fbpx

 ღმერთი მოგიწოდებს და მოგყვება – პოლ ტრიპი

პოლ ტრიპი საუბრობს მოწოდების შესახებ, რომ როცა ღმერთი მოუწოდებს ადამიანს, ის მარტო არ ტოვებს მას, გვერდით მიჰყვება და ამავდროულად, აძლევს ყველაფერს რაც საჭიროა მოწოდების აღსასრულებლად.

 

გავიხსენოთ იონას მოწოდება. ის ნინევეში უნდა წავიდეს, თუმცა უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. ის უცხო ქვეყნისკენ მიმავალ გზას უნდა დაადგეს. ეს არის იონას მოწოდება.

ნინევეში, 125 ათასიდან 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა ისტორიის იმ პერიოდში. ეს უზარმაზარი მეტროპოლისი გახლდათ. ფაქტობრივად, ბიბლიის ამ მონაკვეთში დაწერილია, რომ ნინევეს მთლიანად გავლას სამი დღე სჭირდებოდა. ეს საკმაოდ დიდი ქალაქი იყო.

ამრიგად, იონა მიდის ამ დიდ, უზარმაზარ ქალაქში და მისთვის არაფერია ამაში კარგი. ღმერთი მას მოუწოდებს, რომ წავიდეს და იქადაგოს, იქადაგოს და იქადაგოს. იაროს ნინევეს ქუჩებში და მხოლოდ ერთი უწყების შესახებ იქადაგოს.
ამ დროს კი იონა უცხოელია, რომელსაც არ იცნობენ და არ ესმით მისი. ის, რაც იონას უნდა ეუწყებინა ნინევესათვის, გახლდათ უწყება ღვთის სამსჯავროს შესახებ. სასიამოვნო უწყებაა ხომ?!.. საქმეს კიდევ უფრო ართულებდა ისიც, რომ ნინევე, სულიერი თვალსაზრისით, იყო ბოროტი ქალაქი. და როცა ღმერთი რაღაცას „ბოროტს“ უწოდებს, ესე იგი, ეს ასეა.

ყველა გარემოება გვკარნახობს, რომ იონას გაგზავნა ნინევეში იყო კატასტროფა. იონა გარბის. ფიქრობს, რომ არაფერი გამოვა. ჩვენ ვიცით, როგორია ღმერთი და ეს არის ერთადერთი რამ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ განზრახვას აქვს აზრი.
ვინაიდან ღმერთს აქვს ძალა იმისა, რომ მოიმოქმედოს, რაც სურს; მისი მეშვეობით, ვისაც მოუწოდებს და მის მიმართ, ვის მიმართაც თავად სურს.
გაიგონეთ, რაც ვთქვი?

ღმერთს აქვს ძალა იმისა, რომ მოიმოქმედოს, რაც სურს; მისი მეშვეობით, ვისაც მოუწოდებს და მის მიმართ, ვინც აირჩია საქმის გასაკეთებლად.
ახლა ვსაუბრობთ ნინევეზე. ეს ყოვლისშემძლე ღმერთისთვის არ არის საძნელო საქმე. თუ მას უნდა ქალაქის მოქცევა, ის მოაქცევს კიდეც მას და თუ სურს, რომ ეს იონას მეშვეობით მოიმოქმედოს, ის ასეც მოიქცევა.

თუ ღმერთი მოგიწოდებთ, ტვირთი თქვენს მხრებზე არ არის. ტვირთი ღმერთის მხრებზეა. გთხოვთ, კარგად დაუგდეთ ყური იმას, რის თქმასაც ვაპირებ: თუ ღმერთი მოგიწოდებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცვლილების გამომწვევი ხართ. არავის შეუცვლია სხვა ადამიანი, არავის. თუ მშობელი ხართ, არ შეგიძლიათ საკუთარი შვილის შეცვლა. ეს არ არის თქვენი გასაკეთებელი საქმე.

თუ ცოლი ან ქმარი ხართ, ვერ შეძლებთ მეუღლის შეცვლას. თუ ქრისტიანი მეგობარი ხართ, ვერ შეძლებთ თქვენი ქრისტიანი მეგობრის შეცვლას. თუ მეზობელი ხართ, ვერ შეცვლით თქვენს მეზობელს. თქვენ არ ხართ მოწოდებულნი იმისკენ, რომ იყოთ ცვლილებების გამომწვევნი.

თქვენ მოწოდებულნი ხართ იმისკენ, რომ იყოთ ცვლილებათა იარაღი ღმერთის ხელში. სწორედ ეს ხდება იონას ისტორიაშიც. ტვირთი იონაზე არ არის. სწორედ ეს არ ესმოდა მას, როცა გარბოდა. ღმერთი იონას არ სთხოვდა იმის გაკეთებას, რის გაკეთებაც მას არ შეეძლო. ღმერთი სთხოვდა მას – მიეღო მონაწილეობა იმ საქმეში, რომლის გაკეთებაც შეუძლია თავად ღმერთს.

ხვდებით განსხვავებას?

მიყვარს ეს ისტორია, რადგან ეს ის უწყებაა, რომლის მოსმენაც გვჭირდება, რაზეც უნდა ვიფიქროთ, რადგან ხშირად საკუთარ თავს ვუქმნით პრობლემებს.
ვგულისხმობ იმას, რომ არიან მშობლები, რომლებიც დილით იღვიძებენ და საკუთარ მხრებზე იდებენ ტვირთს შვილების მომავალსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. გასაკვირი არ არის, რომ მათთვის მშობლობას იმედგაცრუება მოაქვს; მათთვის მშობლობა ძალიან დამღლელი, დამაბნეველი და გამაღიზიანებელია. ტვირთი მის მხრებზეა, ვინც მოგიწოდათ. თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი შვილის გული შეცვალოთ. თქვენ მოწოდებულნი ხართ იმისკენ, რომ იყოთ იარაღი ღმერთის ხელში. მისმინეთ: იონას ერთადერთი მოწოდება იყო: „იქადაგე უწყება. უბრალოდ, იქადაგე. დანარჩენს მე მოვიმოქმედებ“.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში