სინოპტიკური სახარებები ეწოდება ახალი აღთქმის პირველ სამ წიგნს: მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებებს. ამ სამ წიგნს, იოანეს სახარებასთან ერთად, ეწოდება „სახარება“, რადგანაც მათში აღწერილია იესოს ცხოვრების, სიკვდილის და აღდგომის შესახებ კეთილი უწყება, რაც ჩვენი ხსნის საფუძველია.
მათეს სახარება დაწერილია მათე მოციქულის მიერ, რომელიც გახლდათ იესოს მიერ მოწოდებული თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი. მარკოზის სახარება დაწერა პეტრე მოციქულის თანამშრომელმა, იოანე მარკოზმა, ხოლო ლუკას სახარება დაიწერა ლუკა ექიმის მიერ, რომელიც პავლეს მეგობარი და თანამეგზური გახლდათ.
პირველ სამ სახარებას „სინოპტიკური“ ეწოდება, რადგან „მათ ხედვას ერთი მიმართულება აქვს“ (სიტყვა „სინოპტიკური“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ერთად ხედვა“).
მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში აღწერილი ამბები იესო ქრისტეს გალილეაში ცხოვრებისა და მსახურების შესახებ თითქმის ერთნაირი თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი და თითქმის სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. მარკოზის სახარების შინაარსის დაახლოებით 90% გვხვდება მათეს სახარებაში, ხოლო 50% პროცენტი – ლუკას სახარებაში. იესოს ყველა იგავის ნახვა შეგვიძლია სინოპტიკურ სახარებებში (იოანეს სახარებაში იგავებს ვერ ვპოულობთ).
არის განსხვავებებიც. მათეს და ლუკას სახარებები მოცულობით შედარებით აღემატება მარკოზის სახარებას. მათეს სახარება დაიწერა ებრაული საზოგადოებისთვის, მარკოზის – რომაული საზოგადოებისთვის, ხოლო ლუკას სახარება – უფრო ფართო წარმართი აუდიტორიისთვის.
მათე ძალიან ხშირად ახდენს ციტირებას ძველი აღთქმიდან; უნიკალურია ისიც, რომ იგი ფრაზას – „ცათა სასუფეველი“ – ძალიან ხშირად იყენებს (32-ჯერ), რაც ბიბლიის არც ერთ სხვა წიგნში არ გვხვდება. ლუკა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იესოს თანაგრძნობასა და დახმარებაზე წარმართებისა და სამარიელების მიმართ.
სინოპტიკურ სახარებებს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებათა განმარტების სირთულეს ბიბლიის კვლევის სამყაროში ეწოდება „სინოპტიკური პრობლემა“. საბოლოოდ, სინოპტიკური პრობლემა სულაც არ გახლავთ დიდი პრობლემა, რადგან ეს ღმერთმა შთააგონა სამი სახარების ავტორს, აღეწერათ ერთი და იგივე პიროვნება და ამ პიროვნების ცხოვრებაში ერთსა და იმავე პერიოდსა და ერთსა და იმავე ადგილებში მომხდარი მოვლენები, ოღონდ ისე, რომ მცირეოდენი განსხვავებები ყოფილიყო ამ სახარებებში დასმულ აქცენტებს შორის, რაც ისევ და ისევ სხვადასხვა კატეგორიის მკითხველისთვის იყო გათვალისწინებული.
წყარო: https://www.gotquestions.org/