31 ოქტომბერს პროტესტანტები რეფორმაციის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს იხსენებენ გერმანელი მღვდლის მარტინ ლუთერის მიერ 95 თეზისის ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე მიჭედებას 1517 წელს. ეს ქმედება მიიჩნევა პროტესტანტული რეფორმაციის ოფიციალური ათვლის წერტილად.
ოფიციალურად, რეფორმაციის დღე აღინიშნება 1567 წლიდან. ამ დღის აღნიშვნის თარიღი შეიცვალა მისი თავდაპირველი აღნიშვნიდან ორასი წლის შემდეგ, როდესაც 1717 წელს 31 ოქტომბერი ჯერ გერმანიაში გახდა ოფიციალური თარიღი და შემდეგ კი მთელს მსოფლიოში.
ლუთერანული ტრადიციით, რეფორმაციის დღე ოფიციალურად იწოდება „რეფორმაციის დღესასწაულად“. ლუთერანული ეკლესიების უმრავლესობა (და სხვები, ვინც აღნიშნავს ამ დღეს) მას აღნიშნავენ 31 ოქტომბრის წინა კვირა დღეს.
მარტინ ლუთერმა და პროტესტანტულმა რეფორმაციამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ქრისტიანობაზე. ლუთერს სწამდა, რომ ღმერთის სიტყვა იყო ქრისტიანული რწმენისათვის უზენაესი ავტორიტეტი და არა რაიმე ტრადიცია ან პაპის დადგენილება. იმისათვის, რომ წმინდა წერილი გასაგები ყოფილიყო ჩვეულებრივი ხალხისათვის, ლუთერმა ბიბლია თარგმნა გერმანულ ენაზე, გამოაქვეყნა არაერთი წიგნი, ბიბლიური სწავლებანი და შექმნა მრავალი საგალობელი ბიბლიურ თემებზე, რომელთაგან მრავალი დღესაც იგალობება.
პროტესტანტული რეფორმაცია გერმანიიდან ევროპაში გავრცელდა, ზემოქმედება მოახდინა ჟენევაში მცხოვრები ჟან კალვინის ნაშრომებზე, ციურიხში მცხოვრებ უილრიხ ცვინგლიზე და შოტლნადიაში მყოფ ჯონ ნოქსზე. რეფორმაციამ ასევე უბიძგა ანაბაპტისტების მოძრაობასა და ინგლისის რეფორმაციას. ამ მოძრაობებმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას ამერიკასა და მთელს მსოფლიოში. სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია − ჩამოთვლილთაგან ყველამ განიცადა ვიტენბერგში ლუთერის ჩაქუჩის დარტყმის ზეგავლენა.
რეფორმაციის დღე რჩება ცენტრალურ გამაერთიანებელ წერტილად ყველასთვის, ვინც ირჩევს, რომ რწმენით გაჰყვეს ქრისტეს მისივე სიტყვის თანახმად. ეს დღესასწაული აღნიშნავს იმ ადამიანის ქმედებას, ვისაც სურდა წინ აღდგმოდა იმ დროს გაბატონებულ არასწორ შეხედულებებს და წარმოედგინა ღმერთის სიტყვა, როგორც წინამძღვარი ხსნის გზაზე და ქრისტიანულ ცხოვრებაში.