2022 წლის 2 სექტემბერს, ფილმების პორტალზე Amazon Prime შედგება სერიალის პრემიერა „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლებათა ბეჭდები“. სერიალი ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯ. რ. რ. ტოლკინის ნოველის მიხედვითაა გადაღებული. სერიებში გაცოცხლებული იქნება შუა ხმელეთის ისტორია, კერძოდ, მეორე ეპოქა, მწერლის ნოველების მიხედვით.
სერიალის ნახვა 240-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი Prime Video-ს მეშვეობით.
„ძალაუფლებათა ბეჭდები“ აერთიანებს შუა ხმელეთის მეორე ეპოქის ძირითად მოვლენებს: ბეჭდების შექმნას, საურონის აღზევებას, კუნძულ ნუმენორის ისტორიას, ელფების და ადამიანების ისტორიებს.
ლიტერატურაზე დაკვირვებიდან ცხადი ხდება, რომ თითოეული ავტორი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ქმნის ნაწარმოებს. ჯ. რ. რ. ტოლკინიც არ არის გამონაკლისი, რომელიც გულმხურვალე კათოლიკე გახლდათ. „მე ქრისტიანი ვარ,“ – წერს იგი და ეს მის წიგნებშიც ჩანს. ქრისტიანობა „ბეჭდების მბრძანებელში“ წარმოდგენილია არა როგორც ალეგორია, არამედ როგორც ფუძემდებლური წინაპირობა. ტოლკინს არ უყვარდა ალეგორია და ამბობდა, რომ წერდა ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ამიტომაც მისი წიგნები სავსე იყო ქრისტიანული სიმბოლოებით.
„ბეჭდების მბრძანებელში“, რომელსაც ავტორი „არსებითად რელიგიურ და კათოლიკურ ნაშრომს“ უწოდებდა, ერთმანეთშია ჩაქსოვილი ტოლკინის წინარექრისტიანული ეპიკური ფანტაზია და ქრისტიანული შეხედულებანი.
„ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის პირველი ნაწილი 1954 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ შუა ხმელეთი აღაფრთოვანებდა მკითხველს და ცვლიდა მათ ცხოვრებას. ტოლკინის ნაწარმოებში ჩადებული სიმბოლიზმისა და შუა ხმელეთის შესახებ დაწერილმა ისტორიებმა ფილმების, ხელოვნებისა და ლიტერატურის მეშვეობით მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა იქონია ადამიანებზე.
„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული 3 ფილმი დღემდე არ კარგავს რეიტინგს. ეს ფილმებია: „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“, „ბეჭდების მბრძანებელი: ორი კოშკი“, „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება.“