როცა ბავშვის შექება გვინდა, რატომღაც ერთნაირ სტანდარტულ ფრაზებს ვიყენებთ: „ყოჩაღი ბიჭი (გოგო) ხარ“, „კარგი გოგო ხარ“ და ა. შ. ამ ფრაზებს დღეში რამდენჯერმე წარმოვთქვამთ და გვგონია, რომ სწორად ვიქცევით. ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ.
ძალიან ხშირად ბავშვებს ავტომატურად ვაქებთ და არ ვუფიქრდებით, დაიმსახურეს კი შექება? ერთი სიტყვა „ყოჩაღ“ ეკუთვნის რთული დავალების შესრულებაშიც და უბრალოდ, უმცროსი ძმისთვის სათამაშოს თხოვებისთვის? ასე თითქოს ვაუფასურებთ ამ შექების პროცესს და სიტყვებიც ფუჭად ჟღერს. ფსიქოლოგი ემი მაკრიდი მიიჩნევს, რომ შექებასაც ცოდნა უნდა. აი, 5 ტიპური შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის შექებისას უშვებენ:
ენის მოჩლექით წარმოთქმული სიტყვები, რომლებსაც არანაირი აზრი და შინაარსი არა აქვთ
ყურადღება გაამახვილეთ არა შედეგზე, არამედ რთულ პროცესზე, რომელიც ბავშვმა ამ სამუშაოს შესრულებისთვის განახორციელა. „რამდენი გიშრომია. ვხედავ, როგორ იწვალე, რომ ასე სუფთად გაგეფერადებინა“, „გმადლობ, რომ არ დაგეზარა იატაკიდან სათამაშოების ალაგება. ძალიან მომეწონა შენი საქციელი“ და ა. შ. ყოველდღიურად ასეთი აზრიანი შექების „დოზა“ გაცილებით მეტს მისცემს ბავშვს, ვიდრე ფუჭი სიტყვები და ენის მოჩლექით მოფერება.
შექება იმის გამო, რაც ბავშვს ჩვეულებრივ რამედ ეჩვენება
მუსიკალური ნიჭის ან სწრაფად სირბილის გამო, რაც ბავშვს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ისედაც გამოსდის, დაუსრულებლად შექება არ სჭირდება. ბავშვი უბრალოდ იყენებს იმას, რაც ბუნებამ მიმადლა და ამის გამო თავის ზედმეტად შეწუხება არ უწევს. ეცადეთ, შეუქოთ ის ქმედებები, რაც ბავშვისგან ძალისხმევას, ნებისყოფას, შრომას მოითხოვს. მაშინ იქნება შექება სარგებლის მომტანი.
იარლიყების მინიჭება
მუდმივად უწოდებდე ერთ ბავშვს ნამდვილ სპორტსმენს, მეორეს – არტისტს, მესამეს – ლამაზს და ა. შ. – ადრე თუ გვიან მათ გარკვეულ სტერეოტიპებში მოაქცევს. აქედან თავის დაღწევა და თავის სრულყოფილად წარმოჩენა უფრო გაუჭირდებათ.
ერთი ბავშვის შექება ან კრიტიკა მეორის თანდასწრებით
ერთსაც და მეორესაც დედმამიშვილებს შორის მეტოქეობისკენ მივყავართ. ამრიგად, დრო შეარჩიეთ. თქვენ ხომ არ გინდათ, ერთი საქმე გააკეთოთ (ბავშვი შეაქოთ ან დატუქსოთ) და მეორე გააფუჭოთ (ბავშვს შურის ან ამპარტავნობა შთააგონოთ).
ქება ირონიის გარეშე
შექებისას ტონში ირონია ან დაცინვა არ გაურიოთ. არ გაიხსენოთ ის შემთხვევა, როცა უარესად მოიქცა. „რა კარგად დაგილაგებია ოთახი. მოგწონს ხომ, იატაკი რომ გამოჩნდა? გუშინ ამ დროს თვითონაც არ ჩანდი ამდენ ხარახურაში.“
შექება, როგორც კანფეტი, კარგია მაშინ, როცა ზომიერად ვიყენებთ. სხვა შემთხვევაში, ბავშვისთვის საჭირო დადებით აღმზრდელობით „ინსტრუმენტს“ ვერ მივიღებთ. შექებამ ხომ ბავშვს მხარდაჭერა, ნდობა, თანამშრომლობა, მოთმინება და სიყვარული უნდა ასწავლოს.