CBN News-ის ინფორმაციით, სოფელ ეთ-თაიბეში წარმოებული გათხრებისას ებრაელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 1500 წლის წინანდელი ქვა, რომელზეც ბერძნულ ენაზე ამოკვეთილია წარწერა: „ქრისტე, შობილი მარიამისგან… ყველაზე ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი ეპისკოპოსის თეოდოსიუსისა და უბადრუკი თომას მიერ შესრულებული ეს სამუშაო საძირკვლიდან იქნა აგებული. ვინც შევა აქ, ილოცოს მათთვის“. მკვლევართა აზრით, ეს ბიზანტიის ეპოქის ეკლესიის ნაშთია.
თეოდოსიუსი ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ეპისკოპოსი. მკვლევრები ამბობენ, რომ ის გახლდათ ბეთ შეანის რეგიონალური ეპისკოპოსი, ხოლო ეთ-თაიბე კი ამ რეგიონის ნაწილი იყო.
დოქტორ ლეა დი-სეგნის აზრით, რომელიც იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტთან არსებული არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარია, ფრაზა: „ქრისტე, შობილი მარიამისგან“ არის წარწერა, რომელსაც „ბოროტი თვალის“ წინააღმდეგ იყენებდნენ. „ბოროტი თვალი“ იყო წყევლა, რომელიც მაშინ ადამიანებზე უბედურებისა და სიღარიბის თავს დასატეხად გამოიყენებოდა.
„წარწერა მიესალმება მათ, ვინც შევა და აკურთხებს იქ მყოფთ. მაშასადამე, ცხადია, რომ ეს შენობა ეკლესიაა და არა მონასტერი. ეკლესიები შესასვლელში მიესალმებოდნენ მორწმუნეებს, ხოლო მონასტრებში არ იყო ასეთი ჩვეულება.“ – უთხრა დოქტორმა ლეა დი-სეგნიმ CBN News-ს.
ახალი აღმოჩენა კიდევ ერთი მიზეზის გამოა ღირსშესანიშნავი. ორგანიზაცია „ისრაელის სიძველეთა მართვის“ თანამშრომლის, დოქტორ ვალიდ ატრაშის თანახმად, ეს პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბიზანტიური ეკლესია არსებობდა სოფელ ეთ-თაიბეში.