ახალციხეში, სოფელ ივლიტაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტაძარი, რომლის სახურავიც თვეზე მეტია ჩანგრეულია, იტბორება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სამუშაოებს უამინდობის გამო ვერ იწყებენ.
ადგილობრივების თქმით, ეკლესიის სახურავის ნაწილი 16 თებერვალს, დიდთოვლობის გამო ჩაინგრა. შემთხვევიდან მალევე, ეკლესიის დაზიანებული სახურავი სააგენტოს სპეციალისტებმაც შეისწავლეს.
ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილობით მიმართა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ. სასულიერო პირის განცხადებით, მომხდარი არა მხოლოდ უამინდობის, არამედ უყურადღებობის ბრალიცაა.
„ეს ფაქტი შედეგია არა მხოლოდ უამინდობისა, არამედ უმთავრესად უყურადღებობისა და უზრუნველობისა, რომელშიც იყო მიტოვებული ტაძარი, სწორედ ამგვარი დღის მოლოდინში. ადგილობრივი კათოლიკენი დიდი ხანია, აღნიშნავდნენ დაზიანების აშკარა ნიშნებს და ამგვარი შედეგი მოსალოდნელი იყო. ვშიშობ, რომ ამჯერადაც შეგნებულად იქნა მიყვანილი მდგომარეობა იქამდე, რომ შენობა დაინგრეს და შემდეგ მავანმა აღადგინოს ის თავის გემოზე.“ – ნათქვამია ეპისკოპოსის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ისტორიულად კათოლიკური ტაძარი, რომელიც ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია, ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ამჟამად იგი იმ ექვს სადავო ტაძარს შორისაა, რომლის ისტორიული მესაკუთრეც კათოლიკე ეკლესიაა და მის დაბრუნებას მოითხოვს. 1991 წლიდან ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს კი, აქ მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი. ამ დრომდე ეკლესიაში წირვა-ლოცვას მხოლოდ მართლმადიდებლები აღავლენენ.“ – წერს საკუთარ გვერდზე კათოლიკე ეკლესიის მედია.