fbpx
Play Video

მილიარდებიდან მონანიებამდე და რწმენამდე

ცნობილი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, ილგარ გაჯიევი, ღიად ამოწმებს თავის რწმენაზე და საუბრობს იმაზე, თუ როგორ მივიდა მისი ოჯახი მუსლიმანობიდან ქრისტიანობამდე – ჯერ მისი მეუღლე, სონა და წლების შემდეგ თავადაც.

ილგარი: მე ვარ ილგარ გაჯიევი. დავიბადე სომხეთში 1973 წელს. 88 წლამდე იქ ვცხოვრობდი, იმ მოვლენებამდე, რომლებიც სომხეთში მოხდა. შემდეგ იძულებულნი გავხდით, საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავსულიყავით. აზერბაიჯანიდან კი რუსეთში წავედი და ჩემი ცხოვრების 21-ე წელს, როცა ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევი მოვიდა, კვლავ აზერბაიჯანში დავბრუნდი. დაბრუნებისთანავე წამოვიწყე საკუთარი საქმე. 2005 წელს კი შევქმენი დიდი სამშენებლო კორპორაცია აზერბაიჯანში „აკორდი“. 

პრეზიდენტთან მუშაობის 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 25-ზე მეტი ობიექტი გავხსენით. ვაშენებდით აზერბაიჯანის სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას, როდესაც პირველად შემოვიდა ნავთობის მეშვეობით მოპოვებული ფული. აზერბაიჯანში იმ დროს არ იყო მსგავსი სამშენებლო კომპანიები, საბჭოთა კავშირის შემდეგ საერთოდ არაფერი აღარ იყო, ყველაფერი გაქრა.

ილჰამ ალიევი და მე ძალიან ახლო ნაცნობები ვართ, დიდხანს ვმუშაობდით ერთად, 2005 წლიდან დაახლოებით იმ მომენტამდე, როცა მე თავად დავიწყე კომპანიის მართვა. იმ დროისთვის ბრუნვა წელიწადში დაახლოებით 600 მილიონ ევროს შეადგენდა. 

ალექსანდრე: ილგარ, თქვენ მუშაობდით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში…

ილგარი: დიახ, მრავალი წელი ვთანამშრომლობდით და ვმუშაობდით, ზემოთაც ვთქვი, რომ იყო დრო, როცა არ არსებობდა დიდი კორპორაციები, აზერბაიჯანული ორგანიზაციები. პირველ ხანებში, როცა დავიწყეთ სამშენებლო კორპორაციის შექმნა, ეს სფერო უკონკურენტო იყო აზერბაიჯანში. მუშაობა მიწევდა არა მხოლოდ პრეზიდენტ ალიევთან, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილთანაც, საქართველოში. ვმუშაობდი ასევე ყაზახეთშიც, მაგრამ, ძირითადად, როგორც აზერბაიჯანული კომპანია, უფრო მეტს ვმუშაობდით აზერბაიჯანში და ხშირად გვიწევდა პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრა. მე მას ახლოს ვიცნობ. პატივს ვცემ, როგორც პოლიტიკოსს, რომელმაც მამამისის შემდეგ ბევრს მიაღწია, მაგრამ როცა დავახლოვდით ბიზნესის ერთად კეთებისას, რაღაცებზე დავფიქრდი. 

პირველი იმედგაცრუება ხელისუფლების მიმართ მაშინ მქონდა, როცა მივხვდი, რომ ჩვენ ქრთამს ვუხდიდით არა მხოლოდ მინისტრებს, არამედ უშუალოდ პრეზიდენტს. პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით უშუალოდ ალიევის ოჯახთან მიდიოდა ქრთამი. მაშინ ერთგვარი შინაგანი გარდატეხა მოხდა ჩემში. 

დღესაც, რასაც მის შესახებ ტელევიზიით აჩვენებენ და როგორც ის წარმოაჩენს საკუთარ თავს, არ შეესაბამება სინამდვილეს. ვფიქრობ, რომ დღეს მთელი აზერბაიჯანი  წარმოადგენს დიდ ჰოლდინგს, რომელსაც მართავს ალიევის ოჯახი. 

ალექსანდრე: თქვენ ფლობდით დიდ ქონებას. შეგიძლიათ, ცნობისმოყვარეებისთვის დაასახელოთ ეს ქონება ციფრებში?

ილგარი: კომპანია „აკორდი“, რომელიც დაარსდა 2005 წელს, უკვე 2008 წელს შეისწავლა და შეაფასა „კაზიმირის ამერიკულმა ფონდმა“. მათი მონაცემების მიხედვით, კომპანიის ღირებულება 4 მილიარდი დოლარი გახლდათ. იმ მომენტისთვის, კომპანიის მფლობელი მთლიანად მე ვიყავი. ასევე მეხმარებოდა გენერალური პროკურორი, რომელიც მაშინ არ აცხადებდა უფლებას აქციონერების საკუთრებაზე. გამოდის, რომ 35 წლის ასაკში ვფლობდი 4 მილიარდის ღირებულების კაპიტალს. ასე რომ, იმ დროისთვის ჩვენ შევქმენით ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალპროფესიონალური კომპანია და გუნდი, რომელმაც მიაღწია საუკეთესო შედეგებს.  

ალექსანდრე: ილგარ, თქვენი გამოცდილებით, თქვენი დაკვირვებით, რა რაოდენობის თანხა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის, სიმშვიდისთვის?! თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული თანხა და თქვათ: აი, ეს საკმარისია, ამაზე მეტი რომც იყოს, უბრალოდ საჭირო აღარაა. 

ილგარი: დღეს, როცა უფალს უფრო მეტად ვუახლოვდები, ვხვდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მილიარდი აქვს ადამიანს. საკმარისია იმდენი, რამდენიც საჭიროა ჩვეულებრივი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ვფიქრობ, თუ 100 ათასი დოლარი შეგიძლია გამოიმუშაო თვიურად, საკმარისია. დღეს ამით ხელგაშლილად შეიძლება ცხოვრება, ასევე სხვების დახმარებაც.

ალექსანდრე: მაშინდელი თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორი განცდა გქონდათ?

ილგარი: ვფიქრობ, მაშინ სიამაყე მმართავდა, არ მყოფნიდა 100 ათასი. თვეში შესაძლოა 500 ათას დოლარსაც ვხარჯავდი, შესაძლოა მილიონ დოლარსაც კი. მესმის, რომ ეს ფუჭი ხარჯები იყო. დღეს იმ დასკვნამდე მივედი, რომ შესაძლებელია გეძინოს ერთ საწოლზე, იარო ერთი მანქანით, სასახლეც რომ გქონდეს, შენ შეგიძლია დაიკავო მაქსიმუმ 20 კვადრატული მეტრი.

ალექსანდრე: ქრისტემ თქვა, რომ ძნელია მდიდართათვის ღვთის სასუფეველში შესვლა, მას არ უთქვამს, რომ შეუძლებელია, მაგრამ თქვა, რომ ეს რთულია. რატომ?

ილგარი:  როცა ადამიანს ბევრი ფული აქვს, დიდი ძალაუფლება, ზოგჯერ ისინი მიიჩნევენ, რომ თვითონ არიან ბატონები და თავად განაგებენ ადამიანთა ბედს. სიამაყე არ აძლევს მათ საშუალებას აღიარონ, რომ მათაც ჰყავთ ერთი ღმერთი, რომელიც მათზე მაღლა დგას.

ალექსანდრე: გამოდის, რომ სამყაროში, სადაც ბევრი ფული აქვს ადამიანს, ბევრის უფლებასაც აძლევს თავის თავს. თითქოს ყველაფერი ნებადართულია მისთვის, თითქოს ფული წყვეტს ყველაფერს, და ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს. თუ გინახავთ ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ფულზე არ გაიყიდა? მაგალითად, გსურთ რაღაც, მაგრამ ის არ გთანხმდებათ; თქვენ სთავაზობთ მას ფულს, ხოლო მისთვის ფული არ არის მთავარი, ეს მისთვის პრინციპის საკითხია.

ილგარი: მინახავს, კი, ასეთი ადამიანები და არ მრცხვენია დავასახელო კიდეც ერთ-ერთი ასეთი პრეზიდენტი, რომელიც ცხოვრების გზაზე შემხვდა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. 

მამა მყავს საქართველოდან, მიუხედავად იმისა, რომ მე სომხეთში დავიბადე, მამაჩემი საქართველოშია დაბადებული და საქართველო ჩემთვის ყოველთვის მეორე სამშობლო გახლდათ. ბევრი პროექტი განვახორციელე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დროს: გვირაბების, ხიდების… მიჩვეული ვიყავი, რომ აზერბაიჯანში ყოველი პროექტიდან 30%-მდე ქრთამში უნდა გადამეხადა – პრეზიდენტიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული და კიდევ სხვა დანარჩენისთვის. ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩვევის გამო ვცდილობდი, შემეთავაზებინა რაიმე მიხეილ სააკაშვილისთვის. პირადად არა, უფრო მისი ხალხის მეშვეობით, და ყოველთვის მეუბნებოდნენ: „თუ რაიმე კარგის გაკეთება გსურს, ააშენე საბავშვო ბაღი ან სკოლა.“ ის არის ერთ-ერთი არაკორუმპირებული ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო. მე ამის თქმა და დადასტურება შემიძლია ყველგან. თუ ვინმე იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვინმესგან იღებდა ფულს, ცრუობს. 

ალექსანდრე: რადგან თქვენგან არ აუღია? 

ილგარი: საქართველოში 500 მილიონ ევრომდე თანხის პროექტები ვაწარმოვე და არც ერთი თეთრი არ გადამიხდია მთავრობისთვის. ჩვენ არავინ გვიშლიდა ხელს, პირიქით, გვეხმარებოდნენ.

ალექსანდრე: ესე იგი, ასეთი ადამიანები არსებობენ. 

ილგარი: არსებობენ. 

ალექსანდრე: ილგარ, შევცვალოთ თემა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. თქვენ სწრაფად მიიწევდით წინ და უეცრად რაღაც მოხდა. როგორც ვიცი, სონა, თქვენი ცოლი, გახდა ქრისტიანი და დაგეწყოთ პრობლემები ბრჭყალებში ან ბრჭყალების გარეშე. იმ მომენტისთვის ნამდვილად გაგიჩნდათ პრობლემები, ბრჭყალების გარეშე. რატომ?

ილგარი: თავდაპირველად მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე დადიოდა რომელიღაც გაუგებარ ეკლესიაში და რომ ის უნდა შემეჩერებინა, თუმცა დასაწყისში არ იყო ჩემ მიმართ პრეტენზიები. მე ვბრაზობდი, ვნერვიულობდი, ვუკრძალავდი სონას ეკლესიაში სიარულს. ვეუბნებოდი, რომ მის გამო პრობლემები მექმნებოდა; რომ მე წარმატებული ბიზნესმენი ვიყავი, ყველაფერი მქონდა  და არ მჭირდებოდა ზედმეტი პრობლემები. არ მესმოდა მისი ღმერთის, ვინ იყო და რატომ სწამდა. იყო დრო, როდესაც ვუკრძალავდი ეკლესიაში წასვლას და გვქონდა სკანდალები. ჩემში ძლიერი შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობდა, რაღაც მკარნახობდა, რომ არასწორად ვიქცეოდი. 

პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები კი მეუბნებოდნენ, რომ ვარცხვენდი პრეზიდენტს და ვარცხვენდი მათაც. ჩემში ძლიერი ბრძოლა მიმდინარეობდა. საბოლოოდ, 2010 წელს ულტიმატუმი წამიყენეს, რომ თუ კომპანიის ჩემს წილს არ გადავუფორმებდი პრეზიდენტს, შეიძლებოდა რამე მომსვლოდა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ციხეში ჩამსვამდნენ, უარეს შემთხვევაში სადღაც ციხის საკანში მოვკვდებოდი, ან სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი. 

ალექს: მითხარით, რატომ იყო სონა ასეთი პრინციპული?! შეეძლო, არ ევლო ეკლესიაში, ან შეეძლო – მართლმადიდებლურ ეკლესიაში ევლო, ან სულაც მეჩეთში. უხეშად რომ ვთქვათ, რატომ გაჯიუტდა?!

ილგარი: დღეს შემიძლია ვთქვა რატომ, რადგან ღმერთი შევიცანი. მე რომ იმ მომენტში ასე ახლოს ვყოფილიყავი იესო ქრისტესთან, მისთვის ასევე მივატოვებდი ყველაფერს  ცხოვრებაში.

ალექს: ნამდვილად? 

ილგარი: მადლობელი ვარ სონასი, რომ მისი რწმენა არ შეირყა და არ შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ის მზად იყო ჩვენი დაშორებისთვისაც, ყველაფრისთვის, ოღონდ არ დაეკარგა ღვთის რწმენა. დღეს უკვე ვხვდები, რამდენად ერთგული იყო ის და რამდენად ძლიერი რწმენა ჰქონდა. ისიც ხომ ადამიანია, მაგრამ ვერც მილიარდებმა და ვერც ვერაფერმა ვერ იქონია მასზე გავლენა, ვერ აცდუნა ის. იგი მზად იყო, ამ ყველაფერზე უარი ეთქვა, ოღონდ არ ჩამოშორებოდა ღმერთს.

ალექსანდრე: კარგი. მასთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, მაგრამ თქვენ?! გულწრფელად თუ იტყვით, გქონდათ ფიქრები, რომ დაშორებოდით სონას, მაგრამ დარჩენილიყავით ბიზნესში?

ილგარი: ასეთი აზრები არასდროს მქონია. იყო ზეწოლა ჩემზე, როცა ვიაზრებდი, რომ წარმატებული ადამიანი ვიყავი, ყველაფერი მქონდა; მაგრამ გამოდის, რომ ცოლი არ მემორჩილებოდა. ეს პრინციპის საკითხი იყო, რომ დამემორჩილებინა ცოლი.

ალექსანდრე: ბევრი ადამიანი გემორჩილებოდათ, ხალხი პატივს გცემდათ.

ილგარი: ხოლო ცოლი ვერანაირად ვერ დავიმორჩილე. არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, რადგან ის არც არაფერს მთხოვდა. მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ნება მიმეცა – ელოცა უფლის წინაშე და ევლო ეკლესიაში. ჩემთან რამე სათხოვარი, სურვილი რომ ჰქონოდა, კიდევ მესმის, მაგრამ ის მეუბნებოდა: „მე არაფერი მინდა, უბრალოდ ნება მომეცი, რომ ვიარო ეკლესიაში.“ მისთვის ეს ნებისმიერ ფულზე, ნებისმიერ რამეზე უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ. მაშინ მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. მე ვიცოდი მისი წესიერება, სიწრფელე, მისი შინაგანი ბუნება და ვაცნობიერებდი, რომ რაღაცას ალბათ მე ვერ ვიგებდი სწორად. 

ალექსანდრე: ეკლესიისა და ხუცესის მიმართ თუ გქონდათ წყენა ან სიბრაზე?

ილგარი: როგორც ვთქვი, უშუალოდ ხუცეს რასიმზე ძალიან ნაწყენი ვიყავი. თავის დროზე, როცა დიდი დევნა იყო მათზე, ხუცესები ყოველკვირა პოლიციაში დაჰყავდათ, „კა-გე-ბე“-ში. წვავდნენ ეკლესიას, შემიძლია ფაქტებიც კი წარმოგიდგინოთ, სადაც ნათლად ჩანს, რომ ეკლესია დაწვეს. მე მაშინ დავეხმარე ეკლესიას. როცა ხელისუფლებამ მომთხოვა დამესახელებინა, თუ რა თანხით დავეხმარე ეკლესიას, ძლიერ გავნაწყენდი ხუცესზე. მე ეს გავაკეთე ღმერთისთვის, თქვენთვის, ქრისტესთვის, რატომ გამეცით მთავრობასთან? 

ალექსანდრე: ანუ იგულისხმება, რომ თქვენ ეს საიდუმლოდ გააკეთეთ, თქვენ ამის აფიშირება არ გინდოდათ, უბრალოდ დაეხმარეთ, ხომ?! 

ილგარი: მე უბრალოდ დავეხმარე, დახმარებას საჭიროებდა ეკლესია, მე ეს გავიგე სონასგან, ხუცესისგან, რომ მათ სჭირდებოდათ დახმარება.

ალექსანდრე: და გამოდის, რომ ინფორმაციამ გაჟონა.

ილგარი: გამოდის, რომ ინფორმაცია გავრცელდა და ხელისუფლება იყენებდა ამ ინფორმაციას ჩემ წინააღმდეგ, რომ მე ვაფინანსებდი ეკლესიას, ვაფინანსებდი რაღაც სექტას. სხვათა შორის, მე მაშინ ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ისინი ლოცულობდნენ, რომ ხელისუფლებას ეღიარებინა ეკლესია; ისინი ედავებოდნენ მათ; ევროპულ სასამართლოშიც ჰქონდათ დავა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ბედნიერი ვარ, რომ 2012 წელს უფალმა ღმერთმა გაიმარჯვა ამ ყველაფერზე და აზერბაიჯანში ოფიციალურად იქნა აღიარებული ეს ეკლესია, უკვე ჩვენი გამგზავრების შემდეგ. 

მე ვსაუბრობდი ხოლმე ხუცესთან, ვურთიერთობდი მასთან. იყო მომენტი, როდესაც შობას, სონას ვუთხარი, რომ რასიმთან საუბარი მსურდა. ჩემი მეუღლე უკვე მრავალი წელია, იცნობს მას. ჩვენ დავურეკეთ ხუცესს და მე მას ვუთხარი: „რასიმ, რამდენი წელი მოდიოდი, მიქადაგებდი იესო ქრისტეს შესახებ, მე მოვინანიე, ეკლესიაში დავდივარ.“ მას გაუხარდა და ჩვენ ვილოცეთ ერთად. ეს იყო შობას, პირველად, როცა…

ალექსანდრე: ახლა, ამ შობას?

ილგარი: დიახ, ამ შობას, დეკემბრის 24 რიცხვში იყო ეს. ჩვენ ერთად ვილოცეთ, ეს იყო ღამის 12 საათზე. მე, როგორ წესი, ცოტა ხანს მძინავს, 4 საათი დღეში-ღამეში და ლოცვის შემდეგ სონას ვთხოვე, რომ დასაძინებლად წავსულიყავით, რადგან მეორე დღეს საქმეები მქონდა. დავიძინე და სიზმარში ხუცესი ვნახე. დაახლოებით ასეთი ოთახია. ჩემ წინ დგას რასიმი; მე ვერ ვხვდები, რატომ არის ის იქ. 10 წლის განმავლობაში, ყოველთვის წყენა მქონდა მის მიმართ და ახლა მას სიზმარშიც ვხედავ. იქ, მაღლა, პატარა ფანჯარაა. დგას რასიმი ჩემ წინ, მე უკან ვარ და მინდა მას რაღაც ვკითხო. იმ მომენტში ოთახში ნათელი სვეტი ეშვება, ისეთი ნათელი, რომ ლამის დავბრმავდე. მე არ ვიცი, ეს რა იყო; ვფიქრობ, რომ უფალი ღმერთი ანგელოზის მეშვეობით მესაუბრებოდა. მან მითხრა: „რასიმი მთელი ცხოვრება შენთვის ლოცულობდა, ის არ არის დამნაშავე.“ 

მე წლები მეგონა, რომ მან დამასმინა ხელისუფლებასთან და ამის გამო დავკარგე ბიზნესი; იმისთვის, რომ ეკლესიას დავეხმარე.  ვცდილობდი გაღვიძებას, რომ გამეგო რა ხდებოდა. ცივ ოფლში გავიღვიძე და შევხედე საათს, ნახევარი საათი იყო გასული  ჩვენი საუბრის მომენტიდან, სიზმრიდან და ამ ყველაფრიდან. ვფიქრობდი, თუ ვინმეს მოვუყვებოდი, ადამიანები იტყოდნენ, რომ გავგიჟდი. გავაღვიძე სონა და ვუთხარი: „ხუცესი რასიმი არაფერ შუაშია, 100%-ით ვიცი, რომ  მას არ დავუსმენივარ. არ ვიცი, რა მოვლენა იყო ეს, სიზმარში ვნახე ჩვენებასავით, რომ ის ჩემზე ლოცულობდა.“

მეორე დღეს დავურეკე რასიმს და დავუსვი კითხვა, თუ როგორ გაიგო ხელისუფლებამ, რომ მე დავეხმარე ეკლესიას. მან მითხრა: „ილგარ, ჩვენთან მუშაობდა ერთი ბუღალტერი. აღმოჩნდა, რომ მათ ის რაღაცაზე გამოიჭირეს და იგი აწვდიდა ხელისუფლებას ინფორმაციას.“ ერთი მხრივ გამიხარდა, რომ ხელისუფლებამ თავად მითხრა, თუ რა თანხა შევწირე ეკლესიას, ამით ხუცესის სიწრფელე დავინახე – რა თანხაც აიღო ჩემგან, პატიოსნად ყველაფერი ისე ჰქონდა აღრიცხული და დახარჯული…

ალექსანდრე: ანგარიშებში ასახული…

ილგარი: კი, ანგარიშებში ასახული; მაგრამ მეორე მხრივ, ვბრაზობდი მასზე, ეკლესიაზე, ქრისტეზე… მე ხომ კარგი გავაკეთე, რატომ უნდა დავზარალებულიყავი. საბოლოოდ, ბოდიში მოვიხადე მის წინაშე და ჩვენ ახლა ვმეგობრობთ, ურთიერთობა გვაქვს, ვლოცულობთ ერთად, დიდება უფალს.

ალექსანდრე: აი, თურმე როგორ ირკვევა საკითხები და გვარდება რაღაც პრობლემები…

ილგარი: ძალიან ბევრი. უფლის შემეცნებით ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც ცხოვრებაში ვერ ვხვდებოდი, ახლა მიცხადდება.   

ილგარი: პარტნიორი მყავდა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი, ის 20 წელზე მეტ ხანს ინარჩუნებდა ამ თანამდებობას. ერთ დღეს დამიძახა თავის კაბინეტში და მითხრა, რომ მე და ჩემი ოჯახი დავდიოდით სექტაში, რომ მე ვაფინანსებდი სექტას. იმ მომენტისთვის მომიწია, ბიზნესის 51% გადამეცა ალიევის ოჯახისთვის. ჩემ წინაშე მკაფიოდ იყო დაყენებული საკითხი, რომ ან ბიზნესი უნდა დამეთმო, ან მე და ჩემს ოჯახს უნდა შეგვეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა ეკლესიასთან, რადგან მე ვარცხვენდი პრეზიდენტის ოჯახს, ვარცხვენდი საკუთარ პარტნიორებს და ეს დაუშვებელია მუსლიმანურ ქვეყანაში. ახლაც რომ მიწევდეს ამ არჩევანის წინაშე დგომა ისევ და თუნდაც კიდევ 100-ჯერ, მე ისევ ავირჩევ მხოლოდ ჩემს ოჯახს. 

ალექსანდრე: საბოლოოდ, თქვენ მოგიწიათ გაქცევა, წასვლა აზერბაიჯანიდან ევროპაში.

ილგარი: დიახ, 2011 წელს ნება დამრთეს, ოჯახი გამეყვანა ქვეყნიდან ბავშვების სწავლის მიზნით, რადგან მე მქონდა მოთხოვნილი ოჯახით ქვეყნის დატოვების ნებართვა ზემოხსენებული მიზეზის გამო. ეს ნებართვა მხოლოდ 2011 წლის მაისში გაიცა. საბოლოოდ, გადავიყვანე ოჯახი შვეიცარიაში და ბავშვებიც მივიყვანე სკოლაში, მაგრამ დევნა და ბრძოლა გრძელდებოდა. მაშინ ბოლომდე არ ვიცნობდი ღმერთს. ჯერ კიდევ ამაყი ვიყავი და ეს ყველაფერი მამსხვრევდა. ვფიქრობდი, რატომ მექცეოდნენ ასე, ბიზნესში ყოველთვის პატიოსანი ვიყავი და პარტნიორებთანაც ასევე. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა პარტნიორებმა დაიწყეს ჩემი შემოწმება და გენერალურმა პროკურატურამ ციხეში ჩასვა ადამიანები. ქალაქ განჯის ყოფილი საგადასახადო ინსპექტორი კი დადიოდა და ანგარიშებს აბარებდა პროკურორს და ეუბნებოდა, რომ კომპანიას 100 მილიონი აკლდა. როცა ეს კითხვები აუდიტორმა დამისვა, მე ვუთხარი: „ჩემს პარტნიორებს შეუძლიათ  მკითხონ და მეც ვუპასუხებ.“ დადგა მომენტი, როცა პარტნიორებთან დავიწყე საუბარი, ისინი 100 მილიონის დანაკლისს კითხულობდნენ. მე ვუთხარი მათ: „კი, აკლია, იმიტომ, რომ მე ეს თანხა პრეზიდენტის უსაფრთხოების უფროსის, ბაილარის მეშვეობით, გადავეცი პრეზიდენტის ოჯახს.“ გაოცდნენ. მე როგორ უნდა აღმერიცხა საბუთებში, რომ ეს იყო ქრთამი პრეზიდენტისთვის, ან სად უნდა ჩამეწერა მსგავსი რამ, რომელ გრაფაში?

ალექსანდრე: რომელ გრაფაში?!

ილგარი: რომელი გრაფისთვის უნდა მიმეკუთვნებინა. ასეთი შემთხვევა გვქონდა ხანგრძლივი აუდიტის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩვენ გადმოვედით საცხოვრებლად.

ალექსანდრე: სწორად მიგიხვდით, ილგარ, რომ პრობლემა არ გვარდებოდა? სონა არ ნებდებოდა, ის აგრძელებდა უფლის წინაშე ლოცვას და ეკლესიაში სიარულს. თქვენი გარემოცვისგან კი, პროკურორის ჩათვლით, ზეწოლა არ ცხრებოდა. არ შეგეძლოთ, სონას გაჰყროდით, გაშორებოდით? ვერც ერთ ფლანგზე ვერ ახერხებდით პრობლემის მოგვარებას, ასეა?

ილგარი: ჩვენ იმ მომენტისთვის გვყავდა უკვე 3 შვილი და განქორწინებით  არა მარტო მეუღლეს ვუღალატებდი, არამედ საკუთარ შვილებსაც. ფული და ტკბილი ცხოვრება ჩემთვის პრიორიტეტი არ ყოფილა, ჩემთვის ოჯახი იყო ყოველთვის ფასეული. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში ეს ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ის ჩუმად ყოველთვის ლოცულობდა, ყოველთვის და დიდება უფალს, რომ ამას აკეთებდა. მე ვიხლიჩებოდი ბიზნესს, ხელისუფლებასა და საკუთარ ოჯახს შორის. ის კი წუთითაც არ გაჩერებულა, მზად იყო ყველაფრისთვის, ის მზად იყო ნებისმიერი შედეგისთვის, ოღონდ არ დაშორებოდა ღმერთს. 

ალექსანდრე: გამოდის, რომ თქვენ მასზე ერთდროულად ბრაზობდით კიდეც და ალბათ, დიდ პატივსაც სცემდით მისი პრინციპულობის, კატეგორიულობის გამო.

ილგარი: აქამდე თქვენ შემეკითხეთ და მე ცოტაოდენი ვისაუბრე პოლიტიკაზე, სააკაშვილზე, თუმცა სონა, შეიძლება ითქვას, იყო ერთადერთი მტკიცე ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში შევხვედრივარ, მტკიცე ყველანაირი ზეწოლის მიმართ. არც ისე რბილი ხასიათი მაქვს და ჩემი ხასიათით ბევრ ადამიანს ვიმორჩილებდი, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ შევძელი. როგორც მეუღლე, ის იყო ყოველთვის 100%-ით ერთგული და მორჩილი, ყოველთვის; მაგრამ ღმერთთან მიმართებით, მგონია, რომ ის მზად იყო სიკვდილისთვისაც, ოღონდაც არ ჩამოშორებოდა უფალს. ასეთ ადამიანს ერთადერთს შევხვდი ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ ძმებსაც კი უღალატიათ ჩემთვის. 

მეუღლის ასეთი რწმენა მე მამტკიცებდა. ვერ ვიგებდი, ვინ იყო ღმერთი, რომელიც მას ასე უყვარდა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება გიყვარდეს, რომ მზად იყო ნებისმიერი მსხვერპლისთვის. წრფელად გითხრათ, გაუცნობიერებლად ისიც კი მითქვამს: „თუ არ გაჩერდები, მოგკლავ“, იყო ასეთი მომენტებიც. მაპატიე, უფალო, ამას რომ ვამბობდი. ახლა ამას უბრალოდ ვიხსენებ. ის კი პასუხს მცემდა: „მე პირდაპირ, უმალვე წავალ სამოთხეში უფალთან, მე არ მეშინია სიკვდილის.“ მისი რწმენა მამტკიცებდა და ეს ყველაფერი მაძლევდა ძალას. ვერ ვხვდებოდი, როგორ იყო შესაძლებელი ასეთი რწმენა, ვინ იყო ასეთი ეს უფალი. შემდგომ კი თავადაც დამაინტერესა ქრისტეს შეცნობამ. 

ალექსანდრე: მაგრამ სონა ყოველთვის ასეთი არ იყო. ის არ იყო ქრისტიანი, როცა თქვენ ერთმანეთი გაიცანით, მეგობრობდით, დაქორწინდით, რა მოხდა მის ცხოვრებაში?

ილგარი: იმასაც კი ვიტყვი, რომ როცა დავქორწინდით, მისი ოჯახი უფრო მეტად მუსლიმანური იყო. სონა მადრასაშიც კი სწავლობდა. 

ილგარი: როცა დავქორწინდით, ჩვენ რამდენიმე წელი არ გვყავდა შვილი, ალბათ 4 წელი. მუსლიმანურ ოჯახში ეს ცოტა რთული საკითხია, ჩვენ დიდი ოჯახი გვყავს, 9 შვილი ვართ ოჯახში და ნათესავების მხრიდან იყო გაკიცხვა. გაჩნდა აზრი, რომ შეიძლება მეუღლე უნაყოფოა და არსებობდა ამის წინაპირობა ოჯახში, რადგან მისი დეიდა იყო უნაყოფო. ამ დროისთვის ჩემმა მეუღლემ მოინანია უფლის წინაშე, მაშინ მე ეს არ ვიცოდი. მან მისცა უფალს აღთქმა, რომ თუ ღმერთი მოგვცემდა შვილებს, ის მთელი ცხოვრება მას ემსახურებოდა და ირწმუნებდა ქრისტეს. და მოხდა პირველი სასწაული, 2000 წელს შეგვეძინა ვაჟი, მას ჰქვია ბიბლიური სახელი – დავითი. ესეც არ არის შემთხვევითი. მეუღლე მოვიდა და მითხრა, რომ ამ სახელის დარქმევა უნდოდა ბავშვისთვის. ჩვენს ოჯახში, როგორც მუსლიმანურ ოჯახში, არასდროს იყო ნებადართული, რომ ქალს შეერჩია ბავშვის სახელი. თქვენ ალბათ ცოტაოდენი იცით მუსლიმანობის შესახებ. მე გავბრაზდი: „რა შუაშია დავითი, რა კავშირი გვაქვს საერთოდ ქრისტიანულ რელიგიასთან, იუდაიზმთან?“ მე ვიცოდი, რომ „დავითი“ ებრაული სახელი იყო. მაშინ მან მთხოვა, შემთხვევითობის პრინციპით აგვერჩია სახელი. მისი პატივისცემით დავთანხმდი ამას. ასეც მოვიქეცით. მე დავწერე რაღაც სახელი, დედამ დაწერა, ყველამ. გასაგებია, რომ მე ვედექი სათავეში ამას, რათა ყველაფერი მკაფიო ყოფილიყო და არ გაჩენილიყო არანაირი კითხვა, ეჭვი. სამჯერ ავრიე ფურცლები და სამჯერვე ამოვიდა სახელი „დავითი“; მივხვდი, რომ არ შემეძლო სხვანაირად, არანაირი უფლება არ მქონდა, სხვანაირად მოვქცეულიყავი და ჩვენს ვაჟს დავარქვით „დავითი“.

ეს იყო ჩემი პირველი შეხება უფალთან. თუნდაც ეს წილის ყრა ავიღოთ. ყოველ ჯერზე ვცდილობდი, ამომეღო ნებისმიერი სხვა სახელი, მაგრამ ეს სახელი იყო ყოველთვის „დავითი“. 

ალექსანდრე: და რა მოხდა თქვენი ცხოვრების გარდამტეხ მომენტში, როდის დადგა ეს მომენტი?

ილგარი: როგორც უკვე მოვყევი, 2019-დან 2020 წლამდე სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი, ვსვამდი, რადგან მქონდა უამრავი სასამართლო პროცესი რუსეთში, მუქარა, დასმენა, ღალატი… როგორც ვთქვი, 2020 წლის 4 თებერვალს ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ უბრალოდ ვიჯექი ოთახში მარტო, გვერდით კატა მყავდა, ოთახში სხვა არავინ იყო. ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი, განერვიულებული ვიჯექი და გვერდით ალკოჰოლი მედგა. ამ დროს შინაგანი ხმა მომესმა: „როგორ ექცევი საკუთარ თავს, რას უკეთებ საკუთარ თავს, რა გემართება?“ გარშემო მიმოვიხედე და ირგვლივ არავინ იყო. მარტო ვიყავი კატასთან ერთად. უეცრად შიშმა ამიტანა და გავიქეცი, ხელში ავიღე ბიბლია, დავიწყე ფურცვლა, ბიბლიის კითხვა, ბიბლიასთან ერთად ჩამეძინა.

როგორ უკვე მოგიყევით, 2 ივლისს საკუთარ ოთახში ვიყავი, დავდექი მუხლებზე უფლის წინაშე და ვუთხარი: „რა გინდა ჩემგან, მე უკვე აქ ვარ, შენ წინაშე.“ ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. მე მაშინ მოვინანიე. მეორე დღეს მეუღლეს დავურეკე, ვუთხარი, რომ მივიღე მხსნელად ქრისტე. 

ალექსანდრე: ეს იყო თქვენი დაბადების დღე.

ილგარი: დიახ, ჩემი დაბადების დღე იყო და იმ მომენტიდან დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი შინაგანი განცდები. მე შევიცვალე. ადამიანები, რომლებიც მიცნობენ: ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, პარტნიორები და დღეს უკვე ჩემი თანამშრომლებიც მეკითხებიან: „როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, რომ ერთი წლის განმავლობაში კარდინალურად შეიცვალეთ?!“ მე მოვიპოვე შინაგანი სიმშვიდე. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, უპირველესად ვლოცულობ, ვეკითხები უფალს და ამის შემდეგ ვიწყებ საქმეს. დიდება იესო ქრისტეს, რომ ვიპოვე ის, დღეს მასთან ვარ. 

ალექსანდრე: ილგარ, ახლა ხდება ორი მნიშვნელოვანი რამ, პირველი: თქვენ აღთქმას დებთ ღმერთთან. ხომ არ გადაიფიქრეთ? ხომ იცით, რომ ამ ყველაფერს პირდაპირი ეთერით ბევრი ადამიანი უყურებს, ხომ არ გრცხვენიათ? 

ილგარი: ვამაყობ ამით. 

ალექსანდრე: მეორე, ღმერთთან აღთქმის დადებით თქვენ უერთდებით მის ეკლესიას, იესო ქრისტეს ეკლესიას. თქვენ ხდებით დიდი სულიერი ოჯახის ნაწილი, რომლისთვისაც დაბრუნდება უფალი იესო ქრისტე. ამიტომ თქვენთან მაქვს ორი შეკითხვა. პირველი: თქვენ დანამდვილებით გწამთ, რომ იესო ქრისტე მოკვდა თქვენი ცოდვებისთვის და გახდა თქვენი პირადი მხსნელი?

ილგარი: მწამს. 

ალექსანდრე: პირობას დებთ, რომ დარჩენილი ცხოვრება ემსახურებით მას სუფთა და კეთილი სინდისით?

ილგარი: პირობას ვდებ. 

ალექსანდრე: თქვენი რწმენისა და თქვენი აღთქმის საფუძველზე, ამდენი მოწმის თანდასწრებით, ჩვენ გნათლავთ თქვენ მამისა და ძის და სულიწმიდის სახელით. 

სონა: იყო პერიოდი, როცა ვმარხულობდი 40 დღე, ვლოცულობდი. იყო ძალიან რთული პერიოდები. თავს ვაბეზრებდი ყველას, ლოცვას ვთხოვდი ყველას, ვიცავდი მარხვას ძალიან ხშირად და ბევრ ადამიანს ვრთავდი მარხვებში. ხანგრძლივმა ლოცვებმა და ღვთის რწმენამ გააკეთა თავისი საქმე. ახლა ჩვენ მშვიდად შეგვიძლია საუბარი, შემიძლია მეუღლესთან ერთად ლოცვა, ეკლესიაში სიარული, ძალიან მიხარია.  

ილგარი: მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ფლობდა მილიარდებს, ვიყავი ცნობილი, ბევრ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, მაგრამ  ღმერთმა დამიყვანა ისეთ ფსკერზე, სადაც მივხვდი, რომ უფალი ღმერთისა და ჩემი ოჯახის გარდა ამ ცხოვრებაში არავინ მყავს. ახლა უბრალოდ მადლიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ყველაფრის დაკარგვით შევიძინე უფალი. ეს ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა ცხოვრებაში. ის, რომ ჩემი შვილები ჩემთან ერთად დადიან ეკლესიაში, ჩემს მეუღლესთან ერთად შემიძლია ეკლესიაში სიარული, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. მე მხოლოდ ღმერთს ვემადლიერები. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფრის დაკარგვით უფალი შევიძინე. 

ალექსანდრე: მე თქვენ ახლოს არ გიცნობთ, დაგისვამთ პირდაპირ შეკითხვას, თუ შეგიძლიათ, უპასუხეთ. თქვენ ამბობთ, რომ სტრესის გამო, დაძაბულობის გამო ხშირად სვამდით.

ილგარი: დიახ.

ალექსანდრე: ადამიანები ვცდილობთ ხოლმე, სათქმელი შევალამაზოთ.

ილგარი: არა, ასე იყო, რა არის დასამალი.

ალექსანდრე: ახლა თქვენ ამტკიცებთ, რომ შეხვდით ქრისტეს, რომ გახდით მშვიდი, რომ თქვენ ლოცულობთ ყოველი საქმის წინ, ამრიგად, ეს სერიოზული ცვლილებებია, ეს შინაგანი ცვლილებებია. გვითხარით, გარეგნულად, თქვენ ეწეოდით, იყენებდით ალკოჰოლს, რაიმე შეიცვალა ამ სფეროში?

ილგარი:  მონანიების მერეც, მას შემდეგაც, რაც შევიცანი ქრისტე, ვეწეოდი. აი, მაგალითად, დღეს მოდაშია კანაფის მოწევა, მეც ვეწეოდი. ადამიანები მთელ მსოფლიოში ეწევიან მას და ეს ბევრს სტრესის დროს ეხმარება,  მაგრამ რაც უფრო მეტად და მეტად შევიცანი ქრისტე და გავიგონე მისი ხმა ჩემს შინაგანში, უბრალოდ აღარ შემიძლია იმ რაღაცების კეთება, რასაც ადრე ვაკეთებდი. იმიტომ არა, რომ ჩემი ორგანიზმი აღარ იღებს, ჩემი სული ვერ იღებს ამას და დღეს ადამიანებს ვურჩევ, თუ ისინი იცნობენ ქრისტეს, ახსოვდეთ, რომ ჩვენი სხეული, ჩვენი ორგანიზმი – ეს ქრისტეს ტაძარია, რომელიც არ უნდა წავბილწოთ. 

ალექსანდრე: ალკოჰოლი?

ილგარი: ალკოჰოლი, ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. 2020 წლის 4 თებერვლის შემდეგ არც მიმიღია…

ალექსანდრე: კატეგორიულად?

ილგარი: კატეგორიულად. არ ვიღებ და არც იმ ხალხს არ ვურჩევ, რომლებიც ამას აკეთებენ. 

ალექსანდრე:  ეს ყველაფერი, რასაც ახლა ჰყვებით, შეგეძლოთ საიდუმლოდ შეგენახათ. ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა, ყველა ეს პროცესი თქვენს სულში ხდება, ასევე თქვენს ოჯახში. მაგრამ რატომ აკეთებთ ამას დემონსტრაციულად, რატომ საუბრობთ ამაზე ღიად, რატომ უნდა გამოიწვიოთ საკუთარ თავზე კრიტიკის მორიგი ქარიშხალი არაკეთილმოსურნეებისგან, რატომ გადაწყვიტეთ ნათლობა ასე საჯაროდ?

ილგარი: მინდა ვუთხრა ხალხს, რომ არ რცხვენოდეთ, რომ მივიდნენ ღმერთთან, მოინანიონ, სანამ გვიანი არ არის. სანამ დროა, შეიცნონ ის და მათი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება. მე მჯერა ქრისტესი, რომ ის მოკვდა ჩვენ გამო და აღდგა ჩვენ გამო, ასევე ჯოჯოხეთში იყო ჩვენ გამო. მაგრამ ამას შემეცნება სჭირდება. ადრე მრცხვენოდა, რომ მეუღლე ქრისტიანი მყავდა, ვაღიარებ, რადგან ღმერთს ამას ვერ დავუმალავ. მრცხვენოდა, რომ სახლში გვქონდა ბიბლია და ქრისტიანული ნივთები. სონას ვეუბნებოდი: „გწამს, კარგი გწამდეს, მაგრამ რატომ წარმოაჩენ ამას და აღიზიანებ ადამიანებს, მეც, ყველას?“ დღეს კი ვამაყობ იმით, რომ ვიცნობ უფალ იესო ქრისტეს. თავად უნდა გამოცადო, რომ მიხვდე, თუ როგორია ეს. მადლიერი ვარ უფლის, მადლიერი ვარ იმის გამო, რაც მან გააკეთა, იმის გამო, რაც გადავიტანე, იმის გამო, რომ დღეს მასთან ვარ. მთელი ჩემი ოჯახი ემსახურება უფალს. ყოველდღე შვილებთან ერთად ვლოცულობ, მაშინაც კი, თუ უფროსი შვილები შორს არიან, ვიღაც შეიძლება ახლოს იყოს. ჩვენ გვაქვს ნათესავების ჯგუფი „ზუმში“, ვიკრიბებით დაახლოებით 10-11 ადამიანი და მონაცვლეობით ვლოცულობთ. მე ვიწყებ ლოცვას და შემდეგ ასაკის მიხედვით, ჩვენ ყველა ვლოცულობთ, საბოლოოდ კი „მამაო ჩვენო“-ს ვკითხულობთ, ჩვენს ცხოვრებაში დღე ასე იწყება. 

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში