თბილისში საინიციატივო ჯგუფმა „Reflect აირეკლე“ და საქველმოქმედო ფონდმა „კეთილი გული“ საქველმოქმედო ღონისძიებას გაუწიეს ორგანიზება. 32 პენსიონერს დახმარების პაკეტები ‒ პროდუქტი და ძირითადი მოხმარების საგნები, მათ შორის პირბადეები და რეზინის დამცავი ხელთათმანები გადაეცათ.
პროდუქტების დახარისხება მოხდა უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ყველა ნორმის გათვალისწინებითა და რეკომენდაციების დაცვით.
„მოგეხსენებათ, რომ საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის გამოცხადებასთან ერთად საგრძნობლად შეიზღუდა გადაადგილება. ასეთ პირობებში რთულია მოქმედება და თუნდაც ყველაზე კეთილშობილური განზრახვის განხორციელება, თუმცა ჩვენ გვერდით მყოფების მხარდაჭერა და დახმარება, ალბათ, ამ შემთხვევაში ერთადერთია, რაც გასაჭირში მყოფ ადამიანებს გადაატანინებს კრიზისის პერიოდს. ამიტომ ვაგრძელებთ ფიქრს და მოქმედებას. დავეხმაროთ ერთმანეთს!“ ‒ ნათქვამია „აირეკლეს“ ფეისბუკმიმართვაში.
პენსიონერთა დახმარების პროექტის დონორები არასამთავრობო ორგანიზაცია ADRA -Georgia და მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია გახლდნენ, ინდივიდუალურ შემომწირველებთან ერთად.
საინიციატივო ჯგუფის „Reflect აირეკლე“ დევიზია „აირეკლე მხოლოდ საუკეთესო“. ახალგაზრდების გუნდი ორი ძირითადი მიმართულებით შრომობს, ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევიან და საქველმოქმედო აქტივობებს ახორციელებენ.