განიცდით თუ არა პანიკურ შიშს პანდემიური ვირუსის მიმართ? ან რას იტყვით ეპიდემიაზე? გაშინებთ ეს? მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ბევრ ადამიანში იწვევს პანიკას. ზოგჯერ შიში გვიბიძგებს არაადეკვატური ქცევისკენ, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმისკენ. ხშირად, ძლიერი შიშისა და პანიკის ფონზე უფასურდება ის ფასეულობები, რაც გვაქვს და საკუთარ უსაფრთხოებაზე გამუდმებული ფიქრი გვაიძულებს, უარი ვთქვათ სხვებზე ზრუნვაზე და სიბრალულის განცდის მაგივრად მათ მიმართ, ვინც დასნეულებულია ამ ვირუსით, პირიქით, აგრესიასა და ზიზღს განვიცდით. დღეს ხშირია ბულინგი იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც გაბედავენ და უბრალოდ ჩაახველებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ან ტრანსპორტში.
შიში ყველგანაა. ის ჩვენ გარშემოა, შესაბამისად, ძალიან ბევრ ჩვენგანზე დიდ და თანაც ცუდ ზეგავლენას ახდენს, თუმცა მხოლოდ ერთი, ჯანსაღი შიში არსებობს სამყაროში, რომელიც არ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, არამედ პირიქით – აშენებს და ეს შიში უფლის შიშია.
ერთადერთი რეალური და ჯანსაღი შიში არის ღვთის შიში, რომელიც:
- სიბრძნის დასაწყისია (იგავ. 9:10);
- გამხნევებს (მე-2 კორინთ. 5:6-11);
- გაანალიზებინებს, თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის (ფსალმ. 64:9);
- შენი კეთილდღეობისა და გადარჩენისთვისაა (ნეშტთა 6:24);
- გიხსნის შენ (ესაია 35:4).
ამ „პანდემიური“, პანიკური შიშის დამარცხება შესაძლებელია. მოდით, ვნახოთ 3 გზა, რომელიც შიშის დამარცხებაში დაგვეხმარება:
ებრძოლე შიშს ჯანსაღი ცხოვრების წესითა და ჰიგიენის დაცვით
მიჰყევით ინსტრუქციებს, რომელსაც ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსისგან თავდაცვის თაობაზე. დაიცავით პირადი ჰიგიენა, გამოიყენეთ პირბადე, ხშირად დაიბანეთ ხელები. ნუ ჩაიკეტებით სახლში! გახსოვდეთ, რომ ვირუსს ასე ვერ დაემალებით. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიმართეთ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც გვეხმარება ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ხშირი ვარჯიში ეხმარება ადამიანს, აივსოს ენდორფინებით, რაც ბედნიერებას იწვევს. იკვებეთ სწორად, სწორი კვება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ გააძლიეროთ თქვენი სხეული. კარგი იქნება, თუ თქვენს ყოველდღიურ კვებით რაციონს შეავსებთ ბოსტნეულით, უფრო მეტად მწვანე და ყვითელი ფერის პროდუქტით, რადგან ეს ამაღლებს თქვენს იმუნიტეტს. რაც მეტად იმოქმედებთ და იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მით ნაკლებად დაგრჩებათ დრო დეპრესიული ფიქრებისთვის.
ებრძოლე შიშს უფლის სიტყვით
ღმერთის სიტყვა ყველაზე ძლიერი იარაღია შიშთან საბრძოლველად, რადგან ყოვლისშემძლე, ყოვლისმპყრობელი შემოქმედის სარწმუნო სიტყვები ჩვენს გულს იმედით და მხნეობით ავსებს. იკითხეთ ბიბლია ყოველდღიურად და ჩაეჭიდეთ ჭეშმარიტებებს, რომელიც მოქმედებს:
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს.
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.
ებრძოლე შიშს ღმერთთან ურთიერთობით
პანიკური შიშისგან განკურნების ყველაზე კარგი საშუალებაა ღმერთთან ურთიერთობა. შიშის წინააღმდეგ დადგომა და ლოცვა როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სხეულზე ახდენს ზეგავლენას.
გახსოვდეთ: თუ უფლის მოშიშნი იქნებით, უფალი იზრუნებს თქვენს აწმყოსა და მომავალზე.