გუშინ, 17 მაისს, ნიუ-იორკში სოთბის (Sotheby’s) აუქციონზე ებრაული ბიბლია 38.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს გახლავთ ჩვენამდე მოღწეული მსოფლიოში ყველაზე ძველი და ყველაზე სრული ებრაული ბიბლია, რომელიც 1000 წელზე მეტისაა და თარიღდება მე-9 საუკუნის ბოლო ან მე-10 საუკუნის დასაწყისით. ებრაული ბიბლიის ამ ეგზემპლარს „სასუნის კოდექსი“ ეწოდება, მისი ყოფილი მფლობელის, ცნობილი კოლექციონერისა და ბიბლიოფილის, დევიდ სასუნის, (1880-1942 წწ) პატივსაცემად. არსებობს ამავე დროით დათარიღებული კიდევ ერთი ეგზემპლარი, რომელიც იერუსალიმში, ისრაელის მუზეუმში ინახება და რომელსაც „ალეპოს კოდექსს“ უწოდებენ. მასში თავდაპირველი 487 გვერდიდან მხოლოდ 295 გვერდია შემორჩენილი 1947 წელს სინაგოგაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მაშინ, როდესაც „სასუნის კოდექსს“ მხოლოდ 12 მთლიანი გვერდი აკლია. „სასუნის კოდექსი“ გახდა ყველაზე ძვირადღირებული ხელნაწერი, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე. ის შეიცავს 792 პერგამენტის ფურცელს, რომლებიც ცხოველების ტყავისგანაა დამზადებული და, დაახლოებით, 12 კგ-ს იწონის. ეს იყო ძვირადღირებული ნამუშევარი, რომლის ქონის საშუალება მხოლოდ ყველაზე მდიდარ ადამიანებს შეიძლებოდა ჰქონოდათ. ამ კოდექსის ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ ამაშია, არამედ მასზე წლების განმავლობაში დატანილ წარწერებსა და ანოტაციებშიც, რომლებიც მის ადრეულ მფლობელებზე მიანიშნებს.