ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

რა არის იდეალიზმი?

by ნინო ხუროშვილი 20 ოქტომბერი, 2022
20 ოქტომბერი, 2022 1.7K ნახვა

იდეალიზმი არის მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული არის პირველადი, ხოლო მატერია, ბუნება, ყოფიერება – მეორეული. ამ მსოფლმხედველობის მიხედვით, ყოველივე, რის შემეცნებაც შეიძლება, შედგება გონების ან სულისაგან, ხოლო რეალობა განისაზღვრება ადამიანის თვითცნობიერებით. კაცობრიობის ისტორიაში მრავალი სხვადასხვა ფილოსოფოსი ასწავლიდა იდეალიზმის შესახებ, მათ შორის, პლატონიც.

არსებობს იდეალიზმის ორი ძირითადი ფორმა: მეტაფიზიკური იდეალიზმი და ეპისტემოლოგიური იდეალიზმი. მეტაფიზიკური იდეალიზმი რეალობის იდეალურობას ამტკიცებს, ხოლო ეპისტემოლოგიური იდეალიზმის თანახმად, შემეცნების პროცესში გონება აღიქვამს მხოლოდ ფსიქიკურს ანუ, რეალობის ობიექტები განისაზღვრება გონების აღქმის უნარის მიერ.

თავის მეტაფიზიკურ ფორმაში იდეალიზმი პირდაპირ ეწინააღმდეგება მატერიალიზმს – შეხედულებას იმის შესახებ, რომ სამყაროს მთავარი სუბსტანცია არის მატერია და რომ ის, ძირითადად, შეიმეცნება მატერიალური ფორმებისა და პროცესების მეშვეობით. თავის ეპისტემოლოგიურ ფორმაში იდეალიზმი უპირისპირდება რეალიზმს, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ ადამიანის შემეცნებაში ობიექტები აღქმული და დანახულია ისე, როგორც არსებობენ ისინი: ადამიანის გონების მიღმა და მისგან დამოუკიდებლად.
მე-18 საუკუნის ირლანდიელი ანგლიკანი ეპისკოპოსისა და ფილოსოფოსის, ჯორჯ ბერკლის თანახმად, იდეალიზმის იდეა შეიძლება მოკლედ ასე შევაჯამოთ: “esse est percipi” („საგანთა არსებობა (ყოფიერება) არის მათი აღქმა, აღქმულობა“). ბერკლი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ იდეების არსებობის მტკიცებაა შესაძლებელი და რომ იდეები, თუნდაც მათ შესახებ არ ვფიქრობდეთ, მაინც განაგრძობს არსებობას, ვინაიდან ღმერთი ფიქრობს მათზე. ბერკლის აზრით, მხოლოდ იმის დასაბუთება შეგვიძლია, რომ ჩვენ სულები ვართ, ხოლო ღმერთი, ვითარცა სული, არსებობას ანიჭებს იდეებს და ასევე, უზრუნველყოფს მათ არსებობას. ბერკლის ფილოსოფიამ გადამწყვეტი გავლენა იქონია დ. ჰიუმის თეორიაზე, ხოლო ჰიუმის თეორია იყო ერთ-ერთი მთავარი ბიძგი ი. კანტის ფილოსოფიის ჩამოყალიბებისათვის. კანტმა, რომელიც ბევრად უფრო გავლენიანი აღმოჩნდა წინამორბედებთან შედარებით, ჩამოაყალიბა კონცეფცია „საგნები ჩვენთვის“ (ფენომენი) და „საგნები თავის თავში“ (ნოუმენი). ბერკლის ძირითად განმარტებათაგან განსხვავებით, კანტი უშვებს საგნების ფიზიკურ რეალობას, თუმცა მათი გაგება/შემეცნება მხოლოდ ჩვენი გონების მეშვეობით შეგვიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ბერკლისეულმა იდეალიზმმა დიდად ვერ პოვა გავრცელება, კანტის გავლენა ძალიან დიდი აღმოჩნდა. ღმერთისა და ხსნის საკითხებთან დაკავშირებულ დიალოგთა უმეტესობა დღეს დაიყვანება ასეთ ცნებებზე: „ჩემთვის ჭეშმარიტებაა, მაგრამ არა შენთვის,“ ან „ვერასოდეს გავიგებთ დანამდვილებით იმის შესახებ, თუ რა შეიძლება არსებობდეს ‘სადღაც იქ’“. ამგვარი აზროვნება კი აგნოსტიციზმს დამაჯერებელს ხდის.

ზოგმა შეიძლება განაცხადოს, რომ ეს და მსგავსი მტკიცებანი ეწინააღმდეგება კანტის ფილოსოფიას და ზოგადად, იდეალიზმს, თუმცა უდავოა, რომ კანტის ეპისტემოლოგიური იდეალიზმი უცვლელად არის ჩაქსოვილი აღნიშნული იდეების საფუძველში.

ცნება იმასთან დაკავშირებით, რომ პიროვნებას არ ძალუძს საგნების არსის შეცნობა, არამედ მხოლოდ მათი აღქმა შეუძლია, ფართოდაა გავრცელებული. აქედან გამომდინარეობს რეალობის აბსოლუტურად სუბიექტური აღქმა, რაც, თავისთავად, რეალობის მცდარი შეგრძნებაა.
ათეისტები და აგნოსტიკოსები „გონების/რეალობის“ გაორებას იყენებენ იმისათვის, რომ უარყონ ღმერთის არსებობა, ბიბლია, როგორც ღმერთის სპეციალური გამოცხადება, ანდა ის, რომ იესო ქრისტე მოკვდა ცოდვილებისთვის და აღდგა მკვდრეთით.

იდეალიზმის ფილოსოფია არ შეესაბამება ბიბლიას. მკაფიო გამიჯვნას ბიბლიის პირველივე მუხლში ვხედავთ, სადაც ღმერთი ქმნის ცას და მიწას (დაბადება 1:1). ამ ტექსტიდან ნათლად ჩანს არსებული, ფიზიკური, გონებისგან დამოუკიდებელი საგნები. უფრო მეტიც, დაბადების წიგნის 1-ლი თავის მომდევნო მუხლებიდან ვიგებთ, რომ ფიზიკური საგნები შეიქმნა მანამ, სანამ შეიქმნებოდა ადამიანი, რომელიც მათ აღქმას შეძლებდა.

ბიბლია მკაფიოდ გვეუბნება იმასაც, რომ იესო ქრისტე ფიზიკურად აღდგა მკვდრეთით. ის, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნაში ჩადო მატერიალური და არამატერიალური ასპექტები, იმაზე მეტყველებს, რომ ორივე აუცილებელია ადამიანის სიცოცხლეში ახლაც და მარადიულობაშიც (დაბადება 2:7; გამოცხადება 21:1-22:5). წმინდა წერილი არც იმას გვასწავლის (და არც გულისხმობს), რომ თითქოს რაღაც მიუწვდომელი მანძილი არსებობდეს შემცნობ სუბიექტსა და შესამეცნებელ ობიექტს შორის. პირიქით. მაგალითად, მე-18 ფსალმუნში ვკითხულობთ: „ცანი ღაღადებენ უფლის დიდებას.“ აქ იმას ვერ ვხედავთ, რომ თითქოს ღმერთის დიდება ზოგიერთებისთვის ცნობილი გახდა, ზოგიერთებისთვის კი არა. მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი ადამიანი ფერებს ვერ არჩევს, იმას არ ნიშნავს, რომ ფერები არ არსებობს. რომაელთა 1:18-20-ში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ღმერთი ქმნილებათა ხილვით შეიცნობა.

მთავარი ბიბლიური არგუმენტი იდეალიზმის წინააღმდეგ ისაა, რომ ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს გონებას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი იდეალისტი ათეისტია. მათ სჯერათ, რომ ღმერთის გონებაა ის, რაც განსაზღვრავს რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური იდეალიზმის თანახმად, ადამიანის გონებაა ერთპიროვნული ძალაუფლება და საფუძველი მთელი რეალობისათვის. არ არსებობს სამყარო, რომელიც ჩვენმა გონებამ უნდა აღმოაჩინოს, პირიქით, ჩვენი გონება განსაზღვრავს იმას, თუ რა არის რეალური. ეს ეწინააღმდეგება წმინდა წერილის პირველსავე სიტყვებს: „დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1). რეალობა უკვე არსებობდა მანამ, სანამ ამ რეალობის შემცნობელი ადამიანის გონება შეიქმნებოდა.
მეორე ბიბლიური არგუმენტი ის გახლავთ, რომ იდეალიზმი აკნინებს კაცობრიობისადმი ღმერთის გამოცხადების მნიშვნელობას. თუკი რეალობა ისაა, რასაც ჩვენი გონება ქმნის, მაშ, რა როლს ასრულებს ღვთის გაცხადებული სიტყვა? ბიბლია უბრალოდ წარსულში მცხოვრები რომელიმე ადამიანის გონების რეალობაა, რომელიც დღევანდელ ადამიანთა გონების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს? თუ ასეა, მაშ, წმინდა წერილის მნიშვნელობა და გავლენა ძალზე მცირე ყოფილა.

წმინდა წერილი სრულყოფილი და ჭეშმარიტია. მე-17 ფსალმუნი გვასწავლის: „უმწიკვლოა გზა ღვთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა“ (17:31). ღმერთი და მისი სიტყვა ჭეშმარიტებაა. სწორედ ამიტომ წერს პავლე მოციქული, რომ წმინდა წერილი ღვთივშთაგონებულია (მე-2 ტიმოთე 3:16). ღმერთი და მისი სიტყვა რეალურია და ადამიანის გონებისგან დამოუკიდებლად არსებული. არც ღმერთი და არც მისი სიტყვა არ გახლავთ ადამიანის ინტელექტის შექმნილი.

მესამე ბიბლიური არგუმენტი ის არის, რომ ათეისტური იდეალიზმი უპირისპირდება ღმერთის ტრანსცენდენტურობას. თუ ღმერთია ყოველივეს შემოქმედი, თუ ის არის ყოველივეზე მაღლა და თუ ყოველივე იცის, მაშ, რეალობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს გონებას შეუძლია ამის აღქმა ან გაგება. ღმერთი არსებობს, იმისდა მიუხედავად, გვაქვს თუ არა ეს გაცნობიერებული. იდეალისტური შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადამიანის გონება განსაზღვრავდეს რეალობას, ადამიანურ ზღვრებს უწესებს ჭეშმარიტებას და უარყოფს ფაქტს ღმერთის ზებუნებრიობის შესახებ.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი რეალობა ეფუძნება არა იმას, რასაც წარმოშობს ჩვენი გონება, არამედ იმას, რაც შექმნა ღმერთმა. მან შეგვქმნა ჩვენ, ის უზრუნველყოფს ჩვენს არსებობას და გვანიჭებს სიცოცხლესა და ძალას.
„მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ“ (საქმეები 17:28). ჩვენი მიზანი საკუთარი რეალობის შექმნა როდია, არამედ ის, რომ უკეთ ჩავწვდეთ ღვთის მიერ შექმნილ რეალობას.


ამავე კატეგორიის

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება...

16 დეკემბერი, 2020

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

10 ნოემბერი, 2020

რას ამბობს ბიბლია მკითხაობის შესახებ?!

9 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    მარტინ ლუთერის ყველაზე ცნობილი სიტყვები

    31 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები