ჩვენი ქვეყანა რომ პარადოქსების ქვეყანაა, ამაში, მგონი, უკვე დიდი ხანია, ყველა დავრწმუნდით. იმ კულტურაში, სადაც ქალი და ქალისადმი პატივისცემა ყოველთვის მაღლა იდგა, უცნაური და ძალიან სამწუხარო რეალობაა ასე გახშირებული ფემიციდი (ლათ. femi – ქალი, cide – კვლა), მიზოგინია (ბერძ. μῖσος – სიძულვილი, γυνή – ქალი) და ოჯახური ძალადობა, სადაც დაზარალებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას ქალი წარმოადგენს. ფემიციდისა და ოჯახური ძალადობის მზარდი სტატისტიკის ფონზე, საზოგადოების ნებისმიერი რგოლის, განსაკუთრებით კი ეკლესიის დუმილი, დანაშაულის ტოლფასია. როგორია ღმერთის დამოკიდებულება ქალისა და მამაკაცისადმი? როგორ ხედავს წმინდა წერილი ოჯახურ თანაცხოვრებას, თანასწორობას და, ზოგადად, ქალის როლს საზოგადოებასა და ეკლესიაში? ამ თემაზე დაწერილი მრავალი ნაშრომის გვერდის ავლით მივმართოთ პირდაპირ ღვთის სიტყვას – წმინდა წერილს – და ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამ ყველაფერზე.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასა და ოჯახური თანაცხოვრების შესახებ ინფორმაციას ბიბლიის პირველივე წიგნიდან – დაბადებიდან – ვიგებთ, როდესაც ღმერთმა გადაწყვიტა, ადამისთვის შეექმნა შესაფერისი შემწე (დაბადება 2:18). ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთმა კაცს რაღაც გადასცა საჩუქრად და ახლა ადამს, როგორც ენდომებოდა, ისე მოექცეოდა ამ საჩუქარს. არა, ეს იყო ადამისთვის კურთხევა და ბედნიერება, რომელიც ღმერთმა თავისი მადლით უწყალობა მას.
“შესაფერისი“ ნიშნავს ადამის მსგავს მეორე ცალს, ადამის თანასწორს, ადამის მსგავსი უფლებებით. ადამი არაფრით იყო ევაზე მეტი და არც ევა არ იყო ადამზე ნაკლები რამით. ისინი შეიქმნენ თანაბარნი. ამ თანაბარ მდგომარეობას ხაზს უსვამს ისიც, რომ ღმერთმა ადამის ნეკნიდან წარმოშვა ევა. ეს გახლდათ აფიშირება იმისა, რომ ის, რაც არის ადამი, არის ევაც. ეს თავად ადამმაც გააცნობიერა.
„თქვა ადამმა: ‘აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.’“
ასევე, ადამმა განსაზღვრა სამომავლო ოჯახის მოდელიც:
„ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკვრება თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად.“
ეს „მიკვრა“ და „ერთხორცად ყოფნა“ არ მოიაზრებს მხოლოდ სარეცელზე შეერთებას, არამედ იმას, რომ ორი თანაბარუფლებიანი ადამიანი ხდება ერთი – ერთნაირი გეგმებით, ერთნაირი მიზნებით, ერთნაირი პასუხისმგებლობით.
ამ ერთობას ხაზს უსვამს კიდევ ერთი ფაქტი: როდესაც ევა ცდუნდა და აკრძალული ხილი შეჭამა, ადამსაც შესთავაზა საჭმელად, რასაც მოჰყვა დაცემა; სასჯელისგან ადამი ვერ დაიცვა იმან, რომ პირველად ევა ცდუნდა, ის მაინც დაისაჯა, ვინაიდან მათ, როგორც ერთ სხეულს, პასუხისმგებლობაც ერთი ჰქონდათ.
(დაბადება 3:1-10).
შემდგომ, როდესაც ჩვენ გავყვებით ბიბლიის ფურცლებს, ვერსად ვნახავთ ოჯახში დაკნინებულ ქალს, აღარაფერს ვამბობ ძალადობაზე. მაგალითად, მამამთავარ აბრაამის ცოლი სარა აბსოლუტურად თანაბარუფლებიანობით სარგებლობდა და მის მოთხოვნას, რჩევას, აზრს ითვალისწინებდა და ისმენდა აბრაამი.
„უთხრა სარაიმ აბრამს: ‘შვილები არ მომცა უფალმა. ამიტომ გთხოვ, შედი ჩემს მოახლესთან, ვინძლო გავშვილიანდე მისგან.’ და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.“
მამამთავრების ცხოვრებაში არის კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ აბრაამმა თავისი მსახური ელიაზარი ისაკისთვის საცოლის ასარჩევად გაგზავნა თავის სამშობლოში. ელიაზარმა ისაკის საცოლედ აარჩია რებეკა და ამის შესახებ რებეკას მამას და ძმასაც უთხრა. მათ მოეწონათ ეს შეთავაზება, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი იყო რებეკას აზრი, დასთანხმდებოდა თუ არა იგი ამ შეთავაზებას. ვხედავთ, რომ მამას და ძმას მოეწონათ ეს იდეა, მაგრამ რებეკას ნების გარეშე ამ იდეას არ განახორციელებენ.
„უთხრეს: ‘დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.’ დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: ‘წახვალ ამ კაცთან ერთად?’ თქვა: ‘წავალ!’“
სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში არის შემთხვევები, როდესაც ქალს თავისი ნების საწინააღმდეგოდ ათხოვებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ოჯახმა ასე გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებების შელახვაა.
როდესაც მამამთავარმა იაკობმა გადაწყვიტა ბიძამისის სახლიდან წასვლა, ეს ნაბიჯი მან არ გადადგა დამოუკიდებლად, არამედ ჰკითხა თავის ცოლებს, ლეას და რახელს, თუ რა აზრის იყვნენ ისინი ამ ყველაფერზე და მხოლოდ მათი აზრის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, მომზადებულიყო ბიძამის ლაბანისგან წასასვლელად და სამშობლოში დასაბრუნებლად.
„მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: ‘ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში? განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი. ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა.’ ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.“
ჩვენ ვხედავთ, რომ მამამთავრების ეპოქაში ქალის როლი არანაირად არ იყო დაკნინებული და ქალს არ ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი ოჯახში. ქალის ნება, აზრი, სურვილი დაფასებული და გათვალისწინებული იყო. ქალი სარგებლობდა თანაბარი უფლებებით.
წმინდა წერილი რომ თანასწორად და თანაბარი უფლების მქონედ მიიჩნევს ქალს და მამაკაცს, ამას კარგად წარმოაჩენს ერთი ფაქტი: როდესაც მოსე ანაწილებდა აღთქმულ მიწას ტომებს, საგვარეულოებსა და ოჯახებს შორის, მათ წინაშე წარდგნენ ცელაფხადის ასულები, რომლებიც მენაშეს ტომიდან იყვნენ და რომელთა მამაც ისე გარდაიცვალა, რომ ვაჟი არ ჰყოლია. ხუთი ქალიშვილი წარდგა მოსეს წინაშე და მოითხოვა მამის წილი, მიუხედავად იმისა, რომ ძმა არ ჰყავდათ.
მოსე წარდგა ღმერთის წინაშე ამ საკითხით და უფალმა მოსეს უთხრა, რომ ცელაფხადის ასულები მართალნი იყვნენ, მათ ეკუთვნოდათ მამის წილი მიწა. ამით ღმერთმა ასულები გაუთანაბრა ძეებს.
„და წარადგინა მოსემ მათი საქმე უფლის წინაშე. უთხრა უფალმა მოსეს: ‘მართალს ამბობენ ასულნი ცელაფხადისა; მიეცი მათ სამკვიდრებელი მათი მამის ძმათა შორის და გადაიტანე მათი მამის სამკვიდრებელი მათზე.’“
რაც შეეხება ოჯახის ერთიანობის პრინციპის – ერთხორცად ყოფნის – დარღვევას, ანუ გაყრას, განქორწინებას, ეს ერთ-ერთ იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელზეც უფალი ამბობს, რომ სძულს. სძულს, როდესაც ერთად ქცეული ორი პიროვნება იყოფა. ეს უკიდურესად მიუღებელია, ღალატია.
„აი, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლებით ფარავთ ღვთის სამსხვერპლოს, ტირილითა და ქვითინით. ამის გამო აღარ აქვს ღმერთს სახე ძღვენისკენ და აღარ ეამება მისი მიღება თქვენი ხელიდან. კითხულობთ: რის გამოო? იმის გამო, რომ უფალი იყო მოწმე შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი იყო, ცოლი შენი აღთქმისა. განა ერთ სხეულად არ გქმნათ უფალმა? სულიც და სხეულიც მას ეკუთვნის; რატომ გქმნათ ერთ სხეულად და რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ უღალატებთ სიჭაბუკის ცოლს! რადგან მძულს განქორწინება! – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი; – ის, ვინც ძალადობით ფარავს თავის სამოსელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – მაშ, გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ დაარღვევთ ერთგულებას.“
რაც შეეხება ახალ აღთქმას, ახალი აღთქმა არათუ ქალის და მამაკაცის თანაბარუფლებიანობაზე, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის თანასწორუფლებიანობაზე საუბრობს, მიუხედავად წარმოშობის, ენის თუ კანის ფერისა. იესო ქრისტეში ყველა ერთია, ყველა თანასწორია. მათ იესო ათანაბრებს და აერთიანებს
„სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.“
ახალი აღთქმა კონკრეტულად საუბრობს ცოლქმრული ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით. ქმრისა და ცოლის ერთ სხეულად ყოფნას აკონკრეტებს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ წერილში:
„ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას ისევე, როგორც უფალი – ეკლესიას.“
მაშასადამე, ცოლი ვინმე სხვა კი არ არის, არამედ შენი სხეულია, არაფრითაა ნაკლები შენზე და თანასწორია შენი. შენი მოვალეობაა, რომ გიყვარდეს, იზრუნო მასზე, მოუარო ისე, როგორც შენს სხეულზე ზრუნავ და უვლი. – გვიხსნის პავლე მოციქული იმ თავდაპირველ პრინციპს, რომელსაც ედემის ბაღში ჩაეყარა საფუძველი.
პავლე მოციქული ცოლქმრულ ურთიერთობას ეხება კოლასელთა მიმართ წერილშიც:
„ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.“
აქ ვკითხულობთ მოწოდებას ქალების მიმართ, რომ დაემორჩილონ ქმრებს; მაგრამ ეს მორჩილება არ ნიშნავს მსახურებრივ უსიტყვო მორჩილებას, სადაც ქმარი ბატონია, ხოლო ცოლი ქმრის ნების უსიტყვოდ შემსრულებელი. მორჩილებისკენ მოწოდება არ არის მიმართული ქალის დაკნინებისკენ. ეს სიტყვა პასუხისმგებლობას აკისრებს ქალსაც, რომ არ დაარღვიოს ის ერთიანობა, ის ერთაზროვნება, ის ერთი მიზანი, რომელიც საერთო ხდება შეუღლების, ორის გაერთიანების შემდეგ.
აღნიშნული მუხლები ქმარს აფრთხილებს აგრეთვე, რომ არ იყოს სასტიკი თავისი ცოლის მიმართ, არ დაამციროს, არ დააკნინოს იგი.
პეტრე მოციქულიც ეხება ცოლქმრულ ურთიერთობას და მითითებას და გაფრთხილებას აძლევს ქმრებს:
„ასევე თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.“
წმინდა წერილში ცხადია სამი რამ:
- გონივრულად მოეპყარით ცოლებს;
- პატივი ეცით მათ;
- ისინი არ არიან თქვენზე ნაკლებნი, არამედ თქვენ მსგავსად არიან სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრენი.
მაშასადამე, ბიბლიის ორივე ნაწილის, ძველი და ახალი აღთქმის, გამოკვლევის შედეგად ვასკვნით, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან ღმერთის თვალში. წმინდა წერილი არ აკნინებს ქალის როლს და არ წამოსწევს კაცის როლს. ეს მიუღებელია წმინდა წერილისთვის (წმინდა წერილში არის ისეთი მომენტებიც, როცა ქალს არასათანადოდ ეპყრობიან, მაგალითად, როდესაც ლოტმა თავისი ქალიშვილები შესთავაზა მომხდურებს, ან როდესაც მსაჯულთა წიგნში ახალგაზრდა ლევიანი და ლევიანის მასპინძელი უხეშად ექცევიან ხარჭას და მის ქალიშვილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წმინდა წერილი ამას ეთანხმება. ეს ქმედებები იყო ადამიანის უკიდურესად დაცემის და გადაგვარების შედეგი). ჩვენ ვერ ვნახავთ წმინდა წერილში ვერც ერთ მუხლს, რომელიც უშვებს ქალის ჩაგვრას და დაკნინებას, როგორც ნორმას.
ქალების როლი ღმერთის მსახურებაში
ღმერთი ისევე იყენებდა და იყენებს ქალებს თავისი ნების აღსასრულებლად, როგორც მამაკაცებს. პირველი ქალი, რომელმაც ღმერთის ნება შეასრულა, იყო ევა. ეს ნება გახლდათ ნაყოფიერება და გამრავლება.
„აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ‘ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა.’“
სწორედ ევა გახდა ადამიანთა სიცოცხლის დედა. აქედანვე წარმოდგება მისი სახელიც – ევა (ივრით. ჰავა – სიცოცხლის მომცემი)
„და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.“
შემდეგ, როდესაც თვალს მივადევნებთ ბიბლიის ფურცლებს, შევხვდებით ქალბატონებს, რომლებიც აღასრულებდნენ ღმერთის ნებას და ემსახურებოდნენ მას. ასეთი იყო მოსეს და – მირიამი, იგი ძმის გვერდით იდგა იმ დიდებული მისიის შესრულებისას, რომელიც გახლდათ ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, ებრაელთა გამოყვანა. მირიამი თავის ძმებთან – მოსესთან და აარონთან – ერთად მიუძღოდა ხალხს. ამაზე თავად უფალი საუბრობს წინასწარმეტყველ მიქას ბაგით:
„ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი.“
კიდევ ერთი ქალი, რომელიც ღმერთის ნებას აღასრულებდა, იყო დებორა. ის გახლდათ ისრაელის მსაჯული, რომელმაც იხსნა ისრაელი მტრებისგან, უძლიერესი მეომარი ქანაანელებისაგან
„იმჟამად ისრაელის მსაჯული წინასწარმეტყველი ქალი დებორა იყო, ლაფიდოთის ცოლი.“
იმ დროისათვის მსაჯული ქვეყნის მმართველს ნიშნავდა.
„ცხოვრობდა დებორა პალმის ქვეშ, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაზე და ადიოდნენ მასთან ისრაელის ძენი განსასჯელად.“
იმდროინდელი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი იყო, ქალს ემართა ქვეყანა და განესაჯა სახელმწიფოში კერძო საქმეები. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ღმერთის თვალში ქალი და კაცი თანაბარი უფლების მქონეა.
კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ბიბლიის ფურცლებზე ვხვდებით, არის ესთერი, რომელმაც თავგანწირვისა და პირადი ცხოვრების დათმობის ხარჯზე იხსნა ებრაელი ერი გაჟლეტისგან და ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი წმინდა წერილის ფურცლებზე (იხილეთ ესთერის წიგნი).
ბიბლიის და, ზოგადად, ქრისტიანობის ერთ-ერთი ცენტრალური პიროვნება არის ღვთისმშობელი მარიამი, რომელიც დამორჩილდა ღმერთის ნებას და სულიწმიდით მასში განკაცდა მაცხოვარი. მარიამმა კაცობრიობას მოუვლინა განკაცებული ღმერთი, უფალი იესო ქრისტე – სინათლე, ხალხთა მხსნელი, რომელმაც აზიდა ქვეყნიერების ცოდვები, მოკვდა ჯვარზე და ჯვრით იზეიმა გამარჯვება ცოდვასა და სიკვდილზე.
ღვთისმშობელი მარიამი, როგორც ქალი და როგორც დედა, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და მას მიაგებენ კიდეც პატივს არა მხოლოდ ქრისტიანულ კონფესიებში, არამედ სხვა რელიგიებშიც კი (მაგალითად, ისლამში).
ასევე, მამაკაცებთან ერთად ქალებიც იყვნენ იესოს მოწაფეები და ემსახურებოდნენ კიდეც მას. სახარების ფურცლებზე მრავალგან ვხვდებით მსგავს მაგალითებს. უფალი მამაკაცს და ქალს თანაბრად უცქერდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ ეპოქაში კაცის ქალთან საუბარიც კი მიუღებელი იყო, თუ ის ქალის შინაური არ გახლდათ, თუმცა ეს ადამიანების დადგენილი წესი იყო და არა ღმერთის. ამიტომ იესო ადამიანთა დადგენილ წესებს ხშირად უგულებელყოფდა და ის ისე მოძღვრავდა და ასწავლიდა ქალებსაც, როგორც მამაკაცებს, და ამ ადამიანთა დადგენილ განსხვავებას, რომელიც ქალს მამაკაცზე ქვემოთ აყენებდა, აუქმებდა.
ქალებს დიდი როლი ჰქონდათ მოციქულთა დროინდელი ეპოქის ეკლესიაშიც და სახარების გავრცელებაში.
რომაელთა მე-16 თავში პავლე ჩამოთვლის ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად შრომობდნენ და სახარების გავრცელებისთვის იღვწოდნენ. ამ თავში ჩამოთვლილ სახელთაგან ბევრი მათგანი ქალის სახელებია, რაც იმ დროისთვის უპრეცედენტო რაოდენობა გახლდათ. ქალები, როგორც წესი, საზოგადოებრივ საქმეებში საჯაროდ არ ერეოდნენ. ეს ძველ სამყაროში მიუღებელი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სახარების გავრცელებაში მათ უდიდესი როლი შეჰქონდათ და ძალიან დიდ შრომას დებდნენ ამ საქმეში. პავლე ასახელებს: და ფებეს – კენქრელთა ეკლესიის მსახურს. პრისკილას – რომელიც თავის მეუღლე აკვილასთან ერთად იყო პავლეს თავდადებული თანამშრომელი სახარების გავრცელების საქმეში; როგორც პავლე ამბობს:
მარიამი – პავლეს სიტყვებით: „მან ბევრი იშრომა თქვენთვის“, ანუ რომის ეკლესიისთვის.
იუნია – იუნია და მისი მეუღლე ანდრონიკე სახარებისთვის შრომით მოციქულებს შორისაც კი ყოფილან განთქმულნი და პავლესთან ერთად ტყვეობაშიც კი იმყოფებოდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ტრიფენა – მას და მის მეუღლეს ტრიფოსასს (ან ძმას, რადგან ორივე სახელი ერთი ფუძიდან იწყება) პავლე უწოდებს „უფლისათვის მშრომელებს“. რუფუსის დედა – რომელსაც პავლე უფლის რჩეულს და თავის დას უწოდებს.
იულია – რომელსაც პავლე ვინმე ფილოლოგოსთან ერთად მოიკითხავს, შესაძლოა ყოფილიყვნენ ან ცოლ-ქმარი, ან და-ძმა, ან სხვა მხრივ ნათესავები.
ნირეასის და – პავლე მოიკითხავს ნირეასს, მის დას და მათთან ერთად ყველა წმინდას.
ასევე ძალიან საინტერესოა, რომ საქმე მოციქულთა წიგნში ნახსენებია ოთხი და, რომელთაც, არც მეტი და არც ნაკლები, წინასწარმეტყველური მსახურება ჰქონდათ დაკისრებული ღვთისგან. აღნიშნული წიგნის 21-ე თავში ვკითხულობთ:
„მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის, სახლში შევედით და იქ დავდექით. ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.“
ფაქტია, რომ ქალების მოხსენიების უპრეცედენტო რაოდენობაა ძველი სამყაროსთვის და ასევე უპრეცედენტო ჩართულობაა რაიმე საჯარო საკითხში, მით უმეტეს რელიგიურ სამოძღვრო და სასწავლო საქმეებში, რაც ძველ სამყაროში ტაბუდადებული საკითხი გახლდათ და მკრეხელობადაც კი მიიჩნეოდა. ეს იყო ახალი სიტყვა იმდროინდელ საზოგადოებაში და არა მარტო იმდროინდელ სამყაროში, არამედ ჩვენს ეპოქაშიც, რადგან, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც კი ვხედავთ ქალის როლის დაკნინებას მრავალ საკითხში. ასე რომ, სახარებამ და სახარებისეულმა მოძღვრებამ თავიდანვე წაშალა გენდერული ნიშნით განსხვავება. უფლისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რა სქესისაა ის, მდედრობითი თუ მამრობითი; ყველას შეუძლია იშრომოს უფლისთვის და საზღაურსაც მიიღებენ ისინი. საზღაურს არ განსაზღვრავს სქესი, არამედ შრომის და ერთგულების ხარისხი.
წმინდა წერილში ცხადად ვხედავთ, რომ სახარების გავრცელებაში ძალიან დიდი როლი ქალებმა შეიტანეს. ღმერთის თვალში მამაკაციც და ქალიც თანასწორი და თანაბარუფლებიანია და ოჯახიც ამ თანასწორობაზეა დაფუძნებული. ოჯახი ორი თანასწორი ადამიანის ერთად ქცევაზეა დამყარებული, როცა ორი ადამიანი გახდება ერთი, ერთხორცი, ერთი აზრით, ერთი ხედვით, ერთი მიზნით. ესაა ღვთაებრივი პრინციპი, ხოლო სხვაგვარი ქმედება ოჯახში – დაკნინება, შეურაცხყოფა, ძალადობა არღვევს ამ ღვთაებრივ პრინციპს, რაც შეირაცხება ცოდვად და უმართლობად ღვთის წინაშე. ძალადობა – ეს უდიდესი ცოდვაა. ბოლოს კი ამით დავასრულებ: თუ არ გიყვარს ის, ვინც შენი მეორე ნახევარია, შენი მეუღლეა, ის, ვინც შენთან ყველაზე ახლოსაა, ის, ვისთანაც შეერთებული ხარ და ორნი ერთად ხართ ქცეულნი, როგორ გეყვარება სხვა ადამიანი და მით უმეტეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავ?!..
ავტორი: ვასიკო ნებიერიძე