საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
„საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობების და ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გათვალისწინებით ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
ისრაელის საელჩო საქართველოში ამ მოვლენას დადებითი შეფასებით ეხმაურება, საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის და საკუთარ, ოფიციალურ ვებგვერდზე წერს: „ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ 27 იანვარი ოფიციალურად გამოაცხადოს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღედ და ის საქართველოს ეროვნული კალენდრის ღონისძიებათა რიცხვში შეიტანოს.“
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 2005 წლის გადაწყვეტილებით, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესდა. სიტყვა ჰოლოკოსტი სრულად დაწვას ნიშნავს და 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ გახორციელებული ებრაელებისა და სხვა უმცირესობების გენოციდის აღსანიშნავად დამკვიდრდა. ჰოლოკოსტს 6 მლნ-ზე მეტი ებრაელი ემსხვერპლა.