მაშინ, როდესაც საზოგადოებაში იმყოფებით, ადამიანები იმდენად არ გამჩნევენ, რამდენადაც თქვენ გგონიათ.
ხშირად გვგონია, რომ ვიღაც გვაკვირდება, რეალურად კი ასე სულაც არ არის. ვღელავთ ჩაცმულობის გამო, რადგან მივიჩნევთ, რომ ადამიანები ამას ყურადღებას მიაქცევენ, სინამდვილეში კი მთლად ასე არ არის. რამის კეთებისას ზედმეტად ვაკონტროლებთ თავს იმით, თუ რას იფიქრებენ ჩვენზე, ეს კი სულაც არ არის საჭირო.
სოციალურ მეცნიერებაში ეს პროჟექტორის ეფექტის სახელითაა ცნობილი, რაც ნიშნავს, რომ იმაზე მეტად მივიჩნევთ საკუთარ თავს დაკვირვების ობიექტად, ვიდრე რეალურად ვართ.
ათობით სოციალურ-ფსიქოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა ამ ფენომენის არსებობა. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ფსიქოლოგებმა სთხოვეს კოლეჯის რამდენიმე სტუდენტს, რომ ფსიქოლოგიის ფართომასშტაბიან გაკვეთილს, ყვითელი, ბარი მანილოუს მაისურით დასწრებოდნენ. გაკვეთილის შემდეგ ჯერ თავად ყვითელმაისურიანი სტუდენტები გამოჰკითხეს იმის გასარკვევად, თუ, მათივე აზრით, რამდენი ადამიანი შეამჩნევდა მაისურებს, რომელიც მათ ემოსათ. ამის შემდეგ მკვლევრებმა სხვა სტუდენტებიც გამოჰკითხეს იმის დასადგენად, თუ რამდენმა მათგანმა შეამჩნია რეალურად ისინი. მხოლოდ რამდენიმე სტუდენტმა დააფიქსირა ყვითელმაისურიანი სტუდენტები, თუმცა თავად ყვითელმაისურიანი სტუდენტების მიერ ნავარაუდები რიცხვები ძალიან გაზვიადებული იყო.
მეცნიერები განმარტავენ, რომ პროჟექტორის ეფექტი ეგოცენტრიზმის ნაყოფია. იმის გამო, რომ ჩვენ თავად ვართ მთელი სამყაროს ცენტრში, გვიჭირს სწორი შეფასებების გაკეთება და გვგონია, რომ ყველა მხოლოდ ჩვენ გვამჩნევს და გვაკვირდება. აღნიშნული ეფექტი ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც ჯერ თვითონ არიან საკუთარი სამყაროს ცენტრში და შემდეგ მიიჩნევენ, რომ ყველა სხვა ადამიანის სამყაროს ცენტრშიც არიან. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მძაფრდება, როცა ასეთი ადამიანი რაიმე უჩვეულოს სჩადის.
პროჟექტორის ეფექტი არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ქედმაღალნი ვართ ან საკუთარი თავი სხვებზე მეტი გვგონია. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ სამყაროს ჩვენეული აღქმა ცოტა არ იყოს, ეგოისტურია და ჩვენვე ვქმნით ილუზიას, რომ ყველა ჩვენზე შეიძლება ფიქრობდეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გაცნობიერებული უნდა გვქონდეს ჩვენი ვინაობა, რადგან ეს აუცილებელია ჯანმრთელი ურთიერთობების ასაშენებლად, მაგრამ თავად ფენომენი გულისხმობს ადამიანს, რომელიც შეშფოთებულია და უხერხულად გრძნობს თავს, რადგან მიიჩნევს, რომ ადამიანების დაკვირვებისა და კვლევის ობიექტს წარმოადგენს. სოციალური აქტივობებისგან თავის შორს დაჭერა, დაბალი თვითშეფასება, ღელვა, დეპრესია ან ნერვიულობა საკუთარი წარმოდგენების გამო, თუ რას ფიქრობენ ადამიანები თქვენზე, ყოველივე ამის სიმპტომს შეიძლება წარმოადგენდეს.
ამ სტატიის მიზანია, რომ შვება მოგგვაროთ: ადამიანები არ ფიქრობენ თქვენზე იმდენს, რამდენიც თქვენ გგონიათ.
ავტორი: დონ მაკმინი