უკრაინელი ბაპტისტი თეოლოგი, რელიგიათმცოდნე, საზოგადოებრივი მოღვაწე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი და ხუცესი მიხაილ ჩერენკოვი საუბრობს თუ როგორ უნდა ვილოცოთ სწორად მაშინ, როცა მტრებით ვართ გარემოცულნი.
მშვიდობა თქვენ, ძვირფასო დებო და ძმებო.
ძვირფასი, კარგი, ღრმა სიტყვა, რომელსაც განსაკუთრებით რთულ გარემოებათა დროს ვაფასებთ, როცა არ არის მშვიდობა, როცა ომი იწყება ჩვენი ან ჩვენი ახლობლების ქალაქებში, სახლებში.
მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ თემაზე, რომელმაც ყველა უნდა გაგვამხნეოს, რადგან, ადრე თუ გვიან, უბედურება ჩვენც გვეწვევა.
როგორ გინდათ, რომ მოგექცნენ? ისურვებდით, რომ თქვენთვის ელოცათ, როცა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? მაშ, ილოცეთ მათთვის, ვინც რთულ მდგომარეობაშია დღეს. ილოცეთ ფილოსოფიისა და მრავალსიტყვაობის გარეშე, კამათისა და უთანხმოების გარეშე. ილოცეთ.
მიჩნდება კითხვა: როგორ ვილოცოთ სწორად? როგორ ვილოცოთ სწორად?
მოდით, დღეს ამის შესახებ ვისაუბროთ.
ის, რის შესახებაც დღეს მინდა გესაუბროთ, ოპტიმიზმითაა სავსე: „ნუ გეშინია, ჩვენ უფრო ბევრი გვყავს.
ჩვენთან, მორწმუნეებთან უფრო ბევრნი არიან. უფალი გზავნის თავის ანგელოზებს ჩვენს დასაცავად, თუ ჩვენ სწორად ვლოცულობთ. თუ ჩვენ სწორი დამოკიდებულება გვაქვს როგორც ჩვენი ხალხისადმი, ისე ქვრივისა და ობლისადმი, დაჩაგრულისადმი – უფალი პასუხს გვცემს, ის გვესარჩლება.
როგორ უნდა ვილოცოთ დღეს სხვებზე, რათა შემდეგ სხვებმაც ილოცონ ჩვენთვის?
როგორ მოვიქცეთ?
უნდა ვაღიაროთ, რომ ცუდად ვიცით ლოცვა. ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებზეც კი: ოჯახზე, სამსახურზე, ჯანმრთელობაზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე – ძლივძლივობით ვლოცულობთ.
ეს ჩვენს ცხოვრებაში არსებული სამწუხარო სიმართლეა.
გახსოვთ, მოწაფეები სთხოვდნენ ქრისტეს: გვასწავლე ლოცვა. ჩვენც ამას ვთხოვთ უფალს. ჩვეულებისამებრ, ღმერთს იმას ვთხოვთ, რაც ჩვენს ნებას შეესაბამება, რაც ჩვენთვის ხელსაყრელი და მოსახერხებელია. გაცილებით უფრო რთულია ლოცვა ძნელბედობის ჟამს, უბედურებათა და მტრების გარემოცვაში ყოფნისას.
ბიბლიაში საკმაოდ ბევრი ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ მიმართავდნენ ღმერთს ადამიანები ცხოვრების კრიტიკულ წუთებში და როგორ ახდენდა ღმერთი სასწაულებს მათი ლოცვების პასუხად. გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაშიც ასე იყოს? დარწმუნებული ვარ, რომ გინდათ. მაშინ, ვნახოთ, როგორ უნდა ვილოცოთ.
ეს ისტორიები არა მხოლოდ იმას მოგვითხრობს, რა მოხდა და როგორ მოქმედებდა ღმერთი, არამედ გვასწავლის კიდეც იმას, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ყოველივეს მიმართ, რაც გარშემო ხდება.
რა უნდა გავაკეთოთ, უპირველეს ყოვლისა? სწორია, ვილოცოთ. მაგრამ როგორ ვილოცოთ სწორად? როგორ უნდა ვილოცოთ სწორად, რომ ეს ღვთისათვის მოსაწონი იყოს? ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვა დღეს.
სწორად ლოცვა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა ღმერთის შესახებ სწორი წარმოდგენა გვაქვს. ვინ არის ის? ვინ არის ბიბლიური ღმერთი? ბიბლიური ღმერთი ფლობს სრულ ძალაუფლებას და ჩვენს ნებას სრულად უნდა ვუმორჩილებდეთ მის ნებას. ამ შემთხვევაში ლოცვა არ არის თხოვნა იმისა, რომ ღმერთმა მოგვცეს ის, რაც ჩვენ გვჭირდება; მოგვცეს ის, რაც ჩვენი აზრით, გვჭირდება.
ლოცვა ნიშნავს ჩვენი თაყვანისცემის, თავმდაბლობის, მორჩილების გამოვლინებას. ლოცვა განდიდებაა − როდესაც ღმერთს ვადიდებთ, ვითარცა ჩვენს მეფესა და უფალს. თუ გვწამს და ვიცით, რომ ჩვენი ღმერთი ყოვლისშემძლე და კეთილია, მაშ, უნდა ვენდობოდეთ კიდეც მას იმაში, თუ რას მოიმოქმედებს და როდის. ამ შემთხვევაში, ლოცვისას ნაკლები იქნება სათხოვრები და მეტი − მადლიერება და განდიდება.
და თუ ვთხოვთ, ვთხოვთ ისე, რომ ჩვენს სურვილებს მის ნებას ვუმორჩილებთ: „და იყოს ნება შენი.“ უფალმა ისედაც ყველაფერი იცის. უფალი ისედაც ჩვენთან არის. უფალი ისედაც მოქმედებს ჩვენდა სასიკეთოდ. ის ჩვენთან ერთად იტანჯება ჩვენს გასაჭირში.
ის განამტკიცებს ჩვენს ხელებს და იბრძვის ჩვენთვის, როცა მართალნი ვართ მის წინაშე. პირდაპირ ახლა და აქ ის ჩვენთან არის, თუ გვსურს, რომ ვილოცოთ და დახმარება ვთხოვოთ მას.
ერთ-ერთი საინტერესო ბიბლიური ისტორია გარდაუვალი სიკვდილისგან უფლისმიერი ხსნისა და მტრის მრავალრიცხოვან ჯარზე გამარჯვების შესახებ წინასწარმეტყველ ელისეს სახელთან არის დაკავშირებული. მოდით, წავიკითხოთ
ეს მონაკვეთი:
„8. და ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მსახურებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდებიო.
9. და შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს: ‘მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარულნი.’
10. და გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ.
11. და შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მსახურთ და უთხრა: ‘არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?’
12. და თქვა ერთ-ერთმა მსახურთაგან: ‘არავინ, მეფე-ბატონო. ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ.’
13 და თქვა: ‘წადით და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ.’ და შეატყობინეს: ‘დოთანში არის.’
14. და გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. და მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
15. და ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა თავისმა მსახურმა ბიჭმა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?“
16. და თქვა: ‘ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.’
17. და ილოცა ელისემ და თქვა: ‘უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.’ და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
18. და დაეშვნენ მისკენ არამელები, და ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: ‘დააბრმავე ეს ხალხი!’ და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
19. და უთხრა მათ ელისემ: ‘აქ არ არის გზა და არც ქალაქი. გამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ.’ და წაუძღვა სამარიამდე.
20. და როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: ‘უფალო! აუხილე თვალი ამათ, რომ დაინახონ.’ აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.
21. უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: ‘დავხოცო, ჩემო მამავ?’
22. და უთხრა: ‘არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.’
23. და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. და ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.“
უზომოდ საინტერესო ისტორიაა. ისტორია, რომელიც გვაძლევს მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ ვილოცოთ სწორად და როგორ ვიქცეოდეთ რთულ გარემოებათა დროს.
არამელები შეიძლება დაღუპულიყვნენ იქ. ისრაელიანებს შეეძლოთ მათი ამოწყვეტა.
ელისემ არამელები სამარიაში მიიყვანა იმისათვის, რომ თვალები აეხილა მათთვის, რათა მათ ისრაელის ღმერთის ძალა ეხილათ. და შემდეგ, როცა ეს არამელები დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, იცის, რის შესახებ ჰყვებოდნენ? ისრაელის ღმერთის ძალისა და მოწყალების შესახებ.
დღეს ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ვინმე დავღუპოთ, არამედ ის, რომ თვალები ავუხილოთ ადამიანებს ჩვენი ღმერთის წყალობისა და ძალის დასანახავად.
ელისე პანიკაში არ ჩავარდნილა. მტერი მოდის მის ქვეყანაში, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ის არ ამბობს: „ო, ეს ჩვენი ბრძოლა არ არის, ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. ჩვენ არაფერ შუაში ვართ.“
ელისემ გადაარჩინა თავისი მეფე. აფრთხილებდა მას საშიშროების შესახებ. ეუბნებოდა: „არ წახვიდე იქ. იქ ჩასაფრებულნი არიან.“
და როცა არამის მეფე მიხვდა, რომ ისრაელიანი ერის ხსნა დამოკიდებული იყო არა ჯარზე, არა მეფეზე, არა პრეზიდენტზე, არამედ უფლის წინასწარმეტყველზე, მათზე ვინც ლოცულობდა, მაშინ გადაწყვიტა ელისეს შეპყრობა.
მან გადაწყვიტა მთელი ერისთვის მოეკვეთა თავი, ოღონდ არა მეფის, არამედ წინასწარმეტყველის მოკვლით, მლოცველის მოკვლით. ღამით მტერი გარს შემოერტყა ქალაქს, სადაც ელისე იმყოფებოდა და თითქოს, ისრაელის უკანასკნელი იმედი მალე უნდა დაღუპულიყო აქ, ამ ქალაქში. მორჩა. დამთავრდა.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო დიდებული ისტორიისა. რას შეეხება ეს ისტორია? ისტორია ეხება იმას, თუ როგორ უნდა ვილოცოთ სწორად და როგორ ვხედავდეთ სწორად ყველაფერს, რაც გარშემო ხდება.
დილით იღვიძებენ ქალაქის მცხოვრებლები და ხედავენ, რომ მრავალრიცხოვანი მტერია გარშემო. არ არის გასაქცევი. ატყდა პანიკა, თუმცა წინასწარმეტყველი მშვიდად არის. ღვთის ხალხი არასოდეს იბნევა და არასოდეს ვარდება პანიკაში. მათ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ. ელისეს არ აქვს შეკითხვები. კითხვა მის მსახურს აქვს. მსახური პანიკაშია და ამბობს: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?“ რა გვეშველება?
ამ კითხვაზე პასუხად ისმის ლოცვა. ნახეთ, როგორ ლოცულობს ელისე; ის ლოცულობს არა იმისთვის, რომ უფალმა იჩქაროს მათ გადასარჩენად, რადგან მან იცოდა, რომ შველა უკვე იქ იყო. შველა უკვე იქ იყო. საჭირო გახლდათ მხოლოდ ღმერთზე ნდობის დამყარება. ღმერთზე დანდობა.
თუმცა თავისი მსახურის გასამხნევებლად წინასწარმეტყველმა სთხოვა უფალს, აეხილა მისთვის თვალები სულიერი რეალობის დასანახავად. საინტერესოა, რომ ელისე ლოცულობს იმისათვის, რომ მსახურს თვალები აეხილოს, ხოლო მტრები დაბრმავდნენ.
საინტერესოა, როგორ შეეთავსება ესენი ერთმანეთს: რათა ღვთის შვილებს თვალები აეხილოთ, მათ, ვისაც სწამთ უფლის, ვინც ენდობიან მას, რათა მათ დაინახონ უფლის ძალა, რომელიც მათ გვერდითაა; ხოლო მტრები დაბრმავდნენ, დაიკარგონ ამ უცხო მიწაზე. ვინ დაუძახა მათ, რომ ისრაელის მიწაზე იარაღით ხელში მისულიყვნენ?
და ახლა უფალი გვიჩვენებს მათ უმწეობას. რისთვის მოხვედით აქ? რას აკეთებთ აქ? უფალი განაიარაღებს მათ. ელისე ლოცულობს მტრების დაბრმავებისთვის. ის ამბობს: „უფალო, დააბრმავე ეს ხალხი!“ და უფალმაც დააბრმავა ისინი ელისეს ლოცვის პასუხად.
უფალი აბრმავებს თვალხილულთ და თვალებს უხელს ბრმებს.
უმწეო არამელები მორჩილად მიჰყვებიან ელისეს ისრაელის დედაქალაქში და როცა თვალები აეხილებათ, ხედავენ, რომ ისრაელიანი მეომრებით არიან გარშემორტყმულნი. თითქოს, აი, ამ ისტორიის დასასრულიც.
აქამდე, როცა არამელებმა შემოგვარტყეს ალყა და ვფიქრობდით, რომ ამით დასრულდა ყველაფერი, ახლა ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენთვის ბედნიერი დასასრულია. ახლა მტერი ჩვენს ხელშია და ბოლოს მოვუღებთ მათ.
თუმცა ეს არ არის ამ ისტორიის დასასრული. ადამიანური ლოგიკის მიხედვით, როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელიანები? ამოწყვიტონ მტრები, რადგან აქვთ ამის შესაძლებლობა. მაგრამ ღმერთის ლოგიკა ასეთი არ არის. წინასწარმეტყველი საინტერესო რჩევებს იძლევა, როცა ისრაელის მეფე მტრების ამოხოცვას სთავაზობს მას. ელისე ეუბნება: „არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი და წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.“
ანუ წინასწარმეტყველი უფრო დამარწმუნებელ გამარჯვებას სთავაზობს მეფეს და აქ ელისეს სიტყვები გამოხატავს არა მხოლოდ ჯანსაღ აზრს, სწორ მითითებებს, არამედ ღმერთის ხასიათსა და გულს.
გახსოვთ, ახალ აღთქმაში უფალი იესო გვეუბნება, რომ მტერს წყალი უნდა შევთავაზოთ. ზრუნვა უნდა შევთავაზოთ და ეს იქნება, როგორც ცხელი ნაკვერჩხლების მოგროვება მტრების თავზე. ეს შოკი იქნება მტრისათვის. ისინი არ მოელიან ამას. მაგრამ ასეთია ისრაელის ღმერთი. ის ძლიერია და ამავდროულად მოწყალეც.
ამ ისტორიაში ელისეს მოქმედებები, ლოცვები და რჩევები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. უპირველესად, ის ეუბნება თავის მსახურს: „ნუ გეშინია! გახსოვდეს ღვთის ძალაუფლების შესახებ!“
მეორე, ის ეუბნება მეფეს: „არ დახოცო“, ანუ, „ნუ იჩქარებ ღმერთის გამარჯვების მითვისებას და უადგილო სისასტიკის გამოვლინებას.“
მესამე, აჭამე მტრებს და გაუშვი ისინი. ეს ჩვენთვის გაუგებარია, მაგრამ ელისე ეუბნება მეფეს: „გამოავლინე კეთილგონიერება და შენი ძალა სიკეთით გამოხატე, უჩვენე მათ, რომ შენ სხვანაირი ხარ, არა სულმდაბალი, როგორც თავად არიან. უჩვენე სხვანაირი ხასიათი. უჩვენე მათ შენი ღმერთის მოწყალება.“
ამავდროულად, ელისე ლოცულობს როგორც თავისი ხალხისთვის, ასევე მტრებისთვის. ის არა მხოლოდ თავისი ხალხისთვის ლოცულობს, არამედ ლოცულობს მტრისთვისაც.
გაგჩენიათ კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ილოცოთ მტრებისათვის? მე ბევრჯერ გამჩენია ეს კითხვა. განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში.
ელისე ლოცულობს და ევედრება უფალს, რომ თვალი აუხილოს ისრაელიანებს, რათა მათ დაინახონ რეალობა, დაინახონ ანგელოზთა ლაშქარი და ღვთის თანდასწრება ყველაზე მძიმე წუთებში.
მეორე, ის სთხოვს უფალს, განაიარაღოს მტერი. ეს უფლისთვის მოსაწონი ლოცვაა. მეგობრებო, როცა მტრები მოდიან თქვენს მიწაზე, თქვენს სახლებში, ასეთი ლოცვა უფლისათვის მოსაწონია; ლოცვა მტრების განიარაღების შესახებ. უფალს შეუძლოა ეს.
შემდეგ კი ლოცულობს, რომ თვალი აეხილოთ მათ, რათა დაინახონ, სად იმყოფებიან, როგორ მდგომარეობაში, რათა დაფიქრდნენ: „რას ვაკეთებთ აქ? როგორ მოვხვდით აქ? რა გვჭირს? სად არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და რას ვაკეთებთ აქ?“
ისრაელიანები გადარჩნენ, მტრები კი შეწყალებულნი იქნენ. ეს იმისთვის მოხდა, რომ ორივე ხალხი გამხდარიყო მოწმე ღმერთის ძალისა და გულმოწყალებისა.
რამდენიმე რჩევა ამ ისტორიიდან:
ნუ ჩაცვივდებით პანიკაში. ეს ისტორია ყველას გვასწავლის, რომ პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ.
დაენდე ღმერთის ძალას და ძალაუფლებას.
ნუ გააღვივებ შენში სისასტიკეს და სიძულვილს.
ნუ იქნები მტერივით ბრმა.
შენ ხომ იცი, შენთან უფრო ბევრია? შენ ხომ გწამს ღმერთის? შენ ხომ იცი, რომ უფლის ანგელოზთა ლაშქარია გვერდით? სწორედ ამიტომ, ნუ იქნები მტრებივით ბრმა. ნუ დაგაბრმავებს საკუთარი ტკივილი.
ამ კეთილი რჩევების გათვალისწინებით დღეს უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ გვქონდეს სწორი ხედვა, რომ მტრებს თვალები აეხილოთ. თვალები აეხილოს ყველას, ვინც თავს გვესხმის, ვისაც ჩვენთვის ბოროტი სურს.
დაე, უფალმა გვიჩვენოს თავის ანგელოზთა ლაშქარი ჩვენი დაბნეულობის წუთებში, გვიჩვენოს თავისი ძალა და დიდება. და დაე, მტრები დაბრმავდნენ საკუთარი თავდაჯერებულობით, რათა შემდეგ თვალები აეხილოთ საკუთარ უძლურებაში და დაემორჩილონ უფლის ძალაუფლებას, რათა მეტად აღარასოდეს გაილაშქრონ ღვთის ერის წინააღმდეგ; რათა შიშითა და მოწიწებით უყვებოდნენ საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს ისრაელის დიადი ღმერთის ძალისა და წყალობის შესახებ.
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში