2020 წელი ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის, შესახებ გაფრთხილებებითა და განგაშით დაიწყო, რაც მალე მსოფლიო პანდემიად მის გამოცხადებაში გადაიზარდა. ახალმა ვირუსმა გლობალიზაციის აქამდე გაუჩერებლად მბრუნავი ბორბალი უეცრად შეაჩერა, ჩაიკეტა ქვეყნების საზღვრები, ბევრ მათგანში გამოცხადდა კარანტინი, გაჩნდა ე.წ. წითელი ზონები, დაიხურა საწარმოები და ფაბრიკები. იქაც კი, სადაც ჯერ ოფიციალურად არ არის გამოცხადებული კარანტინი, მოსახლეობის უმეტესობა იცავს ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) რეკომენდაციებს და მაქსიმალურად ყველა რჩება სახლებში; უამრავი ადამიანი გადავიდა დისტანციურად მუშაობაზე სახლიდან.
ადამიანისთვის, რომელიც სოციალური არსებაა და უფლის მიერ ურთიერთობებისთვისა და საზოგადოებისთვის არის დაბადებული, ძალიან რთულია კორონავირუსის მიერ შექმნილ ახალ რეალობაში ცხოვრება. იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის მადლითა და წყალობით, ეს ახალი რეალობა ხანმოკლე იქნება. მანამდე კი, დავემორჩილოთ ჯანმოს რეკომენდაციებს, მაქსიმალურად ვეცადოთ ‒ ვიყოთ სახლში, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და ვეცადოთ, სახლში გატარებული დრო მაქსიმალურად ნაყოფიერი და სასარგებლო გავხადოთ. ვეცადოთ, ამ დისკომფორტიდანაც გამოვიღოთ რაღაც კეთილი და ოჯახში ურთიერთობებსა და სიახლოვეს მივუძღვნათ მეტი დრო.
მშობლებს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გაატაროთ დრო ნაყოფიერად ბავშვებთან ერთად კარანტინის პერიოდში.
ითამაშეთ ერთად
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გავატაროთ დრო მხიარულად და უდარდელად ჩვენს შვილებთან თამაშში. სწორედ თამაშში ერთად გატარებული დრო გვაახლოებს ყველაზე მეტად შვილებთან. ასე ვიხვეჭთ ნდობას მათ თვალში, ისინი უფრო იხსნებიან ჩვენ მიმართ და მშობლებში მეგობრის დანახვასაც იწყებენ.
ეს თქვენც დაგეხმარებათ და სიამოვნებას მოგანიჭებთ. ბავშვებთან თამაშში გატარებული დრო ხომ ანტიდეპრესანტივითაა, დროებით გვწყვეტს რეალობას თავისი სირთულეებითა და გამოწვევებით, განგვტვირთავს და ბავშვობაში გვაბრუნებს.
ერთად იმუშავეთ სამზარეულოში
ეცადეთ, ბავშვებიც დააინტერესოთ სადილის მომზადების პროცესით. როგორც წესი, მათ ეს ძალიან ახალისებთ, თუკი შემოქმედებითად მიუდგებით საკითხს.
დაიწყეთ მენიუს შედგენით, თუ რის გაკეთებას დააპირებთ სადილისთვის. ერთად მოამზადეთ ინგრედიენტები და თქვენი მითითებებისა და მეთვალყურეობის ქვეშ და მათი მცირე დახმარებით, ერთად შეუდექით სასურველი კერძების მზადებას.
გახსოვდეთ, ეს წაახალისებს ბავშვებს ‒ არა მარტო ითამაშონ თქვენთან ერთად, არამედ დაკავდნენ უფრო „სერიოზული“ და სასარგებლო საქმით. გარდა ამისა, ბავშვები ისწავლიან თქვენთან ერთად თანამშრომლობას და გუნდურ მუშაობას, რაც ძალიან გამოადგებათ მომავალში.
მოამზადეთ გაკვეთილები
დღის განმავლობაში აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ დასხდეთ ბავშვებთან ერთად და დაეხმაროთ მათ გაკვეთილების მომზადებაში. ზოგიერთ ბავშვს არ სჭირდება ინტენსიური დახმარება ამ პროცესში, რადგან თავადაც დამოუკიდებლად ართმევს თავს ამ საქმეს, მაგრამ აუცილებლად გამოიჩინეთ ყურადღება, დაუჯექით გვერდით და ჰკითხეთ, რამეში ხომ არ სჭირდებით. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ან საგნებში მათ მართლაც დასჭირდეთ თქვენი დახმარება. აღივსენით მოთმინებით და ნაყოფიერად გაატარეთ ერთად დრო.
უყურეთ ფილმებს
განტვირთვის სახით აუცილებლად დაუთმეთ რამდენიმე საათი ფილმების ყურებას. ეს, შესაძლოა, იყოს უბრალოდ გასართობი ფილმი, რაიმე კომედია ან საბავშვო ჟანრის. თუკი მოძებნით ინტერნეტში ისეთ საინტერესო, თქვენი ბავშვების ასაკზე მორგებულ დოკუმენტურ, მეცნიერულ და შემეცნებითი სახის ფილმებს და ამით დააინტერესებთ ბავშვებს, თქვენ შეძლებთ ‒ შეათავსოთ სასარგებლო საინტერესოსთან.
წაიკითხეთ წიგნები
წინასწარ შეთანხმდით ბავშვებთან, რომ ამ დროის განმავლობაში დღეში თუნდაც ნახევარი საათი ის წაიკითხავს კლასგარეშე ლიტერატურას. ბავშვთან ერთად აარჩიეთ იმ წიგნებიდან, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ და რომელიც ბავშვს ყველაზე მეტად დააინტერესებს. თუკი შედარებით პატარა ასაკის ბავშვი გყავთ, შესაძლებელია წიგნის ერთად წაკითხვაც. ეს ყოველდღიური პროცესი განავითარებს მათ ფანტაზიას, გაამდიდრებს ლექსიკას, აამაღლებს ინტელექტს, გაზრდის ცოდნას და შეაყვარებს მათ წიგნებს.
დაუთმეთ დრო ხელოვნებას
კიდევ ერთი სასიამოვნო და არანაკლებ მნიშვნელოვანი აქტივობა, რომლითაც შეიძლება დააკავოთ ბავშვები, ხელოვნებისთვის დროის დათმობაა. თქვენ შეგიძლიათ, ინტერნეტში მოიძიოთ სხვადასხვა ხელსაქმის ვიდეოები და მასტერკლასები. YouTube-ზე ასეთი ვიდეოები მრავლადაა. ასევე შეგიძლიათ, შესთავაზოთ ხატვა ან ძერწვა. ეს, შესაძლოა, დაეხმაროს ბავშვებს ახალი ჰობის აღმოჩენაში ან მომავალი პროფესიის არჩევაშიც კი.
ასევე შეგიძლიათ, აარჩიოთ ისეთი თამაშები, რომელთაც მთელი ოჯახი ერთად ითამაშებთ, მაგალითად, „ქალაქობანა“, სიტყვების მოფიქრება ანბანის ასოების მიხედვით, ჩაფიქრებული სიტყვების ამოცნობა და სხვა.
ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი
გაატარეთ დრო ბავშვებთან ერთად ბიბლიის კითხვასა და ლოცვაში. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში გვჭირდება განცალკევება და უფალთან პირადი მოზიარეობა, თუმცა ყოველდღე ეცადეთ, აუცილებლად დაუთმოთ ცოტაოდენი დრო ბავშვებთან ერთად ლოცვასა და ბიბლიის წაკითხვას. შეგიძლიათ, ერთად ილოცოთ პატარა ლოცვით დილაობით, ჭამის წინ და დაძინების წინ. ასევე ერთად წაიკითხეთ და განიხილეთ წმინდა წერილი. შესაძლოა, ბავშვებისთვის რაიმე მონაკვეთი იყოს რთულად გასაგები ან მათ კითხვები გაუჩნდეთ. ამაში დახმარებას კი თქვენ აღმოუჩენთ. საუკეთესო იქნება, თუკი გაქვთ საბავშვო ბიბლია.
არ დაგავიწყდეთ ყველა რეკომენდაციის დაცვა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. იყავით ფრთხილად და ამავე დროს იქონიეთ უფლის იმედი და რწმენა, რადგან ის ერთგული და მზრუნველია.