კათოლიკური ეკლესიის პირველი ოფიციალური მედიაპორტალი „საბამედია“ ერთი წლის გახდა. „საბამედიამ“ 2019 წლის ნოემბერში აიღო სტარტი ეპისკოპოსის, ჯუზეპე პაზოტოს კურთხევით და მუშაობა დაიწყო სოციალური ქსელის რამდენიმე პლატფორმაზე.
საინფორმაციო პორტალი საიტის, ჟურნალის და სოციალური ქსელის მეშვეობით ცდილობს, ქართულ საზოგადოებას უკეთ გააცნოს როგორც მსოფლიო კათოლიკური სამყარო, ასევე საქართველოს კათოლიკური ეკლესია. გარდა იმისა, რომ „საბამედია“ ცდილობს, ადამიანთათვის უფრო ხელშესახები გახადოს კათოლიკური ეკლესიის ტრადიციები და ყოფა-ცხოვრება, ის ასევე აშუქებს მსოფლიო და ქართულ კათოლიკურ სიახლეებს, მსოფლიო ქრისტიანულ სიახლეებსა და ეკლესიის ისტორიას.
მედიასაშუალებამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2020 წლის გაზაფხულზე, როცა პანდემიის დროს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მრევლს არ ჰქონდა შეკრების საშუალება ტაძრებში.
„პორტალის არსებობა მნიშვნელოვანი იყო პანდემიის პერიოდში, რადგან მორწმუნეთა უმრავლესობას შეეძლო, წმინდა წირვების ონლაინჩართვებისთვის ედევნებინა თვალი.“ – ამბობს „საბამედიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა მიხეილ სურმავა.
2020 წლის ახალი ლიტურგიული წლიდან (29 ნოემბრიდან) „საბამედია“ მუშაობას განახლებული ფორმატით იწყებს, ამიერიდან ინტერნეტგამოცემა ყოველდღიურ ამბებს შემოგთავაზებთ.
ამ დრომდე კათოლიკური ეკლესიის მედიას მხოლოდ ერთი ბეჭდური გამოცემა, ჟურნალი „საბა“ წარმოადგენდა. იგი 1994 წელს დაარსდა და დღემდე ყოველთვიურად გამოდის. მისი მთავარი რედაქტორი მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ჟურნალ „საბას“ წელს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ ტოლერანტობის ქომაგის წოდებას სახალხო დამცველთან არსებული, ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ანიჭებენ ადამიანებს, ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.