აილან კურდი − ბიჭუნა ქურთულ-სირიულ ქალაქ კობანედან, 12 სირიელ ლტოლვილთან ერთად საბერძნეთისკენ მიმავალ ნავში იჯდა მაშინ, როცა დანარჩენ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში, ჩვენს უმრავლესობას რბილ საწოლში მშვიდად ეძინა… დილით, ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის ბიჭუნას ცხედრის ფოტომ მსოფლიო შეძრა…
2015 წლის იანვრიდან დღემდე ხმელეთაშუა ზღვაში 2500 მიგრანტი დაიღუპა. მათი ძირითადი მარშრუტი თურქეთზე, საბერძნეთზე, მაკედონიასა და სერბეთზე გადის, რის შემდეგაც მიგრანტები ევროკავშირის წევრ უნგრეთში ხვდებიან და დასავლეთ ევროპაში გადასვლას სწორად მასზე გავლით ცდილობენ.
ევროპის სახელმწიფოები დიდხანს ყოყმანობდნენ, გაეხსნათ, თუ არა საზღვარი მიგრანტთა ნაკადისთვის. ისინი ყოყმანობდნენ მაშინაც, როცა 21 სირიელ კოპტს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა თავი მოჰკვეთეს; მაშინაც, როდესაც სირიელი ბავშვების სულისშემძვრელი მიმართვა გავრცელდა; მაშინაც, როცა ქრისტიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ ალაჰის სახელით. დრო კი ლტოლვილთათვის არ იცდიდა, ისინი იძულებულნი გახდნენ თავად ებრძოლათ გადარჩენისთვის, თუმცა გზა ცივილიზებულ და მშვიდობიან ევროპამდე ზოგიერთი მათგანისთვის ისეთივე სასიკვდილო აღმოჩნდა, როგორიც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების თავდასხმა მათ სოფლებზე.
აილანის ფოტო იმის ნათელი მტკიცებულება იყო, რომ „ცუდი“ ისლამური სახელმწიფო და „კარგი“ ევროპა თავისი კეთილი სურვილებით და უმოქმედობით, ფაქტობრივად, ერთსა და იმავეს აკეთებდნენ…
ევროპა ერთ ღამეში შეიცვალა. გერმანიამ ემიგრანტების გარკვეულ რაოდენობას თავშესაფარი მისცა, ისლანდიამ 12 000 ლტოლვილს კარი გაუღო, ავსტრიამ ერთ დღე-ღამეში 4000 მიგრანტი შეიფარა. დიდ ბრიტანეთში მიგრანტთა მიღების კვოტის გაზრდის მოთხოვნით პეტიციას 100 000- ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი…
მთლიანად ლტოლვილთა რიცხვმა ევროპაში 107 000-ს გადააჭარბა.
მუსლიმანურ ქვეყნებში ხშირად ამბობენ, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვთ და რომ ისინიც ისევე გმობენ ტერორიზმს, როგორც სხვა ცივილიზებული ქვეყნები. ალბათ, კომენტარი არ სჭირდება იმ სტატისტიკას, რომელიც ისლამური სახელმწიფოების მიერ მიღებულ ლტოლვილთა რაოდენობას აღწერს : საუდის არაბეთი- 0, კუვეითი – 0, ყატარი – 0, ბაჰრეინი – 0, საემიროები -0…
ხშირად გვესმის, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ აქვს, სამაგიეროდ თანაგრძნობას ჰქონია, როგორც ჩანს…..
ავტორი: ნატალია ჩიქოვანი