22 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს რელიგიის სააგენტოს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს აქტივობა ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მისი როლი საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის თვალსაზრისით – ქონებრივი და საფინანსო კომისიის სხდომები, რომლებზეც რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების გადაცემის საკითხებს განიხილავენ, სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის გამო და სხვა საკითხები.
ელჩი დაინტერესდა ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობით, რომელიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს, ყოველწლიურ, ტრადიციულ კონფერენციაზე „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. ელჩის განცხადებით, მსგავსი ფორმატი მხოლოდ მისასალმებელია.
ზაზა ვაშაყმაძემ ელჩთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ დიდ მხარდაჭერას, რომელსაც რელიგიის სააგენტო დიპლომატიური კორპუსის მხრიდან გრძნობს და აღნიშნა, რომ სააგენტოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა სააგენტოს პოზიტიურ როლს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში. ასევე, მოიწონა საკულტო ნაგებობათა რუკა და აღნიშნა, რომ მსგავსი სხვაგან არსად უნახავს. მარკ კლეიტონი სააგენტოს თავმჯდომარეს დიდ ბრიტანეთში არსებულ კოლეგა ორგანიზაციასთან ინტენსიური კონტაქტების განახლებაში დახმარებასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.