ახალი ფილმი, სახელწოდებით „The Most Reluctant Convert“, მოგვითხრობს ისტორიას ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტისა და მწერლის, კლაივ ლუისის, ათეიზმიდან ქრისტიანობაზე მოქცევის შესახებ.
ფილმში მოქმედება ოქსფორდში ვითარდება, სადაც მთავარი პერსონაჟი თავად ხანში შესული პროფესორი ლუისია. ის იხსენებს თავის ახალგაზრდულ წლებს და გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ მოექცა ათეიზმიდან ქრისტიანობაზე.
ხანში შესული კლაივ ლუისის როლს ფილმში ცნობილი მსახიობი მაქს მაკლინი ასრულებს, ახალგაზრდა ლუისის როლს კი ნიკოლას რალფი განასახიერებს. ფილმის რეჟისორი ნორმან სტოუნი გახლავთ, რომელსაც მოპოვებული აქვს ბრიტანეთის აკადემიის კინოპრემია ფილმისთვის „Shadowlands“.
ფილმი გადაღებულია ოქსფორდის უნივერსიტეტში და აღწერს „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის მთელი ცხოვრების ისტორიას, მათ შორის იმ პერიოდსაც, როდესაც მას, 9 წლის ასაკში, დედა გარდაეცვალა.
ფილმს 18 ნოემბერს ამერიკის კინოთეატრებში ხელმეორედ უჩვენებენ. თავდაპირველად, ფილმი 3 ნოემბერს გავიდა კინოეკრანებზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა მაყურებლისგან.
შეგახსენებთ, რომ კლაივ ს. ლუისი (1898-1963) ინგლისელი მწერალი გახლდათ. ცნობილია, როგორც მე-20 საუკუნის უდიდესი გავლენის მქონე ავტორი და აპოლოგეტი. იგი ქრისტიანული წესით იყო მონათლული, მაგრამ მოზარდობისას სარწმუნოებას ჩამოშორდა. დაახლოებით 30 წლის ასაკში ჯ. რ. რ. ტოლკინის და სხვა მეგობრების გავლენით იგი კვლავ დაუბრუნდა რელიგიას, რამაც გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. ლუისის წიგნები გამოირჩევა რელიგიური მოტივების გავლენით. გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა რადიოგადაცემებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით საუბრობდა ქრისტიანობაზე. სხვა შესანიშნავ წიგნებთან ერთად მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნი „ეს ქრისტიანობაა“, რომელშიც გადმოცემულია ავტორის შეხედულებანი ადამიანზე, ღმერთზე, მორალსა და რწმენაზე. მისი ცნობილი ნაწარმოებია ასევე „ნარნიის ქრონიკები“, რომლის მიხედვითაც სამი ფილმია გადაღებული. მათში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ვინაიდან თავად მწერალი ქრისტიანული ლიტერატურის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომანებში გვხვდება პარალელები ბიბლიურ მოტივებთან.