ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.
ბავშვის სწორად აღზრდა საპასუხისმგებლო და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, მშობელი კი ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს. მშობელმა დიდი დრო უნდა დაუთმოს შვილთან ურთიერთობას, მასთან ერთად თამაშსა და სწავლას. იმისათვის, რომ ბავშვი კეთილი და მზრუნველი იყოს, ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.
პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ სხვებზე ზრუნვა
მშობლები მიდრეკილნი არიან იმისაკენ, რომ პრიორიტეტად აქციონ შვილების ბედნიერება და მიღწევები და ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ სხვა ადამიანთა ცხოვრებაში მათ თანამონაწილეობაზე. ბავშვებმა უნდა შეძლონ საკუთარი და სხვისი მოთხოვნების გათანასწორება. მაგალითად, ბურთის მიწოდება მეგობრისთვის, ან სულაც თანაკლასელის დაცვა მოძალადე მოსწავლეებისგან. როგორ უნდა მივაღწიოთ ასეთ შედეგს? მშობლებმა ბავშვებს ხშირად უნდა შეახსენონ, რომ სხვაზე მზრუნველობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „ყველაზე მთავარი ის არის, რომ შენ იყო კმაყოფილი“, თქვით ასე: „ყველაზე მთავარია ის, რომ შენ კეთილი ხარ.“ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მოზარდები ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ სხვებს, მიუხედავად იმისა, გადაღლილები და გაბრაზებულები არიან თუ არა. ჰკითხეთ მასწავლებელს თქვენი შვილის მეგობრებთან ურთიერთობის შესახებ და ასევე იმითაც დაინტერესდით, შემთხვევით ვინმეს ხომ არ ჩაგრავს.
ბავშვს ზრუნვისა და მადლიერების გამოხატვის საშუალება უნდა მივცეთ
ჩვენ მადლიერების მაგალითები უნდა ვიყოთ ბავშვებისთვის. „ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს“ (ფილიმონი 1:4). ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ღმერთისა და მზრუნველი ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვის საშუალება. ჩვენც მუდამ თანაგრძნობის, სიკეთისა და პატიებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ეს იქნება მაგალითი ბავშვებისთვის და კარგ ნაყოფსაც გამოიღებს. მადლიერება ყოველდღიური რიტუალი უნდა გახდეს, სადილობისას, ძილის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს ბავშვებისთვის ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ბავშვი კეთილგანწყობილი და ზრდილობიანი იყოს ყველას მიმართ.
მშობელი – საუკეთესო მაგალითი
იმისათვის, რომ შვილს მაგალითი მისცეთ, თავად უნდა იყო კეთილი, მზრუნველი და პატიოსანი. ბავშვების ნდობა და პატივისცემა რომ დაიმსახუროთ, საკუთარი დანაშაულისა და ნაკლოვანებათა აღიარება უნდა შეგეძლოთ. ამასთან ერთად, ბავშვის გაგება და აზრის მოსმენაცაა საჭირო. დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანებს და სიკეთის კეთებაში დაიხმარეთ ბავშვებიც. ბიბლია გვასწავლის:
ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება
დაეხმარეთ ბავშვს უარყოფითი გრძნობების დაძლევაში. ბრაზი, შური – ამ გრძნობების არსებობა ადამიანს სხვა პიროვნებაზე ფიქრში უშლის ხელს. თქვენი დახმარებით, ბავშვს ასეთი ემოციებისადი სწორი დამოკიდებულება უნდა ჩამოუყალიბდეს. აივსეთ სიყვარულით და გაუზიარეთ დადებითი ემოციები შვილებს, რადგან ბიბლია გვასწავლის:
ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
წყარო: https://www.mshoblebi.ge/