ცნობილი ხუცესი, მქადაგებელი და მასწავლებელი რობერტ ჩარლზ სპრაული ვიდეოში საუბრობს შობის დღესასწაულის არსზე, იმაზე თუ რას ვზეიმობთ სინამდვილეში ქრისტეშობის დღესასწაულზე და რას ნიშნავს „ღმერთი გამოჩნდა ხორცში“.
შობას უბრალოდ ჩვილის დაბადებას კი არ აღვნიშნავთ, არამედ იმას, რითიც ესოდენ ღირსშესანიშნავია ამ ჩვილის დაბადება. ეს არის თავად ღმერთის განკაცება.
განკაცება ნიშნავს ხორცში მოსვლას. ჩვენ ვიცით, როგორ იწყებს იოანე მოციქული თავის სახარებას: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.“ ამ ესოდენ ჩახლართულ შესავალ წინადადებაში იოანე მოციქული განარჩევს სიტყვასა და ღმერთს და იქვე, იმავე წინადადებაში აიგივებს მათ: „სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“.
პროლოგის დასასრულს იოანე ამბობს: „სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის“. ქრისტეს განკაცება, „ხორცად ქმნა“ და ამქვეყნად მოვლინება იმას როდი ნიშნავს, რომ ღმერთი, მეტამორფოზის მეშვეობით, უეცრად გარდაიქმნა კაცად ისე, რომ ღვთიურმა ბუნებამ არსებობა შეწყვიტა, ან ხორციელი ბუნების ახალ ფორმად მოგვევლინა. არა, განკაცება გამოკლებას როდი ნიშნავს, არამედ მიმატებას, ანუ სამების მეორე მარადიული პირი, იესო ქრისტე, იღებს ადამიანურ ბუნებას და თავის ღვთიურ ბუნებას უერთებს ამ ადამიანურ ბუნებას კაცობრიობის გამოსყიდვის მიზნით.
მე-19 საუკუნეში ლიბერალმა სწავლულებმა განსახილველად წარმოადგინეს დოქტრინა, სახელწოდებით „განკაცების კენოტური ანუ წარმოცარიელების თეორია“. შესაძლოა გსმენიათ კიდეც მის შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, როდესაც იესო დედამიწაზე მოვიდა, მან გვერდზე გადადო თავისი ღვთიური ატრიბუტები. ამრიგად, ის აღარ იყო ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სრულიად უარყოფდა ღმერთის ბუნებას, რომელიც უცვლელია. განკაცებაშიც კი ღვთიური ბუნება არ კარგავს თავის ღვთიურ ატრიბუტებს. არც ადამიანურ ბუნებაში ხდება მისი შერევა.
ის არ აღმერთებს ადამიანურ ბუნებას, მაგრამ იესო ქრისტეს ღვთიურ და ადამიანურ ბუნებას შორის არსებული ერთობის საიდუმლოებაში ადამიანური ბუნება ჭეშმარიტად ადამიანურია. ის არ არის ყოვლისმცოდნე. ის არ არის ყოვლისშემძლე. არაფერი მსგავსი, მაგრამ ამავდროულად, ღვთიური ბუნება სრულად და მთლიანად ღვთიურია.
ქრისტემ უარი თქვა დიდებაზე, პრივილეგიაზე, განდიდებაზე. თავისი განკაცებით მან თავი წარმოიცარიელა, დაიცარიელა.
მან დაუშვა, რომ თავისი ამაღლებული და განდიდებული ღვთიური ბუნება დაქვემდებარებოდა ადამიანურ მტრობას, კრიტიკასა და უარყოფას. „მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა.“ საოცრებაა ის, რომ იესო არა მხოლოდ კაცად მოგვევლინა, არამედ, უფრო მეტი, მონად. ის მოვიდა ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც არ მოჰყვებოდა არავითარი განდიდება, არავითარი სიდიადე, არამედ მხოლოდ დამცირება.
„დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.“
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში