19 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანში მცხოვრებ, ცხინვალიდან დევნილ პატარებს 40 ყუთი საბავშვო საჩუქარი და 160 ყუთი თბილი ტანსაცმელი გადასცეს. შეხვედრის ბოლოს პატარებმა იმპროვიზებული კონცერტი გამართეს სტუმრებისთვის.
საქველმოქმედო აქციას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი, კავშირის პრეზიდენტი გია კანდელაკი და ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი. ისინი აქციის ფარგლებში ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და სოფელ ერედვის გამგებელს, ოთარ ცოტნიაშვილს შეხვდნენ.
უფრო ადრე კი, 15 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ერთობლივად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ეწვივნენ და ვეტერანთა ოჯახებისთვის 160 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ 70 ათასამდე ვეტერანს აერთიანებს.
რელიგიის სააგენტო და ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ერთობლივი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.