ინგლისში, ნოტინგემში არსებულმა კორნერსტოუნის ეკლესიამ საშობაოდ „ნარნიის ქრონიკების“ სამყარო გააცოცხლა. ეკლესიამ, რომელიც 600 ადამიანს იტევს, დარბაზი დროებით თოვლით დაფარულ ტყედ აქცია, სადაც კლაივ ლუისის ცნობილი წიგნის – „ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და კარადა“ – პერსონაჟების ნახვაა შესაძლებელი. ეკლესიის კარი კარადის კარს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მნახველი „ტყეში“ ფუმფულა ქურქების გავლით შედის.
დარბაზში 35 თოვლით დაფარული ხე დგას. წიგნის პერსონაჟთა შორის არიან ლომი ასლანი, თეთრი ჯადოქარი და ბატონი ტუმნუსი. ბავშვებს ბევრ სახალისო აქტივობას სთავაზობენ. მათ ასევე შეუძლიათ, გასინჯონ თურქული ტკბილეულიც, რომელსაც ჯადოქარი სთავაზობს ტყეში მოხვედრილ ერთ-ერთ ბავშვს, ედმუნდ პევენსიეს.
კეტრინ ჯექსონი, რომელიც კორნერსტოუნის ეკლესიის წევრია, Premier Christian News-ს ესაუბრა თავისი იდეის შესახებ, რომ სახარების უწყება გაევრცელებინა ქრისტიანული კლასიკის ცნობილი ნაწარმოების მეშვეობით.
„ძალიან გვინდოდა, ასე შემოქმედებითად მოგვეთხრო სიხარულისა და იმედის მომტანი ბიბლიური ამბავი ჩვენი სტუმრებისათვის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბევრის გაკეთება შეუძლებელია. გვინდოდა, რაღაც ისეთი მოგვეწყო, სადაც ბავშვები მოვიდოდნენ და ასე შემოქმედებითად შეძლებდნენ უფლის თაყვანისცემის განცდას.“ – თქვა მან.
ეკლესიის ხუცესმა და განდიდების გუნდის ხელმძღვანელმა, კოლინ ვებსტერმა აღნიშნა, რომ „ტვიტერზე“ უკვე ათასამდე ადამიანმა შეუკვეთა ვიზიტი „ნარნიაში“, რომელიც 18 დეკემბერს გაიხსნა და 29 დეკემბერს დასრულდება.
„ეს სახარების ქადაგების დიდებული შესაძლებლობაა ამ ძნელბედობის ჟამს. შესანიშნავი იყო იმის დანახვა, თუ როგორ ქმნიდნენ ამ ყველაფერს ეკლესიის წევრები საკუთარ ნიჭთა გამოყენებით.“ – თქვა კოლინ ვებსტერმა.
კეტრინ ჯექსონი იმედოვნებს, რომ ამით ეკლესია შეძლებს, ადამიანებს შეახსენოს იმის შესახებ, რომ არსებობს „საუკუნო იმედი და დიდებული მომავალი“.