5 შეკითხვა, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა დავუსვათ – პოლ ტრიპი

ჩენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი შვილების ქცევის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, რომელსაც მივმართავთ. ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვები, რომლებიც დააფიქრებს მათ. უნდა ვასწავლოთ არა ლექციების კითხვით, არამედ კითხვების დასმით, საუბარში ჩართვით, როგორც ქრისტე აკეთებდა ამას.

როდესაც რაღაც არასწორი ხდება, ჩვენში მაშინვე იღვიძებს კონტროლის ინსტინქტი და შემიძლია ჩამოგითვალოთ ძალაუფლების სამი იარაღი, რომელსაც ვიყენებთ.


პირველი არის შიში. ჩვენ გვინდა, საკმარისი შიში ჩავუნერგოთ ჩვენს შვილებს, რათა აღარც კი იფიქრონ იმავეს გამეორება მომავალში. ამიტომაც ვუყვირით: „მანდ არ მომიყვანო, თორემ არ ვიცი, რას გიზამ! ახალ ამბებში გამოგაცხადებენ!“

რის გაკეთებას ცდილობთ? თქვენ ცდილობთ, შიში შთაუნერგოთ თქვენს შვილს, რათა ის სხვანაირად მოიქცეს; შესაძლოა, დროებითი ცვლილება გამოიწვიოთ კიდეც, მაგრამ ამით ვერ შეცვლით ქცევის მიზეზს, რომლის ფესვიც მის გულშია.
ყოველი ბავშვის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც მათ თქვენდამი შიში უქრებათ.

 

ეს ასეა. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს მოზრდილი შვილები გყავთ. მათ უკვე აღარ ეშინიათ თქვენი. მე ოთხი შვილი მყავს. ჩემი ქალიშვილი ყველაზე დაბალია ჩვენს ოჯახში. ის ერთი მეტრი და 85 სანტიმეტრია. ჩემი მშობლობა მაშინ დავამთავრე, როცა ისინი ჯერ კიდევ ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ: „მისმინე!“ როცა შვილები ასე ზემოდან დაგყურებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ისე საშიში ყოფილხართ. ეს მეთოდი არ ამართლებს.


მეორე იარაღია ჯილდო. ჩვენ ვცდილობთ ყველაზე დიდი, ყველაზე კარგი ჯილდო ვიპოვოთ, რათა ბავშვი მოვისყიდოთ. ვაიძულოთ მას ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ გვინდა.

 

მაგალითად, ბილი ძალიან ჩაგრავს თავის დას. მამას შესანიშნავი იდეა მოსდის აზრად. ის ეუბნება ბილის: „ბილი, გახსოვს ის მთის ველოსიპედი, შენ რომ გინდოდა? ის შენი იქნება, თუ ერთი თვის განმავლობაში შენს დას კარგად მოექცევი“.


ამრიგად, ოთხი კვირის განმავლობაში ბილი კარგად ექცევა თავის დას. რატომ? იმიტომ, რომ ნანობს თავის ცუდ საქციელს? აღიარა მან ეს? დახმარება გთხოვათ? არა. ის თავის დას იმიტომ კი არ ექცევა კარგად, რომ უყვარს ის, არამედ იმიტომ, რომ მას თავისი თავი უყვარს. ამით პრობლემა გვარდება? მიდიხართ და ყიდულობთ ველოსიპედს. ბილი ჯდება ზედ და ათიოდე წუთში თავის დას განგებ ეჯახება. არც ეს მეთოდი გამოდგება.


ეს ძალაუფლების იარაღია, რომელსაც ძალა არ აქვს. ფაქტობრივად, ამით თქვენ მას მორალური ეკონომიკის არასწორ ჩვევას უყალიბებთ: ის ჩაატარებს ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს, გამართავს კამათს თქვენთან, შეგევაჭრებათ, რადგან მოისურვებს, რომ რაც შეიძლება დიდი ჯილდო მიიღოს მორჩილების სანაცვლოდ.


სირცხვილზე რას იტყვით? ეს მესამე იარაღია, რომელსაც ვიყენებთ. ამ იარაღს არ შეუძლია გამოიწვიოს ის, რაც ჩვენ გვინდა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ძალა. დედა ეუბნება შვილებს: „მახსოვს, ერთ დროს მამათქვენი ბედნიერი კაცი იყო. ეს მანამ, სანამ თქვენ გაჩნდებოდით. ის მხიარული იყო და ახლა შეხედეთ, საწყალი კაცი. როგორ იტანს ამდენ საძაგლობას, რასაც თქვენ ერთმანეთს უკეთებთ. კაცი ძლივს მუშაობს, რადგან სულ იმაზე ფიქრობს, რა საშინელებანი ხდება ოჯახში. გუშინ 18-ჯერ დარეკა სახლში. შეხედეთ, ძლივს მოჩანჩალებს სახლისკენ. საწყალი კაცი. გული უსკდება იმაზე ფიქრით, სახლში რა მდგომარეობა დახვდება.“


მისმინეთ: შიში, ჯილდოთი მანიპულირება და სირცხვილი − იარაღებია, რომლებსაც მშობლები იყენებენ, რადგან მათ სურთ იფიქრონ, რომ აქვთ ძალა, რომელიც სინამდვილეში არ აქვთ და არც ეს მეთოდები ამართლებს. თქვენი მოწოდებაა იყოთ იარაღი, რომელიც შეცვლის ბავშვის გულს.


თქვენ ამბობთ: „არ ვიცი, როგორ გავაკეთო ეს; არ ვიცი, როგორ ვიმოქმედო ჩემი შვილის გულზე.“


აი, რას ვიზამ ახლა. ეს იქნება ყველაზე პრაქტიკული რჩევა. გეტყვით, როგორ უნდა მოახდინოთ გავლენა ბავშვზე.

მე გეტყვით ხუთ შეკითხვას, რომლებიც ბავშვს თავისი საქციელის გაანალიზებაში დაეხმარება. ეს შეკითხვები საკმაოდ მარტივია და მათი დასმა შეგიძლიათ როგორც ხუთი წლის ბავშვებისთვის, ასევე 17 წლის მოზარდებისთვის.


აი, პირველი შეკითხვა: რა ხდებოდა?


დაუსვით ეს კითხვა, რათა ბავშვმა მოგიყვეთ მომხდარის შესახებ. დაიმახსოვრეთ; ლექციის კითხვის ნაცვლად კითხვები უნდა დასვათ. თქვენ სვამთ კითხვებს, რადგან კითხვები დააფიქრებს ბავშვს საკუთარ საქციელზე.

 

გამჭრიახი ადამიანები ისინი კი არ არიან, ვისაც სწორი პასუხები აქვთ, არამედ ისინი, ვისაც სწორი კითხვების დასმა შეუძლიათ. რატომ? იმიტომ, რომ სწორ პასუხებს ვერ მიიღებთ, თუ სწორ შეკითხვებს არ დასვამთ. სწორედ ამიტომ ასწავლიდა ქრისტე იგავებისა და კითხვების დასმის მეშვეობით. ამრიგად, ნაცვლად ლექციის წაკითხვისა, ბავშვს საუბარი გაუბით, დაუსვით კითხვები, რომლებსაც თავად ვერასოდეს დაუსვამს საკუთარ თავს.


მეორე შეკითხვა: რაზე ფიქრობდი და რას გრძნობდი იმ დროს? 

რას უმიზნებს ეს შეკითხვა? – გულს.

 

ამრიგად, კარგი პასუხი რომ არც მიიღოთ ბავშვისგან, ამ კითხვის დასმით თქვენ მას ასწავლით, რომ ყოველ სიტუაციაში, ყველგან, ყოველ ურთიერთობაში გული ყოველთვის აქტიურია. მის გულს ყოველთვის რაღაც სურს, ყოველთვის რაღაცას გრძნობს, ყოველთვის ფიქრობს; გული დიდ გავლენას ახდენს პიროვნებაზე. ის აკონტროლებს ყველაფერს.


მესამე შეკითხვა: რა გააკეთე საპასუხოდ?

 

რატომ არის მესამე შეკითხვა მეორესთან დაკავშირებული?  რას ვასწავლით? – იმას, რომ მისი რეაქცია სიტუაციის მიერ არ იყო გამოწვეული. რეაქცია გამოწვეული იყო მისი გულის მდგომარეობით.

 

მშობლებო, ეს შესანიშნავი ხერხია. ნუ შეეცდებით, რომ ყოველთვის სწორი პასუხები მიიღოთ.

 

ეს პროცესია. თქვენ ამ საუბრის გამართვა 10 ათასჯერ მოგიწევთ და ყოველ ჯერზე თქვენს შვილს იმისკენ უბიძგებთ, რომ დაფიქრდეს საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე.

 

ეს საოცარია. უბრალო საუბარი, რომელსაც სულიწმიდა იყენებს იმისათვის, რომ ბავშვის გულს სინათლე მოჰფინოს.


მეოთხე შეკითხვა: რატომ გააკეთე ეს? რის მიღწევა გინდოდა? რა არის ამის საფუძველი? მოტივები, სურვილები…

 

ჩვენი საქციელი განვსაზღვრეთ გულის სურვილებისა და აზრების მიხედვით.

 

არსებობს ბევრი რამ, რასაც გული აკეთებს, მაგრამ გულის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ის არის, რომ გული ყოველთვის ფიქრობს და გულს ყოველთვის რაღაც სურს.

 

არასწორი აზრები, არასწორი სურვილები, არასწორი ქცევა. აი, ასეთია თანმიმდევრობა. ბიბლიაში დაწერილია, რომ ღვთის სიტყვა აღწევს ადამიანის სულში და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვას. პიროვნების აზრებსა და მიზნებს, აზრებსა და სურვილებს. ეს არის ხანმოკლე და გასაოცარი საუბარი.


ბოლო შეკითხვა: რა მოჰყვა ამას შედეგად? 


ბავშვს უბიძგებთ იმისკენ, რომ თავად მოიმკოს ის, რაც დათესა. გალატელთა მე-6 თავის მე-7 მუხლში დაწერილია: „ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დათესავს, მასვე მოიმკის.“


დაფიქრდით: თუ მეხუთე შეკითხვაში უკვე მოსავალი იგულისხმება, რომელ შეკითხვაში ითესება მარცვალი? იცით? მეორე და მეოთხე შეკითხვებში. მარცვალი დაითესა აზრებსა და გულის სურვილებში. დათესილი ამოდის. ამოსული ღერო საქციელია, ხოლო შედეგები ის ნაყოფია, რომელსაც ეს ღერო ისხამს. ასე მოქმედებს ეს პროცესი.


პირველად, როცა ეს საუბარი მქონდა ჩემს შვილებთან, ერთი ვაჟი იყო ოთხი წლის, მეორე კი – ორის. ორი წლის ბავშვმა აიღო თავისი ოთხი წლის ძმის სათამაშო მანქანა. უფროსი ძმა განარისხა იმან, რომ ვიღაცამ გაბედა და მის საკუთრებას შეეხო. მან ხელი დასტაცა ამ მანქანას და თავის უმცროს ძმას ჩაარტყა თავში.


უმცროსი შვილი დავაწყნარე და შემდეგ შევედი ოთახში. მუხლებზე დავდექი ჩემი ოთხი წლის ბიჭის წინ, რომ პირისპირ დავლაპარაკებოდი. ვკითხე: „რა ხდებოდა აქ?“ მიპასუხა: „მან ჩემი მანქანა აიღო“. ვკითხე: „რას გრძნობდი? გაბრაზებული იყავი?“ საინტერესოა.


„ის ჩემს საკუთრებას შეეხო ამან გამაბრაზა“.
შესაძლოა, ეს დიდი ვერაფერი პასუხია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა. ბავშვმა არ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს აღიარება. ვკითხე: „მერე რა გააკეთე?“ მან მითხრა: „ჩავარტყი.“


ახლა მისმინეთ, რა მოხდა შემდეგ. ვკითხე: „რატომ გააკეთე ეს?“ მან მხოლოდ ორი სიტყვით მიპასუხა. ეს ორი სიტყვა ძალიან ღრმააზროვანია, თუმცა ის ვერ ხვდებოდა ამას. ვკითხე: „რატომ გააკეთე ეს?“ მან მითხრა: „ჩემი მანქანა“.
ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ჩემს საკუთრებას შეეხე და ამიტომაც მე ძალადობას გამოვავლენ. ასეთი პიროვნება ვარ მე.


ეს იქნება კაცი, რომელიც სცემს თავის ცოლს. ეს იქნება მამა, რომელიც თავის გოგონას ხელს ჩაავლებს, იატაკზე გაათრევს და თავის საწოლში ძალით ჩააგდებს. ეს იქნება კაცი, რომელიც გინებას დაიწყებს მანქანის მართვისას შექმნილი პრობლემის გამო. ეს არის ღრმად მნიშვნელოვანი აღიარება, რომელშიც ადამიანის სულის სიბნელე ჩანს. შემდეგ ვკითხე: რა იყო ამის შედეგი? მან მიპასუხა: „პრობლემა“.


ეს შესანიშნავი საუბარია. ბავშვს არ უთქვამს: „ვაცნობიერებ ჩემს დანაშაულს, მამა. დამნაშავე ვარ, შევცოდე. სად არის მხსნელი?“ არა, მას ასე არ უთქვამს.
თუმცა ის ნელ-ნელა აცნობიერებს მომხდარს. მცირეოდენს ამბობს იქიდან, რაც გულში აქვს. ეს შესანიშნავი საუბარია, რომელსაც ბავშვი საკუთარ თავთან ვერასოდეს გამართავდა. ამას ნიშნავს მშობლობა. სწორედ ამას. კიდევ 10 ათასი ასეთი საუბარი და ღმერთი შეცვლის მის გულს.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში