ადრეული ეკლესიისათვის უცხო როდი იყო შავი ჭირი, ეპიდემიები და მასობრივი ისტერია. ფაქტობრივად, როგორც ქრისტიანული, ისე არაქრისტიანული წყაროების თანახმად, ეკლესიის თავბრუდამხვევი ზრდის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი ადრეულ პერიოდში გახლდათ ის, თუ როგორ ხვდებოდნენ ქრისტიანები სხვადასხვა ავადმყოფობას, ტანჯვასა და სიკვდილს. ეკლესიის განწყობა იმდენად ძლიერ გავლენას ახდენდა რომაულ საზოგადოებაზე, რომ თავად რომის კერპთაყვანისმცემელი იმპერატორები საკუთარ წარმართ ქურუმებს საყვედურობდნენ წარმართულ რელიგიათა მიმდევრების რიცხვის შემცირების გამო და უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ.
მაშ, რას აკეთებდნენ ქრისტიანები განსხვავებულად, რამაც რომის იმპერიაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა? და რა შეიძლება ვისწავლოთ ადრეული ეკლესიისგან ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე?
არაქრისტიანული რეაქცია ეპიდემიებზე
ქრ. შობიდან 249 წლიდან 262 წლამდე დასავლეთის ცივილიზაცია ლამის განადგურდა ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ეპიდემიის გამო, რაც კი ოდესმე ყოფილა რომის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჭირის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, ამბობდნენ, რომ ქალაქ რომში ყოველდღიურად 5 ათასი ადამიანი კვდებოდა შავი ჭირის აფეთქებისას. ერთ-ერთი თვითმხილველი, ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე წერდა, რომ შავი ჭირისათვის სულ ერთი იყო ქრისტიანი და არაქრისტიანი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, „ავადმყოფობამ ყველაზე დიდი ზემოქმედება არაქრისტიანებზე იქონია“.
ეპისკოპოსი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ განსხვავდება ქრისტიანთა და არაქრისტიანთა რეაქცია შავ ჭირზე, და ალექსანდრიაში მცხოვრებ არაქრისტიანებზე ამბობს:
„სნეულების პირველად გამოჩენისას ისინი ხელს ჰკრავდნენ ტანჯვაში მყოფთ და გარბოდნენ საკუთარი ოჯახის წევრებისგან, გზებზე ტოვებდნენ მათ სასიკვდილოდ განწირულთ და დაუმარხავ გვამებს ტალახივით ეპყრობოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ამით სასიკვდილო სნეულების გავრცელებას და გადადებას აიცილებდნენ თავიდან, მაგრამ მაშინაც კი, როცა ისინი ყველა ღონეს ხმარობდნენ ამისათვის, მაინც რთული იყო ავადმყოფობის არიდება.“
ამას არაქრისტიანული წყაროებიც ადასტურებს. ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ, იმპერატორმა იულიანემ შავი ჭირის შემდგომ ქრისტიანობის ზრდის შეჩერება სცადა. ამისათვის მან წამოიწყო წარმართული ქველმოქმედების კამპანია, რაც ამ სფეროში ქრისტიანთა საქმიანობის მიბაძვა გახლდათ. 362 წელს დაწერილ თავის წერილში იმპერატორი ჩიოდა, რომ ელინისტები ქრისტიანებს უნდა შეესაბამებოდნენ სათნოებაში და ქრისტიანთა რიცხვის ზრდის მიზეზად ასახელებდა „უცნობთა მიმართ გაწეულ ქველმოქმედებას, გარდაცვლილთა საფლავებზე ზრუნვასა და მათი ცხოვრების მოჩვენებით სიწმინდეს“.
სხვაგან კი წერდა: „სირცხვილია, რომ უწმინდური გალილეველები [ქრისტიანები] არა მხოლოდ თავიანთ ღარიბებზე, არამედ ჩვენსაზეც ზრუნავენ.“
მიუხედავად იმისა, რომ იულიანე ეჭვქვეშ აყენებდა ქრისტიანთა მოტივებს, ის, რომ მას რცხვენოდა ელინისტური საქველმოქმედო ორგანიზაციებისა, ადასტურებს იმას, რომ წარმართთა ძალისხმევა არ შეესაბამებოდა ქრისტიანთა სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც ისინი ღარიბებსა და სნეულებს ემსახურებოდნენ, განსაკუთრებით ეპიდემიათა დროს.
როდნი სტარკი თავის წიგნში „ქრისტიანობის აღმავლობა“, წერს: „მიუხედავად იმისა, რომ იულიანე წარმართ მღვდლებს ქრისტიანთა მსგავსად მოქცევისკენ მოუწოდებდა, პრაქტიკულად არავითარი საპასუხო რეაქცია ამას არ მოჰყოლია, რადგან მათ არავითარი დოქტრინალური საფუძველი და ტრადიციული პრაქტიკა არ გააჩნდათ, რასაც ისინი დაეყრდნობოდნენ.“
ქრისტიანული რეაქცია ეპიდემიებზე
თუ არაქრისტიანთა რეაქცია შავი ჭირის მიმართ ხასიათდებოდა თავდაცვით, თვითგადარჩენითა და ნებისმიერ ფასად სნეულთაგან თავის არიდებით, ქრისტიანთა საპასუხო რეაქცია ამის საპირისპირო გახლდათ. ეპისკოპოს დიონისეს თანახმად, შავი ჭირი ქრისტიანთათვის „სწავლებად და გამოცდად იქცა“. ის დაწვრილებით აღწერს ალექსანდრიის ქრისტიანთა რეაქციას შავ ჭირზე და წერს, თუ როგორ პატიოსნად ემსახურებოდნენ „მათგან საუკეთესონი“ სნეულებს მანამ, სანამ თავად არ გადაედოთ ავადმყოფობა და არ გარდაიცვალნენ:
„ჩვენს ქრისტიან ძმათაგან მრავალმა გამოიჩინა უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება; ისინი საკუთარ თავს არ ინდობდნენ და მხოლოდ ერთმანეთზე ფიქრობდნენ. მათ არად ჩააგდეს საფრთხე და პასუხისმგებლობა აიღეს სნეულებზე, ზრუნავდნენ მათ თითოეულ საჭიროებაზე და ემსახურებოდნენ მათ ქრისტეში და მათთან ერთად ბედნიერნი ტოვებდნენ ამ სიცოცხლეს, რადგან ისინი ავადდებოდნენ სხვებისგან, იტვირთავდნენ მოყვასის სნეულებას საკუთარ თავზე და სიხარულით იტანდნენ მათ ტკივილს“.
ასევე, კართაგენის ეპისკოპოსის, კვიპრიანეს ბიოგრაფიაში, რომელიც დიაკვან პონტიუსის მიერ იყო დაწერილი, საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ შეახსენა ეპისკოპოსმა მორწმუნეებს, რომ შავი ჭირის ჟამს მათ უნდა ემსახურათ არა მხოლოდ ქრისტიანთათვის, არამედ არაქრისტიანთათვისაც:
„არაფერია განსაკუთრებული იმაში, თუ სათანადო სიყვარულითა და ზრუნვით ვემსახურებით საკუთარ ადამიანებს, მაგრამ სრულქმნილი მხოლოდ მას შეუძლია გახდეს, ვინც უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე წარმართები და მებაჟენი; ვინც ბოროტებას სიკეთით სძლევს და ღვთის მსგავსად, გულმოწყალე სიკეთეს გამოიჩენს; ვისაც საკუთარი მტრებიც ეყვარება… რამეთუ სიკეთე ყველა ადამიანს უნდა გავუკეთოთ და არა მხოლოდ მათ, ვინც ჩვენიანია რწმენაში“.
ამ მსახურების გავლენა ორმაგი გახლდათ: პირველი, ქრისტიანთა მიერ საკუთარი სიცოცხლის გაწირვამ საკუთარ თანამორწმუნეთათვის გააოგნა მსოფლიო, როცა ადამიანებმა ქრისტიანულ თემში ისეთი სიყვარული იხილეს, როგორიც მანამ არასოდეს უნახავთ (იოანე 13:35), და მეორე, ქრისტიანთა მიერ საკუთარი სიცოცხლის შეწირვამ არაქრისტიანთათვის ადრეული ეკლესიის სწრაფი ზრდა გამოიწვია, რადგანაც გადარჩენილი არაქრისტიანები, რომლებსაც მეზობელი ქრისტიანები ეხმარებოდნენ, შემდეგ მასობრივად აღიარებდნენ ქრისტეს.
ქრისტიანული რეაქცია კორონავირუსზე
იმაზე ფიქრისას, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია კორონავირუსზე, ყურადღება მიაქციეთ იმას, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო რომში მცხოვრები არაქრისტიანებისათვის თვითგადარჩენა, მაშინ, როცა ადრეული ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი უშიშარი და მსხვერპლიანი მსახურება გახლდათ. იმ დროს, როდესაც არაქრისტიანები ეპიდემიას გაურბოდნენ და საკუთარ სნეულ ახლობლებს უპატრონოდ ტოვებდნენ შიშის გამო, ქრისტიანები პირდაპირ მიდიოდნენ ეპიდემიის შუაგულში და ემსახურებოდნენ როგორც ქრისტიანებს, ასევე არაქრისტიანებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ საკუთარი ტანჯვა იყო სახარების გავრცელებისა და ქრისტესეული სიყვარულის გამოვლინების შესაძლებლობა.
როგორ განვახორციელოთ პრაქტიკულად მსგავსი პოზიცია COVID-19-ის პირისპირ დგომისას, რათა გამოჩნდეს ჩვენი განსხვავებული რეაქცია მზარდი ეპიდემიისადმი? შესაძლოა, წინააღმდეგობა გამოვიჩინოთ შიშის მიმართ, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა სფეროში პანიკას იწვევს და ნაცვლად ამისა, სიმშვიდისა და წონასწორობის მაგალითი მივცეთ სხვებს მზარდი მშფოთვარების პირობებში. ასევე, უნდა ვცდილობდეთ ‒ ვემსახუროთ ჩვენს მოყვასთ და ამასთან, ვიცავდეთ ექიმების მითითებებს ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. ნაცვლად საკუთარი ჯანმრთელობისა, უპირატესობას უნდა ვანიჭებდეთ ფართო საზოგადოების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ყველაზე მეტად სუსტი და დაუცველი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად, ვიჩენდეთ სიფრთხილეს და არ ვავრცელებდეთ შიშს, ისტერიასა და დეზინფორმაციას. ეს შეიძლება გარკვეულ რაღაცებზე უარის თქმის ფასადაც დაგვიჯდეს: მაგალითად, აუცილებელი გახდეს სადმე გამგზავრების ან დაგეგმილი ღონისძიების გადადება, ან შეიძლება თვითიზოლაციაც გახდეს საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ვირუსი გადაგვედო, მაგრამ თვითიზოლაციაც კი სიხარულით უნდა მივიღოთ.
„სხვა ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ახლა ზეიმის დრო არ არის, თუმცაღა ეს ნამდვილად არ არის მწუხარების ჟამი, არამედ ჟამი წარმოუდგენელი სიხარულისა.“ ‒ წერდა დიონისე.
დავაზუსტებ, რომ დიონისე არ განადიდებდა ეპიდემიის თანმდევ სიკვდილსა და ტანჯვას. ის ხარობდა იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ჩვენი რწმენის გამოცდის საშუალებას გვაძლევს: რათა გვიყვარდეს მოყვასნი და ვემსახურებოდეთ მათ, და ამ დიდი შიშის დროს სიტყვითაც და საქმითაც ვავრცელებდეთ იმედის სახარებას.
წყარო: http://ieshua.org