ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რისი მოყოლაც არავისთვის არ სურს. თუკი ეს იყო რაიმე სერიოზული ცოდვა, დანაშაულის გრძნობა შეიძლება მთელი ცხოვრება თან სდევდეს ადამიანს. არსებობს სხვადასხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეგვიძლია ვინმეს გავუზიაროთ ამის შესახებ: ეს შეიძლება იყოს შიში იმისა, რომ განგვიკითხავენ, არ მიგვიღებენ ან შიში საკუთარი უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე. როდესაც ადამიანი თავის სისუსტეთა წინააღმდეგ იბრძვის და ამ ყველაფერს საკუთარ თავში აკავებს, მას არ შეუძლია, სიმშვიდის მოპოვება. „დაფარული რაღაცები“ ძალიან ბევრ ენერგიას გვართმევს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს უფალი, ვაღიაროთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე.
ყველაზე რთული საკუთარი თავის პატიებაა
ჩვენ შეგვიძლია ღმერთს ვთხოვოთ პატიება, მაგრამ მაინც ვსაყვედურობდეთ საკუთარ თავს იმის გამო, რაც ჩავიდინეთ. ხოლო თუ დღემდე ვერაფრით ვამარცხებთ რომელიმე ცოდვას, ვნებდებით და გვძულს საკუთარი თავი ჩვენს სისუსტეთა გამო. პავლე მოციქული წერდა:
ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.
რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? ღმერთი მკაფიოდ გვეუბნება ცოდვების შესახებ, რადგან იცის, რასთან უწევს ადამიანს შეჯახება.
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.
თუკი თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ებრძვით რაიმე ცოდვას და გულწრფელად გსურთ თავისუფლების მოპოვება, შეწყვიტეთ საკუთარი თავის გაკიცხვა და თვითგვემა. გაიხსენეთ − უფალი იესო არც ერთ მომნანიეს არ კიცხავდა.
ღმერთი მაშინვე გწმენდთ ყოველგვარი ცოდვისგან, როცა მის წინაშე ინანიებთ. ღმერთმა იცის, რომ ადამიანების დახმარებაც გვჭირდება. ამიტომაც გვასწავლის აღსარების შესახებ. როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს თუნდაც ერთი ადამიანის წინაშე, ის ხდება მოწმე ღვთის პატიებისა.
გიღიარებიათ ერთხელ მაინც თქვენი ცოდვები, სისუსტენი? რა გიგრძნიათ ამის შემდეგ? ალბათ სიმსუბუქე, თავისუფლება, სიმშვიდე. ის ტვირთი, რომელსაც დიდი ხანი ატარებდით, გაქრა. თითქოსდა ვიღაც მოვიდა და მოგხსნათ ძველმანებით სავსე მძიმე ზურგჩანთა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე ვიცით, რატომ გვიჭირს ხშირად ასე მოქცევა?
- გაკიცხვის შიში: „ჩემი ცოდვის შესახებ თუ ვიტყვი, ჩემზე ცუდად იფიქრებენ.“
- გარიყულობის შიში: „ყველა ზურგს შემაქცევს. არ მიმიღებენ. ადამიანებს აღარ ექნება ნდობა ჩემდამი.“
- პასუხისმგებლობის შიში: „რა მომივა, როდესაც სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ საკუთარ თავზე, ქცევებსა და ცოდვებზე?“ თუ ვიღაც სხვა არის დამნაშავე, მაშინ ხომ ცხოვრება თითქოსდა უფრო მარტივია.
- შიში იმისა, რომ არ ვიცით, რა გველოდება წინ: „ჩვენ გვსურს ვიფიქროთ, რომ კარგი ადამიანები ვართ.“ გვეშინია იმის გაანალიზების, რომ ჩვენში რაღაც ცუდი არსებობს.
ჩვენი ღირსება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შეულამაზებლად ვაჩვენოთ საკუთარი თავი გარშემომყოფთ
ასე ხომ ჩვენი რეპუტაცია ზარალდება. ჩვენ უკვე ვეღარ „მოვიწონებთ თავს“ სხვა ადამიანთა წინაშე. ნიღაბჩამოხსნილები თავს დამცირებულად ვიგრძნობთ. „ძალიან შემრცხვება ჩემს ნაკლოვანებათა შესახებ საუბრისას.“
მიუხედავად აღსარების მიმართ ჩვენი შიშისა, მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება დახმარების მიღება, ღვთისგანაც კი. ის ტყუილუბრალოდ როდი გვეუბნება იმის შესახებ, რაოდენ მნიშვნელოვანია გულწრფელობა და ერთმანეთის წინაშე ცოდვების აღიარება. ამ დროს ვიწმინდებით, ვთავისუფლდებით, ვიკურნებით. დახმარება გვჭირდება, თუკი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვუმკლავდებით ისეთ რაღაცებს, რაც გამუდმებით გვამუხრუჭებს.
როდესაც აღიარებთ, უკვე აღარაფერი გაქვთ დასამალი. შიში ქრება. თქვენ აღარ გეშინიათ, რომ ვიღაც გაიგებს ყველაფერს, რასაც ზურგს უკან საიდუმლოდ მალავდით.
სატანა ცილისმწამებელია. მას არ სურს, რომ გათავისუფლდეთ. მანამ კი, სანამ რაღაც საიდუმლოს ატარებთ, ამ რაღაცას გარკვეული ძალაუფლება აქვს თქვენს ცხოვრებაში. მტერი მოდის და გახსენებს, რომ არ შეგიძლია მიხვიდე წმიდა ღმერთთან. ამგვარად თქვენ თავს არიდებთ და შორდებით ღმერთსა და ადამიანებს. მაგრამ როგორც კი თქვენს შინაგანში დაფარულს გამოააშკარავებთ, ბოროტს ხელიდან ეცლება ძალაუფლება, რომლითაც ის თქვენს ცხოვრებაში მოქმედებდა. უფალი იესო ყველა ჩვენი ცოდვისთვის ეცვა ჯვარს. ღმერთი ყოველგვარი უწმინდურებისგან გვათავისუფლებს, როცა პატიებას ვითხოვთ. მართალია, ხანდახან რთულია, საკუთარ თავსაც კი გამოუტყდეთ რაღაცაში, რომ ვიღაცის შეგშურდათ, ვიღაც გძულთ და ა.შ., მაგრამ ამის დაძლევა მაინც შესაძლებელია.
აღსარება მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ გყავთ მოწმე, ვის წინაშეც ღმერთმა გაპატიათ. თქვენ გაქვთ იარაღი მტრის წინააღმდეგ. ამით ნებას ვაძლევთ სხვა ადამიანს, გაიზიაროს ჩვენი განცდები. განდეგილობა და მარტოობა ქრება და იზრდება საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. უკვე აღარაა საჭირო ღმერთისა და სხვა ადამიანების დადანაშაულება, იზრდება ნდობა. უკვე შეგიძლიათ საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც ხართ, რადგან ვიღაცამ უკვე მიგიღოთ.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვის წინაშე აბარებთ აღსარებას. დარწმუნებული უნდა იყოთ სრულ კონფიდენციალურობასა და ამ ადამიანის სულიერ მოწიფულობაში. შესაძლოა, თქვენთანა მოვიდეს ვინმე და აღიაროს საკუთარი ცოდვები. მუდამ გახსოვდეთ, რომ აღსარების ჩაბარება ხდება საიდუმლოდ და ყოველგვარი გაკიცხვის გარეშე.