2021 წლის 13 აგვისტოს მაყურებელი ახალ ბიოგრაფიულ მუსიკალურ დრამას იხილავს, სახელწოდებით „Resperct“, რომელიც ცნობილი მომღერლისა და სამოქალაქო აქტივისტის, არეტა ფრანკლინის ცხოვრებას ასახავს. ფილმის რეჟისორია აფროამერიკელი ლისლ ტომი.
ფილმში არეტა ფრანკლინის როლს გრემის ჯილდოს მფლობელი ჯენიფერ ჰადსონი ასრულებს.
„მე ღმერთის შვილი ვარ. დავიბადე და გავიზარდე ეკლესიაში. ვფიქრობ, მე და ამ ფილმის მთავარ პერსონაჟს გვაერთიანებს ჩვენი რწმენა, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო საძირკველი, და დარწმუნებული ვარ, ეს არეტასთვისაც ასე იქნებოდა, რადგან მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ‘ჩემი რწმენა ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი ჩემთვის’. ჩვენ ასევე გვაერთიანებს საერთო უკანა ფონი, რომელიც ეკლესიიდან მომდინარეობს. არეტა ფრანკლინის როლის შესრულება ჩემთვის დიდი პატივია.“ – აცხადებს ჰადსონი.
ფილმი იწყება და მთავრდება ეკლესიით. არეტა ფრანკლინი ბავშვობიდან მღეროდა იმ ეკლესიის გალობის გუნდში, რომლის ხუცესიც მამამისი იყო. მისი მუსიკალური კარიერა იწყება 12 წლის ასაკიდან, როდესაც მან ჯერ კიდევ არ იცოდა მუსიკალური ნოტების კითხვა, თუმცა თავისით ისწავლა პიანინოზე დაკვრა. არეტამ დაიწყო სიმღერების ჩაწერა და გოსპელ ტურებზე სიმღერა მამასთან ერთად. პირველად 18 წლის ასაკში დადო შეთანხმება სტუდიასთან „Columbia Records“, სადაც პირველი ოფიციალური სიმღერა ჩაწერა. 1996 წელს კი ის გადავიდა „Atlantic Records“-ში, სადაც ჩაწერა თავისი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები. არეტა ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში 13 აგვისტოს გამოვა, 10 სექტემბერს კი – დიდ ბრიტანეთში.