ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ბავშვები იზრდებიან და თავიანთ პროფესიაში ნაბიჯების გადადგმას იწყებენ. ასეთ თავისებურად რთულ პერიოდში ძალიან ადვილია შეცდომის დაშვება. მწერალი და რედაქტორი, პოლინა ვოლოშინა გვიამბობს, თუ სად ვუშვებთ შეცდომას:
„შეგიმჩნევიათ, რომ ბევრ მშობელს რცხვენია თავისი შვილის შექება? სანამ პატარები არიან, არ იშურებენ ქათინაურებს: ‘მან თვითონ ისწავლა მაისურის ჩაცმა’, ‘მაშომ თვითონ გაიშალა საწოლი’, ‘თაკომ ათიანებზე დაამთავრა სემესტრი’… როდესაც ბავშვი გაიზრდება, მშობლების უმრავლესობა წყვეტს შვილების ქებას, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით.
პირველ მცდელობათა დროს ვხედავთ უსწორმასწორო ხაზებს: აი, აქ ტექსტში გამეორებებია, სიმღერაში − არასწორი ტონალობები… აქ არასწორი ნაკერია… და აი, დილემა − მოვიქცეთ, როგორც კარგი მშობელი? შევაქოთ ნებისმიერი მცდელობისათვის, თვალები დავხუჭოთ და გავუგზავნოთ მეგობრებს თხოვნით, რომ ნახონ, მოუსმინონ, შეაფასონ და აუცილებლად შეაქონ? „ნინი, შენ გენიოსი ხარ!“ ან მოვიქცეთ, როგორც პროფესიონალი: „მაინც ბავშვი უკვე პატარა აღარაა, არ ღირს ნებისმიერი მცდელობისთვის მისი ცაში აყვანა“… მაგრამ თუ უკვე ასე მოიქეცით, მზად იყავით სერიოზული კრიტიკისთვის!
სასწორის ერთ მხარეს რისკია, გაზარდოთ ადამიანი, რომელიც თავისი „არამიწიერი ნიჭიერებით“ გაამრავლებს ცუდ მუსიკას, კინოს, ლიტერატურას… სასწორის მეორე მხარეს არის ნამდვილი ნიჭი, რომელიც თავის დროზე საკუთარი უადგილო კრიტიკით დათრგუნეთ.
ჩემი არჩევანი არასწორი იყო. მე მოვიქეცი, როგორც პროფესიონალი და არა როგორც დედა. ჩემი ბიჭის ორი გატაცებიდან − წერა და ხატვა, დამოუკიდებლად ავირჩიე პირველი, რადგან მისი ნახატები ტექსტებს შევადარე და მივხვდი, რომ არ წერდა ცუდად, თუმცა იყო ბევრი სამუშაო, მაგრამ ხატვით, ჩემი აზრით, ის ძალიან ცუდად ხატავდა. ტექსტებზე მუშაობის დროს ვაკრიტიკებდი, ვუხსნიდი, ვაიძულებდი გადაეკეთებინა, შეესწორებინა კიდევ და კიდევ…
16 წლის მოზარდისგან იმდენის მიღება შევძელი, რომ როდესაც უფროსები მის სტატიებს კითხულობდნენ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს 16 წლის მოზარდის დაწერილი იყო. მან დედის რედაქტორობის შესანიშნავი სკოლა გაიარა. უმაღლეს შეფასებას იღებდა ყველა წერით სამუშაოში. მასწავლებლები აღფრთოვანებულები იყვნენ, 200-მდე მოწონება ჰქონდა პროფესიონალ რესურსებზე. 18 წლის შემდეგ, საერთოდ შეწყვიტა წერა.
ახლაც ვერ იტანს წერას, მე კი ვნანობ, რომ გადავაჭარბე. ასე რომ, ახლა ნებისმიერი ტექსტი მისთვის სიმაღლის გადალახვაა: მან უნდა წეროს ისე, რომ მე მომეწონოს, ანუ წერის პროცესში მან იცოდა, რომ იდეალურად არ გამოუვიდოდა და ამიტომაც აუცრუვდა გული.
ყოველ ჯერზე, როცა ვაიძულებდი, გადაეკეთებინა ჩემი პროფესიონალური შეხედულებით უხარისხო „პროდუქტი“, ვფიქრობდი არა მასზე, არამედ ხალხზე, თუ როგორ წაიკითხავდნენ და აღმოაჩენდნენ შეცდომებს. თუ როგორ შეილახებოდა ჩემი რეპუტაცია იმის გამო, რომ მათ სუსტი ტექსტი შევთავაზე. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი.
ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც თავის მოზარდ შვილებს ჩემსავით ექცევა, განსაკუთრებით, თუ ისინი ცდილობენ საკუთარი ძალა სხვადასხვა სფეროში მოსინჯონ. მუსიკოს ბავშვებს მუსიკოსი მშობლები ჰყავთ, მწერალ ბავშვებს − მწერალი მშობლები, სპორტსმენ ბავშვებს − სპორტსმენი მშობლები.
იცით, რა? ჩემს შვილს ისევ უნდა ხატვა, მე აღარ ვერევი და თუ ოდესმე ვიხილავ მის ნახატებს, აუცილებლად შევაქებ, რადგან გაკრიტიკება სხვებსაც შეუძლიათ, მშობლები კი იმისთვის არიან, რომ უყვარდეთ, აღფრთოვანდნენ და ყველაფერში გვერდში დაუდგნენ. დიდი ალბათობით, თქვენი შვილი დაგიმახსოვრებთ არა როგორც მკაცრ მასწავლებელს, არამედ, როგორც მოსიყვარულე და ერთგულ ადამიანს.
ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამყაროს გადარჩენა უნიჭობისაგან! დაე, თქვენმა შვილმა წეროს, ხატოს, იმღეროს, იცეკვოს და გადაიღოს ფილმები. შეაქეთ და ნუ შეგრცხვებათ ამის ხმამაღლა თქმის. გააკეთეთ ეს არა როგორც პროფესიონალმა, არამედ როგორც მშობელმა. მშობლიური სიყვარულის გამომჟღავნება კი სამარცხვინო არ არის.“