ნუ მისცემთ საშუალებას წვრილმანებს, რომ ცხოვრება მოგიწამლოთ. მე ხშირად მოვქცეულვარ ასე და თუ გულწრფელნი ვიქნებით ერთმანეთის წინაშე, ჩვენ შორის ბევრს აქვს ეს პრობლემა.
რა შეიძლება იყოს ის წვრილმანი, რომელიც ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში გვიფუჭებს განწყობას? დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი გეცნობათ, მაგალითად:
• დაგესხათ პომიდვრის წვენი თეთრ მაისურზე.
• ვიღაცამ არასასიამოვნო კომენტარი დაგიტოვათ პოსტის ქვეშ.
• ნელი ინტერნეტი, როცა რამის ყურება გსურთ თქვენს მოწყობილობაში.
• მობილური ქსელი, რომელსაც ცუდად იჭერს თქვენი ტელეფონი სახლში.
• შეკვეთის ლოდინი რესტორანში, რომელიც თითქოს დაუსრულებლად გრძელდება.
• საცობი, რომელიც ძვირფას წუთებს გაკარგვინებთ.
ყოველივე ზემოთქმული არც ისე მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ მთელი დღის განწყობა გავიფუჭოთ. ეს უბრალოდ წვრილმანებია და მათზე ამდენს არ უნდა ვნერვიულობდეთ, მით უმეტეს, არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, ნეგატიური გავლენა მოახდინონ ჩვენს ცხოვრებაზე.
წარმატების ვერაგი მტერი
მივედი დასკვნამდე, რომ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი თვითკრიტიკა და შფოთვაა. მათ შეუძლიათ, სერიოზულად დაამახინჯონ ჩვენი გარემომცველი სამყაროს აღქმა. დარწმუნებული არ ვარ, რომ უმრავლესობას ესმის, როგორ ანადგურებს ეს წვრილმანები ჩვენს ცხოვრებას. სხვაგვარად ამ უმიზნო შფოთვას და დრტვინვას არ მივცემდით ამის საშუალებას. მათეს მე-6 თავი, 25-34 მუხლები გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ შფოთვასთან მიმართებით:
„ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სამშვინველისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ? რომელ თქვენგანს შეუძლია, ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? სამოსელზე რაღას ზრუნავთ? დააკვირდით ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ იყო შემოსილი ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, განა თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო? ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: ‘რა ვჭამოთ?’ ან: ‘რა ვსვათ?’ ან: ‘რით შევიმოსოთ?’ რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი. ეძიეთ, უწინარეს ყოვლისა, ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი.“
ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე, ისინი არ განსაზღვრავენ თქვენს ცხოვრებას, სანამ მათზე ზედმეტი შფოთვით თქვენ არ მისცემთ მათ ამის საშუალებას! ყურადღება გაამახვილეთ ღვთის აღთქმებზე და გახსოვდეთ, რომ უფლის მადლის მეშვეობით შეუძლებელი არაფერია.