როგორ უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ? – დონ უიტნი

ხუცესი და მქადაგებელი დონ უიტნი, საუბრობს იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ბიბლიური ფრაზა „ილოცეთ განუწყვეტლივ“. მისი თქმით, ეს მითითებაა დაჟინებული ლოცვასა და ადამიანის მზადყოფნაზე ყოველთვის ჰქონდეს ლოცვის, ანუ ღმერთთან საუბრის სურვილი.

არსებობს რამდენიმე გაგება ბიბლიური ფრაზისა: „ილოცეთ განუწყვეტლივ“. ზოგის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს მივიდეთ ცხოვრებაში ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც საერთოდ აღარ ვილოცებთ. არ მგონია, რომ რომელიმე ნამდვილი ქრისტიანი ოდესმე შეწყვეტს ლოცვას.

 

ბიბლიაში – რომაელთა და გალატელთა მიმართ წერილებში – დაწერილია იმის შესახებ, რომ სულიწმიდა აღძრავს ჩვენში ლოცვის სურვილს. ეს უბრალოდ ჩვენი არჩევანით როდი ხდება, არამედ სულიწმიდა აღძრავს ჩვენში სურვილს, შევძახოთ: „აბბა, მამაო!“  

 

ამრიგად, ისინი, ვისშიც სულიწმიდა მკვიდრობს, ზეცისკენ არიან მიმართულნი. მამისკენ არის მათი გული მიმართული. ეს კი ასე არ იყო მანამ, სანამ მათში სულიწმიდა დამკვიდრდებოდა. სხვა სიტყვებით, მორწმუნეებს, რომლებშიც სულიწმიდა მკვიდრობს, ნამდვილად აქვთ ლოცვის სურვილი. ამრიგად, საეჭვოა, რომელიმე, ასეთ მორწმუნეთაგან, ისეთ მდგომარეობამდე მივიდეს ცხოვრებაში, რომ საერთოდ შეწყვიტოს ლოცვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი ლოცვითი ცხოვრება მოსაწყენი იყოს ან იშვიათად სცემდეს პასუხს მათ ლოცვებს ღმერთი.

 

ზოგის აზრით კი, ფრაზა – „ილოცეთ განუწყვეტლივ“ – ნიშნავს დაჟინებით ლოცვას. ეს შეესაბამება იესოს სიტყვებს, რომლებსაც ვკითხულობთ ლუკას სახარების მე-18 თავში, სადაც მოცემულია იგავი ქვრივისა და უსამართლო მსაჯულის შესახებ. ლუკას 18:1-ში დაწერილია, რომ ყოველთვის უნდა ვილოცოთ და არ მოგვბეზრდეს. ამრიგად, ზოგიერთი ადამიანის აზრით, განუწყვეტლივ ლოცვა ნიშნავს იმას, რომ ლოცვა არ უნდა მოგვბეზრდეს; რომ თუ რაღაცისთვის ვლოცულობთ, არ უნდა დავნებდეთ; რომ უნდა ვილოცოთ მანამ, სანამ პასუხი არ მოვა ღვთისაგან: ან თანხმობა, ან უარი, ან მოცდის შესახებ მოწოდება.  

ზოგიერთის აზრით, განუწყვეტლივ ლოცვა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გქონდეთ ლოცვის სურვილი; ლოცვასთან ყოველთვის ახლოს იყოს თქვენი აზრები. თუმცაღა, ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მოგვცა საქმე, რომელიც უნდა ვაკეთოთ და ხშირად ჩვენი საქმე მთლიან გონებრივ ჩართულობას მოითხოვს. მაშ, როგორღა უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ, როდესაც თავად ღმერთმა მოგვცა ისეთი საქმე საკეთებლად, რომელიც სრულ გონებრივ ჩართულობას მოითხოვს? ესე იგი, ეს პირდაპირი მნიშვნელობით იმას არ ნიშნავს, რომ შეგნებულად ვესაუბრებოდეთ ღმერთს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში? მაშ, როდისღა უნდა გვეძინოს?

 

ვფიქრობ, ფრაზა „განუწყვეტლივ ილოცეთ“ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ლოცვასთან ახლოს იყოს ჩვენი აზრები, ყოველთვის უნდა გვქონდეს ლოცვის სურვილი. ყველაზე მარტივი საშუალება ამისათვის ის გახლავთ, რომ ყველა მოვლენა ლოცვად ვაქციოთ. მაგალითად, თუ შეხვედრაზე მივდივარ, შემიძლია, ამ შეხვედრისათვის ვილოცო; ანდა თუ ღვთის ქმნილების მშვენიერებას ვხედავ, ღმერთს მადლობა გადავუხადო თავისი საოცარი ქმნილებისათვის. ვავითარებდე ჩემში ისეთ დამოკიდებულებას, რომ რასაც ვხედავ, ვგრძნობ ან ვფიქრობ, ყველაფერი ღმერთისადმი იყოს მიმართული.  

 

ყოველივეს ღმერთს ვუკავშირებდე, რაც თავის მხრივ, ჩემში მადლიერების გრძნობას გამოიწვევს: „გმადლობ, უფალო, ამისათვის, იმისათვის“; „ვლოცულობ, უფალო, ჩემი ქრისტესმიერი ძმისთვის“; „მაპატიე, უფალო, ის, რასაც ახლა ვფიქრობდი“.  ეს იმისთვის, რომ ყოველთვის ვგრძნობდეთ ღმერთის თანდასწრებას და ვაცნობიერებდეთ, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მასთან ურთიერთობა.

 

ამრიგად, ვფიქრობ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ჭეშმარიტებაა: ქრისტიანი არასოდეს უნდა მივიდეს ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც საერთოდ შეწყვეტს ლოცვას ან იფიქრებს, რომ შეუძლია ლოცვაზე უარის თქმა.

ასევე, ბიბლია ნათლად გვასწავლის იმის შესახებ, რომ დაჟინებით უნდა ვლოცულობდეთ და არ გვბეზრდებოდეს, როგორც ეს ლუკას 18:1-შია დაწერილი.

წმინდა წერილი იმასაც გვასწავლის, რომ ყოველთვის გვქონდეს ლოცვის სურვილი. ყოველთვის მზად ვიყოთ ლოცვისთვის. ჩვენი აზრები ლოცვასთან ახლოს იყოს მუდამ, და ნებისმიერ დროს შეგვეძლოს ნებისმიერ საკითხზე ლოცვა.  

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში