ცხოვრების სწრაფი ტემპი, რუტინა და ერთფეროვნება ზოგჯერ იმდენად გვღლის, რომ გვეჩვენება, თითქოს წრეზე დავდივართ; ვცდილობთ, ჩავწვდეთ ამ წრეზე სიარულის მთელ აზრს და უაზრობად გვეჩვენება ეს დამღლელი რბოლა. დეპრესიის დროს გვიჩნდება უსაშველობის, გამოსავლის არარსებობის განცდა. გვგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა და თითქოს გარშემო აზრს კარგავს ყველაფერი. ზოგჯერ იმდენად მტკივნეულია ეს უიმედობისა და სასოწარკვეთის განცდა, რომ ინტერესს ვკარგავთ ყველაფრის მიმართ; მცირე დაბრკოლებაც კი უსაშველოდ გვაღიზიანებს და ძალაგამოცლილნი, გამოფიტულნი ვფიქრობთ, რომ არანაირი სარგებელი არ გაგვაჩნია და, შესაბამისად, ჩვენს ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს…
დეპრესიის დასაძლევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები არის დანაკარგის გაცნობიერება. დანაკარგი შეიძლება იყოს რეალური ან აბსტრაქტული, რომელიც ხშირად იმ ნეგატიური ფიქრების ან ტყუილის სახით გამოიხატება, რომელსაც ვიჯერებთ. ყოველივე ამან, შესაძლოა, გააღრმაოს დეპრესია. ჩვენი რეაგირება ნებისმიერ დანაკარგზე ან კრიზისზე განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, რომ დაძლიოთ თქვენი დეპრესიული მდგომარეობა.
განსაზღვრე თითოეული დანაკარგი
რეალური დანაკარგის აღქმა და გააზრება უფრო ადვილია, ვიდრე აბსტრაქტული დანაკარგის. სამსახურის ან ეკლესიის შეცვლამ და ახალ ადგილას გადასვლამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს თქვენს დეპრესიულ მდგომარეობას; მიუხედავად იმისა, რომ მომავალში მოსალოდნელია თქვენი სოციალური სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, გადასვლა შეიძლება ნიშნავდეს მეგობრების და ეკლესიის დაკარგვას. დრო დასჭირდება ახალი ურთიერთობების აშენებას და ახალი ეკლესიის ოჯახის წევრად გახდომას. სამსახურის და ხელფასის რეალურ დაკარგვას კი, შესაძლოა, თან მოჰყვეს ისეთი „დანაკარგიც”, როგორიცაა საკუთარი თავის პატივისცემის, ღირსების გრძნობისა და კოლეგებთან ურთიერთობების დაკარგვა. ადამიანები ერთნაირად არ რეაგირებენ ასეთ დროს, რადგან მათ აქვთ განსხვავებული ღირებულებები და სულიერი სიმწიფის სხვადასხვა დონე.
განაცალკევე რეალური და აბსტრაქტული დანაკარგი
რეალური დანაკარგი ხელშესახებია, მაშინ, როდესაც აბსტრაქტული დაკავშირებულია მიზნებთან, ოცნებებთან და იდეებთან. ბევრი რეალური დანაკარგი, როგორიც შეიძლება იყოს სამსახურის დაკარგვა, მოიცავს აბსტრაქტულსაც. შენ შეიძლება იპოვო ახალი სამსახური შემდეგ კვირას, მაგრამ კვლავ დარჩე დეპრესიაში, რადგან კვლავაც გრძნობ უარყოფის ტკივილს და იჯერებ იმას, რომ წარუმატებელი ხარ. ილუზია ხშირად დიდ ტკივილსა და ზარალს გვაყენებს; უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზოგჯერ ჩვენი წარმოდგენა და რეალობა სრულიად სხვადასხვაგვარია. მაგ.: ადვოკატმა მოისმინა დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია აპირებდა, ეჩივლა მისთვის გაწეული მომსახურების გამო; მან იფიქრა: „ჩემი პრესტიჟი განადგურებულია, კომპანია კრახს განიცდის და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.“ ასეთმა ფიქრებმა გამოიწვია დეპრესია და ანტიდეპრესანტებზე მისი დამოკიდებულება. ერთი წლის შემდეგ გაირკვა, რომ კომპანიას მისთვის არ უჩივლია. ეს უბრალოდ გამოგონილი იყო.
წარმოსახვითი დანაკარგი არის რეალობის დამახინჯება. ისინი დაფუძნებულია ეჭვზე ან ტყუილზე, რომლისაც გვჯერა, ან ჩვენ მიერ გაკეთებულ ვარაუდზე. გონებას არ უყვარს სიცარიელე, გაურკვევლობა და ამ სიცარილეს ვარაუდით ავსებს, როდესაც ჩვენ არ ვიცით კონკრეტული ფაქტები.
ადამიანები სხვადასხვა შესაძლო ვარიანტებს ალაგებენ თავიანთ გონებაში, რაც დეპრესიისკენ მიმავალ გზას პოხავს. არსებობს გამოსავალი? არის კი გზა, რომლის მეშვეობითაც თავს დავაღწევთ საკუთარი წარმოდგენების, შიშისა და ეჭვის ტყვეობას? დიახ, და უპირველეს ყოვლისა, ესაა ვარაუდთა უგულებელყოფა და ფაქტებში გარკვევა. შემდეგ კი გირჩევთ, მიჰყვეთ პეტრე მოციქულის რჩევას:
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.
უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, ვინ ვართ ქრისტეში და ვიპოვოთ ჩვენი აღიარება, დაცულობა და მნიშვნელობა მასში.
მაშინ, როდესაც თქვენი გონება გამუდმებით „გაშანტაჟებთ” ცუდი წინათგრძნობით, მოვლენების ცუდად განვითარების შესაძლებლობით, ასეთმა „მუქარამ” სრულიად შესაძლებელია, დეპრესია გამოიწვიოს. ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს და ჰკითხოთ თქვენს თავს, შეძლებთ ასეთ დროს ცხოვრების გაგრძელებას? თუ პასუხი ყოველთვის არის „დიახ“, თქვენი გონება საფრთხის შემცველ ვითარებას აღიქვამს, როგორც რეალურს. მუქარას თქვენზე გავლენა უკვე აღარ აქვს, ამ გზით თქვენ პიროვნების ან მოვლენის მანიპულაციის ქვეშ აღარ მოექცევით. როდესაც ვინმე ან „რამე” გემუქრებათ, მიჰყევით მოციქულ პეტრეს რჩევას და მთელი თქვენი საზრუნავი და დარდი მას მიანდეთ (1 პეტრე 3:13-17).
დაუპირისპირდი შიშს
ვის ექნება სურვილი, მოგაყენოთ ზიანი, თუ თქვენ სიკეთის კეთება გსურთ? მაგრამ მაშინაც კი, როდესაც სიმართლისთვის იტანჯებით, კურთხეულნი ხართ. არ გეშინოდეთ იმის, რისიც სხვებს ეშინიათ, არ იყოთ შეშინებულნი. თქვენს გულებში მიიღეთ ქრისტე, როგორც უფალი. ყოველთვის იყავით მზად, რომ გასცეთ პასუხი ყველას, ვისაც თქვენი იმედის და რწმენის მიზეზი აინტერესებს. მაგრამ გააკეთეთ ეს მშვიდად და პატივისცემით, შეინარჩუნეთ სუფთა სინდისი, რათა ისინი, ვინც ბოროტად ლაპარაკობენ ქრისტეში თქვენს კარგ საქმეებზე, შერცხვენილნი იყვნენ თავიანთი ცილისწამების გამო.
არ დათრგუნოთ მწუხარება თქვენში
ნებისმიერი კრიზისის დროს ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა უარყოს, რომ ეს ნამდვილად ხდება; შემდეგ ბრაზობს იმაზე, რომ ეს უკვე მოხდა; ბოლოს კი ცდილობს, შეცვალოს არსებული სიტუაცია ღმერთთან ან სხვებთან საუბრის შედეგად. თუმცა ყოველთვის არ შეგვიძლია ცვლილების მოტანა, რაც დეპრესიაში გვაგდებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გვერდი ავუაროთ მწუხარებას, მაგრამ შეგვიძლია, ვისწავლოთ ტკივილთან „თანაცხოვრება”. მტკივნეულია, როდესაც ჩვენთვის ფასეულ რამეს ვკარგავთ. ალბათ, ამას გულისხმობდა იესო, როდესაც ამბობდა:
ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლია, გაუმკლავდე რეალურ დანაკარგს, როცა მის მნიშვნელობას გაიაზრებ. ჩვენ შეგვიძლია, საკუთარი თავი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შევიცოდოთ, ან შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რომ ვიცხოვრებთ ამ დანაკლისთან ერთად და ვისწავლით, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება.
შეიმუშავე ბიბლიური ხედვა დანაკარგთან დაკავშირებით
ცხოვრებაში არსებული განსაცდელი გამიზნულია ჩვენი ხასიათის გაუმჯობესებისთვის. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ კრიზისის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია იმაზე უკეთესი ადამიანები ვიყოთ, ვიდრე იქამდე ვიყავით. სხვადასხვანაირი დანაკარგი გარდაუვალია და ისინი ჩვენი განადგურებისთვის არ არის გამიზნული, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოააშკარაონ, სინამდვილეში ვინ ვართ. სწორედ განსაცდელია ის, რაც აუმჯობესებს ჩვენს ხასიათს და გვამზადებს კიდევ უფრო დიდი მსახურებისთვის. არსებობს სხვა გაზაც, შესაძლოა, ჩვენ დანაკარგის მსხვერპლნი გავხდეთ, თვითგვემას მივეცეთ, დავადანაშაულოთ სხვები, ვთქვათ, რომ ცხოვრება უსამართლოა და დავრჩეთ დეპრესიაში მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, თუმცა დავრჩებით თუ არა კრიზისულ სიტუაციათა მსხვერპლად, ეს ჩვენი პირადი არჩევანია.
ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში.
ავტორი: ნილ ანდერსონი