ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი სტატიას ქორწინების შესახებ, სადაც მოტანილი იყო შემაშფოთებელი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს თანამედროვე თაობა ქორწინების იდეას. ამ მონაცემების მიხედვით, საუკუნეთა მიჯნაზე დაბადებულთა 53% მიიჩნევს, რომ ქორწინების ფიციდან უნდა ამოვიღოთ სიტყვები − „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“.
ამასთან, საკმაოდ ბევრ ადამიანს ე. წ. საქორწინო „ბეტა-ტესტირების“ სჯერა. სხვა სიტყვებით, ქორწინება თითქოს ჩვენ მიერ არჩეული თავგადასავალია, რომლის დროსაც თავს ვარიდებთ სამუდამო ერთგულებას, რათა, თუ რაღაც არ მოგვეწონა, „გადმოვხტეთ იმ გემიდან“, რასაც ქორწინება ჰქვია. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქორწინება არ უნდა იყოს საბოლოო ცხოვრებისეული არჩევანი. პირიქით, ადამიანს უნდა შეეძლოს მისი „გადახედვა“ რამდენიმე წელიწადში ერთხელ.
„საქმე ერთგულებასთან დაკავშირებული პრობლემები როდია. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, უფრო გონივრულად მივუდგეთ ამ ვალდებულებას“.
ჩემთვის, როგორც პროფესიონალი მრჩევლისთვის, მტკივნეულია იმის ყურება, თუ რაოდენ რთულია ჩემი თაობისთვის ქორწინების არსის გაგება.
დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობა მომსწრეა იმისა, თუ როგორ ქრება სიყვარული მათ მშობლებს შორის და რა ამაზრზენად სრულდება მათი ურთიერთობა განქორწინების მეშვეობით; ან კიდევ, ისინი ხდებიან მოწმენი იმისა, რომ მათი მშობლები პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გამო ინარჩუნებენ ურთიერთობას და ეს ნელ-ნელა წამლავს მათ.
მე თანავუგრძნობ ამ თაობას, მაგრამ ასევე ვეწინააღმდეგები აზროვნებას, რომლის მიხედვითაც პრობლემა უშუალოდ „თანხმობის ფიცთან“ არის დაკავშირებული. რატომ ეშინიათ ადამიანებს ურყევობისა და მუდმივობის? ჩვენ გვეშინია დაპირებების, გვეშინია არჩევანის და გვეშინია სამუდამო ვალდებულებათა აღების. რატომ უნდა შევაღოთ კარი, რომელსაც გაურკვეველ მუდმივობაში შევყავართ, როდესაც შეიძლება დროებითი სიმშვიდით ვისარგებლოთ და ყველაფერი ვაკონტროლოთ ახლა და აქ?
ჩემი ღრმა რწმენით, ეს ტყუილი უამრავ ქალსა და მამაკაცს ართმევს სწორ ურთიერთობათა შედეგად შეძენილ სიხარულს, ნდობას, მეგობრობასა და ერთობას.
ქორწინება არ გახლავთ მხოლოდ ბედნიერება და ტკბობა.
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს იმ რწმენით ვქმნით, რომ ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის არის განკუთვნილი, აუცილებლად იმედი გაგვიცრუვდება.
დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მსგავსი სიხარულის მონიჭება შეუძლია. ჭეშმარიტ ქორწინებაში სიცოცხლის ბოლომდე კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნებით ცხოვრება როდი იგულისხმება, არამედ ის, თუ როგორ გავხდეთ იმაზე უკეთესნი, ვიდრე ვართ.
ურყევ ერთგულებასა და სიახლოვეს მოჰყვება უწყვეტი ზრდა, მოწიფულობა, ეგოიზმის შემცირება, პატიება და გულმოწყალება. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ უნდა გვიყვარდეს უპირობოდ სხვა არასრულყოფილი ადამიანი. ასევე ვსწავლობთ, როგორ უნდა მივიღოთ ჩვენდამი მომართული მსგავსი სიყვარული და ეს კიდევ უფრო რთულია.
არ არსებობს უპირობო სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული. უფალი იესო ქრისტე სწორედ ასეთი სიყვარულის მაგალითს გვიჩვენებს.
ბოლოს და ბოლოს, ქორწინებაში მთავარია არა საკუთარი “მე”, არამედ “ჩვენ”. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვა ადამიანის ინტერესების ჩვენს ინტერესებზე მაღლა დაყენება, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ სრულვყოფთ ისეთ უნარებს, როგორებიცაა: მორჩილება, პატიება და სიყვარული. ქორწინების არსი ისაა, რომ უკეთეს პიროვნებად იქცეს ადამიანი. ქორწინება მიზნად არ ისახავს ბედნიერების მოპოვებას, თუმცა უკეთესობასთან ერთად უფრო ბედნიერნიც ვხდებით.
“ბეტა-ტესტირების” ჯანსაღი ფორმა მაინც არსებობს.
ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მეტისმეტად ვჩქარობთ ურთიერთობისას, რადგან ქიმიურ რეაქციებსა და რომანტიკულ განწყობას ვაძლევთ ჩვენი მართვის უფლებას, ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველაფერს ლოგიკის, ჭეშმარიტებისა და ელემენტარული შეთავსების ჯანსაღი პორცია დავამატოთ. ჯანსაღ ურთიერთობათა შესაქმნელად ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ, ზოგჯერ, იმდენად გვაქვს ყურადღება გამახვილებული გრძნობებზე, რომ გვავიწყდება ფაქტების არსებობის შესახებ.
სავსებით ცხადია, რომ შეუღლებამდე ადამიანზე ყველაფერს ვერ შევიტყობთ, მაგრამ, სამაგიეროდ, შეგვიძლია გავიგოთ ის, რაც აუცილებელია.
ჯანსაღი ურთიერთობები გარკვეულ შემადგენელ ნაწილებს შეიცავს. შეხვედრების პერიოდში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ურთიერთობანი „ბეტა-ტესტირებით“ გამოცადოთ, რათა საბოლოოდ თქვათ − „თანახმა ვარ“. მჯერა, რომ თუ სწორი დამოკიდებულება გვექნება შეხვედრების პერიოდისადმი, საკუთარ თავს გულის ტკივილს, ტანჯვასა და სინანულს ავარიდებთ.
შესაძლებელია ურთიერთობათა სწორად აშენება.
ხშირად გვიჭირს ურთიერთობებისათვის თავის მიძღვნა, რადგან დიდად არ შევწუხებულვართ გარკვეულ ვალდებულებათა აღებით. ჩვენ იმდენად ვართ შეპყრობილნი შესაბამისი ადამიანის ძიებით, რომ ამ პროცესში საკუთარ თავს და ღმერთის მიერ ბოძებულ ადეკვატურობასა და იდენტობას ვკარგავთ.
ვიტანჯებით გაუგებრობით, ეჭვითა და დანაშაულის გრძნობით და რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ შიში გვმართავს, ვალდებულებათა და მარცხის შიში; იმის შიში, რომ მარტო დავრჩებით, ან მიგვატოვებენ. ამ მიზნით ვეჭიდებით ურთიერთობებს, რომლებსაც ჩვენთვის სიკეთე არასოდეს მოუტანია.
იმის გასაგებად, თუ როგორი ადამიანი შეგვეფერება, უპირველეს ყოვლისა, ჯერ საკუთარ თავს უნდა გავუგოთ. ვინ ვართ და საიდან მოვდივართ? საიდან მოვედით და ჩვენი ცხოვრების რომელი სფეროები უნდა გავაუმჯობესოთ? ურთიერთობებს ვაბამთ ასეთი ტვირთითა და ტკივილით და ვიმედოვნებთ, რომ ტკივილს სხვა ადამიანი გაგვიქარწყლებს, მაგრამ ურთიერთობებს არ შეუძლია ჩვენს ჭრილობათა შეხორცება. მხოლოდ ღმერთს ძალუძს ეს. საკუთარ თავში ჩაძიება გახლავთ პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შევიმეცნოთ ის, რაც ჩვენთვის სრულიად აუცილებელია ურთიერთობისას.
მაშინ, როცა ურთიერთობებს მართებულად ვაგებთ, მათ ჩვენთვის დიდი კურთხევა და სიხარული მოაქვს. თავდაპირველად ზუსტად ასე ჩაიფიქრა ღმერთმა ყველაფერი. შეიძლება გაგვიჭირდეს ურთიერთობა, შეიძლება 180 გრადუსით შემობრუნება დაგვჭირდეს და გზად ბევრი დაბრკოლება შეგვხვდეს, მაგრამ სწორ გზაზე სვლა სათანადო ადამიანთან ერთად ჩიხში არასოდეს შეგვიყვანს.