სოტერიოლოგია ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ხსნის შესახებ მოძღვრებას (ბერძნ. soteria – ხსნა, აქედან: soter – მხსნელი).
სოტერიოლოგია განმარტავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა გამოსყიდვა, მადლი, ხელახლა შობა, რწმენა, მონანიება, გამართლება, განწმენდა, განდიდება.
გამოსყიდვა
გამოსყიდვა არის ქრისტეს საქმე, რომელიც მან თავისი სიცოცხლითა და ჯვარზე სიკვდილით აღასრულა იმისათვის, რომ ხსნა მოეპოვებინა ჩვენთვის.
რა იყო მიზეზი, რის გამოც ქრისტე განკაცდა და მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო? წმინდა წერილი ორ რამეზე მიგვითითებს: ღვთის სიყვარულსა და სამართლიანობაზე.
ღვთის სიყვარული, როგორც გამოსყიდვის მიზეზი, კარგად ჩანს ბიბლიის ყველაზე ცნობილ მუხლში:
რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
ასევე ღვთის სამართლიანობა მოითხოვდა იმას, რომ ღმერთს ეპოვა გზა, რათა გადახდილი ყოფილიყო საზღაური ჩვენი ცოდვებისათვის. პავლე მოციქული განმარტავს, რომ ღმერთმა ქრისტე წარმოგზავნა, როგორც „შენდობის მსხვერპლი“ (რომაელთა 3:25) („შენდობის მსხვერპლი“ – მსხვერპლი, რომელსაც თავს ატყდება ღვთის რისხვა, რათა ღმერთმა ჩვენ შეგვინდოს, კეთილგანწყობილი გახდეს ჩვენდამი), რათა გამოჩენილიყო ღვთის სიმართლე „უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით“ (რომაელთა 3:25. იხ. აგრეთვე ებრაელთა 2:17).
მხოლოდ ქრისტეს სისხლის მეშვეობით იყო შესაძლებელი ცოდვის საზღაურის გადახდა (ებრაელთა 9:25-26). იესო დაემორჩილა მამას და სრულყოფილად შეასრულა რჯული, იტანჯა ჩვენ ნაცვლად, საკუთარ თავზე აიღო სასჯელი, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ და თავისი მსხვერპლით გამოგვისყიდა.
მადლი
მხსნელი მადლი არის მადლის უნიკალური, განსაკუთრებული სახეობა, რომელიც მხოლოდ იესო ქრისტეში ეძლევა ადამიანს.
ეს მადლი განაიარაღებს ცოდვას.
„გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით“ (საქმ. 15:11; იხ. იოან. 1:17).
ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი.
მადლი, როგორც ხსნის ერთადერთი საშუალება
რჯული მოითხოვს სრულ მორჩილებას, რადგან „ყველამ შესცოდა“. სახარების კეთილი უწყება კი ისაა, რომ ღმერთმა, ჩვენდამი სიყვარულის გულისთვის, ზეცაში შესასვლელი სხვა კარი გაგვიღო. ეს არის მადლის კარი.
ა. მადლის სისტემის არსი
რჯულის სისტემის მთავარი წესები ასეთია: „დაიცავ მცნებებს − თავიდან აირიდებ სასჯელს. დაარღვევ მცნებებს − დაისჯები“.
მადლის სისტემა კი სხვა წესებით მოქმედებს: „დაიცავ მცნებებს, მაგრამ დაისჯები. დაარღვევ მცნებებს, მაგრამ თავიდან აირიდებ სასჯელს“.
ერთი შეხედვითვე ცხადია, რომ ეს ფორმულირება უსამართლოა. უსამართლობაა უდანაშაულოს დასჯა. უსამართლობაა ისიც, როდესაც მცნებების დამრღვევი არ ისჯება დამსახურებულად.
მთელი ცხოვრების განმავლობაში გვასწავლიან სამართლიანად მოქცევას. გვასწავლიან, რომ ყოველი დანაშაული სამართლიანობის მიხედვით უნდა დაისაჯოს. სწორედ ამიტომ, სრულიად ბუნებრივად მივიჩნევთ, რომ სამსჯავროს დღეს ქვეყნიერების მიმართ ღვთის სამართლიანობა უნდა გამოვლინდეს და ამ დღეს გადაწყდეს, ვცხონდებით თუ არა.
მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა გულწრფელად უნდა უპასუხოს კითხვას: „მინდა, რომ ღმერთი სამართლიანად მომექცეს სამსჯავროს დღეს?“ მანამ, სანამ პასუხს გავცემდეთ ამ კითხვას, გავიხსენოთ, რომ სამართლიანი (დამსახურებული) ხვედრი ცოდვილებისათვის არის ჯოჯოხეთი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მადლი უსამართლოა? რა თქმა უნდა, კი. სწორედ ესაა მადლის მთელი არსიც: ღმერთი არ გვექცევა სამართლიანობის მიხედვით, ჩვენ მისგან არ ვიღებთ იმას, რაც დავიმსახურეთ, მაგრამ მადლი სწორედ იმით არის განსხვავებული, რომ ის უსამართლოა: „დაარღვევ მცნებებს, მაგრამ თავიდან აირიდებ სასჯელს“.
ეს არის მადლი. მადლი არა მხოლოდ „დაუმსახურებელი საჩუქარია“, არამედ „დაუმსახურებელი საჩუქარი დამსახურებული რისხვის სანაცვლოდ“.
რაც შეეხება ფორმულის პირველ ნაწილს: „დაიცავ მცნებებს, მაგრამ დაისჯები“ − ესეც დიდი უსამართლობაა და ის განკუთვნილი იყო მხოლოდ იესო ქრისტესათვის, რადგან მხოლოდ მან შეძლო სრულყოფილად რჯულის შესრულება. იცხოვრა უცოდველი ცხოვრებით და ცოდვილთა ნაცვლად მიიღო სასჯელი.
ამრიგად, ფორმულის მეორე ნაწილი პირველიდან გამომდინარეობს. მადლის სისტემის მთავარი პრინციპია: „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა გავხდეთ [ჩვენ, ცოდვილები] ღვთის სამართლიანობა მასში“ (მე-2 კორინთელთა 5:21).
მადლი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ და იესო „ადგილებს ვცვლით“. მან ჩაგვანაცვლა ჯვარზე. სწორედ ამიტომ ეწოდება მის მსხვერპლს „ჩანაცვლებითი მსხვერპლი“ და ახლა, როდესაც ღმერთი უყურებს ქრისტეში მყოფ ცოდვილებს, ის ხედავს არა ცოდვილებს, არამედ იესოს სიწმინდეს. ღმერთი ხედავს არა ჩვენს ცოდვებს, არამედ ქრისტეს სიმართლეს.
შესაძლოა, ეს უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, რადგან კვლავ რჯულის მიხედვით ვაზროვნებთ ჯერ კიდევ, მაგრამ ხსნა გვეძლევა არა რჯულის, არამედ მადლის მეშვეობით.
ბ. მადლის სისტემის უნიკალურობა
მადლი, როგორც ხსნის შესახებ მოძღვრება, მხოლოდ ქრისტიანობაში არსებობს. ყველა არაქრისტიანულ რელიგიასა და ფილოსოფიურ მოძღვრებაში ხსნა (მისი ნებისმიერი გაგებით) ყოველთვის გაიგება, როგორც ადამიანური ძალისხმევის, ადამიანის დამსახურებათა და მიღწევათა შედეგი.
გ. მადლის სისტემის დამახინჯებული გაგება
ქრისტიანთა შორისაც ხშირად გვხვდება არასწორი გაგება მადლის შესახებ. ხშირად იკარგება მადლსა და რჯულს შორის არსებული განსხვავების არსი და ნაცვლად ამისა, იქადაგება მადლისა და რჯულის ჰიბრიდი − თითქოს ხსნა ნაწილობრივ მადლით, ნაწილობრივ კი საქმეებით მიიღწევა. უფრო გასაგებად რომ ითქვას, ამ სწავლების თანახმად, ცოდვილის ხსნა იწყება მადლით, ხოლო იმისათვის, რომ მან ხსნა არ დაკარგოს, აუცილებლად უნდა შეასრულოს რჯულის საქმეები.
ამგვარად მადლი ორ სტადიად იყოფა: პირველ სტადიაზე ცოდვილი ქრისტეს სისხლის მეშვეობით მართლდება და მას წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა მიეტევება, ანუ ეს არის ნამდვილი მადლი.
მეორე სტადიაზე მადლი ქრისტიანს აძლევს იმის ძალას, რომ დაიცვას ღვთის მცნებები და დაემსგავსოს ქრისტეს. სამსჯავროს დღეს ღმერთი განიხილავს იმ სიმართლეს, რომელსაც ცოდვილი თავისი ძალისხმევით მიაღწევს და ამ სიმართლით პოვებს იგი ხსნას.
ამგვარი შეხედულება ასე ფართოდ იმიტომ არის გავრცელებული ქრისტიანებს შორის, რომ ისინი მიიჩნევენ, თითქოსდა სამსჯავროზე ჩვენი საქმეები სასწორზე აიწონება. სასწორის ერთ პინაზე ღმერთი ჩვენს კეთილ საქმეებს დადებს, მეორეზე კი ცოდვებს. სწორედ ამიტომ, სულ მცირე, 51%-ით მაინც კარგი ადამიანები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენმა კეთილმა საქმეებმა გადაწონოს ჩვენი ცოდვები.
თუმცაღა ქრისტეს სწავლება (ლუკა 17:7-10) სრულად გამორიცხავს მსგავს წარმოდგენას. ყველაფერში ღმერთის მორჩილნი რომ ვიყოთ კიდეც, მაინც ვერ მოვახერხებდით „დამატებითი ქულების“ დამსახურებას, რომლებიც წარსული ცოდვების ანულირებას მოახდენდა. რამდენი კეთილი საქმეც არ უნდა გავაკეთოთ, ამით მხოლოდ მცნებებს ვასრულებთ: „იყავით სრულყოფილნი“ (მათე 5:48) და „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“ (1-ლი პეტრე 1:15-16).
თითოეული ცოდვის გამო იმხელა ვალი გვადევს, რომ ჩვენ მის გადახდას ვერასოდეს შევძლებთ. სწორედ ამიტომაც, ხსნა მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს მადლის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელსაც ვერავითარი კეთილი საქმე ვერ „შეავსებს“.
ხელახლა შობა
ხელახლა შობა ღმერთის საიდუმლო მოქმედებაა, რომლის მეშვეობითაც ის ახალ სულიერ სიცოცხლეს გვანიჭებს. ამას „ზეციდან შობაც“ ეწოდება (იოანე 3:3-8-ის მიხედვით).
ა. ხელახლა შობას აღასრულებს ღმერთი
ხელახლა შობას მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი აღასრულებს (იოანე 1:13; შდრ. იაკობი 1:18; 1-ლი პეტრე 1:3; იოანე 3:3-8).
ღმერთის ამ სუვერენული მოქმედების შესახებ წინასწარმეტყველებას ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში ვკითხულობთ:
და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში, ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი წესებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ.
სამების რომელი პირი აღასრულებს ხელახლა შობის საქმეს? როცა იესო ლაპარაკობს „სულით შობაზე“ (იოანე 3:8), ის მიუთითებს, რომ ეს განსაკუთრებით სულიწმიდა ღმერთის საქმეა, მაგრამ სხვა მუხლები მამა ღმერთის მონაწილეობაზეც მიუთითებს. პავლე მოციქული წერს, რომ ღმერთმა „გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფესელთა 2:5; შდრ. კოლასელთა 2:13). პეტრე მოციქული კი საუბრობს იმის შესახებ, რომ „ღმერთმა და მამამ ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი… თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით…“ (1-ლი პეტრე 1:3).
შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ხელახლა შობაში მონაწილეობას იღებს როგორც სულიწმიდა ღმერთი, ასევე მამა ღმერთი.
ბ. ხელახლა შობის ბუნება
ჩვენთვის საიდუმლოა ის, თუ სახელდობრ რა ხდება ხელახლა შობისას. ვიცით, რომ ჩვენ, რომლებიც სულიერად მკვდარნი ვიყავით (ეფესელთა 2:1), გავცოცხლდით ღმერთისათვის და ნამდვილად „ხელახლა ვიშვით“ (იოანე 3:3,7; ეფესელთა 2:5; კოლასელთა 2:13).
თუმცა ჩვენ არ ვიცით, როგორ ხდება ეს, ან სახელდობრ რას აღასრულებს ღმერთი ამ დროს ჩვენთვის ახალი სიცოცხლის მოსაცემად. იესო ამბობს: „ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი“ (იოანე 3:8).
ხელახლა შობა მთლიანად მოიცავს ადამიანს: „მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია“ (მე-2 კორ. 5:17). იმის გამო, რომ ეს არის ღვთის მიერ ჩვენში აღსრულებული მოქმედება ჩვენთვის ახალი სიცოცხლის მოსანიჭებლად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს მყისიერი მოვლენაა. ეს ხდება მხოლოდ ერთხელ, თუმცა ზუსტად არასოდეს ვიცით, როდის ხდება ეს მყისიერი ცვლილება.
გ. ხელახლა შობა წინ უსწრებს მხსნელ რწმენას
ჩვენში ღმერთის მიერ აღსრულებული ეს საქმე გვანიჭებს სულიერ უნარს იმისას, რომ ღმერთს რწმენით ვუპასუხოთ. მიუხედავად ამისა, როდესაც ვამბობთ, რომ ხელახლა შობა „წინ უსწრებს“ მხსნელ რწმენას, იგულისხმება ის, რომ ისინი იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ გვეჩვენება, თითქოს ეს ორი რამ ერთსა და იმავე დროს ხდება.
ჩვენ ვერ ვხედავთ ხელახლა შობას, ვხედავთ მხოლოდ მის შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში. პირველი ნაყოფი კი ქრისტესადმი მხსნელი რწმენაა.
მოქცევა
მოქცევა არის ჩვენი ნებაყოფლობითი გამოხმაურება სახარების მოწოდებისადმი, როდესაც გულწრფელად ვინანიებთ ცოდვებს და ხსნის იმედს ქრისტეზე ვამყარებთ. მოქცევა ნიშნავს „ცოდვისთვის ზურგის შექცევას და ქრისტესკენ მიბრუნებას“. ცოდვისთვის ზურგის შექცევას მონანიება ეწოდება, ხოლო ქრისტესკენ მიბრუნებას – რწმენა.
ა. ჭეშმარიტი მხსნელი რწმენა
პიროვნული მხსნელი რწმენა უბრალოდ ცოდნაზე მეტია. რასაკვირველია, აუცილებელია ვიცოდეთ, ვინ არის ქრისტე და რა მოიმოქმედა მან, მაგრამ მხოლოდ ფაქტების ცოდნა იესოს ცხოვრების, სიკვდილის და აღდგომის შესახებ საკმარისი არ არის, რადგან შეიძლება ადამიანმა იცოდეს ეს ყოველივე, მაგრამ მაინც არ სწამდეს მისი (იხ. რომაელთა 1:32; იაკობი 2:19). უფრო მეტიც, არც მხოლოდ ფაქტების ცოდნა და მათი უტყუარობის მიღებაა საკმარისი (იხ. იოანე 3:2). ხსნის მისაღებად ადამიანმა იესო ქრისტეზე უნდა დაამყაროს იმედი, მასზე უნდა გახდეს დამოკიდებული.
ამრიგად, მხსნელი რწმენა ნიშნავს იესო ქრისტეზე იმედის დამყარებას ცოდვების პატიების და საუკუნო სიცოცხლის მისაღებად. ეს განსაზღვრება ხაზს უსვამს ქრისტეს მიმართ პირად ნდობას და არა უბრალოდ მის შესახებ ფაქტების დაჯერებას.
ბ. რწმენა და მონანიება ერთდროულად უნდა მოხდეს
მონანიება არის გულწრფელი დანაღვლიანება ცოდვების გამო; მათზე უარის თქმა და ცხოვრების მიძღვნა ღმერთის მორჩილებისათვის.
მონანიებაც, რწმენის მსგავსად, არის გაცნობიერებულად გააზრება იმისა, რომ ცოდვა არასწორია. ეს არის ცოდვის შესახებ სახარებისეული სწავლების მიღება და პირადი გადაწყვეტილება ცოდვისათვის ზურგის შექცევასთან დაკავშირებით.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი საქციელის გამო უბრალოდ დანაღვლიანება და თუნდაც დიდი სინანული არ იწვევს ჭეშმარიტ მონანიებას, თუკი მას თან არ ახლავს გულწრფელი გადაწყვეტილება ცოდვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით (მე-2 კორინთელთა 7:9-10). წმინდა წერილი რწმენასა და მონანიებას ერთი და იმავე მოქმედების (მოქცევის) სხვადასხვა ასპექტად მიიჩნევს (მათე 11:28-29).
გამართლება
ა. გამართლების ცნება
მას შემდეგ, რაც ადამიანი ირწმუნებს ქრისტეს და მოინანიებს, ღმერთი ამართლებს მას. გამართლება ნიშნავს არა „ადამიანის მართლად ქცევას“, არამედ მის „მართლად გამოცხადებას“, „მართლად მიჩნევას“.
გამართლება ხდება მხოლოდ და მხოლოდ რწმენით: „და, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ“ (რომაელთა 5:1; აგრეთვე იხ. რომაელთა 3:26; რომაელთა 3:28; გალატელთა 2:16).
ბიბლიის მიხედვით, სიტყვაში „გამართლება“ იგულისხმება მსაჯულის მიერ გამოცხადებული ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც ის ბრალდებულს უდანაშაულოდ ცნობს. ხსნის საქმის აღსრულებისას ღმერთი ამართლებს დამნაშავე, უმართლო ცოდვილებს (რომაელთა 4:5). ეს შესაძლებელია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დახსნა მადლით ხდება და არა რჯულის მიხედვით.
ცოდვილი ადამიანის გამართლებისას ღმერთი მას უდანაშაულოს არ უწოდებს; ის არ ამტკიცებს, რომ ადამიანს მცნებები არ დაურღვევია, მაგრამ აცხადებს, რომ რჯულის მიხედვით ცოდვილის მიმართ მოთხოვნები აღარ არსებობს, რადგან სასჯელი უკვე აღსრულდა.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გამართლება არ არის ადამიანის არსის ან ბუნების ცვლილება. ეს არის ღმერთის მიმართ, რჯულის მიმართ მისი დამოკიდებულების შეცვლა. გამართლება არის მყისიერი მოვლენა, როდესაც სრულად იცვლება ღმერთის წინაშე ჩვენი მდგომარეობა. ეს არის იურიდიული სტატუსი, რომელიც ადამიანს ღმერთის წინაშე ენიჭება.
ბ. გამართლების საფუძველი
ცოდვილი ადამიანების გამართლების ერთადერთი შესაძლო საფუძველი თავად ღმერთის, უფალ იესო ქრისტეს სიმართლეა, რომელიც შეერაცხება (ეთვლება) ცოდვილს. ჯვარზე ქრისტეს შეერაცხა ჩვენი ცოდვები, ხოლო გამართლებისას ქრისტეს სიმართლე შეგვერაცხება (გვეთვლება) ჩვენ.
ღმერთის სიმართლის არსი იესო ქრისტეს სისხლშია, სწორედ ამიტომ, გამართლებულ ცოდვილებს ღმერთი უყურებს არა როგორც უცოდველთ, არამედ როგორც ცოდვილებს, რომელთა დანაშაულიც გამოსყიდულია (რომ. 8:1).
განწმენდა
განწმენდა არის პროცესი, რომლის განმავლობაშიც ადამიანის ზნეობრივი მდგომარეობა თანდათანობით იმ იურიდიული სტატუსის შესაბამისი ხდება, რომელიც მას ღმერთის წინაშე აქვს.
სხვანაირად რომ ვთქვათ, განწმენდა არის ღვთის მიერ მორწმუნის ცხოვრებაში აღსრულებული განგრძობადი საქმე, რომლის განმავლობაშიც ადამიანი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ქრისტეს და უფრო და უფრო მეტად თავისუფლდება ცოდვისგან.
ა. განსხვავება გამართლებასა და განწმენდას შორის
ძირითადი განსხვავებანი გამართლებასა და განწმენდას შორის მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
გამართლება | განწმენდა |
იურიდიული სტატუსი ხდება ერთხელ აღასრულებს მხოლოდ ღმერთი სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლეში ერთნაირი ყველა ქრისტიანში | შინაგანი მდგომარეობა გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ღმერთი და ადამიანი თანამშრომლობენ არასრულყოფილი ადამიანის სიცოცხლეში უფრო მეტად გამოხატული ზოგში, სხვებთან შედარებით |
ბ. ღმერთი და ადამიანი თანამშრომლობენ განწმენდის პროცესში
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი და ადამიანი თანამშრომლობენ განწმენდის პროცესში, როლები არათანაბარია.
1. ღმერთის როლი განწმენდის საქმეში
განწმენდა უმთავრესად ღმერთის საქმეა და ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე:
თავად მშვიდობის ღმერთმა წმინდა გყოთ სრულად და მთლიანად…
სულიწმიდა ღმერთი მოქმედებს ჩვენში, რათა შეგვცვალოს და განგვწმინდოს (1-ლი პეტრე 1:2; მე-2 თესალონიკელთა 2:13). ის წარმოქმნის ჩვენში „სულის ნაყოფს“ (გალატელთა 5:22-23) და სიწმინდეს.
2. ჩვენი როლი განწმენდის საქმეში
ჩვენი როლი განწმენდის საქმეში არის, როგორც პასიური (რომაელთა 6:13; შდრ. მუხლი მე-19; რომაელთა 12:1) და აქტიური (რომაელთა 8:13). პასიური – როდესაც ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი, რომ განგვწმინდოს, და აქტიური – როდესაც ღვთის მორჩილებას ვესწრაფვით და ვდგამთ ნაბიჯებს (ისევ და ისევ სულიწმიდის შემწეობით), რაც გვეხმარება უფრო და უფრო მეტად განწმენდაში.
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით.
ასევე იხ. ებრაელთა 12:14; 1-ლი თესალონიკელთა 4:13).
განდიდება
ქრისტემ გამოისყიდა არა მხოლოდ ადამიანის სული, არამედ მთლიანი პიროვნება და ეს მოიცავს სხეულის გამოსყიდვასაც. შესაბამისად, გამოსყიდვა ბოლომდე არ აღსრულდება მანამ, სანამ ჩვენი სხეულები სრულად არ გათავისუფლდება ცოდვით დაცემის შედეგებისგან და არ დაუბრუნდება იმ სრულყოფილ მდგომარეობას, როგორადაც შექმნა ღმერთმა თავდაპირველად.
შესაბამისად, განდიდება გამოსყიდვის საქმის ბოლო ეტაპია, როდესაც ქრისტე მეორედ მოვა და მკვდრეთით აღადგენს ყველა დროში მცხოვრებ ყველა გარდაცვლილ მორწმუნეს; ცოცხლად დარჩენილ მორწმუნეთა სხეულებს კი გარდაქმნის; შედეგად, ყველა მორწმუნეს ექნება განდიდებული, სრულყოფილი, აღმდგარი სხეული, ისეთი, როგორიც თავად აქვს.
ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. და თითოეული თავისი წესით: პირველად – ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას.
იხ. აგრეთვე რომაელთა 8:23-24; რომაელთა 8:17; 1-ლი კორინთელთა 15:12-58).