4 ივნისს ნეშვილში „K-LOVE Fan Awards“-ის დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოებაზე, რომლის წამყვანიც იყო „გრემის“ ჯილდოს მფლობელი მეთიუ უესტი, ცნობილმა ქრისტიანმა მომღერლებმა და არტისტებმა სხვადასხვა დასახელების ჯილდოები მოიპოვეს.
გამარჯვებულთა შორის არის ზაკ უილიამსი, რომელმაც მოიპოვა „წლის მამაკაცი არტისტის“ სტატუსი და ნომინაციაში „წლის სიმღერა“ ჯილდო მიენიჭა მის დუეტს დოლი პარტონთან, სიმღერით „There was Jesus“.
ნომინაციაში „წლის ქალი არტისტი“ გამარჯვებულია ცნობილი ქრისტიანი მომღერალი ლორენ დეიგლი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სიმღერით „You Say“. აღასანიშნავია ისიც, რომ „Billboard’s Hot Christian Music“-ის ჩარტებში მისი 5 სიმღერა პირველ ადგილს იკავებს.
ცნობილი ავსტრალიელი ძმების დუეტს „For King & Country“ მიენიჭა „წლის არტისტისა და ჯგუფის“ წოდება. „For King & Country“ უმეტესად ცნობილია სიმღერით „Amen“, რომლის განახლებული ვერსია „Amen reborn“ სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვეს. ამ ვერსიაში „For King & Country“ გაერთიანდა ცნობილ რეპერ ლეკრაესთან და ამერიკელ მომღერალსა და კომპოზიტორ ტონი უილიამსთან ერთად.
და ბოლოს, ჯილდო, სახელწოდებით „წლის საუკეთესო საგალობელი“ მოიპოვა ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის, მაიკლ სმიტის საგალობელმა „Waymaker“. აღსანიშნავია, რომ ეს საგალობელი ნიგერიელი გოსპელ შემსრულებლის, სინაჩის მიერაა დაწერილი, თუმცა ის ბევრჯერ შეუსრულებიათ სხვა ცნობილ ქრისტიან მომღერლებსაც. მაიკლ სმიტი კი მათგან ერთ-ერთია, რომელმაც ჯილდოც დაიმსახურა.
K-LOVE Fan Awards არის ქრისტიანული დაჯილდოების ცერემონია, სადაც გულშემატკივრები ხმას აძლევენ მათთვის საუკეთესო ქრისტიან შემსრულებლებს, მხატვრებს, სპორტსმენებს, კომპოზიტორებს, წიგნებსა და სხვა გასართობ შემოქმედებას. ამ დაჯილდოების მიზანია ქრისტიანული კულტურის შექმნა შოუბიზნესში.