სად უნდა ვიპოვოთ სიცოცხლე? – პოლ ტრიპი

სიცოცხლე, რომელსაც მოაქვს ყოვლისმომცველი სიმშვიდე; სიცოცხლე, რომელიც იმედს ნიშნავს მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ინგრევა ირგვლივ; სიცოცხლე, რომელიც გაბედულებას გმატებთ, რათა კვლავ ადგეთ მეორე დღეს და გააგრძელოთ სვლა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეგხვდათ.

ცოტა რამ თუ წარმოგვიდგენს სახარებას იმაზე უფრო მკაფიოდ და ნათლად, ვიდრე ტანჯვის წუთები. ცოტა რამ თუ წარმოგვიდგენს სახარებას იმაზე უფრო მკაფიოდ და ნათლად, ვიდრე ტანჯვის წუთები. 


ტანჯვა კიდევ ერთხელ შემახსენებს იმას, თუ სად უნდა ვიპოვოთ სიცოცხლე. სიცოცხლეს ვერ იპოვით იმ მშვენიერ სახლში, რომელიც თქვენ გეკუთვნით, სიცოცხლეს ვერ იპოვით იმ ადამიანში, რომელზეც ხართ დაქორწინებული. სიცოცხლეს ვერ იპოვით ჯანმრთელობაში. სიცოცხლეს ვერ იპოვით მაშინაც კი, თუკი მთელი თქვენი ცხოვრების ოცნება აგიხდებათ. სიცოცხლე პიროვნებაა და მისი სახელია იესო.


და რატომ არის ამ რაღაცების დაკარგვა ჩემთვის ესოდენ მტკივნეული? იმიტომ, რომ მე შეცდომით მგონია, რომ ეს რაღაცებია სიცოცხლე. სიცოცხლეა ის, რომ მე დაქორწინებული ვარ. სიცოცხლეა ის, რომ კარგი სამსახური მაქვს. სიცოცხლეა ის ფაქტი, რომ კარგი სახლი მაქვს. სიცოცხლეა ის, რომ ჩემი შვილები კარგად არიან. ეს ყველაფერი უზარმაზარი, შესანიშნავი კურთხევანია, რომელთა გამოც მადლიერნი უნდა იყოთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის სიცოცხლე.


ერთხელ ერთ ქალბატონს ვესაუბრებოდი, რჩევა უნდოდა. მას სურდა, რომ ქმართან ერთად მოსულიყო და ორივესთან ერთად მელაპარაკა, თუმცა კაცს მოსვლა არ უნდოდა. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, ამ დროს მის ქმარს ყველაფერი გამოჰქონდა სახლიდან, სადაც ერთად ცხოვრობდნენ ოჯახით. სამი დიდი სატვირთო გაივსო სახლიდან გამოტანილი ნივთებით. სამი წლის განმავლობაში გეგმავდა ამას ეს კაცი. სამი წელი განიზრახავდა, რომ ცოლი სრულიად ცარიელი დაეტოვებინა.


ჩვენი საუბრის შემდეგ, როცა ქალი შინ დაბრუნდა, თავისი უზარმაზარი სახლი სრულიად ცარიელი დახვდა. სახლში მხოლოდ სამზარეულოს პატარა მაგიდა, ოთხი სკამი და ერთი პატარა საწოლი იყო დატოვებული ერთ-ერთ საწოლ ოთახში; სახლში არსებული უამრავი საწოლი ოთახიდან ერთში.  

მეტი არაფერი. სახლში სხვა არავინ და არაფერი იყო, მათ შორის, ამ ქალის ბავშვებიც. ის სრულიად განადგურებული გახლდათ. სრულიად გადასული ჭკუიდან. მე მას ისეთი სიტყვები ვუთხარი, რომლებიც მისთვის, იმ დროს, გაუგებარი იყო. მე მას ვუთხარი: „შენ შეძლებ მტკიცედ დგომას. შენ ფეხზე იდგები, როცა ეს ყველაფერი დასრულდება, რადგან ქმარმა შეიძლება ქონება წაგართვას, შეიძლება შვილები წაგართვას, შეიძლება მეგობრები წაგართვას, მაგრამ სიცოცხლეს ვერ წაგართმევს. ვერა. მას არ აქვს ამის უნარი.“


ამ სიტყვების მოსმენისას ქალი ატირდა, რადგან, როგორც ჩანს, სწორედ ასე ფიქრობდა. ფიქრობდა, რომ ქმარმა სიცოცხლე წაართვა. როგორ დაუშვა ღმერთმა ეს?


ო, არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ჩემს ოფისში სატელეფონო ზარი გაისმა. ავიღე ყურმილი და სანამ ვიტყოდი − გისმენთ − აღტაცებული ხმა მომესმა: „მე ვდგავარ, მე ვდგავარ!“


რა თქმა უნდა, მივხვდი, ვინ იყო. ქალმა მითხრა: „პოლ, ვფიქრობდი, რომ სიცოცხლე წამართვეს“. შემდეგ კი ზუსტად ის მითხრა, რაც მე გითხარით ამ საუბრის დასაწყისში, მან თქვა: „გავაცნობიერე, რომ სიცოცხლე პიროვნებაა და მისი სახელია იესო და ეს სიცოცხლე სამუდამოდ ჩემთანაა. მარადიულად. ვერავინ წამართმევს მას.“


სახარება ძლევამოსილად ვლინდება ამ ყველაფრის მეშვეობით. ის ყოველივე, რაც ძვირფასი გახდა ჩვენთვის ამ შექმნილ, ფიზიკურ სამყაროში: ნაცნობი ადგილები და ხმები, წარსულის გამოცდილებანი და საკუთრებანი, ასევე, ადამიანები − ვერ მოგვცემენ სიცოცხლეს. მათში სიცოცხლეს ვერ ვპოვებთ. თითოეული მათგანი ღვთის მიერ ჩვენს ცხოვრებაში მოთავსებული თითია, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, თუ სად უნდა ვიპოვოთ სიცოცხლე. ხედავთ განსხვავებას?


ამ ყველაფერში ვერ ვნახავთ სიცოცხლეს. ეს რაღაცები მიგვითითებს იმისკენ, ვისაც ძალუძს მოგვცეს სიცოცხლე, საუკუნო სიცოცხლე;

სიცოცხლე, რომელსაც მოაქვს ყოვლისმომცველი სიმშვიდე;

სიცოცხლე, რომელიც იმედს ნიშნავს მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ინგრევა ირგვლივ;

სიცოცხლე, რომელიც გაბედულებას გმატებთ, რათა კვლავ ადგეთ მეორე დღეს და გააგრძელოთ სვლა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეგხვდათ.

სიცოცხლე, ნამდვილი სიცოცხლე, პიროვნებაა და მისი სახელია იესო. ეს სიცოცხლე სამუდამოდ თქვენია.


შეიძლება დაკარგოთ სახლი, შეიძლება თქვენი საოცნებო მანქანა დაამტვრიოთ. შეიძლება ერთგულმა მეგობარმა გაქციოთ ზურგი და მიგატოვოთ. შეიძლება ოჯახი დაგენგრეთ, მაგრამ არცერთი ზემოხსენებული არ არის სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასი. რადგან ყოველთვის, როცა ვიღაცას ან რაღაცას კარგავთ, თქვენი სიცოცხლე თქვენთან რჩება. ის ერთგულია და ყოველთვის ახლოსაა. სიცოცხლე არასოდეს დაგტოვებთ.  


ყველამ ვიცით, რომ იესო ქრისტემ საკუთარი ნებით აიტანა ცოდვით დაცემულ ქვეყნიერებაზე მცხოვრებთა ტანჯვანი და სირთულენი. არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ტანჯვის ყველაზე დიდი სიმძაფრე ჯვარზე განცდილ ტკივილში არ გამომჟღავნებულა. არც მის წინააღმდეგ მოწყობილი სასამართლოს საშინელ უსამართლობაში. იესოს ტანჯვის ყველაზე დიდი სიმძაფრე ემოციებსა და ურთიერთობებთან იყო დაკავშირებული. ეს ის წუთი იყო, როდესაც მამამ ზურგი შეაქცია ძეს. ტკივილისა და მწუხარების ყველაზე მძაფრ წუთებში იესომ წამოიძახა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“ „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?“


ქრისტემ საკუთარი ნებით აიტანა ეს, რათა თქვენ არასოდეს გამოგეცადათ ღვთის მიერ ზურგის შექცევა. სიცოცხლე არასოდეს შეგაქცევთ ზურგს. სიცოცხლე არასოდეს დაგტოვებთ. სიცოცხლე არასოდეს დაგანებებთ თავს. სიცოცხლე არასოდეს გეტყვით: „მეტისმეტად რთულია.“

სიცოცხლე შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში თავისი მადლით და ის არასოდეს მიგატოვებთ.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში