ქანაანი არის უძველესი სახელწოდება რეგიონისა, რომელიც მიესადაგება დღევანდელ ისრაელს, იორდანიის დასავლეთ სანაპიროს და ღაზის სექტორს, აგრეთვე, მიმდებარე ზღვისპირა მიწებს, ლიბანის, სირიისა და იორდანიის ნაწილებს.
ქანაანელები ბევრგანაა მოხსენიებული ბიბლიაში. ასევე, სახელები ქანაანი და ქანაანელი გვხვდება ლურსმულ, ეგვიპტურ და ფინიკიურ ტექსტებში.
ბიბლია ამბობს, რომ ქანაანის მიწა იყო „აღთქმული მიწა“, რომელიც ღმერთმა მისცა აბრაამს და მის შთამომავლებს. თუმცა თავად ქანაანელები მიიჩნეოდნენ ისრაელიანთა დაუოკებელ მტრებად.
ბიბლიაში, დაბადების წიგნის თანახმად, ქანაანელები მიიჩნევიან ქამის ვაჟის, ქანაანის, ანუ ნოეს შვილიშვილის შთამომავლებად. (დაბადება 10:15-20).
ქანაანის მიწის მკვიდრი მოსახლეობა არასოდეს ყოფილა ერთიანი ეთნიკური ჯგუფი, და არც ერთსა და იმავე ღმერთებს არ სცემდნენ ისინი თაყვანს. ტერმინი „ქანაანელები“ გამოიყენებოდა სხვადასხვა ხალხის აღსანიშნავად, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ: ამორეველთა ტომები, ხურიტები, ხეთები და ა. შ.
არ არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ ქანაანს ოდესმე ერთიანი მმართველობა ჰქონოდა. ის დაყოფილი იყო ქალაქ-სახელმწიფოებად და მის გარშემო არსებული ქალაქ-სახელმწიფოების მმართველების სიძლიერეზე იყო დამოკიდებული, კონკრეტული ქალაქ-სახელმწიფო აყვავდებოდა თუ დაცემას განიცდიდა.
ძვ. წ. აღ-ით მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში, მოსეს თაოსნობით ეგვიპტის მონობიდან გამოსულმა ებრაულმა ტომებმა მოსეს მემკვიდრის – იესო ნავეს ძის – მთავარსარდლობით დაიკავეს ქანაანი – მათი მამამთავრის, აბრაამისთვის ღვთისგან აღთქმული ქვეყანა, რომლის დაკავების შემდეგ ცოტა ხანში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ერთეული – ისრაელი, დაახლოებით, ძვ. წ. აღ-ით მეთორმეტე საუკუნეში. ეგეოსის ზღვის აუზიდან ქანაანში მოვიდა ე. წ. „ზღვის ხალხების“ ერთი ნაწილი, რომლებიც ფილისტიმელებად იწოდებოდნენ და მკვლევრები ეგეოსის ზღვის აუზში მცხოვრებ წინაბერძნულ ტომებთან, პელასგებთან, აკავშირებენ მათ.
ბიბლიის მიხედვით, ფილისტიმელები ქაფთორიდან, ანუ კუნძულ კრეტიდან მოვიდნენ; კუნძული კრეტა კი ეგეოსის ზღვაშია. მათ ქანაანში დაიკავეს ტერიტორია. ქანაანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დღევანდელი თელ-ავივიდან ღაზამდე ფილისტიმელები არასოდეს ყოფილან ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებულნი. მათი განსახლების ტერიტორია ხუთი ქალაქის მიერ იმართებოდა:
აშდოდი, აშკელონი, გათი, ღაზა, ყეკრონი.
ქანაანში მდინარე იორდანის აღმოსავლეთით კიდევ სამი ხალხი სახლობდა: სამხრეთით – ედომელები, აღმოსავლეთით – მოაბელები და ჩრდილოეთისკენ სირიის საზღვართან – ყამონელები. ხოლო ქანაანის ჩრდილო-დასავლეთით სახლობდა უძველესი ხალხი – ფინიკიელები.
ისრაელსა და ფილისტიმს შორის გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობდა. ისრაელმა თავის სიძლიერეს მიაღწია მეფე დავითის და მისი ძის, სოლომონის, მმართველობის დროს, რომლებმაც საბოლოოდ დაიმორჩილეს ფილისტიმი.
ძვ. წ. აღ-ით მერვე საუკუნე ქანაანის ტერიტორიაზე მყოფი ხალხებისთვის კატასტროფული იყო. ძლიერი ისრაელი დასუსტდა და ორ სამეფოდ გაიყო: ისრაელად და იუდეად; ფილისტიმელთა დიდებაც გამქრალიყო. ასეთ ვითარებაში ქანაანში შემოიჭრა გაძლიერებული ასურეთის იმპერია, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურა ქანაანური ქალაქები; გადარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას კი იმპერიის სხვა შორეული მიწებისკენ მიერეკებოდა.
ასე დააქცია ისრაელის სამეფო და გადაასახლა ისრაელის ათი ტომი, რომლებიც საუკუნოდ დაიკარგა და გაქრა ისტორიიდან; ხოლო მათს მიწებზე ჩამოასახლა უცხოტომელები, რომლებსაც ჩვენ როგორც სამარიელებს, ისე ვიცნობთ. კარგი დღე არც ქანაანში მცხოვრებ სხვა ხალხებს არ დაადგათ, მათ შორის, ფილისტიმელებსაც. ხოლო იუდეის სამეფომ, რომელშიც ისრაელის ორი ტომი შედიოდა, სასწაულებრივად გაუძლო ასურელების ამ ექსპანსიას. მაგრამ უბედურება ამით არ დამთავრებულმა. ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, ძვ. წ. აღ-ით მეექვსე საუკუნეში, გაძლიერებული ბაბილონის სახელმწიფო აგრესიულ დაპყრობით პოლიტიკას ატარებდა მეფე ნაბუქოდონოსორის მეთაურობით. ეს აგრესიული პოლიტიკა დამღუპველი აღმოჩნდა ქანაანელი მოსახლეობისთვის. ნაბუქოდონოსორმა ყველა დახოცა, ვინც წინააღმდეგობის გაწევა სცადა; საძირკვლიანად დაანგრია ქალაქები, ხოლო გადარჩენილები გადაასახლა. ასე გაანადგურა მან იერუსალიმი, გადაწვა და საძირკვლამდე დაანგრევინა სოლომონის აშენებული ტაძარი. გადარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა გადაასახლა იმპერიის სხვა მხარეებში, ხოლო ვინც მოასწრო, გაიფანტა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში (მათ შორის, საქართველოშიც).
მსგავსი ბედი ეწიათ ფილისტიმელებსაც. ეს მომენტი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი საუკუნოდ გაქრნენ ისტორიის ფურცლებიდან. გაითქვიფნენ სხვადასხვა ხალხში. იუდეველი ებრაელები კი ტყვეობიდან 70 წლის მერე დაბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც გაძლიერებულმა სპარსეთმა დაამხო ბაბილონის იმპერია, ხოლო დაპყრობილ ხალხს უფლება მისცა, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში.
იუდეველთა ნაწილი დაბრუნდა ტყვეობიდან და კვლავ აღადგინა ქალაქი იერუსალიმი და სოლომონის ტაძარი. ძვ. წ. აღ-ით მეოთხე საუკუნემდე პალესტინა შედიოდა სპარსეთის იმპერიაში. სპარსეთის იმპერია მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში დაამარცხა ალექსანდრე მაკედონელმა და საფუძველი ჩაუყარა ახალ იმპერიას. ალექსანდრე მაკედონელის იმპერია ისტორიაში იყო პირველი ევრაზიული იმპერია, რომელიც მოიცავდა ევროპის და აზიის კონტინენტის ნაწილებს და ნაწილობრივ ჩრდილოეთ აფრიკას. ალექსანდრე დიდის სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია მის სარდლებს – დიადოქოსებს – შორის გაიყო ოთხ ნაწილად: ლისიმაქეს – ლისიმაქია (მცირე აზია, ბალკანეთის ნახევარკუნძული და ხმელთაშუა ზღვის ნაპირი); კასანდრეს – საკუთრივ მაკედონია და საბერძნეთი; სელევკე ნიკატორს – სელევკია, აზიური სამფლობელოები, რომლებსაც მისი სახელიდან გამომდინარე, სელევკიდების სამეფო ეწოდა; პტოლემე სოტერს – ეგვიპტე, პტოლემაოსების დინასტიით სათავეში. ქანაანი ხან სელევკიდების მფლობელობაში გადადიოდა, ხანაც – ეგვიპტელი პტოლემაოსების. სელევკიდები ცდილობდნენ ხალხის ელინიზაციას, ანუ გაბერძნებას, რაც გულისხმობდა ბერძნული ენის და კულტურის დომინირებას. სწორედ ამ დროიდან აღნიშნულ ტერიტორიას, ბერძნული ენის გავლენით, პალესტინად მოიხსენიებენ, რომელიც წარმოდგება სწორედ რეგიონში ოდესღაც მცხოვრები ფილისტიმელების სახელიდან (ბერძნ. Παλαιστίνη – პალაისტინი).
სელევკიდები ასევე ცდილობდნენ იუდეველთა ელინიზაციას ხშირად ძალიან უხეში ძალით, რასაც ადგილობრივი იუდეველების დახოცვა მოჰყვებოდა ხოლმე; ასევე იუდეველთათვის წმინდა ადგილების, მათ შორის, ტაძრის წაბილწვა, რომელსაც ძვ. წ. აღ-ით მეორე საუკუნეში მოჰყვა იუდეველთა აჯანყება ძმები მაკაბელების მეთაურობით. ანტიოქოს მეოთხე ეპიფანეს აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ რამდენიმე ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, იუდეველებმა მოახერხეს იერუსალიმიდან და ნაწილობრივ იუდეიდან სელევკიდების გაძევება. ამ დროს სელევკიდების სახელმწიფოში დინასტიური ბრძოლები მიმდინარეობდა, რის გამოც არ ეცალათ იუდეისთვის, ამიტომ ფორმალურად ცნეს მაკაბელთა მმართველობა; თუმცა ყველა ხვდებოდა, ტახტისთვის ბრძოლაში გამარჯვებული პრეტენდენტი განიმტკიცებდა რა ძალაუფლებას, შემდეგ იუდეისთვის მოიცლიდა. ამას ხვდებოდნენ იუდეის მმართველი მაკაბელები და ახლა გაძლიერებულ რომის რესპუბლიკას მიმართეს მოკავშირეობისთვის.
ძვ. წ. აღ-ით 161 წელს იუდა მაკაბელმა უზრუნველყო რომის რესპუბლიკასთან ალიანსი, რომელიც გაგრძელდა იანუს ჰასმონეველის მეფობამდე. ყოველი ახალი მეფე აახლებდა სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ატარებდა პრორომაულ პოლიტიკას. ძვ. წ. აღ-ით 67 წელს დაპირისპირება ტახტის ხელში ჩასაგდებად მოხდა ალექსანდრე იანუსის ვაჟებს: არისტობულუს მეორესა და ჰირკანუს მეორეს შორის. ორივე მხარემ დახმარებისთვის რომაელ სარდალ გნეუს პომპეუს მიმართა. პომპეუსმა გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ჰირკანუსისთვის, ხოლო არისტობულუსმა და მისმა მიმდევრებმა ტაძრის მთას შეაფარეს თავი. ძვ. წ. აღ-ით 63 წელს პომპეუსი და რომაული არმია ჩავიდნენ იერუსალიმში, ალყაში მოაქციეს ტაძარი და შემდეგ აიღეს იგი შტურმით, რამაც დაასრულა ებრაული სუვერენიტეტი. ჰასმონიანელები დამორჩილდნენ რომს. ძვ. წ. აღ-ით 40 წელს რომის სენატმა მიანიჭა ჰეროდე იდუმეელს, ანტიპატერის ძეს, იუდეის მეფის წოდება. რომაული ჯარების დახმარებით, ჰეროდემ აიღო იერუსალიმი და დაასრულა ჰასმონიანელთა მმართველობა.
ჰეროდე დიდმა სიკვდილამდე იუდეის ჰეროდიანთა სამეფო დაყო ტეტრარქიად (მეოთხედებად), რომელსაც ერთობლივად მართავდნენ ჰეროდეს ვაჟები და ქალიშვილი სალომეა.
- ჰეროდე არქელაოსი (რომელიც მართავდა იუდეას, სამარიასა და იდუმეას);
- ჰეროდე ანტიპა (რომელიც მართავდა გალილეას და პერეას);
- ჰეროდე ფილიპე (რომელიც მართავდა ბატანეას, ასევე ტრაქონიტს);
- სალომეა (რომელიც მოკლე დროით მართავდა ჟამნიად წოდებულ ტერიტორიას).
ახ. წ. აღ-ით 6 წელს ჰეროდე არქელაოსი იმპერატორმა ავგუსტუსმა თანამდებობიდან გადააყენა. იუდეა, სამარია და იდუმეა რომის უშუალო მმართველობის ქვეშ მოექცა, რომლებიც ჯერ პრეფექტების (ერთ-ერთი ასეთი პრეფექტი იყო პილატე პონტოელი) მიერ იყო მართული ახ. წ. აღ-ით 41 წლამდე.
ახ. წ. აღ-ით 66 წლის შემოდგომით ებრაელები აჯანყდნენ რომის მმართველობის წინააღმდეგ. ეს ებრაულ-რომაული სამხედრო კონფლიქტი წარმოიშვა ბერძნული და ებრაული რელიგიური და კულტურული უთანხმოების გამო, რასაც მაღალი რომაული გადასახადები ემატებოდა, ეს კი ყვლეფდა მოსახლეობას. უკმაყოფილება ანტისაგადასახადო პროტესტსა და რომის მოქალაქეებზე თავდასხმაში გადაიზრდებოდა ხოლმე. რომაელთა სადამსჯელო რაზმებმა გაძარცვეს ებრაული ტაძარი იერუსალიმში. ათასობით ებრაელი სიკვდილით დასაჯეს, რის საპასუხოდაც სრულმასშტაბიანი აჯანყება დაიწყო. ბრძოლების შედეგად ამბოხებულმა იუდეველებმა განდევნეს რომაელები იერუსალიმიდან და ბეთ-ჰორონის უღელტეხილზე დაამარცხეს მათთან საბრძოლველად წამოსული რომაული სადამსჯელო ძალა გაიუს ცესტიუს გალუსის მეთაურობით. შემდეგ შეიქმნა იუდეური რევოლუციური მთავრობა. რომის იმპერატორმა ნერონმა გამოცდილ მხედართმთავარ ვესპასიანეს ჩაახშობინა აჯანყება იუდეის პროვინციაში. ვესპასიანემ იერუსალიმის მეთაურად თავისი ვაჟი ტიტუსი დანიშნა. ვესპასიანეს მიეცა ოთხი ლეგიონი. რომაული ჯარები შევიდნენ გალილეაში, სადაც მათ ბრძოლა უწევდათ სხვადასხვა იუდეველ ჯგუფებთან. საბოლოოდ, მათ მიაღწიეს იერუსალიმს.
მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის პირველი ორი კედელი დაინგრა სამ კვირაში, იუდეველთა შეუპოვარმა ბრძოლამ ხელი შეუშალა რომაულ არმიას მესამე ძლიერი კედლის დანგრევაში. სასტიკი შვიდთვიანი ალყის შემდეგ, რომაელებმა საბოლოოდ მოახერხეს ახ. წ. აღ-ით 70 წლის ზაფხულში დასუსტებული ებრაული ძალების გარღვევა. გაანადგურეს იერუსალიმი. დაწვეს და საძირკვლებამდე დაანგრიეს ტაძარი.
მეორე საუკუნეში, ახ. წ. აღ-ით 132-136 წლებში, იუდეის პროვინციისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მცხოვრებნი კვლავ აჯანყდნენ. ეს იყო ებრაელთა მესამე დიდი აჯანყება რომის იმპერიის წინააღმდეგ და ებრაულ-რომაული ბრძოლებიდან უკანასკნელი (რომაულ-ებრაულ ომებში, პირველსა და მესამე ომს შორის იყო ე. წ. კიტოს ომი ახ. წ. აღ-ით 115-117 წლებში, თუმცა ეს ომი უშუალოდ იუდეაში არ მიმდინარეობდა, არამედ იმპერიის სხვა დასახლებებში, სადაც ცხოვრობდა იუდეიდან გადახვეწილი დიასპორა. ვინაიდან ეს ომი იუდეაში არ მიმდინარეობდა, ამიტომ დაწვრილებით არ შევეხებით). იმპერატორ ადრიანეს მიერ იერუსალიმში წარმართული ტაძრის Aelia Capitolina-ს დაარსებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია აჯანყება. Aelia Capitolina იყო იუპიტერისადმი მიძღვნილი ტაძარი, რომელიც ახ. წ. აღ-ით 129 წელს იმპერატორ ადრიანეს ინიციატივით აშენდა იერუსალიმის ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც რომაელმა ჯარისკაცებმა ახ. წ. აღ-ით 70 წელს დაანგრიეს. ებრაელებმა დიდი დრო გაატარეს ამ აჯანყებისთვის საიდუმლოდ მომზადებაში, თავიანთი სამოსახლოების ქვეშ ასობით მიწისქვეშა სამალავი გამოკვეთეს. მათი ლიდერი იყო სიმონ ბარ კოხბა, რომელიც სათავეში ჩაუდგა იუდეის განმათავისუფლებელ ბრძოლას. მართლაც განთავისუფლებულმა და დამოუკიდებელმა იუდეამ იარსება ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში; თუმცა აჯანყება, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დასამარცხებლად იყო განწირული. რომაელთა შურისძიება ძალიან მძიმე იყო. იუდეის სოფლები განადგურდა, იქ მცხოვრებნი კი ზოგი დახოცეს, ზოგი გადაასახლეს ან მონებად გაყიდეს.
იმპერატორი ადრიანე ისე იყო განრისხებული ამ აჯანყების გამო, რომ მან გადაწყვიტა იუდეის პროვინციის, როგორც სახელწოდების, გაქრობა. წინადაცვეთა აკრძალული იყო და ებრაელებს იერუსალიმში შესვლა აეკრძალათ სიკვდილის სასჯელით, ხოლო გადარჩენილი იუდეველი მცხოვრებლები ქალაქიდან გააძევეს და აუკრძალეს ქალაქის გარშემო დასახლებაც კი. მნიშვნელოვნად შემცირდა იერუსალიმის როლი რეგიონში. ფაქტობრივად ნანგრევების გროვად ნაქცევი იერუსალიმი რომაელებმა მცირე დასახლების სახით აღადგინეს და უწოდეს „აელია კაპიტოლინა“. აღდგენილ ქალაქში ახლა რომაელი სამხედრო ვეტერანები და იმპერიის დასავლეთ ნაწილებიდან ჩამოსული ემიგრანტები დაასახლეს. იუდეის პროვინციასაც გადაარქვეს სახელი და დაარქვეს პროვინცია „პალესტინა“. დედაქალაქად გამოცხადდა საპორტო ქალაქი კესარია, იგივე კესარია მარიტიმა. ასე გაქრა რეგიონი იუდეა და ქალაქი იერუსალიმი ადამიანების ცნობიერებიდან,
ხოლო იუდეველები, ანუ ებრაელები, მშობლიური მიწიდან განდევნილები აღმოჩნდნენ. ამ დროიდანვე რეგიონს ეწოდებოდა პალესტინა.
მოგვიანებით, ბიზანტიის იმპერიის პერიოდში, ახ. წ. აღ-ით მე-4 და მე-5 საუკუნეებში პროვინცია პალესტინა უფრო მცირე პროვინციებად გაიყო: პალესტინა პრიმად და პალესტინა სეკუნდად. პალესტინა პრიმა მოიცავდა ცენტრს დედაქალაქ კესარიასთან, ხოლო პალესტინა სეკუნდა ვრცელდებოდა გალილეამდე, გოლანამდე და ტრანსიორდანიის ნაწილებამდე, მისი ცენტრი კი გახლდათ ქალაქი სკვითოპოლისი, ახლანდელი ბეთ-შეანი. პროვინციებში შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა: ქრისტიანები, წარმართები, სამარიელები.
მეშვიდე საუკუნის პირველი ნახევრიდან, კერძოდ, 629 წელს, პალესტინაში, პირველად რეგიონში, მუსლიმანი არაბები გამოჩნდნენ. რეგიონის დაპყრობა მუსლიმანი არაბების მიერ იწყება 634 წლიდან, ე. წ. მართლმორწმუნე ხალიფების: აბუ ბაქრისა და უმარ იბნ ალ-ხატაბის დროს. 635-637 წლისთვის პალესტინა, იორდანია და სამხრეთ სირია მუსლიმანების მმართველობის ქვეშ მოექცა. დაიწყო მოსახლეობის ისლამიზაცია და არაბიზაცია. ვინც უარი თქვა, გადაიხვეწა იქიდან. ამ მიწებზე ჩამოსახლდნენ არაბული ტომები ჰიჯაზიდან, ნაჯდიდან და იემენიდან. პალესტინის მცხოვრებთა უმეტესობამ მიიღო ისლამი. დომინანტური ენა არაბული გახდა.
იგებოდა მეჩეთები მთელ პალესტინაში, მათ შორის, იერუსალიმში ცნობილი კლდის მეჩეთი. გაჩნდა დასახელებები: „სირიელი არაბები“, „ერაყელი არაბები“, „იორდანიელი არაბები“, „პალესტინელი არაბები“, „ეგვიპტელი არაბები“ და ა. შ., ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ან გადაიხვეწა, ან შეერია არაბ მოსახლეობას, ან გადაიქცა ეროვნულ უმცირესობად, რომლებიც გამუდმებით განიცდიდნენ შევიწროებას.
არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ, პალესტინა ხელიდან ხელში გადადიოდა: მუსლიმან თურქ-სელჩუკთა, ეგვიპტის ფატიმიდების დინასტიის მმართველთა, შემდეგ ევროპიდან დაძრული ჯვაროსნების ხელში, რომლებმაც შექმნეს ქრისტიანული სამეფო-სამთავროები და ამათგან უპირატესი იერუსალიმის სამეფო იყო. მოგვიანებით, ის გადავიდა ეგვიპტურ მუსლიმან აიუბიდთა დინასტიის ხელში, რომლებმაც ფატიმიდების დინასტიაც დაამარცხეს და ჯვაროსნებიც განდევნეს. შედეგ ასევე ეგვიპტური მამლუქთა დინასტია აკონტროლებდა რეგიონს. მეთექვსმეტე საუკუნიდან 400 წლის განმავლობაში რეგიონს აკონტროლებდა თურქ-ოსმალთა იმპერია, რომელმაც ის ეგვიპტელ მამლუქებს წაართვა.
პირველ მსოფლიო ომში ვინაიდან ოსმალთა იმპერია გერმანიას უჭერდა მხარს, ბრიტანულმა ჯარებმა ოსმალები დაამარცხეს პალესტინაში. პალესტინა შევიდა ე. წ. ბრიტანეთის მანდატის ქვეშ 1917 წელს. მეოცე საუკუნეში პალესტინაში დაიწყო ებრაელთა დაბრუნება მიწებზე, რომლებიც მათს ისტორიულ სამშობლოს წარმოადგენდა. ისინი ათიათასობით ბრუნდებოდნენ უკან გაეროს დაყოფის რეზოლუციით No181, რომელიც გამოცემულ იქნა 1947 წლის ნოემბერში. პალესტინა ორად იქნა გაყოფილი: ებრაულ და არაბულ ნაწილად. ტერიტორიაზე შეიქმნა სახელმწიფო პალესტინის არაბული რესპუბლიკა და ისრაელი. თანამედროვე ისრაელი არსებობას 1948 წლის მაისიდან იწყებს. ისრაელი არ აღიარა არაბული რესპუბლიკების უმეტესობამ, რამაც რეგიონში უამრავი შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია და ეს დღემდე გრძელდება.
ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს ამ საკითხს. საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, ებრაელები აგრესორები არიან და მათ თავიანთი ტერიტორიიდან თითქოს გაყარეს ძირძველი მოსახლეობა და დაიპყრეს ეს მიწები. სინამდვილეში, ებრაელების გარდა აღარ არსებობს არცერთი ძველი ხალხი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია პალესტინაში და ამ რეგიონის ძირძველ მოსახლეობას სწორედ ებრაელები წარმოადგენენ. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს პალესტინაში ცხოვრების უფლება, ეს ებრაელი ხალხია. რა თქმა უნდა, ეს უფლება პალესტინელ არაბებსაც აქვთ, მაგრამ იმის თქმა, რომ ებრაელებს არ აქვთ ეს უფლება, იცხოვრონ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში და ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო, ეს დიდი ისტორიული უსამართლობაა, საკითხისადმი ზერელე მიდგომა, და მოკლებულია საღ აზრს. ეს ებრაელთათვის აღთქმული მიწაა, რომელიც ღმერთმა მათს მამას – აბრაამს – ჯერ კიდე 4000 წლის წინ აღუთქვა და დაასახლა. აქ ცხოვრობდა აბრაამის შვილი ისაკი, ისაკის შვილი იაკობი. სიცოცხლის ბოლოს იაკობი ქანაანში დაწყებული შიმშილობის გამო ეგვიპტეში ჩადის შვილებით და შვილიშვილებით. იქ ებრაელები 400 წელი რჩებიან, შემდეგ გამოდიან და იმკვიდრებენ მათი წინაპრისთვის – აბრაამისთვის – აღთქმულ მიწას.
ებრაელებმა პირველი სახელმწიფო სამი ათასი წლის წინ შექმნეს. შემდეგ ბაბილონელებმა გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ რომაელებმა გაფანტეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ფიზიკურად არ ცხოვრობდნენ პალესტინაში, მაგრამ ყოველი ებრაელი გონებით იქ იყო, უბრალოდ მომენტს ელოდნენ. ეს მომენტი გაფანტვიდან გვიან, მაგრამ მაინც დაუდგათ. ისინი ამ მიწას არ დათმობენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს მათთვის უბრალო მიწა არ არის, ეს მათი ცხოვრების ნაწილია, ეს მათი მამების მიწაა. ამ მიწის ყველა მონაკვეთი მათი წინაპრების სისხლით არის გაჟღენთილი, მათი ხორცით და ძვლებით არის გაჯერებული.
დაე, ვისურვოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება; ამ ორი ხალხის – პალესტინელი არაბებისა და ებრაელების – გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაარსებობა რეგიონში. ბოლოს და ბოლოს, ბიბლიის მიხედვით, ისინი აბრაამის ორი ძის, ორი ძმისგან წარმოშობილი ხალხი არიან.
არა ომს! მშვიდობა მსოფლიოს!
წყაროები:
Encyclopedia Britannica – ენციკლოპედია ბრიტანიკა;
World History Encyclopedia – მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია;
New World Encyclopedia – ახალი მსოფლიო ენციკლოპედია.
ავტორი: ვასიკო ნებიერიძე