე იქნება სამოთხე. ამიტომ მათი ყველა ინვესტიცია, მათი ყველა ფიქრი, ყველა ოცნება, მათი განწყობა დაკავშირებულია ზეცასთან.

 

ახლა შენ თვითონ იფიქრე, ხარ მორწმუნე თუ არ ხარ. უბრალოდ თავად იფიქრე. რამდენად ძლიერად ხარ მიჯაჭვული, რამდენად ჰგავხარ იმ მაიმუნს, რომელსაც არ შეუძლია –  ხელი გაუშვას თავის თხილს. აი, ჩვენც ვფიქრობთ, მაგრამ როცა ამ ყველაფერს შევაჯამებთ, როცა ამ ყველაფერს ვუყურებთ,  ვსვამ შეკითხვას: რისთვის იბრძოდნენ პროტესტანტები მე-16 საუკუნეში, მაგალითად, იან ჰუსის მიმდევრები, რომელთაც ჰყავდათ ერთ-ერთი წინამძღოლი – იან ჟიჟკა, ჰუსიტური მოძრაობის მოღვაწე. მათ თქვეს: „ამ ადამიანებმა მოკლეს ჩვენი ჰუსი, ჩვენ ამას არ ვაპატიებთ; დღეს მათ მოკლეს იან ჰუსი, ხვალ ჩვენც დაგვხოცავენ.“

უკვე რამდენჯერმე ჩავედი ამ კატაკომბებში, სადაც ისინი 10 წელზე მეტხანს  ცხოვრობდნენ, პრაღის მთელი შემოგარენი ალყაში იყო. ათასობით ადამიანი დაიღუპა. რისთვის იბრძოდა ეს ხალხი?!  თუნდაც ულრიხ ცვინგლი, შესანიშნავი მოაზროვნე, როგორ უაზროდ გაწირა საკუთარი სიცოცხლე. რის გამო?!

მიმაჩნია, რომ ეკლესიას აქვს თავისი მისია. უფალი იმედს ამყარებს ეკლესიაზე. ღმერთს არ ჰყავს სხვა ადამიანები ჩვენ გარდა, რათა ჩვენი მეშვეობით ნამდვილად შეცვალოს ეს საზოგადოება უკეთესობისკენ; რათა გამოვავლინოთ საკუთარი ხასიათი, საკუთარი ბუნება, რომ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა შეწყალების, პატიების, აგრეთვე დაძაბულობისგან, კონფლიქტისგან თავის არიდების, დათმობის, ეს ძალიან ძლიერი მაგალითია.

 

მსაყვედურობენ და მეუბნებიან:  „სადღაა სახელმწიფოზე გავლენა და რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ქმედებაზე?!“ რას ნიშნავს ეს?!  მე არ შემიძლია, თქვენზე ვიყო პასუხისმგებელი, მე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ იმაზე, რასაც თავად წარმოვადგენ. მე ჩემს სრულწლოვან ვაჟზეც კი არ შემიძლია გავლენის მოხდენა და სრული პასუხისმგებლობის აღება მის გამო. მას ეს თავად შეუძლია. მე შემიძლია ვწუხდე, შემიძლია ვტიროდე, შემიძლია დავარიგო, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია. ამიტომ ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელნი საკუთარ თავზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ვაგებთ პასუხს ღვთის წინაშე.

ძალიან ბევრს ხომ არ ვიღებთ ჩვენს თავებზე?.. ამიტომ ვფიქრობ, და შემაჯამებელი აზრია, რომ ჩვენ გარდავქმნით სამყაროს ჩვენივე პატარა სამყაროს, საკუთარი პატარა გარემოცვის ცვლილებით. უპირველესად ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს ოჯახში… რას ხედავენ ისინი ჩვენში?! რას ხედავენ ისინი ჩვენში?! ისინი ყველაფერს „ყლაპავენ“, ისინი ჩვენი ყველა ქცევის ასლს იღებენ, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, და ამიტომ ჩვენ, საკუთარი გარემოდან დაწყებული, ვცვლით სამყაროს. ეს არის ღვთის ჩანაფიქრი.

მახსოვს ერთხელ, ერთი ქალის საწოლთან ვიდექი, ის კვდებოდა. ის უკვე 80 წლამდე იყო მიღწეული. როგორი ღვთისმოსავი ქალი იყო. როგორი მძიმე ბედი ჰქონდა მას, ომის შემდგომი პერიოდი იდგა; მან დაკარგა ქმარი, თვითონ გაზარდა შვილები და ის ჰყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ. ჩუმად ვიყავი, ვიჯექი, ვუსმენდი და ვფიქრობდი: „არ მესმის, ამ ქალს არავინ იცნობს, არავინ, რამდენიმე ნათესავის გარდა, რომლებიც მას უვლიან. მე ბევრი ადამიანი მიცნობს, მაგრამ მისი რწმენის გმირობასთან შედარებით, ჩემს ცხოვრებას გმირობას ვერ დავარქმევ.“  მანქანაში ჩავჯექი, მივდივარ და გულში ღმერთს ვესაუბრები: „უფალო, არ მესმის, ვერ ვხვდები, დამეხმარე, რადგან არ მესმის… როგორი ჯილდო ელოდება მას, რომ ვიმსჯელოთ, როგორი ერთგული იყო შენი, მეტად არასდროს დაოჯახებულა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი ერთგული იყო თავისი პრინციპების, და მე არ შემიძლია გავიგო, როგორ დააჯილდოებ ადამიანებს.“

 

და ღვთის სულმა დაიწყო ჩემთან საუბარი: „გავლენა, რომელიც მოახდინა ამ ქალმა, თუნდაც შენზე, როცა იჯექი, უზარმაზარია. კი, შენ, ასე ვთქვათ, ხმა ხარ, რომელსაც შეგიძლია საუბარი, მაგრამ შენ ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იმყოფები. მისი გმირობა, მისი პირადი მაგალითი, მისი ცხოვრებისეული მოწმობა გავლენას ახდენს შენზე. შენ იცვლები, როდესაც შენს გარემოცვაში ასეთ ადამიანებს ხედავ. ამიტომ ეს მისი ჯილდოა. თუნდაც იმის გამო, რაც ახლა მოხდა შენს გულში, ის ამისთვის დაჯილდოებული იქნება.“  ამიტომ, ძვირფასო მამებო და დედებო, ჩვენ გვგონია, რომ უბრალო ადამიანები ვართ, ბევრისთვის უცნობნი,  ვსხედვართ სახლში, ურთიერთობა გვაქვს შვილებთან… მაგრამ თქვენი ჯილდო დიდია, თუ თქვენს შვილებში დებთ ინვესტიციას, თუ თქვენში ვლინდება იესო ქრისტეს ხატება, თუ თქვენ აღზრდით ღვთის სამეფოსთვის ღირსეულ ვაჟებსა და ქალიშვილებს, თქვენი ჯილდო დიდი იქნება. მართლაც. ღმერთი სხვაგვარად დაარიგებს გვირგვინებს; ადამიანები, რომლებიც დიდ სცენაზე დგანან, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს.

 

მოგიწოდებთ, რომ ფეხზე წამოდგეთ. როცა ვსაუბრობთ ყველა ამ საკითხზე – ძალაზე, საფრთხეებზე, ღვთის აღთქმებზე, იმის შესახებ, რომ უფალი დაგვიცავს, დაგვიფარავს – ვხვდებით, რომ ღმერთი დაიბანაკებს თავის მოშიშებთან. ვხვდებით, რომ მან უბრძანა თავის ანგელოზებს და შენ ქვასაც არ წამოჰკრავ ფეხს, ისინი ხელში აგიტაცებენ. მაგრამ თუ გიწერია მახვილის ქვეშ გავლა, გაივლი კიდეც მახვილის ქვეშ. თუკი ტყვედ წასვლა გიწერია, წახვალ ტყვედ. აქ საჭიროა რწმენა. ჩვენ ყოველთვის ვერ შევძლებთ საკუთარი თავის დაცვას. და ჩვენი შვილების დაცვასაც ვერ შევძლებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან, უბრალოდ ჩემი ადამიანური თხოვნაა: თუკი აქედან გიჭირთ რაიმეს მიღება ლოგიკური მსჯელობის დონეზე, წარმომიდგენია, როგორ უცნაურად ჟღერს, წარმომიდგენია, რა საშინლად გამოიყურება, მაგრამ არ იჩქაროთ მისი უარყოფა. სცადეთ მისი მიღება რწმენის დონეზე, სულის დონეზე, უბრალოდ სცადეთ, სახლში მთელი სერიოზულობით აიღოთ ბიბლია და გადაფურცლოთ. არ იჩქაროთ მისი უარყოფა. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის გონებით გაგება, მაგრამ სულით შეგვიძლია შეცნობა.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში