შეუძრავი სამეფოს მიღება – ალექსანდრე შევჩენკო

ქვეყნიერება ირყევა და ის შეირყევა, მანამ ყველაფერი ადამიანური არ დაინგრევა და არ დარჩება ურყევი, მარადიული, ღვთაებრივი, რადგანაც ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ. და თუ მან საკუთარი ძე არ შეიწყალა, არამედ გაწირა ყველა ჩვენგანისთვის; ის იქნება ჩვენთან ყველაფერში; ის თავისი ძალით გაგვატარებს ყოველ განსაცდელში; ის ჩაგვიკრავს გულში, გვანუგეშებს და დარჩება ურყევი სამეფო.

 

დასაწყისში მსურს აღვწერო ზოგადი განსხვავება, თუ როგორ ხდება მიწიური სახელმწიფოს მოწყობა დედამიწაზე, ჩვენს შემთხვევაში სიტყვა „სამეფოს“ უკვე აღარ ვიყენებთ, ეს მოძველებული ტერმინია, მაგრამ ეს გახლავთ სამეფოს პროტოტიპი. ანუ, გარკვეული ერი იმკვიდრებს თავს, უზრუნველყოფს თავის მოქალაქეებს, ავითარებს ეკონომიკას, პოლიტიკას, რელიგიას, რათა ადამიანებმა სწორედ ამ ქვეყანას და ამ ერს მიაკუთვნონ თავი.


თუ ისტორიას სწრაფად გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ყველა სახელმწიფო, ყველა ერი ყალიბდებოდა ომით, რევოლუციით, დაბალი ფენების ამბოხებით, მონების, დაჩაგრულ ადამიანთა ამბოხებით… ამ დაჩაგრულ ადამიანებს გარკვეულ დრომდე შეუძლიათ მოთმინება, მაგრამ დგება ისეთი მომენტი, როცა დაბალ ფენას უკვე აღარ ძალუძს მოთმინება, ხოლო მაღალ ფენას აღარ ძალუძს მართვა. ეს არის დაძაბულობის პიკი, როდესაც ხდება რევოლუცია, რეჟიმთა დამხობა… ყველა ამას ელოდება და ადამიანები უკვე მზად არიან ყველაფრისთვის. მზად არიან – სისხლით გადაიხადონ საფასური; მზად არიან დაიხოცონ, ოღონდ უზრუნველყონ საკუთარი თავისუფლება და თავიანთი შთამომავლობის თავისუფლება.


რა თქმა უნდა, როცა ხდება ამ მდიდარი ფენის დამხობა, ყველას სწამს, რომ ახლა ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას; ყველას ექნება თანაბარი უფლება; როგორც იქნა შევძლებთ – მთელი არსებით ჩავისუნთქოთ თავისუფლების ჰაერი, სადაც არავინ არავის დაამცირებს. მაგრამ ასეთი რწმენა მცირე ხნითაა საკმარისი.
ძალიან მალე, ახალი ხელისუფლების მოსვლისას, ჩნდება იმედგაცრუება, რადგანაც ადამიანის ბუნება და არსი რჩება უწინდელი. და როგორც კი ეძლევა ადამიანს შესაძლებლობა – წაგართვას რაიმე, ის აუცილებლად წაგართმევს მას. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ჩაგრულნი იყვნენ, ხდებიან მჩაგვრელები.


სოლომონი საერთოდ უცნაურ რამეს აცხადებს; ის ამბობს, რომ დედამიწაზე არის ოთხი ყველაზე საზარელი რამ. ერთ-ერთი მათგანია, როცა მონა მეფე ხდება. რადგან მონობის ჟამს ის შეზღუდული იყო. მასში დუღდა ბოროტება, უპატიებლობა. ის ალბათ ყველას ნაკუწებად აქცევდა, მაგრამ მაშინ არ ჰქონდა ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ როდესაც უკვე ხელისუფლებაში მოდის ასეთი შინაგანი განცდებით სავსე, და იღებს უზარმაზარ შესაძლებლობას, ის ხომ შინაგანად არ არის შეცვლილი?!.. ამიტომ იწყებს განადგურებას. თითქოს უკვე ანადგურებს კიდეც ამ მდიდარ ხალხს, რადგან დამნაშავეებად მიიჩნევს მათ ყოველგვარ ჭირსა და უბედურებაში. შემდგომ ეს ყოველივე ისე თავბრუს ახვევს და აგიჟებს, რომ ეს პიროვნება ხდება უზურპატორი. ის რჩება ხელისუფლებაში; ანადგურებს თავის ყველა ოპონენტს. ეს არ არის ახალი რამ. ნუ გაგიკვირდებათ თანამედროვე მმართველების, რომლებიც ამას უფრო კულტურული ფორმით აკეთებენ. იშორებენ თავიანთ აშკარა ოპონენტებს.


ეს ყოველთვის ასე ხდებოდა ისტორიაში. ყოველთვის, როცა ახალი მეფე მოდიოდა ხელისუფლებაში, თავიდან იშორებდა თავის ყველა ოპონენტს. და თუ საქმე ეხებოდა დინასტიას, ის გზიდან ჩამოიცილებდა ხოლმე წინა მეფის ყველა ნათესავს. არაფერი შეცვლილა. ყველაფერი იგივე რჩება დედამიწაზე და ადამიანებს ძალიან მალე იმედი უცრუვდებათ, იმიტომ, რომ ადამიანის არსში, მის ბუნებაში დაფარულია სიძუნწე, სიხარბე, სიამაყე… მაგრამ მმართველები მაინც ცდილობენ, თავიანთ გარშემო როგორმე შეკრიბონ ადამიანები. ხალხის გარეშე სხვაგვარად ხომ ვერ შეძლებენ?!


გახსოვთ სოდომის მეფე? როცა აბრაამმა უკუაქცია მისი ხალხი, აგრეთვე, ქედორლაღომერის და სხვა მეფეების მეომრებიც, მოიყვანა ისინი და სოდომის მეფე შეხვდა აბრაამს, მან უთხრა: ხალხი მაინც დამიბრუნე. შეგიძლია, მთელი ქონება წაიღო, მაგრამ ისინი მაინც დამიბრუნე. როგორი მეფე ვიქნები ხალხის გარეშე?! ამიტომ გასაგებია, რომ ნებისმიერი მეფე ცდილობს – შეინარჩუნოს ხალხი თავის გვერდით. მაგრამ როგორ შეძლებენ ამ ადამიანების შენარჩუნებას? ამიტომაც ისინი ეძებენ ნაციონალურ იდეას; ეძებენ რაღაც თავისებურებას ამ ადამიანთა ჯგუფში, რათა ეს თავისებურება განასხვავებდეს მათ დედამიწაზე მცხოვრები სხვა ხალხისაგან.


ამჯერადაც მოქმედებენ ამ ხალხის სიამაყეზე. იყურებიან უკან, წარსულში; ეძებენ იქ გმირებს, თავიანთ ყოველ გამარჯვებას, დამსახურებას, მონაპოვარს, და ადამიანებს ატყუებენ, რომ ჩვენ ვართ უნიკალურები, განსაკუთრებულები, განუმეორებლები, რომ ჩვენ სხვებზე უკეთესები ვართ. და აი, ამ ნაციონალურ სიამაყეს ისინი გაძლიერებულად ებღაუჭებიან, რადგანაც მის გარეშე თავიანთ გარშემო საზოგადოებას ვერ შეინარჩუნებენ.

 

დედამიწის ნებისმიერი სახელმწიფო მთელი ძალით ეძებს ამ ეროვნულ, ნაციონალურ იდეას. და ის მმართველები, რომლებმაც შეძლეს, მოეფიქრებინათ (მე არც კი ვთქვი, რომ ეპოვათ), მოეფიქრებინათ და თავზე მოეხვიათ საკუთარი ხალხისთვის, ეს ხალხი მეტად ნაციონალურები არიან, მეტად პატრიოტულები არიან საკუთარი სახელმწიფოსადმი.


საერთოდ, ნაციონალიზმიდან ერთი ნაბიჯია ნაციზმამდე. ნაციზმიდან კი ერთი ნაბიჯია ფაშიზმამდე. იმიტომ, რომ ფაშიზმიც ნაციონალური იდეაა. უბრალოდ, ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მათ ნამდვილად ცისფერი სისხლი აქვთ და სხვები არ არიან ღირსნი მათ გვერდით დგომისა. ამიტომ, ასეთი განწყობის მქონე ადამიანები არა მხოლოდ საშიშნი, არამედ შეშლილებიც არიან ამპარტავნობით. რადგანაც ნაციონალიზმის იდეა, ეს არის საკუთარი თავის დაპირისპირება სხვა ადამიანებთან. ამ სიამაყისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის ხარჯზე, ვეწებებით ჩვენს ჯგუფს და მზად ვართ – ვიცხოვროთ სიღარიბეში, მაგრამ არ ვუღალატოთ ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს. ამგვარადაა, დაახლოებით ამგვარად.


მინდა წაგიკითხოთ ცნობილ ადამიანთა რამდენიმე ციტატა. ეს არ არის ბიბლიური ციტატები, მაგრამ ეს ადამიანები საკმაოდ ცნობილები არიან, ჩემი შეხედულებითაც შორსმჭვრეტელნი, და ისინი ხსნიან, თუ რა არის ნაციონალიზმი. რუსი მწერალი ბორის სტრუგაცკი წერდა: „პატრიოტმა შესანიშნავად იცის, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ერი, არსებობენ მხოლოდ ცუდი და კარგი ადამიანები. ნაციონალისტი ამგვარად აზროვნებს და ყოფს საზოგადოებას თავისებად და სხვებად.

 

ნაციონალისტი მთელ ერებს ხელაღებით მიიჩნევს უკეთურად. ეს არის ფაშისტური იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნიშანი, როცა ვყოფთ ადამიანებს ჩვენიანებად და არაჩვენიანებად, უცხოებად.“ ცნობილი რუსი ფილოსოფოსის, ნიკოლაი ბერდიაევის თქმით კი: „პატარა ერების ნაციონალიზმი იზოლაციისა და თვითკმაყოფილების გამოხატულებაა.“

 

ამრიგად, იმის გამო, რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და არ შეგვიძლია – ხმამაღლა განვაცხადოთ ჩვენს უნიკალურობაზე, იზოლაციაში ვექცევით და ვტკბებით საკუთარი თავით. ასე გამოიყურება პატარა ერების ნაციონალიზმი. მაგრამ ბერდიაევი აგრძელებს: „დიდი ერების ნაციონალიზმი – ესაა იმპერიალისტური ექსპანსია.“ ამრიგად, დიდი ერები, რომლებიც ჩართულნი არიან ნაციონალიზმში, თავს უფლებას აძლევენ – შეიჭრან პატარა ერებში; თავს მოახვიონ საკუთარი უპირატესობა, და დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ისინი უკეთესები არიან, და ეს პატარა ერები ოდესმე შეიგნებენ და მადლიერნი იქნებიან, რომ ისინი მოვიდნენ მათ ტერიტორიაზე და შეიტანეს მათში ცივილიზაცია.


დიმიტრი მენდელეევი წერდა: „ცალკეული ერის მიერ საკუთარი თავის გაღმერთება მანკიერებაა. ამრიგად, ცალკეული ერის გაზვიადებული ნარცისიზმი არის მანკიერება, რომელიც აკავებს პროგრესს; იმ პროგრესს, რომელიც საჭიროებს ყველა ერის თანასწორობის აღიარებას.“ მენდელეევი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როდესაც იკეტები საკუთარ თავში და ტკბები შენი თავით, აჩერებ პროგრესს. იმიტომ, რომ პროგრესი განუყოფლად დაკავშირებულია მსოფლიო კულტურასთან და არა ნაციონალურ კულტურასთან. 

 

მსოფლიო კულტურა გულისხმობს გამოცდილების გაცვლას: თქვენ როგორ გააკეთეთ ეს? რა ინოვაციები გაქვთ? როგორ შეძელით ასეთი ეკონომიკის განვითარება, ასეთი საკანონმდებლო სახელმწიფოს აშენება? ნაციონალიზმი კი არ იძლევა ამის უფლებას და საშუალებას, რადგანაც ის ტკბება საკუთარი თავით. ეს მე არ მითქვამს, ეს გამოჩენილ ადამიანთა ნააზრევია, რომლებმაც უკვე იხილეს ამ იდეების მავნე მხარე; მაგრამ დღეს არ გიჩვენებთ ნაციონალური იდეების მავნებლობას ან სარგებლიანობას, უბრალოდ ფაქტები მომყავს და ამით ვმოწმობ, რომ ამ ნაციონალური იდეების გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს ორგანიზება.


ყველა ცდილობს – შეინარჩუნოს თავისი ხალხი მათი უპირატესობის წარმოჩენით, ეს თითქოს გვაერთიანებს. როდესაც ქრისტე დედამიწაზე მოვიდა, მან მოიტანა რაღაც პრინციპულად ახალი, რაც ადამიანებისთვის სრულიად უცხო იყო. როცა ქრისტემ მოიტანა თავისი სამეფო, ვიღაცამ ჰკითხა მას: „როდის მოვა შენი სამეფო ან ღვთის სამეფო?“ და იესომ უპასუხა: „ღმერთის სამეფო არ მოვა სააშკარაოდ. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქ არისო. იმიტომ, რომ ღვთის სამეფო თვითონ თქვენშია.“


როგორი მოულოდნელი პასუხია! როგორი გარდატეხაა, რომელსაც ვერც კი ივარაუდებდი, რომ ასე ახსნიდა. ჩვენთვის, მიწიერი ადამიანებისთვის, გაცილებით მარტივია – ვთქვათ: აი, ღვთის სამეფო არის იქ. ალბათ ვიყიდდით ბილეთს ერთი მიმართულებით, გადავსახლდებოდით და ვიცხოვრებდით ღვთის სამეფოში, რომელიც ყველაზე კარგია სხვა სამეფოების ფონზე. 

 

თითქოს ყველაფერი მარტივი და გასაგებია. მაგრამ ქრისტე გულს სწყვეტს, სინამდვილეში გულს სწყვეტს ადამიანებს ასეთი ახსნით. ის ამბობს: ასეთი ტერიტორია არ არსებობს, ასეთი ადგილი არ არის. ასეთი გაგება, როგორც ღვთის სამეფო, ტერიტორიულად არ არსებობს.


მოიცადე, როგორ, ღვთის სამეფო საერთოდ არსებობს თუ არ არსებობს?!
რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ღმერთის სამეფო არ არის ტერიტორია. ღვთის სამეფო ცალკეული ადამიანის გულია, სადაც მეფობს ღმერთი.


ღვთის სამეფო ადამიანის გულის მდგომარეობაა, სადაც მეფობს ღმერთი.
ღვთის სამეფო – ეს არის ატმოსფერო, გარემო, თუ გსურთ ასე ითქვას; ეს ისეთი „კლიმატური პირობებია“, სადაც მოთავსებულია ადამიანის სული.


მოციქულმა პავლემ სცადა, ოდნავ უფრო შორს გაეხედა ღვთის სამეფოს იდეის შემეცნებაში, და ახსნა და განსაზღვრა იგი სამი ძირითადი კომპონენტით. მან თქვა, რომ ღვთის სამეფო არის სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. თუ შეიძლება, უფრო ნელა – ღვთის სამეფო არის რა?! ეს რა სინთეზია, რა კომბინაციაა ამ სამი კომპონენტის?! 

 

პავლე ამბობს: ეს არის სიმართლე, ანუ მანკიერების არარსებობა, ცხადია ადამიანის გულში, თორემ დედამიწაზე ასეთს სად იპოვით?.. 

 

რასაკვირველია, საუბარია ისევ ადამიანის შინაგან სამყაროზე. ის ამბობს, ღვთის სამეფო – ესაა სიმართლე, რომელსაც იძლევა ქრისტე, სადაც არ არის მანკიერება; სადაც ბოროტება ვერ იპყრობს შენს გულს; სადაც არ გეშინია, რომ ჩაგისაფრდებიან, დაგსჯიან; სადაც არ გტანჯავს დანაშაულის გრძნობა; სადაც სიმართლეა.


აგრეთვე, ის ამბობს, რომ ღვთის სამეფო არის სიხარული. სიხარული – ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. რელიგიაში არ არის სიხარული. ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთი არის სიხარულის ღმერთი. სიხარული უზარმაზარი ენერგია და ძალაა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სიხარულზე, რომელსაც სულიწმიდა იძლევა. არა ხუმრობა, გართობა, არა ის, რომ ინტერნეტს ვათვალიერებთ, ვიცინით და ეს გვიმაღლებს განწყობას. ამგვარ სიხარულთან საერთო არაფერი აქვს ზეიმს ადამიანის სულისა, რომელზეც ღვთის სული გადმოვიდა. ეს შესანიშნავი განცდაა, როდესაც ადამიანები განიცდიან სულიწმიდის სიხარულს გარემოებებისგან დამოუკიდებლად და ძალიან ხშირად გარემოებების მიუხედავად; მწუხარების, სიძნელეთა მიუხედავად, რომელთა გავლაც უწევს ადამიანს. მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე, როცა სულიწმიდა გადმოდის პიროვნებაზე, ის განიცდის სიხარულს.


მოციქული პავლე სადღაც წერს, რომ ვერ მოვუპოვეთ ლხინება ჩვენს სულს, ვეძებდით ჩვენგან ერთ-ერთ თანამშრომელს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს გამარჯვებას ქრისტეს მიერ. ის ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად მთელი ჩვენი შინაგანი შიშისა, ჩვენი ყველა უსიამოვნებისა, ღმერთი შინაგანში ყოველთვის გვანიჭებს გამარჯვებას. 

 

ამიტომ ასეთ დასკვნამდე მივედი, რომ აი, ეს სულის გამარჯვება, ეს შინაგანი ზეიმი, ეს ლხინი – ეს არის თვით მეფის მდგომარეობა, ასეთია ჩვენი ღმერთი; ასეთია მეფე, რომელიც აშენებს და განაგებს ამ სამეფოს. ასეთი მეფის დამწუხრება არაფრითაა შესაძლებელი. ამ მეფესთან ყოველთვის მხიარულება სუფევს, გამარჯვება, და ეს ატმოსფერო მისგან ვრცელდება მთელ მის სამეფოზე. ის არასდროს განიცდის მარცხს. შეუძლებელია მისი განრისხება, შეუძლებელია მისი დეპრესიაში ჩაგდება.


ქრისტეს რამდენიმე შესანიშნავი იგავი მოჰყავს თავისი მამის შესახებ. ერთ იგავში ის ამბობს, რომ მეფემ გამართა ლხინი თავისი ძისთვის, ეს იყო საქორწინო ლხინი – ყველაზე ღირშესანიშნავი დღე მეფის ცხოვრებაში. ის ცოლს რთავს თავის ვაჟს, და უგზავნის მოსაწვევებს თავის მეგობრებს, მაგრამ ერთიანად ყველა უარს ამბობს სხვადასხვა მიზეზთა გამო და არ მოდის ლხინზე. 

 

მე, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ მგონია, ეს რომ დამმართოდა, ვფიქრობ, ვერ შევძლებდი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას თვით სიკვდილამდე. ეს იმდენად მტკივნეულია… ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ყველა ჩემმა მეგობარმა ერთიანად უარი მითხრას, ეს დიდი დარტყმა იქნებოდა ჩემთვის. განსაკუთრებით ქორწილის დღეს. მაგრამ ქრისტე უბრალოდ გვაოცებს, როცა ხსნის, თუ როგორ მოიქცა ზეციერი მეფე. 

 

ის არ ჩავარდნილა დეპრესიაში. მან თქვა: კარგი, არ მოვიდნენ ესენი? დავუძახებთ სხვებს, ჩემს გულში ზეიმია. დღეს ჩემს ძეს დიდებული დღე აქვს. მოიწვიეთ ყველანი: კოჭლები, ბრმები, ვისაც იპოვით გზაზე, აი, რამდენი ადგილიცაა. ვიზეიმებთ იმიტომ, რომ დღეს ჩვენთან ლხინია. და ჩვენი ზეიმი არ ემყარება ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას, ეს ჩვენი ზეიმია და ჩვენ ვქმნით ატმოსფეროს. და ვერავინ შეძლებს, დაჩრდილოს მეფის ეს მდგომარეობა. გასაოცარია, გასაოცარი, თუ რამდენად თავისუფალია იგი ამ არჩევანში და როგორ ატარებს ამ საზეიმო განწყობას თავის გულში გარემოებათა მიუხედავად.

 

მეორე იგავში ქრისტე აგრეთვე საუბრობს მამაზე. უძღები ძის იგავში ის ამბობს, რომ მივიდა ძე მამასთან და შემზარავი კითხვით განაცვიფრა იგი. მან ბრძანებით ფორმაში უთხრა: „მომეცი ჩემი კუთვნილი ქონება!“ ეს მძიმე მოსასმენია ძისგან, რომელიც მოავლინე, აღზარდე; რომელიც გიყვარს, რომელიც შენ გგავს, შენს გვარს ატარებს და აგრძელებს მას. რა გავაკეთე არასწორად?! მაგრამ არის სამი სიტყვა, რომელსაც ამბობს ქრისტე და ეს სიტყვებია: „მამამ გაყო ქონება.“ ეს ძალიან მაკვირვებს, რადგანაც მამა არ მანიპულირებდა თავისი ძით. მას არ უთქვამს: „გავაკეთებ ამას, მაგრამ მეტად აღარ გამოჩნდე ჩემს კარზე! დაივიწყე ამ სახლისკენ მომავალი გზა! დაივიწყე შენი გვარი! ბოლოჯერ გაფრთხილებ, კარგად ვიცი, ეს რით დამთავრდება!..“ მას ამის შესახებ არც კი მიუნიშნებია. ის არავის აკავებს, არავის, არ მანიპულირებს ვინმეთი.


ამრიგად, ვცდილობ შევიცნო ეს გასაოცარი გული. მამა აძლევს მას ქონების ნაწილს, თუმცა იცის, რას მოიმოქმედებს შვილი და რით დამთავრდება ეს ყველაფერი. როცა ეს ძე – ბინძური, სნეული, გამხდარი, შედიოდა მისი ეზოს კარიბჭეში, მამა გაიქცა მასთან შესახვედრად. მას უბრალოდ კი არ მონატრებია თავისი შვილი, ან უბრალოდ კი არ იმარხავდა გულში მისდამი წყენას: „გეუბნებოდი, რომ ხოხვით მოხვიდოდი ჩემთან!..“ ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაფერი უთქვამს მას. ეს არის ადგილი, სადაც მეფობს სიყვარული. მან ზეიმი გამართა, ლხინი მოაწყო.


ის აბსოლუტურად არაფერს არ უხსენებს ძეს. მე აღმაფრთოვანებს ეს სიყვარული, ღვთის ეს დიადი სიყვარული! ამ სიყვარულმა დაიპყრო ჩემი გული. მან მე დამარწმუნა, რომ ვუყვარვარ ყველაფრისგან დამოუკიდებლად. მე არაფრის დამტკიცება არ მჭირდება, არ ვსაჭიროებ ამ სიყვარულის მოპოვებას. არ მჭირდება, ავიდე რომელიმე მყინვარწვერზე იმის დასამტკიცებლად, რომ მე ის მიყვარს. არ მჭირდება ამის გაკეთება, რადგან ვიცი, რომ მას ვუყვარვარ უპირობოდ, უანგაროდ; ამიტომ ვგრძნობ, რომ ეს არის ასეთი მეფის სამეფო – ასეთია მისი გული.


ამიტომ ღვთის სამეფო არაა ტერიტორია; უპირველეს ყოვლისა, ეს ატმოსფეროა, რომელშიც ჩვენ შევდივართ. ღვთის სამეფოს ატმოსფერო, რომელსაც დღეს განვიცდით ჩვენ. ეს საუკეთესო გარემოა, სადაც შეუძლია განვითარება ჩვენს სულს. ეს საუკეთესო პირობებია, სადაც თავისუფლად გრძნობს თავს ჩვენი სული. სადაც არ არის შიში, სადაც არაა საჭირო რაიმეს დამტკიცება; სადაც არის სიმართლე, მშვიდობა და სიხარული; ჩვენს სულს ასეთ კლიმატურ პირობებში საუკეთესო სახით შეუძლია არსებობა.


თუ აიღებთ პალმას ტროპიკული ტყიდან და გადარგავთ ჩრდილოეთში, ის, ცხადია, მოკვდება, რადგან არ არის განკუთვნილი ასეთ პირობებში გასაზრდელად. თუ ადამიანის სულს ღვთის სამეფოს მოვაშორებთ, ოქროს მთებიც რომ მისცეთ მას, ეს სული მოკვდება. ის უმალვე შეწყვეტს განვითარებას, ის შეწყვეტს ზრდას და უბრალოდ მოკვდება. ღმერთმა განუსაზღვრა ჩვენს სულს ღვთის სამეფოში ცხოვრება, მამის სიყვარულისა და ზრუნვის გარემოცვაში. არა რელიგიითა და წესებით, არამედ ზეციერი მამის სიყვარულით. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც ჩვენ, როგორც ადამიანები ვვითარდებით, ვიზრდებით.


მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ღვთის სამეფოზე, ფუფუნებასთან არ არის დაკავშირებული. ყველა ჩვენს ადამიანურ განზომილებაში ჩვენ ვცდილობთ, სიმდიდრის, სიუხვის მიხედვით განვსაზღვროთ სამეფო და მისი შესაძლებლობანი. ყველა მეფე ცდილობს ამგვარად განსაზღვროს, ხომ ასეა?! და ჩვენც გვაქვს ასეთი აზროვნება, რომ გაოცებით დავფიქრდეთ: ეს ოქროს ქუჩები… ქალაქის კარიბჭე – მთლიანად მარგალიტის, მთლიანად მარგალიტის…


ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა ქვეყნის არაერთ მუზეუმში და ყოველთვის მაინტერესებდა მენახა, საჩუქრად როგორ მარგალიტებს უძღვნიდნენ მეფეები ერთმანეთს, აღიარების ნიშნად, ან საქორწინო საჩუქრად, როდესაც ასევე პოლიტიკური მიზნებისთვის ქორწინდებოდნენ ისინი, რათა კეთილმოეწყოთ საკუთარი სამეფოები და სტაბილურობისთვის მიეღწიათ. ამით ყოველთვის ვინტერესდებოდი.


მახსოვს, როდესაც ექსკურსიამძღოლი ამბობდა: ეს მარგალიტი არის მსოფლიოში სიდიდით მეორე, ასეთი პირველი მარგალიტი კი იმყოფება ამა და ამ სახელმწიფოს კოლექციაში… ის ეკუთვნოდა მეფეს რომელიღაც საუკუნეში… ის აჩუქა თურქმა სულთანმა რუსეთის იმპერატორ ეკატერინეს და ასე შემდეგ. უსმენ და აანალიზებ, რომ ეს მარგალიტი მსოფლიოში ყველაზე დიდია, ეს კი მეორე ადგილზეა; სიმდიდრის აი, ამხელა განზომილება გვაქვს, მაგრამ ყველაფერი მატერიალურამდე დადის და ჩვენი წარმოდგენა ღვთის სამეფოს სიმდიდრეზე ¬– რომ იქ არის ძვირფასი ქუჩები, ქალაქები… იერუსალიმის კარიბჭის მთელი ეს მარგალიტები… სინამდვილეში, ღვთაებრივი სამეფოს სიმდიდრე სულიერი სიმდიდრეა.


რას წარმოადგენს სულიერი სიმდიდრე? მოციქულ პავლეს შესანიშნავი ტექსტი: კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტოლე, მე-8 თავი. ის სწერს კორინთელებს რომელიღაც ეკლესიის შესახებ: „მათი სიხარულის სავსება… გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.“ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის ვიღაცაზე წერს. ვიღაც მაგალითად მოჰყავს კორინთელებისთვის. პავლე ამბობს, რომ იცნობს ადამიანებს, რომელთა სიხარულის სავსება გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავად ღარიბი ადამიანები იყვნენ და მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, მაინც უსაზღვროდ გულუხვები იყვნენ. „რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.“


მინდა, როგორმე ნათელი მოვფინო, რასთან არის დაკავშირებული ასეთი უცნაური მდგომარეობა, როდესაც თქვენ თავად გაქვთ საჭიროება, მაგრამ ამის მიუხედავად გასცემთ ყველაფერს და უფრო მეტადაც გულუხვნი ხართ. რუსულ სინოდალურ თარგმანში საინტერესო გამოთქმაა გამოყენებული. პავლე ამბობს: „მე ვიხილე მათი გულითადობის სიმდიდრე,“ მათი სულგრძელობის სიმდიდრე – თუ ასე ვიტყვით.


ამრიგად, სიუხვე სიმდიდრეა; ეს გახლავთ ადამიანის საინტერესო, შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც სურს – ყველა გახადოს ბედნიერი; რომელიც ანაწილებს უკანასკნელსაც კი, რაც აქვს; რომელსაც სურს – აკურთხოს, და ამით ის თავად განიცდის სიხარულის. გესმით?! აი, ეს არის სულიერი სიმდიდრის დასაწყისი. აი, ეს არის ის, რაც საფუძვლად უდევს ღვთის სამეფოს. ეს არის ნამდვილი სულიერი სიმდიდრე.


მივხვდი, რომ ღმერთი შესაძლებლობებით და ძლიერებით მდიდარი კი არ არის მხოლოდ, ის სიყვარულით და სიუხვით მდიდარია. ღმერთი არის კეთილი, ასე თქვა ქრისტემ. მან თქვა, რომ არავინაა კეთილი, გარდა ღმერთისა. ამრიგად, ღმერთი გახლავთ კეთილი. ის მდიდარია გულმოწყალებით. ღმერთი მდიდარია სიკეთით. იგი მდიდარია სიუხვით.


რამდენიმე დღის წინ ვუყურებდი ხუთი წლის წინანდელი ინტერვიუს ჩანაწერს ჩემი მეუღლის მშობლებთან. ქალბატონი ნინა ჰყვებოდა თავისი ცხოვრების ისტორიას. მძიმე ცხოვრება ჰქონდა. საოცრად მძიმე. ცხრა წლის ასაკში რამდენიმე კილომეტრს გადიოდა, ცხრა წლის გოგონას წყალი მოჰქონდა უღლით. დედა ავადმყოფობდა, მრავალშვილიანი ოჯახი უამრავჯერ იცვლიდა საცხოვრებელს. ამ ყველაფერს უსმენ და მოსასმენადაც კი მძიმეა. ქვანახშირი არ იყო, ადიოდნენ ქალაქ ნოვოვოლინსკში ტერიკონების საპოვნელად. აგორვებდნენ ქვანახშირის ნატეხებს, რომ გამთბარიყვნენ. როგორი, როგორი მძიმე ბავშვობაა!.. გოგონა 9-10 წლისაა და უკვე რა გადაიტანა!.. მაგრამ ის ამბობს: „იცი რა, საშა, ამის მიუხედავად, ეკლესია ძალიან მეგობრული იყო. თუ გავიგებდით რაიმე საჭიროების შესახებ, ყველანი მივდიოდით და ვეხმარებოდით ერთმანეთს, ვისაც როგორ შეგვეძლო. და შენ ფიქრობ: „აი, ეს არის ეკლესია. აი, ეს არის ეკლესია.“ თავად ფაქტი, რომ ვცხოვრობთ საშუალოზე უფრო დაბალ დონეზე, ანუ ღარიბულად ვცხოვრობთ, მაინც მივდივართ და სხვებს ვუნაწილებთ.


გესმით ხომ, რომ ღვთის სამეფო არა შესაძლებლობებში, არამედ გულითადობაშია. და ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ამიტომ ღვთის სამეფო იწყება გულის ცვლილებიდან. გულითადობიდან. სურვილიდან, რომ აკურთხო სხვა ადამიანები. ეს არის ნამდვილი სიმდიდრე.


იცით, რა მაოცებს იესო ქრისტეში? მასზე წერია, რომ გაღატაკდა ჩვენი გულისთვის, რათა ჩვენ გავმდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. ვფიქრობ, ღმერთის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ასე არ მოვიქცეოდი. რისთვის? რისთვის უნდა წავართვა საკუთარ თავს?! რისთვის უნდა გავღატაკდე, რომ გავუზიარო სხვებს, თუკი ვფლობ კოლოსალურ შესაძლებლობას თქვენი კურთხევისა და დახმარებისა… უბრალოდ მოვახდინო სასწაული თქვენს ცხოვრებაში და წრფელად გითხრათ შემდეგ: შემეშვით, მეტად აღარ შემაწუხოთ! იყავით ბედნიერები და თქვენი გზით წადით!..


მე მაოცებს ქრისტე. ის ტოვებს ზეცას. ხედავს საკუთარ თავს დაკლულ ცხვრად ჯერ კიდევ დედამიწის შექმნამდე. ის მიდის ამ მსხვერპლზე. გამუდმებით ცხოვრობს ამ მსხვერპლის გაცნობიერებით, რომელიც უნდა აღსრულდეს. აბა, თქვენც შეეცადეთ, ასე იცხოვროთ… შემდეგ ის არა მხოლოდ ტახტს ტოვებს, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც გასცემს. ნუთუ ეს ერთადერთი გზაა, რომ ბედნიერები გაგვხადოს და დააკმაყოფილოს ჩვენი საჭიროებანი?! გახსნას ეს კვანძი, რომელშიც მოხვდა კაცობრიობა… ნუთუ მან, როგორც ღმერთმა, ვერ შეძლო – ეპოვა სხვა გამოსავალი… 

 

მაგრამ იცით, რა? მან ყველაფერი ეს მოიმოქმედა, დაიპყრო ჩემი გული. მან უბრალოდ დამარწმუნა ერთხელ და სამუდამოდ, რომ მას ნამდვილად ვჭირდები; რომ ის ჩემზე ფიქრობს; რომ მე მისი ყურადღების ცენტრში ვარ. იესომ ნამდვილად შეცვალა ჩემი გული, დაამტკიცა თავისი სიყვარული ჩემდამი, როგორც პავლემ დაწერა: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი გულისთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.“ აი, რა გააკეთა მან. 

 

ამიტომ ღვთის სამეფო ფუფუნება არ არის. ღვთის სამეფო მამის გულის სიმდიდრეა, რომელიც აგრეთვე იტანჯებოდა, და რომელმაც მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. 

 

ეს ყველაფერი არის ღვთის სამეფო, რომელშიც დღეს უკვე ვცხოვრობთ, ან მოწოდებულნი ვართ ამ სამეფოსთვის; ჩვენ შეგვიძლია, ვიცხოვროთ ამ სამეფოში; შეგვიძლია, გამოვიყენოთ ამ სამეფოს პრივილეგია.

 

და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ასახავს ღვთის სამეფოს, გახლავთ ის, რომ ღვთის სამეფო არ წარმოადგენს მატერიას. ღვთის სამეფოს არაფერი აქვს საერთო მატერიასთან. მნიშვნელოვანია, რომ ესეც გავიაზროთ, რადგანაც არიან ადამიანები, და როგორც ჩანს არც ისე ცოტანი, რომლებიც მთელ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ ამქვეყნიური სამეფო იქცეს უფლის სამეფოდ. და ღმერთი ნამდვილად გვპირდება, რომ დედამიწაზე დადგება ათასწლიანი მეფობა. ეს სიმართლეა, რომ ის მისცემს ადამიანებს საშუალებას – იცხოვრონ ათასი წელი სატანის გარეშე. ღმერთი მას შეკრავს თავისი ძალაუფლებით და მისცემს ადამიანებს შესაძლებლობას, იცხოვრონ დედამიწაზე ბოროტების გარეშე. წარმოდგენაც კი ძალიან რთულია.


ბიბლიური წინასწარმეტყველები თავიანთ წიგნებში ხსნიან, თუ რა მოხდება, როდესაც დედამიწაზე არ იქნება ბოროტება; როცა ბავშვს არ შეეშინდება ჩხრიალა გველის; როცა მხეცები არ შეჭამენ ერთმანეთს შიმშილის დასაკმაყოფილებლად; როცა მასობრივი განადგურების ყველა იარაღი დაჟანგდება, ის არავის დასჭირდება. და წინასწარმეტყველი ამბობს: „მისგან უბრალოდ სახნისებს გამოჭედავენ.“ ადამიანები მიწებს მოხნავენ და არ შეეშინდებათ, რომ რომელიმე სახელმწიფო თავს დაესხმება მათ ქვეყანას და წაართმევს ტერიტორიას. გაქრება თავდაცვისა და იარაღის გამოყენების ყოველგვარი საჭიროება. გასაოცარი დრო იქნება!.. მაგრამ ათასი წლის შემდეგ სატანა ისევ გათავისუფლდება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა – ერთმანეთს შეადარონ და აირჩიონ, რომელ სამეფოში სურთ ცხოვრება. ამიტომ ღმერთი რეალურად მისცემს ადამიანებს შესაძლებლობას – იცხოვრონ დედამიწაზე, როცა ეშმაკი არ იქნება იქ. 

 

მაგრამ მაინც, ყველანაირ მატერიალურს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მატერიასთან, აქვს მხოლოდ ორი შედეგი. გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ: ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მატერიასთან, აქვს ორი შედეგი: რაღაც სამუდამოდ გაქრება, რაღაც კი პირიქით, უკვდავად გარდაიქმნება. რაღაც სამუდამოდ გაქრება, ანუ მატერიალური შეწყვეტს არსებობას, ხოლო რაღაც უკვდავად გარდაიქმნება.


ამიტომ მესამე კომპონენტი, რაც უნდა გავითავისოთ და საფუძვლად დავუდოთ საკუთარ ღვთისმეტყველებას, საკუთარ სულს, ისაა, რომ ღვთის სამეფოს არაფერი აქვს საერთო მატერიასთან. „ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას. „აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი დავიხოცებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი.

 

რატომ? იმიტომ, რომ ხრწნადი უნდა შეიმოსოს უხრწნელობით და მოკვდავი უნდა შეიმოსოს უკვდავებით.“ ასეა საჭირო. Must! ასე უნდა იყოს. სხვაგვარად არ იქნება. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ გადასვლას სხვა სამყაროში. ამიტომაც ვთქვი, ყველაფერ მატერიალურს აქვს მხოლოდ ორი საბოლოო შედეგი: ან გაქრება სამუდამოდ, ან ტრანსფორმირდება ახალში, უკვდავებაში.


„ასევე მკვდართა აღდგომაც, – წერს პავლე კორინთელთა 1-ლი წერილის მე-15 თავში, – ითესება ხრწნილებით (საუბარია ჩვენს სხეულზე, ბუნებრივზე, ინგლისურ თარგმანში წერია – natural body [„ნეჩერალ ბოდი“]) და აღდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით. ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით. ითესება მშვინვიერი სხეული, ვიმეორებ: სხვა თარგმანებში იგულისხმება ბუნებრივი სხეული, რუსულ სინოდალურში ამ სიტყვაში იგულისხმება ჩვენი ბუნებრივი სხეული. ანუ, ითესება ჩვენი სიცოცხლის დასაწყისი, დედის მუცელში ვითარდება ემბრიონი, ითესება ბუნებრივი სხეული, ხოლო აღდგება სულიერი სხეული. 

 

არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი. ამიტომ ჩვენ ყველა, ვინც ცოცხლები ვიქნებით, გამონაკლისის გარეშე, სხვა სამყაროში გადასვლისას გავივლით აღდგომის პროცესს, მკვდრეთით აღდგომას, ჩვენი სხეულების ძლიერ ტრანსფორმაციას ქრისტეს მეორედ მოსვლის მომენტში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ სასუფეველზე. სასუფეველი ცხადყოფს, რომ ზეციური სამეფო არ არის დაკავშირებული მატერიასთან და ბიბლიაში ძალიან ბევრი ტექსტია, რომელიც საუბრობს სასუფეველზე პირდაპირი გაგებით, ყოველგვარი ალეგორიის გარეშე.
მე-2 კორინთელთა მე-5 თავი: „რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი (საუბარია ჩვენს სხეულზე) დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული. 

 

ამიტომაც ვგმინავთ, რადგან გვსურს – შევიმოსოთ ჩვენი ზეციური სასახლით; ვინაიდან ამ კარავში, ფიზიკურ სხეულში მყოფნი ტვირთქვეშ ვართ და ვოხრავთ, რადგანაც განძარცვა კი არ გვსურს, (არ გვინდა სადმე დამალვა, გაქრობა – ეს არ გვინდა. მაშ, რა არის ჩვენი სურვილი?! რა გვინდა?) შემოსვა, რათა ცოცხალმა შანთქას მოკვდავი. შემდგომ არის ყველაზე გასაოცარი: სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.“ ამრიგად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, მე მოვედი ამ სამყაროში, დავიბადე ჩემს ბუნებრივ სხეულში მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მოკვდავი შთანთქას ცოცხალმა, რათა ყველაფერი აღდგომით დასრულდეს. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.


ფილიპელთა 3-ის 20: „ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც – უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.“ ანუ ის იქნება თვით ქრისტეს დიდებული სხეულის მსგავსი. აი, რას გააკეთებს იგი.


მათეს სახარების მე-6 თავში ქრისტე ამბობს: „ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.“ იცით, დედამიწაზე ეს როგორ არის? ძალიან საინატერესოა. ბევრი ადამიანი ჩაღრმავებია ამ თემას, მაგრამ ვერ ჩასწვდომია.


ისრაელში, კერძოდ კი იერუსალიმში დაახლოებით ექვსჯერ ან შვიდჯერ ვიყავი. არიან ექსკურსიამძღოლები, რომლებიც სპეკულირებენ ამ თემით; მიჰყავხართ ვია დოლოროსას ქუჩაზე და გეუბნებიან: აი, აქ ქრისტე დაეცა; გახსოვთ, დაწერილია, რომ ის დაეცა ჯვრის სიმძიმის გამო. სიმონი მივიდა მასთან, მაგრამ როცა ის იქცეოდა, ამ კედელს დაეყრდნო ხელით. აი, ხედავთ, ხედავთ? პირდაპირ აქ ჩანს თითის ნაკვალევი. ეს ქრისტეა. –მე ვიყავი მოწმე. იქ ყველა ზრდასრული ადამიანი იყო. მე ვიყავი მოწმე, როცა ქრისტიანი ფილიპინელების ჯგუფი ქვითინებდა, თვალებდასიებულნი ტიროდნენ… იმიტომ, რომ აქ, ამ კედელს ქრისტე ხელით დაეყრდნო. ეს ხომ სპეკულაციაა. ყველა ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა ამ საკითხში, ესმის, რომ ვია დოლოროსას ნამდვილი ქუჩა 6-8 მეტრით ქვევითაა, იმიტომ, რომ 2000 წელი გავიდა. დედამიწაზე დაშრევება ხდება. იშლება ქვა. ლპება ხე. ლპობა ხდება, კოროზია. ყველაფერი იხრწნება. 

 

ამიტომ სიკვდილი გარდაუვალი პროცესია. ყველაფერი იფიტება. სხეულში არსებობს დაბერების გენები. ჩვენ ფიზიკურად ვიფიტებით. მაგრამ ქრისტე ამბობს, რომ ასეა მოწყობილი დედამიწა, აქ არის ჩრჩილი, ჟანგი. „არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად“ – შეაგროვეთ ის ზეცაში, რას გულისხმობს?! ის გულისხმობას იმას, რომ თქვენ გაქვთ შანსი – დააგროვოთ ზეციური საუნჯე მხოლოდ მანამ, სანამ დედამიწაზე ცხოვრობთ. ასეთი შესაძლებლობა მეტად აღარ გექნებათ.


ნებისმიერი თქვენი საქციელი, ნებისმიერი სიკეთე უანგაროდ, უსასყიდლოდ გაკეთებული, ღიმილიც კი, თუნდაც ვინმეს ხელი დაუქნიე, თუნდაც გულში ვინმე დალოცე, აკურთხე, ვინმეს გამო ილოცე, ვინმეს გამო ცრემლი დაღვარე, ვიღაც გაიხსენე, ვიღაცას ფინანსურად დაეხმარე – ეს ყველაფერი თავსდება ერთგვარ ყულაბაში, იმიტომ, რომ ის სულიწმიდის მიერ არის გამოწვეული, რადგან ის სიყვარულით არის ნამოქმედარი. 

 

ხოლო თუ სიყვარულით არ არის ეს გამოწვეული, შენი სახლიც რომ გასცე, ხოლო სიყვარული არ გქონდეს, არანაირი სარგებელი არ გექნება ამისგან. თუ შენზე დანაშაულის გრძნობით ახდენენ ზეწოლას და გეუბნებიან: როგორ არ გრცხვენია, სხვა ადამიანები ასე ცუდად ცხოვრობენ, შენ კი ასე კარგად. და შენც თავი დახარე და გაეცი, ქრისტე ამბობს: არ ითვლება. შენში ეს სულიწმიდას არ წარმოუშვია. შენ ღმერთის გამო არ გაგიკეთებია ეს. სულიწმიდას არ წარმოუქმნია ეს შენში. ამიტომ, თუ ეს არ გაკეთებულა სიყვარულით, სულიწმიდის შთაგონებით, თუ შენით ცდილობენ მანიპულირებას და სპეკულირებას – არ წამოეგო ამ ანკესზე. ეს არ ჩაითვლება.


ზეციურ საუნჯეში მხოლოდ იმის შენახვა შეიძლება, რაც ღმერთისა და ადამიანის მიმართ სიყვარულით არის ნამოქმედარი. როცა ღმერთს უყვარს შენი მეშვეობით; როცა სანაცვლოდ არაფერს ელი. ამიტომ ამბობს ქრისტე: „არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად“, სადაც უკვე ვერავინ წაგართმევთ, ვერავინ მოგპარავთ.
გამოცხადების 21-ე თავში წერია, იოანე ამბობს: „ვიხილე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან ჩამომავალი ზეცით,“ და როცა ღვთისგან ჩამოდიოდა, ხმა გაისმა ზეციდან, რომელმაც თქვა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის.“ სხვა თარგმანში წერია: ეს არის ქოხი, სახლი, ეს არის სამკვიდრებელი ადგილი, სადაც ღმერთი დამკვიდრდება ადამიანებთან ერთად. ამრიგად, თუ იოანე არ ცდება, მან იხილა ქალაქი ზეცაში და გაისმა ხმა ზეციდან: ეს არის ღვთის სამკვიდრებელი ადამიანებთან ერთად. ამ ქალაქში არ იქნება არც არანაირი დაავადება, არც ცრემლები, არც ტანჯვა, ღამეც არ იქნება. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ დედამიწაზე, როცა ვსაუბრობთ ჩვენს ცივილიზაციაზე, ის დასრულდება იმით, რომ ეს ყველაფერი განადგურდება.


ჩვენ უნდა გვწამდეს ეკლესიის ატაცებისა და მკვდრეთით აღდგომის. ამინ! ამის შესახებ ბიბლია მრავალჯერ პირდაპირ და ცალსახად საუბრობს. მსჯელობის დასასრულს წავიკითხავ ებრაელთა მიმართ მე-12 თავს, ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია. ავტორი სწერს ებრაელებს. და ვინ არიან ებრაელები?! ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი, ათასწლოვანი ურთიერთობის ისტორია ღმერთთან. მაგრამ სწორედ ამ ებრაელებმა, რომელთა მიმართაც იწერება ეპისტოლე, ირწმუნეს მესია, და ავტორი სწერს მათ აღნიშნულ წერილს, რომელშიც ამბობს, დააკვირდით: „ნუ უარყოფთ მეტყველს (გულისხმობს ღმერთს, ნუ მიაბრუნებთ თავებს, ნუ დაიხშობთ ყურებს), რადგან თუ მათ (გულისხმობს მამებს, რომლებიც ოდესღაც იყვნენ სინაის მთასთან ახლოს), რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს? ვისმა ხმამაც (საუბარია ღმერთზე) ქვეყანა შეძრა მაშინ სინაიზე, ხოლო ახლა ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც.“ ამრიგად, ავტორი გვეუბნება, რომ იმავე ღმერთმა, რომლის მიერაც იძვროდა მთა, როცა ის ჩამოვიდა სინაის მთაზე, მოგვცა ასეთი პირობა: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც.“
ამის შემდგომ ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი ხსნის და განმარტავს ამ გამონათქვამს, თუ რას ნიშნავს „ერთხელ კიდევ შევძრავ“. შეხედეთ, არაფერს ვაკომენტარებ, უბრალოდ ვკითხულობ: ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილის, მატერიალურის. სიტყვები „კიდევ ერთხელ შევძრავ“ გვაუწყებს, რომ მატერიალური შეიცვლება. „რათა უცვლელად დარჩეს შეუძვრელი“, ანუ მარადიული. ვკითხულობ ახალი თარგმანიდან: „ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ მივიღებთ, გვექნება მადლი, რომლითაც სათნოდ მოვემსახურებით ღმერთს.“ ახალი რუსული თარგმანი და იგივე ტექსტი: „სიტყვები – ‘ერთხელ კიდევ შევძრავ ცას და მიწას’ – გვაუწყებს, რომ ყოველი შექმნილი, ანუ მატერიალური, განადგურდება, რადგან ის შეირყევა, ხოლო შეურყეველი უცვლელად დარჩება.“
ამრიგად, იმ სამეფოს მიღებით, რომლის შეძვრაც შეუძლებელია, ვიქნებით მადლიერნი. დღეს უკვე რაც ხდება დედამიწაზე, ყველა ხედავს, ურწმუნო ადამიანებსაც კი ესმით, რომ დაწყებულია საკმაოდ უცნაური პროცესი. ყველაფერი ირყევა, ყველაფერი ირყევა. ასეთი ზესახელმწიფო, როგორიცაა ამერიკა, ასეთი საუკუნოვანი ტრადიციებით, ასეთი იდეალური კონსტიტუციით, ვერ უმკლავდება ამ პროცესებს, იმიტომ, რომ ყველაფერი კორუმპირებულია, ყველაფერი ირყევა… იმიტომ, რომ ყველაფერი, რაზეც შეიძლებოდა დაყრდნობა: წესრიგზე, სტაბილურობაზე, გარანტიაზე, თუნდაც რაიმეს მიმართ შიშზე, თუნდაც ადამიანურობაზე, ადამიანების ჰუმანურობაზე – ეს ყველაფერი იმსხვრევა. ყველაფერი იმსხვრევა.
უყურებ ავტორიტეტებს, რომლებზეც იმედს ამყარებდი, მაგრამ ყოველივე ინგრევა, ტყდება, ქუცმაცდება, როგორც ქვიშის ციხესიმაგრე. და სადღაც შინაგანში მაშინვე იწყება პანიკა, დისკომფორტი, მაშინ რაზე შემიძლია დაიმედება?! რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეკონომიკური სტაბილურობაა.

 

სასიამოვნოა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც რწმენის თავისუფლებაა. იცი, რომ არ მოვლენ და არ დაგაპატიმრებენ. მაგრამ, როგორც ჩანს, უფალმა თქვა: ამ ყველაფერს შევარყევ, გავტეხ ყველა ამ საყრდენს. იმიტომ, რომ ბევრი ჩვენგანი, მორწმუნე ადამიანი, სერიოზულად არის დაიმედებული ამ ყველაფერზე, თავის შინაგანში იმედიანად არის, და ამაზეა დამოკიდებული ჩვენი განწყობაც, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ღირსების განცდა – ღირსეულ ადამიანებად ვგრძნობთ თავებს. 

 

მე უბრალოდ ვიფიქრე… ეს ჩემი ბოლო შეკითხვაა, მანამ დავასრულებდე. უბრალოდ ვიფიქრე, ალექსანდრე, ჩემს თავს მივმართავ, თუ შენ წაგართმევენ სტაბილურობას, თუ წაგართმევენ ადამიანების პატივისცემას, წაგართმევენ ამ დარწმუნებულობას, რომელიც გაქვს ამერიკაში ცხოვრებისას… 

 

მრავალმა ადამიანმა, ალბათ ყველა თქვენგანმა, განსაკუთრებით მათ, ვინც მოგზაურობთ, იცით, რასაც ახლა ვიტყვი, მე ეს გამოვცადე 10-ჯერ, შეიძლება 100-ჯერ, გამოვცადე პირადად, რომ როდესაც მივფრინავ ამერიკიდან, სადაც არ უნდა ჩაფრინდე, რომელ ქვეყანაში – მაქვს მღელვარების შეგრძნება, პირდაპირ ვგრძნობ ცალკეული ტერიტორიის აურას. და როცა ვბრუნდები ამერიკაში, არა იმიტომ, რომ მე აქ ვცხოვრობ; ყოველთვის მქონდა უსაფრთხოების განცდა; როგორც კი გადმოვდივარ თვითმფრინავის ტრაპიდან, მაქვს სრული სიმშვიდის შეგრძნება. მაგრამ დღეს, და ბოლო რამდენიმე თვეა უკვე, უბრალოდ არ ვიცი, რა ხდება. შეუძლებელია ამის დაჯერება. 

 

მე უბრალოდ ვსვამ ამ შეკითხვას: თუ ამ ყველაფერს წამართმევენ, რა დამრჩება?! დარჩება კი ჩემში ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება?! დარჩება კი ჩემში სიხარული და ყველაზე მთავარი – იმედი, ღვთის იმედი. დარჩება კი ჩემში ურყევი სამეფო?! თუ დაფრთხება ჩემი სული და ისე შეშინდება, რომ მთელი ჩემი თეოლოგია ჩამოიშლება?! როგორც თქვა იობის ცოლმა: „დაგმე ღმერთი და უბრალოდ მოკვდი!“ მე ვსვამ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას, რადგან ბევრი ადამიანი განუდგება რწმენას, როცა დაიწყება რყევა, დაიწყება მრავალნაირი განსაცდელი.

 

მე ვუსვამ ჩემს თავს ამ შეკითხვას: რა დაგრჩება, როცა ღმერთი დაიწყებას რყევას?! და როგორც ჩანს, ღმერთი ამას გააკეთებს კიდეც. მან ეს ცალსახად თქვა, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული, გვინდა თუ არ გვინდა ეს. მან თქვა, მე შევარყევ ცას და მიწას. რისთვის?! იმისთვის, რომ თქვენ დაგრჩეთ ურყევი სამეფო. და როცა კითხულობ იერემიას გოდებას, წაიკითხეთ ის… პატივი ეცით ჩემს თხოვნას…

 

სერიოზულად, პატივი ეცით ჩემს თხოვნას, იქ მხოლოდ რამდენიმე თავია, იერემიას გოდების წიგნში. როცა კითხულობ, იქ ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი; არ მინდა, დრო წაგართვათ, მაგრამ იქ ყველაფერი განადგურდა. მატერიალურიც – დაინგრა ქალაქი, კედლები, ტაძარი, ყველაფერი განადგურდა… და სულიერიც – ყველა იმედი, ერის ყველა ლოცვა… ისინი ყველანი ჯაჭვით შეკრეს და ტყვედ წაიყვანეს.


მხატვარ ილია რეპინს აქვს შესანიშნავი სურათი, „იერემია“ ეწოდება. ის სიმწრისგან გალურჯებულია; ის დგას, კედლის ნანგრევს ეყრდნობა, მაგრამ წერს: „იმედი მაქვს. არ დაილევა უფლის მადლი. არ შეწყდება მისი წყალობანი. განახლდება ისინი ყოველ დილით.“ და ეს ადამიანი უგალობს ღმერთს და მინდობილია მასზე. ამიტომ მე არ მინდა, ასე მუქ ფერებში დავასრულო ქადაგება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ქვეყნიერება ირყევა და ის შეირყევა, მანამ ყველაფერი ადამიანური არ დაინგრევა და არ დარჩება ურყევი, მარადიული, ღვთაებრივი, რადგანაც ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ. და თუ მან საკუთარი ძე არ შეიწყალა, არამედ გაწირა ყველა ჩვენგანისთვის; ის იქნება ჩვენთან ყველაფერში; ის თავისი ძალით გაგვატარებს ყოველ განსაცდელში; ის ჩაგვიკრავს გულში, გვანუგეშებს და დარჩება ურყევი სამეფო. ამინ!

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში