ზრდასრულ ასაკში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბავშვებისთვის ბიბლიის სწავლება სასარგებლოა მხოლოდ მათთვის და არა ჩვენთვის. რატომ?
ხანდახან მიგვაჩნია, რომ უკვე გავიზარდეთ და დიდი ხანია, ავითვისეთ ის მარტივი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ბავშვებისთვისაც გასაგებია. ჩვენ იმდენად ვართ ბავშვებისთვის ბიბლიის სწავლებით დაკავებულნი, რომ უგულებელვყოფთ საკუთარ განსწავლას. რადგანაც დღეს უკეთ ვართ უზრუნველყოფილნი რესურსებით, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ ‒ გვაქვს ძირითადი მასალების მომცველი ხარისხიანი ბიბლიური პროგრამები ‒ ბიბლიური თავების დამოუკიდებლად შესწავლის აუცილებელი მოთხოვნილება სუსტდება; მაგრამ როგორც ბავშვებისთვისაა სასარგებლო ბიბლიის შესწავლა, ისევე ჩვენი სულებისთვის.
აი, ხუთი შესაძლებლობა იმისა, თუ როგორ შეუძლია ღმერთს თქვენი გარდასახვა და განახლება ბავშვებისთვის სწავლების მეშვეობით.
ბავშვისთვის სწავლება გვეხმარება ბიბლიური ისტორიების გამეორებაში
ბავშვებს უყვართ კარგი ისტორიები, რომლებიც საინტერესოს ხდის ბიბლიის შესწავლას და რომელთა უდიდესი ნაწილი თხრობის სტილისაა. მიუხედავად ამისა, ამოცანა, თუ როგორ ავუხსნათ ის, რომ ყველა ეს პატარა ისტორია ერთიანდება ერთ დიდ ისტორიად, შეიძლება რთული აღმოჩნდეს. მე ეს მაშინ დავინახე, როდესაც ბავშვთა მსახურების რამდენიმე ახალ მასწავლებელს ვასწავლიდი. ჩვენ შევისწავლიდით იმას, თუ როგორ უერთდება წმინდა წერილის საერთო სიუჟეტურ ხაზს მსაჯულთა წიგნი. ეს იყო სავარჯიშო, რომელიც ამ ლიდერებს აქამდე არასოდეს ჰქონდათ გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ მოწიფული მორწმუნეები იყვნენ.
აი, არასრული სია იმისა, თუ როგორ არის დაკავშირებული მსაჯულთა წიგნი წმინდა წერილის საერთო ისტორიასთან:
– ღმერთმა ჩართო მსაჯულთა წიგნი თავის ისტორიაში, რადგან ის შეიცავს ძვირფას ჭეშმარიტებას, რომელსაც ვსაჭიროებთ.
– ეს არის წიგნი სისასტიკისა და მოუწესრიგებლობის შესახებ, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გაძლიერდა ცოდვა, რომელიც დაბადების წიგნის მე-3 თავში გაჩნდა.
– მასში ღმერთი გამუდმებით აღადგენს მეამბოხეებს, ესაა წინასახე, რომელიც გასდევს მთელ ბიბლიას ჯვარზე კულმინაციის ჩათვლით.
მავნე ლიდერები მსაჯულთა წიგნში ააშკარავებენ იმ ფაქტს, თუ როგორ ვსაჭიროებთ კეთილ მწყემსს, რომელ მწყემსადაც საბოლოოდ ქრისტე გვევლინება.
იმისათვის, რომ წარვუდგინოთ ბავშვებს ბიბლიის ერთიანობა, ჯერ თავად უნდა გავიგოთ ის. ბავშვების სწავლებისთვის მზადება თავადაც გვეხმარება ყველაფრის ერთად თავმოყრაში.
ბავშვების განსწავლა გვეხმარება იმის გამარტივებაში, რასაც ჩვენ ვართულებთ
ბავშვების განსწავლა საჭიროებს უბრალოებას. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს მასწავლებლებისგან, იყვნენ თვალსაჩინონი და კონკრეტულები და არა აბსტრაქტულები. ის გვაიძულებს, უფრო ნათლად გამოვხატოთ სათქმელი და ამით აუმჯობესებს ჩვენს მეტყველებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებისთვის რელიგიური ენა სრულიად გაუგებარია და ამაღლებული საღვთისმეტყველო მონოლოგები იწვევს ბავშვების მოუსვენრობას და მოწყენილობას მათ სახეებზე. ხოლო მაშინ, როდესაც ბავშვებს კარგად ვასწავლით, ჩვენი მრავალსიტყვიანი განმარტებები გადაიქცევა მარტივ ახსნად. ჩვენი მთავარი გზავნილი, რომელიც ადრე გადავსებული იყო ზედმეტად ბევრი იდეით, ახლა უკვე ტრიალებს ტექსტის ერთი დიდი იდეის ირგვლივ.
ბავშვების განსწავლა აქარწყლებს მითს იმის შესახებ, რომ სირთულე გულისხმობს სიღრმეს. როგორც ერთხელ მომღერალმა ვუდი გატრიმ იხუმრა: „ნებისმიერ სულელს შეუძლია გართულება, ხოლო იმისათვის, რომ გაამარტივო, გენიოსი უნდა იყო.“
ბავშვების განსწავლა აერთიანებს ღვთისმეტყველებასა და შემოქმედებას
ბავშვებისთვის სწავლება გვაიძულებს, ჭეშმარიტება შემოქმებითი გზით წარმოვუდგინოთ ბავშვებს. როგორც სიბრძნისა და ცოდნის წყაროს (კოლასელთა 2:3), იესოს შეეძლო, მხოლოდ სწორხაზოვნად ესწავლებინა ჭეშმარიტებანი, მაგრამ ის ასე არ იქცეოდა. ის ხშირად იყენებდა ისტორიებსა და მეტაფორებს და ოსტატურად გადაჰქონდა სახარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი სწავლება აერთიანებს ბიბლიურ პირდაპირულობას ნათელ ილუსტრაციებთან. ეს არის ბალანსი, რომელსაც უნდა მივბაძოთ. მასწავლებლები სწავლების პროცესში იყენებენ ყველა შესაძლო შემოქმედებით მეთოდს, როგორებიცაა: საგზაო ნიშნები, ხმამაღლამოლაპარაკე, პროექტორი, ხელების მოძრაობა, ხმის შეცვლა და ა.შ. ამის მსგავსი მახვილგონივრული მეთოდები ეხმარებათ ზრდასრულებს, გადაიტანონ ღვთისმეტყველება ინტელექტის თაროდან პირდაპირ ბავშვთა გულებში.
ბავშვების განსწავლა თავმდაბალს გვხდის
იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ეგოს წარმოჩენას ეძებთ, ბავშვებისთვის სწავლება სათქვენო საქმეს არ წარმოადგენს.
მათი სხეულის ენა ამბობს მწარე სიმართლეს იმაზე, თუ რამდენად მიმზიდველები ვართ, ან არ ვართ. ბავშვები არ მიდიან ჩვენი გაკვეთილებიდან და არ უყვებიან მეგობრებს ჩვენი მჭევრმეტყველებისა და ინფორმირებულობის შესახებ და არ წერენ „ტვიტერში“ ფრაზებს ჩვენი ქადაგებებიდან, რომელიც ჩვენს პატივმოყვარეობას აამაღლებდა. ჩვენი სწავლების ნაყოფები ბავშვების ცხოვრებაში ხშირად წლების შემდეგ ვლინდება და მათ უმეტეს ნაწილს ჩვენ ვერასოდეს დავინახავთ საკუთარი თვალებით.
ჭკუის სასწავლებელია ის, რომ როდესაც ქრისტეს მოწაფეები იბრძოდნენ სტატუსისთვის, იესო მათ საყვედურობდა და მიუთითებდა, რომ ბავშვის თავმდაბლობისთვის მიებაძათ (მათე 18:1-5; მარკოზი 9:33-37). ბავშვების განსწავლა უნიკალური გზით ანადგურებს ჩვენს ეგოცენტრულ სამეფოებს და გვახსენებს, რომ უნდა ვემორჩილებოდეთ ღვთის სამეფოს.
ბავშვების განსწავლას სიხარული მოაქვს
ბავშვები გვახსენებენ, რომ სიხარული და სერიოზულობა არ არიან ანტონიმები, მიუხედავად იმისა, რომ უფროსები ხანდახან ასე ფიქრობენ.
ერთხელ, როდესაც ჩაკ სვინდოლი თავის ყოფილ თანამდებობაზე ‒ დალასის საღვთისმეტყველო სემინარიის პრეზიდენტობაზე ფიქრობდა, მან თქვა: „მე გავაღე ფანჯრები და შემოვუშვი ცოტაოდენი მადლიანი ჰაერი. მე გავაცანი სტუდენტები იმას, რაც მათ აკლდათ, სიცილი და მსახურების სიხარული.“
ეს შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ბავშვებთან მუშაობის პროცესში. ის ჩვენში აღადგენს იმას, რასაც ხშირად მოწიფულობა ანადგურებს: სინაზე, სიცილი, უცოდველობა, სილაღე, სიხარული.
ბავშვები გვახსენებენ, რომ სიხარული გულუბრყვილო აუხდენელი ოცნება კი არ არის, არამედ რეალობაა ღვთის სამეფოში (მათეს სახარება 13:44). ისინი ჩვენ ქრისტეზე მიგვითითებენ, რომლის უღელიც ადვილია და ტვირთი ‒ მსუბუქი (მათეს სახარება 11:28-30).
ავტორი: უილ ანდერსონი
(თეოლოგი, საკვირაო სკოლის დირექტორი კალიფორნიის შტატში, ქალაქ ირვინში).